მეფე ვახტანგ VI მოღვაწეობის ხანა (1703-1737 წწ.) ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში მართლაც გამორჩეულია. ამ ეპოქას ივანე ჯავახიშვილმა სამართლიანად უწოდა “ენციკლოპედიური ხანა” : “ყველა იმდროინდელი მოღვაწე ცდილობდა, რომ ქართველი ხალხის შემოქმედებითი საუკუნეებით გადროვილი შემოქმედება ნამუშევარი და ნაჭირნახულევი შეეკრიბათ, შეესწავლათ და ჩამომავლობისათვის დამთავრებული ყოველმხრივი წარმოდგენა და ცოდნა გადაეცათა. ამ საქმის მოთავედ და სულის ჩამდგმელად დიდებული, დაუვიწყარი ვახტანგი იყო”.
მართლაც, არ დარჩენილა მეცნიერებისა და კულტურის დარგი, რომელსაც ვახტანგი და მისი თანამოღვაწეები არ შეხებოდნენ: სტამბა თუ ულუღბეგის “ვარსკვლავთ კატალოგის” თარგმანი, ლიტერატურა თუ ისტორია, სამართალი თუ სწავლა-აღზრდის საკითხები-საქართველოს მეფის ყველა ეს საქმიანობა ქვეყნის კულტურულ პროგრესს და წინსვლას ემსახურებოდა. მათ შორის ერთ- ერთი გამორჩეული იყო ” წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა, შეკრებილი მეფის ვახტანგისაგან”.
მიუხედავად იმისა, რომ ქიმიას, როგორც მეცნიერულ დისციპლინას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს შორეულ წარსულში,ამ დარგში წერილობითი ძეგლები მსოფლიო მასშტაბითაც კი არ ისე ბევრი მოიპოვება.
საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას პოლიტიკური დაშლილობა XVIII საუკუნეშიც გაჰყვა. ქართლისა და კახეთის მეფეები ირანის შაჰის ვასალებად ითვლებოდნენ. მათ ეკისრებოდათ ყოველწლიური გადასახადი ე.წ. “ფეშქაში”, თბილისის შიდა ციხეში კი ჩაყენებული იყო შაჰის შეიარაღებული რაზმი. შაჰმა დაამტკიცა ქართველი მეფის მემკვიდრე ტახტზე და ისიც იმ პირობით, თუ უარყოფდა ქრისტიანობას მუსლიმანობას მიიღებდა. ამ პირობით მიიღო ქართლის მეფობა 1703 წელს გიორგი XI, რომელიც შაჰმა ისევ ირანში დაიტოვა. ქართლში კი მეფის გამგებლად გიორგი XI-ის ძმისწული ვახტანგ ლევანის ძე დანიშნა(1704-1711).
1709 წელს ირანში ქართლის მეფე გიორგი XI ავღანი ტომების განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაურის ყანდაარელი მიე-ვეისის წინააღმდეგ ბრძოლაში ღალატით დაიღუპა. ამის შემდეგ მეფობა, ყიზილბაშთა და ქართველთა გაერთიანებული ჯარის მხედართმთავრობა მისმა ძმისწილმა, გამაჰმადიანებულმა ქაიხოსრომ მიიღო, თუმცა, ისიც 1711 წელს ავღანელებთან ბრძოლას შეეწირა. შაჰის წინაშე კვლავ დადგა ქართლის მეფის საკითხი. ტახტის პრეტენდენტთაგან შაჰისთვის ყველაზე მისაღები ვახტანგ VI აღმოჩნდა. ისიც 1712 წლის 28 აპრილს მცირე ამალით ისპაჰანში გაემგზავრა. ირანის სამეფო კარმა ვახტანგი პატივით მიიღო, გამაჰმადიანება მოსთხოვა და მეფობა შესთავაზა. ვახტანგმა შაჰს სარწმუნოების შეცვლა არ ისურვა. მან გადაწყვეტა დაერღვია არსებული “ტრადიცია” და ტახტი ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნებით მიეღო, რაზედაც შაჰი დათანხმდა.
ორი წლის შემდეგ, 1714 წელს ქართლში მეფედ ვახტანგის ძმა, გამაჰმადიანებული იესე გამოგზავნეს. ვახტანგი კი 1714 წლის 10 მარტს ქალაქ ქირმანში გაგზავნეს. იესემ შაჰის ნდობა ვერ გაამართლა. მან ქართლის მოსახლეობა ანტიირანულად განაწყო, ამიტომ დღის წესრიგში კვლავ დადგა ქართლის მეფის საკითხი. მრავალმა უშედეგო ცდამ ვახტანგი დაარწმუნა, რომ ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნებით ქართლის სამეფო ტახტს ვერ მიიღებდა. ამის გამო მან დათმობა არჩია და გარეგნულად აღიარა მაჰმადის რჯული, რის შედეგადაც 1716 წელს მან მიიღო ქართლის მეფობა და ირანის სპასალარობა. ამ ტიტულით 1719 წელს დაბრუნდა იგი საქართველოში.”
ისპაჰანაში მყოფი ვახტანგი, ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მან სპარსული ენა კარგად იცოდა და თრგმნის “ქილილა და დამანას”, ასტრონომიულ ძეგლს ულეღ-ბეგის “ვარსკლავთ კატალოგს” და სწორედ იქ, ისპაჰანში ყოფნის დროს (1712-1714 წწ.)დაიწყო ვახტანგმა წიგნის “ქიმიის” შედგენა. ამაზე მიუთითებს თვითონ ხელნაწერის 64-ე პარაგრაფში დაცული ცნობა: ” კალია ოთხი რიგია: ერთი ერევანს არის, ერთი ქართლში, იაღლუჯაზედ, თარაქამანი აკეთებენ. ორი აქ, ისპაანს არის. ერთი შავი და ერთი მოთეთრო”. ასევე ტექსტის ნაწილი დაწერილია ისპაჰანში, ხოლო ნაწილი რუსეთში.
ტექსტის გარკვეული ნაწილი ვახტანგ VI სპარსეთიდან დაბრუნების და რუსეთში წასვლის შემდეგ შეადგინა რუსული წყაროების გათვალისწინებით.
საინტერესოა, რა წყაროებით სარგებლობდა ვახტანგი “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქმნის” ტექსტის შედგენის დროს?
ამაზე პასუხს თავად ტექსტი იძლევა. “ქიმიის” ტექსტის 102-ე პარაგრაფის შემდეგ მიწერილია: “რაც ამის ზევით სწერია, ერთი კაცი ვნახე, რომ მე წამალი მომცა, სპილენძი გამადნობინა, წამალი ჩავყარე, ოქრო შეიქმნა. ვერცხლისწყალი ბუთაში ჩამაყრევინა, ვერცხლი ჩავდევ, წამალი დააყარა, უბერე და ოქრო შეიქმნა. ვერცხლისწყალს სხვა წამალი დააყარა, ამავ წესით უბერე და სირმა ვერცხლი შექმნა. იმ კაცმა მითხრა: ამ საქმეს გასწავლიო. ამას ზეითი წამლები გააკეთა. ამითი იქნებაო, მერმე ის გამეპარა, აღარ მოვიდა. მას უკან, სხვა ერთი მოლა მოვიდა, ბერიკაცი, იმან მითხრა: მე ვიციო, იმისგან გაკეთებული ვერა ვნახე რა. ამას ქვეითი წამლები იმან გააკეთა. არა იქნა რა, ბევრი სასჯელი და ხარჯი რომ იყო გავაგდე და ესეები ამისთვის დავსწერე, ეგება სხვას კაცს შევხდე, ან იმასვე”. ტექსტის ამ ნაწილიდან აშკარაა, რომ ვახტანგ VI “ქიმიის” ტექსტის წყაროდ მოლას ნაამბობი ითვლება. ასევე იგი იწერდა სხვა მოლების კარნახებს.
ზოგიერთ მონათხრობს ვახტანგ VI სკეპტიკურად უყურებს: “იტყვიან”, “ბევრად იტყვიან, მაგრამ მე ამის მეტი არ მინახავს”. მათ მონათხრობებს ვახტანგი ამოწმებდა და თავის შეხედულებებს გამოთქვამდა: “ვცადე და არ იქნა”, “ბევრი ვცადე და არ იქნა”, “მე არ მიცდია” და ა.შ. ზოგიერთი რეცეფტის დადგენას ვახტანგ VI თავადაც ცდილობდა.
გარდა ზეპირი წყაროებისა, მას წერილობითი წყაროებიც ჰქონდა მითითებული. “ოქროს გაკეთების წამალი” ასე იწყება: “ერთი ნუსხა ვნახე, რომ ამითი ოქრო გაკეთდებაო ეწერა და არც გოგირდის ზეთის გაკეთება ეწერა და არც სალამანდროს. ჰალი თუ როგორ უნდა მარტო ეს ეწერა”. ანდა “გადნობა გოგირდისა უცეცხლოდ” ასე მთავრდება: “წამალი გარდმოიღე და ჩემი ძმის ნუსხის პირით გააკეთე”. როგორც ჩანს, ვახტანგის ძმაც (ქაიხოსრო) დაინტერესებბული იყო ქიმიით.
169-ე პარაგრაფი, სადაც აღწერილია ძვირფასი ქვები და მოცემულია მათი დასახელება, ვახტანგმა გამოიყენა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი:
ამეთვისტო-წითელი, იისფერია, იაგუნდსა ჰგავს.
ანთრაკი-ნაკვერცხლის ფერია, ღამე ცეცხლებრ ღელავს.
აკატი-აინალჰური და იამანად უხმობენ.
ბივრილი-ზღვისა და ცის ფერია
იასპი-ეს თვალი მოწითანოა და ჭრელი.
ლიგვრი-ეს თვალი ლურჯია
ოქროს ქვა-ეს არის ყვითელი იაგუნდი და თილია.
სამარაგდე-ზურმუხტია.
ტოპაზიონი-თეთრი იაგუნდია და თილია.
საფირონი-ლურჯი იაგუნდია.
სარდიონი-ეს თვალი სისხლის ფერია, სენს ჰკურნებს.
ფრცხილი-ეს თვალი მოწითანო არის, ინდოეთს იპოვება.
გარდა ამისა, ვახტანგმა რამდენიმე პარაგრაფი შეტანილი აქვს ირანელი ალქიმიკოსის არ-რაზმის (865-925 წწ.) თხზულებიდან, “საიდუმლოებათა წიგნი”. არ-რაზმის შესწავლის შემდეგ, ვახტანგ VI ქიმიური ნივთიერების სამყაროს სამ ნაწილად ჰყოფს: მინერალური, მცენარეული და ცხოველთა. მინერალური სამყარო დაყოფილი აქვს ექვს ჯგუფად:
I არვა (სული), რომელიც ოთხნაირია: ჯივა (ვერცხლისწყალი), ნიშადური, ზირნიეხი(დარიშხანის ბუნებრივი გოგირდოვანი ნაერთი) და გოგირდი.
II ხორცთა ანუ მეტალთა შვიდია: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა, ტყვია და ხარიჩინი.
III ქვაბი, ცამეტია: მეხის ნატეხი, მაუნი (ქვა ქაშანიდან), რუს(რკინა ლითონი), თუთია (შაბიამანი), ლაჟვარდი, ზირნიეხი(დარიშხანის ბუნებრივი გოგირდოვანი ნაერთი), ფირუზი, შადანჯა, შაქ, ქოლ ანუ სიხაიმა, თალხი(ქარსი), ჯასინ (გაჯი, თაბაშირი), ხორჯაჯ(მძივი).
IV მარილი, იგი თერთმეტია: მარილი ტკბილი, მარილი მწარე, მარილი თაბარზე(წმინდა, თეთრი), მარილი ანდარანი(დარანი-თეთრი მარილი), მარილი ნივთისა, მარილი ინდისა, მარილი ჩინეთისა, შვიდი თავისთავადი მარილია, 4 კი გაკეთებული, ესენია: კალიის, შარდის, კირისა და ნაცრის.
V არჯასპანი(განსხვავებით არ-რაზისა, რომელსაც 6 სახეობა აქვს) ვახტანგის ტექსტში შვიდია:შავი არჯასპი, ყვითელი არჯასპი, შაბი, იალაყანდუს(ყალაყანდა, მწვანე არჯასპი), ყალაყანდუ(თეთრი არჯასპი, ყალაყათარ (ყვითელი არჯასპი) და ზაჯისურხი (წითელი არჯასპი).
VI ბორაკი (ესეც განსხვავებით არ-რაზისა, რომელსაც 6 სახეობა აქვს) ვახტანგის ტექსტში შვიდია: ბორაკი ნან(პურის), ბოლაკი მაღრიბი (ბორაკი დასავლეთის), ბორაკი ყათრან (ნათრან, წითელი ბორაკი), ბორაკი ოქრომჭედლისა, ბორაკი თანაქარე, ბორაკი ზარავნიდი(მიწისფერია, სიწითლე დაჰკრავს), ბორაკი წითელი.
მცენარეული ნივთიერებებიდან, ისევე როგორც არ-რაზი, ვახტანგიც სპეციალურად ჩერდება მცენარე ოშნანზე(ბალახია), რომელიც მლაშე ადგილას მოდის და ტანსაცმლის გასარეცხად იხმარება.
რაც შეეხება ცხოველთა სამყაროდან გამოსულ და მოსახმარ ნივთიერებებს, არ-რაზის მსგავსად ვახტანგ VI, ჩამოთვლის ათ სახეს: ბალანი, უჰყ(თავის ქალის ძვალი), დამალი(ტვინი), ნაღველი, სისხლი, რძე, სადაფი, რქა, ბიზ(კვერცხი) და შარდი.
ასევე, საერთოა ამ ორი ტექსტს შორის მეტალთა დადნობისათვის გამოყენებული იარაღების ჩამონათვალის ნუსხა და ბრძნული თიხის მომზადების წესი.
არ-რაზის “საიდუმლოებათა წიგნიდან” ვახტანგ VI ზოგი ნაწილი სიტყვასიტყვით თარგმანა.
ვახტანგ VI ქიმიური ლაბორატორიაც უნდა ჰქონოდა. ტექსტში ვხდებით ჩანახატებს, სადაც ამბუხის მილი კოლბის ყელში კი არ ჩადის, არამედ კოლბის ყელი ჩადის ამბუხის მილში.
ვახტანგ VI გამოყენებული აქვს ტერმინი “წურვა”, რომელიც გერმანული ენიდან ქართულში შემოსული სიტყვის “გაფილტვრის” იდენტურია.
ასევე ზეთების ცნებაში გულისხმობს სხვადასხვა შედგენილობის სითხეებს, ხსნარებს. შეზავება შერევაა, რასაც ბევრ შემთხვევაში ქიმიური გარდაქმნა მოჰყვება. ამიტომ ამ ძეგლის სახელწოდება “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქმნისა” ნიშნავს სხვადასხვა ხსნარის შერევის შედეგად მომხდარ ქიმიურ გარდაქმნებს.
მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ქიმიური ცოდნა შედგებოდა ფრაგმენტული ცნობებისგან, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფაქტებისაგან,ის არი იყო ერთიანი მთლიანი მეცნიერება. ამიტომ ქიმიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მეცნიერების სახე, გაბატონებული იყო ძველი კონცეფციები, რომლებიც ალქიმიის გადმონაშთებს წარმოადგენდა.
იმ პერიოდში როცა ვახტანგ VI წერდა თავის წიგნს, ბევრი გამოჩენილი ქიმიკოსი იზიარებდა მეტალების ალქიმიურ თეორიებს.
აღსანიშვანია, რომ ვახტანგ VI ალქიმიის ძირითად დებულებას-მეტალების ოქროდ გარდაქმნას-სკეპტიკურად უყურებდა, ამიტომ არ რაზის წიგნიდან მან გადმოიღო ისეთი მეთოდები, რომლებიც დაკავშირებულია პრაქტიკული მნიშვნელობის ნივთიერებების მომზადებასთან. ტიპიური ალქიმიური ტექსტები წიგნში მრავლად გვხდება, მაგრამ ყველგან იგრძნობა ავტორის უნდობლობა ალქიმიისადმი.
ვახტანგ VI თვლიდა, რომ ქიმია ექსპერიმენტული მეცნიერებაა, რომ მისი განვითარებისათვის საჭიროა ცდა, და რომ ამ ცდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქიმიის ამა თუ იმ საკითხის გადასაჭრელად. მრავალი ქიმიურს რეაქციას ვახტანგ მეფეს თავისი ხელით აკეთებდა: “ესებუ ვსცადე არ იქნა”(102), “ბევრი ვეცადე და არ იქნა”, “ქიმიანი ბევრად იტყვიან, მაგრამ მე ამის მეტი არ მინახავს” (23) და ა.შ.
ეს უარყოფითი შედეგები ძირითადად ეხება ისეთ შემთხვევებს , ისეთ რეაციებს, რომლებიც არ გამოდიოდა.
წიგნი “ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა” კარგად ასახავს ქიმიის განვითარების მთავარ პერიოდებს და განსაკუთრებით ალქმიის შემდგომ პერიოდს, როდესაც გავრცელდა ცნობები სხვადასხვა ქიმიურ ნაერთებზე, გაუმჯობესდა მათი მიღების მეთოდები და აღმოაჩინეს ახალი ნაერთები.
წიგნში დიდი ყურადღება დაეთმო გოგირდის ნაერთებს, რადგან გოგირდმა და მისმა ნაერთები გამოიყენებოდა თოფის წამლის მომზადებაში, მედიცინასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში. მან აღწერა გოგირდის თვისებები, მისი მოპოვების ადგილები და მასთან დაკავშირებული ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესები. ამ წიგნში ვახტანგ VI ასევე აღწერა არა მარტო გოგირდის, როგორც მარტივი ნივთიერების თვისებები, არამედ მისი მრავალი ნაერთისაც, მაგალითად მრავალგოგირდოვანი კალციუმი(პოლისუფლიდი), გოგირდმჟავა, გოგირდმჟავას მარილები და სხვა მრავალი. მეექვსე პარაგრაფში აღწერილია კირისა და გოგირდის შეზავებით კალციუმის პოლისუფლიდის მომზადების ხერხი. ეს იმდენად თვალსაჩინო რეაქციას წარმოადგენს, რომ ის დღეს არაორგანული ქიმიის პრაქტიკუმშიც კი შეტანილია.
ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ნიშადურის თვისებებს, მის გაწმენდას და გამოყენებას სხვადასხვა მიზნებისათვის. საინტერესოა რომ ნიშადური(ამონიუმის ქლორიდი) ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ დროში. მისი მოპოვების პირველი ადგილი იყო ლიბიის უდაბნოს ცენტრში ოაზისში ამონის სახელობის ტაძრის ეზო, სადაც ქარავნების სადგომი იყო. ამიტომაც ამ მარილს “Sal ammoniacum” ეწოდა.
ტექსტში მოტალინილია ნიშადურის გაწმენდის ორი ძირითადი მეთოდი, რომელითაც დღესაც სარგებლობენ. ეს არის სუბლიმაცია და გადაკრისტალება ხსნარიდან. ასევე თეზაბების მომზადებას, თეზაბის მომზადების კლასიკური მეთოდი აღწერილია წიგნის ხელნაწერის 94-ე პარაგრაფში, “ზარაფხანის თეზაბის” სახელწოდებით. ასეთი თეზაბის მოსამზადებლად ორი წილი “არჯასპი” და ერთი წილი გვარჯილა უნდა გამოიზადოს ჯერ ნელ ცეცხლზე, შემდეგ კი ძლიერ ცეცხლზე. ნელ ცეცხლზე არჯასპის საკრისტალიზაციო წყალი გამოიხდება. ძლიერ ცეცხლზე არჯასპიდან გამოძევებული გოგირდის ანჰიდრიდისა და გვარჯილასთან ურთიერთქმედებით გამოიყოფა აზოტის ჟანგეულები, რომლებიც გამოხდილ საკრისტალიზაციო წყალში გაიხსნება და წარმოქმნის აზოტმჟავას. თეზები, ვახტან VI ცნობით, გამოყენებას პოულობდა ზარაფხანებში. სხვადასხვა თეზების მოქმედების მიხედვით, ოქროს ასხვავებდნენ სხვა მეტალებისგან. ტექსტში სავსებით სწორად არის ნაჩვენები თუ რომელ მჟავაში იხსნება ოქრო და რომელში არა.
წიგნში სრულად არის აღწერილი ზირნიხის თვისებები. მისი ფერის მაღალ ტემპერატურაზე აქროლადობის შესახებ. რამდენიმე თავი ვახტანგმა ჟანგეულის მომზადებას მიუძღვნა. ჟანგარო წარმოადგენს სპილენძის ძმარმჟავა ფუძე მარილს, რომლის მომზადების წესი თითქმის ისე აქვს აღწერილი ვახტანგ VI , როგოც არ-რაზის.
ვახტანგ VI დროს არ არსებობდა სიტყვა “ხსნარი” , არც მისი შესატყვისი ზმნა “გახსნა”. განზავებული ხსნარების აღსანიშნავად იგი იყენებს სიტყვა “წყალს”, “წმინდა წყალი”, ხოლო კონცენტრირებულ ხსნარს აღნიშნავს სიტყვა “ზეთით”. ასევე არ ყოფილა ხმარებაში სიტყვა დაკრისტალება და ამ პროცესის გამოსახატად ვახტანგ VI იყენებს სიტყვას “გაყინვას”. მართლაც გაყინვის დროს წყალი კრისტალდება.
ძველად საქართველოში, პრაქტიკული ქიმია საკმაოდ განვითარებული იყო. მეტალურგია, სილიკატური წარმოება, სამღებრო საქმე და სხვა ქიმიური საქმიანობის მრავალი სახე, მაგრამ ქიმიის საკითხების შესახებ წერილობითი ძეგლები, გარდა ვახტანგ VI ამ წიგნისა, ჩვენამდე არ მოუღწევია. ვახტანგ VI არ ჰყოლია წინამორბედი ქიმიის დარგში. მას არ დახვედრია მზა ქიმიური ტერმინები, გამოთქმები, ქიმიური ენა. ამიტომ აქ გამოყენებული ქართული ტერმინები, სახელწოდებები და გამოთქმები ვახტანგ VI შემუშავებულია.
“წიგნი ზეთების შეზავებისა” ადასტურებს, რომ ვახტანგ VI თავისი დროისათვის დიდი მეცნიერი და ენციკლოპედისტია. მისი ტექსტის მთავარ ნაწილში სისტემურადაა განხილული გამოყენებით ქიმიის მრავალი საკითხი. ეს ტექსტი ასახავს ქიმიის განვითარების მთავარ საფეხურებს. ეს არის ქიმიური ხასიათის, პრაქტიკული გამოყენებითი შინაარსის და სამკურნალო მნიშვნელობის ტექსტები. ასევე ჩანს რომ მან კარგად იცოდა ალქიმიური მისწრაფების ამაოება და ქიმიის დამოუკიდებელი მნიშვნელობა. ამით აიხსნება მისი სკეპტიკური დამოკიდებულება ალქიმიისადმი. მას არ სჯეროდა, რომ სპილენძის ოქროდ გადაქცევა შესაძლებელი იყო. ვახტანგ VI არ ხმარობს სიტყვა ალქმიას , არამედ ლაპარაკობს ქიმიაზე და ქიმიანებზე(ქიმიკოსებზე). თუმცა იგი კარგად იცნობდა ალქიმიურ ლიტერატურას, განსაკუთრებით არ-რაზმის შრომებს.
ეს წიგნი კარგად აღწერს XVIII საუკუნის დასაწყისში გამოყენებითი ქიმიის გარკვეული დარგების მდგომარეობას ირანში, საქართველოში, რუსეთში. ეს ის დროა, როცა ჯერ კიდევ არ ყოფილა ჩამოყალიბებული ქიმიაში ერთიანი შეხედულება ქიმიურ პროცესზე. ყურადღება არ ექცეოდა ექსპერიმენტულ ნაწილს, რომლის ფუძემდებლები VXII საუკუნეში ფიზიკის დარგში იყვნენ გალილეო, ნიუტონი, ბოილი. მხოლოდ VXIII საუკუნის მეორე ნახევარში დაინერგა ქიმიაში ექსპერიმენტული მეთოდი და ლავუაზეის და ლომონოსოვის შრომების შედეგად მიეცა ქიმიას მეცნიერების სახე, მაგრამ ეს ვახტანგ VI შემდეგ მოხდა.
“ვახტანგ VI ეს შრომა თავისი მნიშვნელობით მით უფრო დიდია, რადგან ქიმიური ხასიათის წერილობითი ძეგლები შემორჩენილი არაა, ეს ტექსტი მოცემული პერიოდისათვის ერთადერთია, რომელიც ქართული მეცნიერების აზროვნების მაღალ დონეზე მიუთითებს.”
წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის შეკრებული მეფის ვახტანგისაგან
ვერცხლის გაყვითლება
მოიტანე მისხალი სურანჯი და რკინის ტაფაში ჩაყარე, ზედ მისხალი კვერხის ზეთი დაასხი და აადუღე. ზეთი შეიქმნება. იტყვიან, ვერცხლი, რომ გაადნო და ამ ზეთისა ცოტა შიგ ჩააგდო, გაყვითლდებაო.
თანზუ ხათაის გაკეთება
მოიტანე მისხალი წითელი ზირნახი, სამი მისხალი სურანჯი, მისხალი შავი საბრი. ჭარხლის წყალი გამოხადე, ამით კარგათ ზილე ბევრს ხანს ქვაზედ. მერმე ცოტად შეშრეს, თანზუსავით დაამრგვალე. გაახმე. თანზუ იქნება.
გაკეთება კალიის მარილისა
მოიტანე კალია, თუ გინდა დანაყე და წყალში ჩაყარე,კარგად ადუღე და მერმე ჯამში ჩაასხი. მზეს გაუდგი და ის პირზედ მარილს მოიგდებს. მარილი მოხადე და შეინახე. თუ გინდა, დანაყე, ჯამში ჩაყარე, წყალი დაასხი, მზეს გაუდგი და რაც მარილი მოიგდოს, მოხადე და შეინახე.
გაკეთება გოგირდის თეზაბის გინა ზეთისა
მოიტანე მ 40 მისხალი გოგირდი, მ 40 მისხალი კალიისა მარილი, ერთს, ჩინურისა იყოს, თუ ქაშანურისა, იმის ყაბში ჩაყარე და მინისა იყოს, თუ ქვის სალესავი, სამხტარო, იმითი კარგად წმინდათ ლესე. მერმე მოიტანე ძმარი ბ 2 ჩარექი თვზირისა და ცოტა-ცოტას დაასხამდე ასე, რომ კარგად გატალახდეს და კარგად ამით ლესევდე და გააშრობდე, მანამდინ ძმარი სულ დაიშროს. მერმე იმდონი ლიმონის წყალი კიდევ ასხი და ლესდე, დააშრობინებდე. რა ესეც დაიშროს, გაახმე და შეინახე. როდესაც გინდოდეს, ამბუხში ჩაყარე, ქურაზედ შემოდგი, ცოტა ცეცხლი მიეც და ასე გამოხადე. ბოლოს ცეცხლი მოუმატე და თუ ზეთი გინდოდეს ასე ჰქენ: რა დენას გაათავებს, წითელი გამოვა. რაც თეთრი გამოვიდეს, ცალკე შეინახე და რაც წითელი გამოვიდეს, ცალკე დაიჭირე. მერმე ის თეთრი რაც იყოს, ნახადს მიწაზედ დაასხი და კარგად გალესე. მერმე კიდევ ამბუხით გამოხადე და თეთრი წყალი ცალკე შეინახე და წითელი-წითელში გაურიე. მანამდინ ასე, ამბუხითრომ რაც იყოს, სულ წითელი წყალი შეიქმნას. გოგირდის ზეთი იქნება.
მეორე გაკეთება გოგირდის ზეთისა
მოიტანე ის ხმელი გოგირდი, დანაყე და საპნის წყლით კარგად გალესე. მერმე რკინის მოღრმო ტაფაში ჩაასხი. ამთონი ადუღე , რომ დახევარი დაიშროს. მერმე ჯამში ჩაასხი, პირზედ ნაბადი ჩაუდევ და გარდმოხრით დადგი ჯამი. მეორე ჯამი ქვეშ შეუდგი, რომ იმ მეორე ჯამში ასრე გადმოიწუროს, რაც ცუდი რამ იყოს, არ გარდმოჰყვეს, წმინდა წყალი სულ გარდმოვიდეს. მერმე ის წმინდა წყალი სულ გაშრეს, ზეთი დარჩეს. ხელზედ რომ წაისვა, ზეთსავით იყოს. მერმე მინაში ჩაასხი და შეინახე.
მესამე გამოხდა გოგირდისა
მოიტანე გაუკეთებელი გოგირდი. დანაყე. იმისი წონა უწყლო კირი გაურიე, კარგად დანაყე. მერმე რკინის ტაფაში ჩაყარე, წყალი დაასხი. ამთონი ადუღე, ნახევარი გაშრეს. მერმე უწინდელისავით ჯამებით გარდასწურე. მერმე ისევ რკინის ტაფაში ჩაასხი. კიდევ ბევრი ადუღე , რომ კარგად გასქელდეს და გაყვითლდეს ზაფრანის წვენისავით. ესეც ერთი რიგი გოგირდის ზეთი იქნება.
მეოთხე გამოხდა გოგირდის ზეთისა
მოიტანე ერთი თიხის ქვაბი, შიგ ერთი პტყელი ქვა ჩადევ, ამაზედ ერთი ქაშანურის ფიალა დასდგი, ძირი ქვაზედ ტალახით დაუკარ. მერმე მოიტანე ხამი გოგირდი, დანაყე და იმ ქვაბის ძირში ჩაყარე, რომ იმ ფიალის გარშემო იყოს. მერმე მოიტანე ერთი ქაშანურის ზარფუში. თავდაღმა იმ ქვაბის პირში ჩასდგე ასრე, რომ იმ ზარფუშის წვერი იმ ფიალის სწორედ იყოს. მერმე ტალახით ქვაბისა და ზარფუშის შეწყობილება დაუჭირე, რომ ორთქლი არ გამოვიდეს. მერმე იმ ზარფუშის შეწყობილობა დაუჭირე , რომ ორთქლი არ გამოვიდეს. მერმე იმ ზარფურშში ამთონი ყინული ჩაყარე, პირამდინ აივსოს. მერმე ცეცხლი რიგიანად მიეც და რომ ყინული გადნეს, კიდევ ჩაყარე, სამ ოთ საათს ცეცხლი აძლიე. ზარფუში რომ გათბეს, გარდმოიღე. შიგ რომ ფიალაა, ის ამოიღე, შიგ წყალი იქნება, იმ წყლის პირზედ ერთი რიგირ ყვითელი თხელი მოგდებული იქნება. მერმე მოშაო იქნება, ის შავი ასე მოხადე, არც წყალი გაერიოს და არც ყვითელი. მერმე ერთმანეთში ჩადე [ჰ]ელში ჩადგი გოგირდის ზეთი იქნება ესეები. ყვითელი გოგირდი უნდა, სხვა ფერი არ ვარგა.
გამოხდა გოგირდის არყისა
მოიტანე ერთი დიდი მინა კანდელსავით გაკეთებული, შემოსტალახე და მავთულით ჩამოჰკიდე. მერმე მოიტანე ერთი ქაშანურის ყაბი, ქვეშ შეუდგი, მერმე იმ ყაბზედ, რა ერთიც ინივთო, რკინის ზედადგარი დასდგი. ზედადგარზედ რკინის ჯამი დადგი. ის ჯამი ისრეთი უნდა იყოს: იმ მინის პირში ხალვათად შევიდეს, მინის პირი აქათ-იქით მიღმა უდგეს. მერმე იმ რკინის ჯამში გოგირდი ჩაყარე, რამთენიც გინდოდეს. ის მინა ორთქლს დაიჭერს, პირზედ წყალსავით ჩამოედინება და ქაშანურის ყაბი ჩავა. რა იკმარო ისეები, გარდმოდგი. ის მინაში ჩაასხი, გოგირდის არაყი იქნება და თუ გინდა , ის მინა რომ ეს არაყი დგას, ნელთბილს ცეცხლში ჩასდგი, ნელი ცეცხლი იყოს. ერთ ღამეს ის, რაც ცუდი წყალი აქვს, დაიშრობს და მოსქე შეიქნება. ამასაც გოგირდის ზეთი ჰქვია.
კიდევ გოგირდის თეზაბი
მოიტანე შავი ვაჟკაცის ბალანი, რომ თეთრი არ ერიოს. მოიტანე ხამი გოგირდი. თმა მაკრატებლით დაჰკვეცე და საპნით ორჯელ-სამჯერ გალესე, რომ ჩირქი აღარ ჰქონდეს. მერე ის გოგირდი დანაყე და ასწონე. ორი წილი ბალანი ჰქენ, ერთი წილი გოგირდი. ჩაყარე ამბუხში წესისამებრ, ცეცხლი მიეც და წითელი წყალი გამოვა, ცხარი სუნი ექნება.
კიდევ გოგირდის ზეთის გამოხდა
მოიტანე გოგირდი ხამი, დანაყე რა ერთიც გინდოდეს, რკინის ტაფაში ჩაყარე, მერმე კვერცხის თებაზი დაასხი. ამთონი ადუღე, თეზაბი გაშრეს, გოგირდი დარჩეს, მერმე შეინახე.
კიდევ გოგირდის ზეთის გამოხდა
მოიტანე ქერის ფქვილი და ცომად მოზილე. მერმე საოქრომჭედლოს კოჭობსავით გააკეთე, შიგ ხამი გოგირდი ჩაყარე. მერმე იმავ ქერის ფქვილით კოჭობის პირი მოუგლისე, მერმე მოიტანე ან ქვის ქვაბი, ან თიხისა, საპნის წყლით აავსე. მერმე მოიტანე ის ქერის ფქვილის კოჭობი და მჩვარი შემოახვივე, რომ წყალში არ გაიშალოს. მერმე იმ ქვაბის პირზედ ჩხირი გასდევ. შიგ მასთულით ასე ჩაჰკიდე ეს კოჭობი, რომ იმ წყალში შუაზედ იდგეს. მერმე ცეცხლზედ შემოდგი. ადუღე ცხრა საათს. მერმე გარდმოსდგი. ის კოჭობი ამოიღე, გახსენ ფიალაში, ასე, რომ შიგ არა გაერიოს-რა. გოგირდის ზეთი იქნება. შეინახე.
ცნობა გოგირდისა
გოგირდი, ერთი ქარვას გავს, ერთი ყვითელია, ერთი მოშაო და ტრედის ფერი. იტყვიან, წითელიც იყოს მადანი, მაგრამ ქიმიანიც გააკეთებენ წითელს და ყვითელიც ბევრ რიგია. ზოგი ნაჭერია, ზოგი მრგვალი და გრძელია, ზოგი სხვა რიგისაა, მაგრამ ამ ყვითელს ერთი ხასიათი აქვს და რაც ზეთი რომ დაგვიწერია, ამ ყვითლის მეტი სხვა არა ვარგა და არყად-თეთრიც კარგია.
გაწითლება გოგირდისა
ერთი რიგი გოგირდის გაწითლება ასე არის მოიტანე ზეთისხილის ზეთი, რა ერთიც გინდოდეს, მინაში ჩაასხი და შიგ სინგური წმინდად გალესილი ჩაასხი. მერმე დანაყლი გოგირდი ჩააყარე, კარგად ადუღე ბევრი, მერმე გარდმოიღე, გააციე, ზეთი გარდმოასხი. შიგ წითელი ყურსი იქნება. თბილის წყლით ამთენი რეცხე, ზეთი აღარ ეცხოს. წითელი გოგირდი იქნება.
აწყა ნიშადურის ამბავი ვიწყოთ
ნაშადური სამი რიგია. ერთი ისპაანისა, ერთი ლაჰურისა და ერთი მადანი. ისპანისა, მოსაკლავად რომ ხმარობენ თეთრი, ის არის. ლაჰირისას, მინასავით გასჭვირს და ლიბრია.
თეზაბი ნიშადურისა
მოიტანე ნიშადური თავსმიკრული, თასყიდი გვარჯილა და ზღვის ქაფი წონით სწორე ჰქენ, ამბუხში ჩაყარე, წესისაებრ ცეცხლი მიეც, რაც გამოვიდეს შეინახე. ამას ნიშადურის თეზაბი ჰქვიან.
მეორე თეზაბი ნიშადურისა
მოიტანე ნიშადური , სამჯერ-ოთხჯერ თავსმიკრული ჰქენ, მერმე მოიტანე გვარჯილა კვერი-ბევსუხი ჰქვიან, წონით სწორი ჰქენ. ამბუხში ჩაყარე. ცეცხლი მიეც ცოტა, რაც გამოვიდეს, შეინახე-ნიშადურის თეზაბი იქნება. იტყვიან რომ ამაში რომ სალამანდრო ჩაყარო, ბევრი ადუღო, გაადნობსო. ეს გამდნარი თალხი ჯივა, რომ რკინის ტაფაში გაახურო და ეს თალხი ზედ დააწვეთო, ვერცხლისავით შეიქმნების.
ნიშადურის არაყი
მოიტანე ნიშადური, დანაყე. მერმე მოიტანე მინა დანაყე. ერთი წონა ნიშადური ჰქენ, ორი წინა-მინა. ერთმანეთში გალესე, კარგად გარიე. მერმე ამბუხში ჩაყარე. ქურაზედ შემოდგი, ცეცხლი მიეც, რაც გამოვიდეს, შეინახე. ამას ნიშადურის არაყი ჰქვიან.
გაწითლება ნიშადურისა
მოიტანე ნიშადური ლაჰურისა, გაწმენდილი. წმინდად დანაყე და რკინის ტაფაში ჩაყარე და ნელ ცეცხლზედ შემოსდგი, რა გაცხელდეს მოიტანე ან კალიის წყალი ან მარილი და ცოტ-ცოტა დაასხი. როდინის ქვა იყოსმ თუ თითბერი, რომ კალიის მარილსა თუ წყალს დააყრიდე. იმ როდინი საზელით კარგად ლესავდე, რომ კარგად შიგ გაერიოს. ბევრჯერ ასე უყავ, მერმე ის ინისფერი შეიქმნება, რა ასე იქნეს გარდმოსდგი და შეინახე.
კიდევ ნიშადურის თეზაბი
მოიტანე ნიშადური, იმის წონა ზღვის ქაფი, ერთათ გარიე, ქურაზედ შემოდგი, ქვევიდამ ჭრაქი შეუდგი, ცეცხლად ის ეყოფა, ნიშადურის არაყი იქნება.
ახლა გვარჯილის ამბავი
გვირჯილა მარტო ერთი რიგია, თოფის წამალთ რომ გააკეთებენ.
გაწმენდა გვარჯილისა
ერთი რიგი ასე არის, რომ ქვაბში ჩაჰყარე გვარჯილა, წყალი დაასხი, ბევრი ადუღე, მერმე ცხელ-ცხელი ნაბდით გაწურე, ტაშტით თუ ჯამით ცივს ადგილს დადგი. შიგ გახმება. წყალი გარდასწურე, მერმე მზეს გაუდგი, გახმება-ერთი ეს არის.
არაყი გვარჯილისა
მოიტანე გაწმენდილი გვარჯილა, წმინდად დანაყე, ამბუხში ჩაყარე, ქურაზე შემოდგი, ცეცხლი მიეც ბევრ ხანს. რაც გამოვიდეს შენახე.
გვარჯილი თეზაბი
მოიტანე გვარჯილა და ორი წონა ეს ჰქენ და ერთი წონა თეთრი შაბი. ერთმანეთში გარიე კარგა. მერმე ამბუხში ჩაყარე, გამოხადე. ერთი რიგი თეზაბი ეს არის.
შაბიამის საქმე
ერთი კიდევ შაბიამია. წამლებში გაერევა. ვეჭვობ ეს რომ დანაყო და შაბსავით გამოხადო, შაბსავით გამოვიდეს.
გაკეთება ჟანგაროსი
მოიტანე დაქლიბული სპილენძი. თუ ადრე გინოდოდეს, ზარაფხანის თეზაბი დაასხი, დადგი, რა გაშრეს, კიდევ დაასხი მანამდინ(ორს სამს დღეს ასრე ჰქენ), რომ ჟანგარო შეიქმნეს. და ჩქარა გინდოდეს , დაქლიბული სპილენძი ჯამში ჩაყარე, ზედ ძმარი დაასხი, მზეს გაუდგი, რამდენჯერ დაიშროს. კიდევ დაასხი. ბევრს ხანს ასრე იყოს. ჟანგარო გაკეთდება.
გაკეთება რკინის ჟანგისა
მოიტანე დაქლიბული რკინა, როგორც ჟანგაროსი დამიწერია, თუ გინდა თეზაბით თუ გინდა ძმრით. ისე ჰქენ, რკინის ჟანგი გაკეთდება ყვითელი. ქიმიანი მუთრიხს ეძახიან.
გაკეთება სურინჯისა
მოიტანე რაერთიც გინდოდეს ტყვია და ერთს რკინაში დაადნევ. რა გადნეს, რკინის ჯოხით კარგად ურიე მანამდინ, რომ დაიწვას, თეთრი მიწა შეიქმნას. მერმე დანაყე წმინდათ და რაც, მიწა შექმნილიყოს, გაარჩიე და ის მიწა ერთის რკინის ტაფაში ჩაყარე. მეორე რკინა, უფრო ფართო იმისგან, ზეიდამ დახურე. ამ ზეითს თავსახურავს ერთი სახელური რამე უყავ რამე, რახანც გინდოდეს მოხდიდე ხოლმე. მერმე ცეცხლი მიეც, ზეიდამეც დააყარე, პირველზეც ის მიწა გაშავდეს, მერმე გაწითლდება. რა კარგად იწვას, თავს მოხადე. თუ გაწითლებულიყოს სურინჯი შექმნილიყოს, გარდმოიღე და შეინახე. თუ არადა მანამდინ სწვი-სურინჯი შეიქმნას.
გაკეთება დარიშკანისა
მოიტანე ან ზაჯი ყიბრუსი, რომელ არს შაბი მწვანე ან ზაჯი ყულყანდი, რომელ არს შაბი წითელი და რომელიც უფრო მჟავე იყოს, დანაყე. მერმე ერთი საჯი ცეცხლზედ შემოდგი, გაახურე და ზედ დაყარე, რომ დაიწვას. რომ გაწითლდეს, რკინის ჯოხით ურიე, სანამდის დაიწვოდეს, გარდმოიღე. მერმე მოიტანე მარილი და ამგვარადვე საჯზედ დაჰყარე და კარგად გაახმე. რა გახმეს, გარდმოიღე და ის შაბი და მარილი ცალ-ცალკე კარგად წმინდად დანაყე. მერმე მოიტანე ვერცხლისწყალი, რა ერთიც წონა გინდოდეს და ერთ რაშიმე ჩაასხი. მერმე ამ ვერცხლისწყლის წონა დამწვარი შაბი, დანაყილი და ამ შაბის წონა მარილი, დანაყილი ცოტ-ცოტა ზედ დაყარე. და ლესე რომ ვერცხლისწყალი აღარა ჩანდეს. რა კარგა გალესო, მერმე ერთ მინაში ჩაყარე. იმ მინას ან ბამბა, ქაღალდი პირს დაუცევ. მერმე მოიტანე რკინის საჯი, ქურაზედ შემოდგი. ზედ წყლის წმინდა ქვიშა დააყარე გაცრილი. მერმე ის მიწა ამ ქვიშაში ასე ჩადგი, რომ ყელამდის შიგ იდგეს. მერმე ცეცხლი მიეც. უწინ ცეცხლი ნელი მიეც, მერმე უმატე და უმატე. 12-14 საათს ცეცხლი აძლიე. რა წამალი ყელში ყელში მოეკრას, ცეცხლი გამოუნელე, გააციე. მერმე მინა გასტეხე. რაც ძირ დარჩომილიყოს , გადაყარე, რაც ყელს მიჰკროდეს გამოიღე. თუ კარგი თეთრი იყოს, ხომ დარიშკანა იქნება, შეინახე. თუ არადა დანაყე, მარილი მიეც , მინაში ჩაყარე. კიდევ ასი თასყიდი ჰქენ. სამჯერაც რომ ქნა თასყიდი, ოთხჯერ-ეჯობინება. მაგრან სანჯერ-ოთხჯერ როგორ უნდა ქნა აწ მოგახსენებ: რა ერთხელ ზემოხსნებელსავით გააკეთო, მეორე თასყიდი ასე ჰქენ, რომ მოიტანე, რაც დარიშკანა იყოს, ასწონე და ასი მისხალი რომ ის დარიშკანა იყოს, ას თორმეტი მისხალი გამხმარი მარილი გაურიე. წმინდად დანაყე, გალესე, მინაში ჩაყარე.შვიდ-რვა საათს ცეცხლი აძლიე. ამგვარად თასყიდი ჰქენ. რა ამოვიდეს და ყელს მოეკრას, ქურა გააცივე. მინა გასტეხე , რაც ძირს დარჩომილიყოს, გარდაყარე. ყელში მოკრული შეინახე. და თუ მესამე და მეოთხე თასყიდი გინდოდეს, შაბს ნუღარ გაურევ, ცარიელი მარილი , ასს მისხალს დარიშკანზედ ას თორმეტი მისხალი მარილი გაურიე და წინა პირველებ თასყიდი ჰქენ.
მეორე რიგად გაკეთება დარიშკანისა
მოიტანე ასი მისხალი ვერცხლისწყალი, ასი მისხალი ზალი ყირბუსი დამწვარი, ასი მისხალი-გამხმარი ცეცხლზედ მარილი, 32 მისხალი გვარჯილა და ცალ-ცალკე წმინდად დანაყე. მერმე ერთმანეთში გაურიე. ცოტა ძმარი დაასხი, რომ ნამი შეიქმნას და არ გატალახდეს. თუ ამისი არაყი გინდოდეს, ამბუხი დადგი და როგორც ზეით დაგვიწერია ისე, ქურაზედ შემოდგი. ცოტა ცეცხლი მიეც. რა არაყმა დენა გაათაოს და ყელში ამოსვლა დაიწყოს, ამბუხი მოხადე. პირში დაუცევ რამე და 12 ან 14 საათს ცეცხლი აძლიე. რა ყელში მოიკრას, ქურა გაცივე, მინა გასტეხე. რაც ყელში მოჰკროდეს შეინახე. რაც ძირს დარჩეს, ნამწვი გადაყარე და თუ არაყი არ გინდეს და ამბუხს ნუ დაადგამ, როგორც ზეით დაგვიწერია, ისე ჰქენ და დარიშკანა იქნება. და თუ სამჯერ-ოთხჯერ თასყიდი გინდოდეს, როგორც უწინ დაგვიწერია, ესეც ისე ჰქენ. რაც თეზაბი იმ დარიშკანიდამ გამოვა, რკინას მოსჭრის ასე, ასე რომ რკინაზედ სანთელი გააკრა, სანთელი მოსჭრა, რაც სახე გინდოდეს, ეს შიგ ჩაუშვი, რაზედაც სანთელი დარჩომილა, ისე დარჩება და რაც რკინაზედ ის დასხმია მოსჭრის. ამას ამავ რიგით ზარაფხანის თეზაბიც იქს. ასეც იქნება, იმ მოჭრილს სანთელში, რომ ძმარი ჩაუშვა, მერმე დარიშკანა დანაყო, ზედ დააყარო, ესეც მოსჭრის, მაგრამ კარგა ხანს უნდა იყოს, თუ ღრმად გინდა მოჭრა.
გაკეთება დარიშკანის ზეთისა
მოიტანე რა ერთიც გინდოდეს მისხალი დარიშკანა, წმინდად დანაყე. ერთი რკინის ტაფაში ჩაყარე. ზეიდამ საპნის თეზაბი დაასხი. ცეცხლზედ შემოდგი. ამთონი ადუღე , წყალი გაშრეს, შიგ სქლად დადგეს. გარდმოიღე, პირფართო მინაში ჩაასხი. გახმეს თუ ისე რბილათ იყოს, ნუ ინაღვლი და თუ გინდა, ნამიანს ადგილს დადგი.გაწყალდება და ისე შეინახე. თუ გახმარი იყოს, ცეცხლზედ დადგი, გაათბე, გადნება.
კიდევ გაკეთება დარიშკანისა
მოიტანე ჯივა და ზარაფხანის თეზაბი, მინაში ჩაყარე. მინას ხელი მოუჭირე პატარა ხანს, რა გათეთრდეს რძესავით, დადგი და ხანდიხან გასძრევდე, მანამდინ, რომ ჯივა აღარა ჩნდეს. მერმე გაუშვი, ერთს ღამეს ასე იყოს. მეორე დღეს თეზაბი გარდასწურე, მზეს დაუდგი. გაშრეს. კარგი დარიშკანა იქნება.
ოქროს გამიწება
მოიტანე სამი მისხალი თუთია ყალამი, 1/2 მისხალი შავი ქიშმიში. 1/2 მისხალი კვერცხისგული. ესენი კარგად წმინდად დანაყე ერთმანეთში მერმე, რომ კარგა მაგარი ტალახი, შეიქმნას, მოიტანე 4 მისხალი ოქრო გათხელებული, შიგ გაახვიე, კოჭობში საოქრომჭედლოში ჩადგი. კარგად უბერე ცეცხლი. რა კარგად დაიწვას, გარდმოიღე, გააცივე, კოჭობი გასტეხე, მიწა გადმოიღე, შავი მიწა იქნება.
გაფოლადება ოქროსი
მოიტანე საოქრომჭედლო კოჭობი, ყვითელი მურდასანგი გალესე, შიგ გამოსცხე კოჭობს. მერმე ოქრო გაადნევ. იმ კოჭობს რომ მურსდასანგი გამოსცხევ, იმასი ჩაასხი. ასე გაფოლადდება, კვერი რომ დაჰკრა, დაიფშვნიტება.
ამბავი ვერცხლისწყლისა
ვერცხლისწყალი ქანიდამეც გამოვა, სინგურიდამეც გამოვა, ერთს ქვეყანას გამიგონია, მიწაც ამოჰყრის. ასეც გამიგონია, სისხლისგან ბაყლისგანაც ერთს ფრანგს აქიმს გამოეღოს.
გამიწება ვერცხლისწყლისა
მოიტანე ვერცხლისწყალი და მინაში ჩაასხი, რა ერთიც გინდოდეს. ზედ ზარაფხანის თეზაბი ამდენი დაასხი-კარგათ ზედ ადგეს. მერმე მინის ხელი შემოხვიე. რა თეზაბი გათეთრდეს რძესავით, ცეცხლზედ შემოსდგი. ამთონი ადუღე, თეზაბი გაშრეს და შიგ მოყვითან-მოწითანო დამწვარი შაბსავით დარჩეს. მერმე მინას თავი დაღმა უყავ, და, რაც ვერცხლისწყალი არ გამიწებულიყოს, გამოყარე და სხვას მინაში ჩაყარე. მანამდინ ასე ჰქენ, რომ ვერცხლისწყალი სრუულ გამიწდეს. მერმე მინები გატეხე. ის რაც შიგ იყო გამოიღე და შეინახე. ვერცხლისწყლის მიწა იქნება.
თეზაბი ვერცხლისწყლისა
მოიტანე ნიშადური , ამისი წინა გვარჯილა, ერთად დანაყე. შემომიწულს მინაში ჩაყარე. ზედ ამბუხი დაადგი. მაყალზედ დადგი. სულ 21 ცეცხლს დაუბერე. რა ცოტა კვამლი ამბუხში ამოვიდეს, გარდმოსდგი ცეცხლიდამ და მანამდე უცეცხლოს ადგილზედ დაიჭირე, სანამდინ კვამლი ამოდიოდეს. რა კვამლი აღარ ამოვიდეს, კიდეც ცეცხლზედ შემოდგი. და რა კვამლმა დენა დაიწყოს, კიდევ გადმოსდგი. ამბუხის პირს მინას ნუ გაჰყრი და თეზაბი გამოვა. იტყვიან, ამაში რომ ოქრო ჩააგდო,გაადნობს ზეთსავით პირზედ მოიგდებსო.
გაკეთება ოქროს აქსირისა
მოიტანე ლახოსტაკი, ცეცხლზედ გააწითლე. მერმე აიღე და ზეთში ჩადევ. რა გაცივდეს , კიდევ გაახურე და კიდევ ზეთში ჩადევ. სამჯერ ასე ქენ. მერმე ასწონე და 40 მისხალი ამ ლახსოტაკისაგან, წმინდად დანაყე და შიგ ოქროს წამალი რა ერთიც ინივთო, გააოქროებდეს, ამ ლახოსტაკში გაურივე და კარგა დანაყე. მერმე მოიტანე წმინდად დანაყილი ყალამი თუთია 80 მისხალი და ესეც შიგ გაურივე და ავანში კარგა გალესე. მერმე მოიტანე 12 მისხალი შავი ქიშმიში და ესეც იმ წამლებში შიგ ჩაანაყე. მერმე ორი ან სამი კვერცხის გული შიგ ჩააგდე და ამით ნატე. რა მით შეველდეს, ამოიღე და ორამს საოქრომჭედლოს ბუთიში ჩადევ. პირი დაუჭირე ბუთის მიწით. მზეს გაუდევ, გახმეს. მერმე ცეცხლში ჩადევ. ცეცხლს დაბერვლით დაუბერე. მართ ერთს საათს უბერე. რა შეიტყო, რომ კარგათ ცეცხლი ეჭიმოს, გარდმოსდგი. წყალში გააცივე. მერმე ბუთი გატეხე, შიგ შავი მიწა იქნება, მარცვალმარცვლად იქნება. შეინახე. და თუ გინდა ოქროს გამიწება , როგორც დაგვიწერია, 40 მისხალი ისე გამიწული ის ქენ, რომელსაც აქ ამ ორში, ორივ ერთია. მოიტანე ამ მიწისგან ამ ორში ერთი და კარგად დანაყე წმინდად და გალესე, და ერთს მინაში ჩაყარე. მერმე მოიტანე გვარჯილა და ნიშადური, მაყალზედ გამოხდილი, და ამას თეზაბი ამდენი დაასხი, რომ კარგა ზეიდამ ადგეს. პირს დაუცევ, შეინახე. მერმე მოიტანე ზარაფხანაში რომ ვერცხლს დაადნობენ და ტყვიას მისცემენ, ვერცხლი ტყვიას პირზედ მოიგდებს. მერმე გარდმოუშვებენ იმას და ერთი მოწითანო ბჭყრიალა რამ იქნება,იმას გინას ეძახიან, მაგრამ ძირს მიწასაც გინა ჰქვიან, ის არ ვარგა. ამ პირიდამ გარდმოშვებული უნდა, ამისგან მოიტანე, წმინდად დანაყე, ტილოში გასცერ. მერმე ასწონე და თუ ლახოსტაკი 40 მისხალი გაგემიწებინოს, ეს ასოცი მისხალი ჰქენ და ერთ ყაბში ჩაყარე. მერმე მოიტანე თალხი და ზირნიხი, საპნის წყლით ნადუღები და ამ დანაყილს გინას ნელნელად ზედ დაასხი და ლესე კარგა. ეს გაჯიგრისფერდა. ეს თალხი იმდენი დაასხი, რომ თხელს ტალსახსავით შეიქმნას. მერმე, რა ცოტა შეშრეს მინაში ჩაყარე და მოიტანე კალია და გვარჯილა, რომ მარილის არყით გამოგიხდია, 20 მისხალი ზედ დაასხი. მერმე პირს დაუცევ. უწინდელი წამალი და ეს ორივ წაიღე და ერთს ნამიანს ადგილს დაჰფალ ხუთ დღეს. მერმე ამოიღე ორივ და ერთს ყაბში ჩაყარე და კარგად ლესე და ორივ ერთად გარიე, წმინდად გალესე და ერთს მინაში ჩაყარე. პირს დაუცევ და ორმო მოსთხარე. ქვეშ კირი ჩაყარე ზედ ნეხვი ახალი დააყარე და როგორც ჰელის წესია, ისე ჩადგი. ერთი თუნგი წყალი დაასხი. თავს დახურე და ათ დღეს ასე იყოს.
მოიტანე 40 ყვითელი კვერცხის გული და 2 მისხალი შაბიამანი. წმინდად დანაყე, შიგ ჩაყარე და ჯოხით კარგა ურიე. ამდენი, რომ კვერცხის გული გამწვანდეს. მერმე ერთ პატარა სპილენძის ქვაბს, ან ტაფაშიჩაასხი. ცეცხლზე შემოდგი, დასწვი. კარგა დაიწვას. მერმე იმ კვერცს ერთის რკინით კარგად დააჭირე, ზეთი გამოვა. გარდმოსწურე, რომ არა გარდმოჰყვეს რა და შეინახე.
მოიტანე 11 მისხალი ზირნისი და ამისი ნახევარი ბარყი შუშა ყვითელი. ორივ ერთად წმინდად დანაყე. მერმე მოიტანე ერთი, ქვის ჭურჭელი იყოს თუ, რაც ერთი მაგარი ჭურჭელი, არ გახეთქოს. ბუთითაც იქნება, შიგ ჩაყარე. პირი ტალახით მაგრა დაუჭირე მერმე ცეცხლში ჩადგი და საბერვლით დაუბერე. მართ ნახევარ საათს უფრო უბერე. რა შიგ დადნეს, გარეთ ჭურჭელი გაწითლდეს, გარდმოიღე, გააცივე, ჭურჭელი გასტეხე შიგ მოწითანო, დამდნარი სინგურსავით იქნება რამე. მერმე ერთ რაზედმე გამოყარე. კარგად გამოიღე, ან შიგ არა გაერიოს რა, ან შიგ არ დარჩეს. მერმე ავანში წმინდად დანაყე. მერმე ერთს ჩინურის თეფშზედ დაყარე. მერმე მოიტანე კვერცხის ზეთი და ამთონი დაასხი-კარგა დასველდეს, და ლესე კარგა. მერმე ის ზეითი წამალი რომ დაგვიწერია და ჰელში დგას ის მოიტანე და ესე ის ერთათ გარიე და კარგათ ჩინურის ყაბში გალესე. მერმე ოცი მისხალი ზეთისხილის ზეთი ზედ დაასხი და კარგად ლესე. რა კარგად გალესო, მინაში ჩაასხი. მერმე მოიტანე ერთი თიხის ქვაბი წმინდა და ქვიშა ჩაყარე. ამ მინაც პირს მჩვარი დაუცევ. მინა ქვაბში ისე ჩადგი, რაც წამალი იმ მნაში იყოს,სულ ქვიშამ დაჰფაროს მერმე ეს კვაბი ქურაზედ შემოსდგი და ცეცხლი ძალიანი მიეც ერთ საათს, საათნახევარს, რა მინა და ქვიშა ორივ კარგად გაცხელდეს, გარდმოსდგი და ისე ცხელ-ცხელი მინა ძელში ჩადგი და ისე იყოს.
არაყი დართულისა
არაყი დანაყე. სხვას არაყსავით გამოხადე. ჯერ არაყი გამოვა, მერმე-ზეთი. დართული დანაყე. ერთ რაშიმე ჩაყარე, ცეცხლზედ დადგი. მანამდი დასწვი, სანამდი გათეთრდეს. მერმე ზარზამინში დადგი, გადნეს, ზეთი იქნება. თუ გინდოდეს, გააშრევ, მარილი იქნება. ის ზეთიც მარილია. დართულის ზეთსა თუ მარილს ასე გააკეთებენ.
ვახტანგ VI ჩანახატი.
წყარო:
ზ. მაქაცარია- მეორედ დაბადება: პირველი ქართული ტექნიკური წიგნის ამბავი : [“წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის, შეკრებილი მეფის ვახტანგისაგან” გამოსვლის გამო]
აკაკი ჩხენკელი- ქიმიური შინაარსის ერთი ძველი ქართული ხელნაწერის შესახებ
ივანე ჯავახიშვილი- ქართული სამართლის ისტორია, წ.
მ. შენგელია-ეტიუდები ქართული მედიცინის ისტორიიდან
თამარ აბულაძე-ქართულ-აღმოსავლური ტექნიკური, სამეცნიერო ტერმინოლოგიის შესწავლისათვის (ვახტანგის ქიმიის მიხედვით) : [ვახტანგ VI -ის თხზულება “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის”]