აწეწილია სამშობლოს ხედი


ღია ცის ქვეშ იყიდება ცხოვრების რომელიმე წელი თავისი გასაღებით. ეს გასაღები ნივთია, რომელიც რომელიმე ძვირფას მოგონებას ჰქონდა მორგებული. ყოფის კადრი კი უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემი სტრიქონები. ამ ყოფაში გამოსახულება სწრაფად იცვლება. იცვლებიან ადამიანები. ადამიანი მისტერიების შემოქმედია: ყველაფერი თან დააქვს-სული, აზროვნება, დრო.. დროს თან ვატანთ ფერს, მზერას, მაგრამ მთავარი მაინც არ იცვლება-განწყობილება..
მშრალი ხიდი თითქოს სხვა ქალაქია, “ჩაძირული” ქალაქი-მართლაც სხვანაირი. მოჩუქურთმებულ აივანზე ეს ძველებური ფარდები ეფინა, ახლა რომ რუსის ქალები თოკებზე აფრიალებენ. ფართო ფანჯრებიან სალონებში, სადაც ეს სარკეები ეკიდა და კედლებზე ამ ლამფების შუქი კანკალებდა. ლამაზი ბანოვანები ამ ჩინური ფინჯნებიდან ჩაის მიირთმევდნენ, კაცები კი სპილოს ძვლის ჭადრაკით ირთობდნენ თავს. ახლა მათი ფოტოებიც მიწა-დახლებზე ყრია. ცალი- ორმაცდაათი თეთრი.


მშრალი ხიდი თბილისის “ბაბილონის გოდოლია.” აქ ერთმანეთის ენა არ ესმით ძველი ნივთების გამყიდველებს და “ახალ ქართველებს”. ‘არა ფული კი არ მენანება, მაგრამ განა ეს პატარა “ყუთი” ასე ძვირად ფასობს?” გაოცებული კითხულობს ქალბატონი. მისი ძვირფასი სამკაულები, ალბათ არც კი ჩაეტევა ამ ჯადოსნურ ზარდახშაში. გაჭირვებისგან, სიცივისგან, წლებისგან მოკუნტული ქალი უხსნის და ვერც უხნის, რომ ეს ნივთი ბებიის ბებიის ნაქონია, რომ ამ ნივთს თავის ცხოვრება აქვს, თუნდაც ამ ფაიფურის ლარნაკს, რომელშიც დიდხანს იდო დამჭკნარი ლილისფერი ქრიზანთემა, ზუსტად იმ კაბის , “იმ” საღამოს რომ ეცვა..
დახლების ბოლოს სასადილოა. მწვადის ცისფერი ბოლი ასდის, ჩვენთვის უცხო და იდუმალ ქალაქს. შეზარხოშებული კაცები ხმაშეუწყობლად მღერიან. ხიდის ბოლოს გოგია ნინიაშვილი არღნას უკრავს. ახლა ასეთ ტიპაჟებს ვეღარ ნახავთ ქალაქში. ქუდის ქვეშ ღრმა, უცნაური შუქით განათებულ თვალებში წარსულის ანარეკლია. ლაპარაკის კილო, მანერა-ძველი ყარაჩოღელისა აქვს მეარღნეს. ახალგაზრდობაში სწორედ მათთვის უკრავდა დუქნებში “დამწვირსას”. ფულსაც აკეთებდა, ოჯახს ინახავდა. ოდესაში დამზადებული მეთვრამეტე საუკუნის არღანი ერთგულად ემსახურა პატრონს. თბილისის ძველ ქუჩებს კერ კიდევ ყრუ ექოსავით შემორჩენია ის ძველი მელოდიები. ბოლოს თბილისის ზღავაზე “ფაცხაში” უკრავდა. ახლა გოგიას პროცენტიანი ვალი აქვს. რა დროს ბაიათებია, ის დროც წავიდა.
რა შეიძლება შეიძინო აქ გაყიდული ნივთების ფასად? პური და ისევ პური. ეს ქალაქი ხშირად სხვადასხვანაირ “განზომილებაში” ამოგაყოფინებს თავს. გთავაზობთ “ჰეინიკენებს”, ლამაზ ვიტრინებს, განათებულ და გამთბარ რესტორნის დარბაზებს. ზოგს ბევრი ფული აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს.

აქ ნაყიდი ბროლის ლარნაკი შეიძლება თქვენი როიალიდან გადმოვარდეს და გატყდეს.

იმას კი, ვერავინ, მთელ ქალაქში, ვერავინ გაიგებს, რომ ერთი ქუჩის ბოლოს გარდაიცვალა ქალი, თმაში ლილისფერი ქრიზანთემით.

გაზეთი “ახალი ეპოქა”, 2000 წელი

ავტორი: შურთხია ბეროშვილი

Leave a Comment