მწერალი მიხეილ ლოხვიცკი (აჯუკ გირეი) წარმოშობით ადიღი (ჩერქეზი), გირეების ცნობილი გვარის წარმომადგენელი გახლადათ. „დავიბადე შესანიშნავ ადგილას ამ ქვეყნად – „დეტსკოე სელოში“, რომელიც 30-იან წლებში იქცა ქალაქ პუშკინოდ – სახლში, მდებარე ლიცეუმის გადმოსწვრივ… ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ თბილისში, მაქვს ასეთი ოჯახი, რომელშიც დაუნჯებული ვარ სულითა და გულით“, – ამბობს ის ერთერთ თავის ინტერვიუში.
ბატონი მიხეილი თითქმის ათი წლის მანძილზე იყო რუსულენოვანი ლიტერატურული ალამანახის – „სახლი ჭადრების ქვეშ“ შემდგენელი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ლიტერატურნა გრუზიას“ განყოფილების გამგედ, გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნება“-ს რედაქტორად, გამომცემლობა „მერანის“რუსული რედაქციის გამგედ.
ის არის ოცზე მეტი წიგნის- რომანების, მოთხრობების ავტორი. 2023 წლის 21 თებერვალს მას 100 წელი შეუსრულდება.
მიხეილ ლოხვიცკი მწერალ უშანგი რიჟინაშვილის წყალობით გავიცანი,. გაიგო თუ არა, რომ მე ჩერქეზი ვიყავი, ბატონმა უშანგიმ სიხარული ვერ დაფარა: „ორმაგად მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, რადგანაც ჩემი მეგობარი მიხეილ ლოხვიცკი, რომელიცასევე ჩერქეზია წარმოშობით, ბედნიერი იქნება თქვენი გაცნობით“. მეორე დღესგამომცემლობა „მერანის“ ერთერთ სამუაშაო ოთახში ვიჯექი ერთიანად სახაგაბადრული კაცი წინ, რომელსაც საოცრად თბილი, ოდნავ დაბნეული ღიმილი უკრთოდა სახეზე, საიდანაც სევდაცა და დაუფარავი სიხარულიც ერთად გამოსჭვიოდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ის მუშაობდა ვრცელ ისტორიულ მოთხრობაზე, ჩემი ხალხის თავზე დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას რომ ეხებოდა, რის შესახებაც მაშინ სიტყვის თქმასაც კი ერიდებოდნენ. მე არ ვიცოდი, რომ ის მეგობრობდა დისიდენტებთან, რაც მას არ აპატიეს – გაათავისუფლეს გაზეთის რედაქტორის თაამდებობიდან და გარიცხეს პარტიიდან. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა წაკითხული მისი ნაწარმოებები, გამთბარი და გაჟღენთილი სიყვარულითა და თანადგომით მოყვასისადმი, არ ვიცოდი, როგორი ძალისხმევა სჭირდებოდათ მას და მის ქართველ მეგობრებს, გადაელახათ ცენზორთა წინააღმდეგობანი, დაკავშირებული „მეხთატეხას“ გამოცემასთან…. მხოლოდ მოგვიენებით შევიტყვე, რომ ერთ დროს საქართველოს ჩემპიონი ფარიკაობაში, იყო ნიჭიერი მხატვარი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე… მალე გავიცნობ მის ოჯახს, რითაც ის ამაყობდა, არაჩვეულებრივ მეუღლეს ნატალია ანდრონიკაშვილს, რომელმაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის მწერლურ ბედზე, მთელი ცხოვრება მხარში ედგა მას და მისი ყველა წარმატების თანაშემოქმედი და გამზიარებელი იყო.
წლების მერე, მისი გარდაცვალების დღეს, როდესაც მის საფლავთან თავდახრილნი მდუმარედ იდგნენ მწერლის ახლო მეგობრები – მათ შორის მთების გადაღმიდან ჩამოსული ჩერქეზები, როდესაც მას უსაყვარლეს ქართულ მიწასთან ერთად წინაპრების სამშობლოდან ჩამოტანილი რამდენიმე მწიკვი მიწაც მიაყარეს, გული ყელში მომებჯინა და გავიფიქრე: „მორჩა, მიწის ამ გორახებმა დამალეს მის სახეზე კრთომა, მუდამ თბილი ღიმილი….“
ქალბატონმა ნატალიამ კი, ყოველივე ამის შემხედვარემ, უცნაური, დამთრგუნველი სიმშვიდით წარმოთქვა: „გავა ერთი წელი და მეც მოვკვდები და ჩვენ, ორივენი, ისევ ერთად ვიქნებთ“. წარმოვიდგინე როგორ უჭირდა მას იმ წუთებში.
მართლაც, ახდა მისი წინასწარმეტყველება – ზუსტად ერთი წლის შემდეგ ქალბატონი ნატალიაც გარდაიცვალა და მეუღლესთან ერთად განისვენებს საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ჩერქეზი თავადების, გირეების გვარი
მიხეილ ლოხვიცკის ნამდვილი გვარია აჯუკ-გირეი. ამ გვარს ჩერქეზეთში ყველა განსაკუთრებული მოწიწებით წარმოთქვამს. გირეების თავადურმა გვარმა ხომ ჩერქეზ ხალხს ცნობილი განმანათლებლები: სულთან ხან-გირეი, ადილ-გირეი კეშევი, ყირიმ-გირეი (ინატოვი) აღუზარდა სხვა ადიღ (ჩერქეზ) განმანათლებლებთან – შორა ნოღმასთან, უმარ ბერსეისთან, იბრაგიმ ცეისთან და ბექმურზა პაჩევთან ერთად ისინი ქმნიდნენ ანბანს, მშობლიური ენის სახელმძღვანელოებს, იწერდნენ და აქვეყნებდნენ ჩერქეზული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვეს, რითაც დიდი ღვაწლი დასდეს ჩერქეზულ ლიტერატურასა და კულტურას.
ცოტა ხნის წინ, XIX საუკუნის პირველი ნახევარში მოღვაწე ჩერქეზიმწერლის, ისტორიკოსის, ეთნოგრაფისა და ფოლკლორისტის – ხან-გირეის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნის კითხვისას უნებურად გონებაში რამდენიმე ცხოვრებისეული პარალელი ამომიტივტივდა.
სულთან ხან-გირეი დაიბადა 1808 წელს. ის ომში დაღუპული თავადის – მეხმეტ ყირიმ-გირეის ვაჟი გახლდათ. უმამოდ დარჩენილი 12 წლის ხან -გირეი, ცალკეული კავკასიური კორპუსის მთავარსარდალს, ა. პ. ერმოლოვს მიუყვანეს. ამ შემთხვევიდან 56 წლის შემდეგ, 1864 წელს, რუსეთ-კავკასიის ომის დასასრულს, ივანმა, წარმოშობით ჩეხი პორუჩიკის – პრიგარას დენშჩიკმა გირეების გადამწვარი აულიდან წამოიყვანა ჩერქეზი ბიჭი. ერთი წლის შემდეგ პორუჩიკმა მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა და ტუაფსეში წაიყვანა მოსანათლად. ჩერქეზი ჭაბუკი მონათლა შტაბსროტმისტრმა პეტრე დავითის ძე ლუხვიცკიმ. ასე გახდა მწერალ მიხეილ ლოხვიცკის პაპა ზაქირ აჯუკ-გირეი ზაქარია პეტრეს ძე ლოხვიცკი. შეიძლება მაშინ, ჩერქეზებისთვის საბედისწერო ჟამს, ასეთი შემთხვევები იშვიათი არ იყო, მაგრამ საოცარია, რომ შემთხვევამ სიცოცხლე შეუნარჩუნა გირეების გვარის ორ წარმომადგენელს. ერთერთი მათგანი იყო ხან-გირეი, მეორე კი- ზაქირ აჯუკ-გირეი, რომლის შვილიშვიმაც თითქმის 100 წლის შემდეგ დაწერა ვრცელი ისტორიული მოთხრობა თავისი ხალხის ტრაგედიაზე.
ნიშანდობლივია მეორე შემთხვევაც. ა. ერმოლოვმა სულთან ხან-გირეი გაგზავნა პეტერბურგში და სასწავლებლად კადეტთა კორპუსში მიაბარა. სწავლის შემდეგ იგი გაიგზავნა კავკასიის-სამთო ესკადრონში, მონაწილეობდა რუსეთ – სპარსეთის, რუსეთ- თურქეთის ომებში, იყო რუსული ორიენტაციის თავდაჯერებული მომხრე და მონაწილეობდა მთავრობის მიერ წარმართულ ღონისძიებებში მანამდე, ვიდრე სჯეროდა, კავკასიის პრობლემა შეიძლებოდა მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო. მან მეფის მთავრობას პროექტიც კი შესთავაზა ადიღური (ჩერქეული) ტომების შდასახელმწიფოებრივ მოწყობაზე, დიდ იმედებს ამყარებდა რუსეთ-კავკასიის კავშირ-ურთიერთობებზე, მაგრამ სამწუხაროდ, მისი იმედები არ გამართლდა, ახალგაზრდულ ილუზიებს თავი დააღწია და უფრო ფხიზელი თვალით შეხედა მეფის პოლიტიკას კავკასიის მიმართ. მან დატოვა პეტერბურგი და სამშობლოში დაბრუნდა.
რაც შეეხება ლოხვიცკის პაპას,ზაქირ აჯუკ-გირეის, მან კარგი განათლება მიიღო: დაამთავრა პეტერბურგის სარკინიგზო ინსტიტუტი, მუშაობდა საქართველოში. სხვათაშორის, მისი პროექტით არის აშენებული ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი.
მოხდა ისე, რომ ასი წლის მერე – მას შემდეგ, როცა ხან-გირეიმ მთავრობას თავისი პროექტი წარუდგინა, მიხეილ ლოხვიცკი, ზაქირ-აჯუკ გირეის შვილიშვილი წერილს აგზავნის სკკპ ცენტრალურ კომიტეტში, რომელშიც ის საუბრობს ადიღი ხალხის ხელოვნურ დაცალკევებაზე აიდღეს, ყაბარდოსა და ჩერქეზეთის ტერიტორიალურ წარმონაქმნებად და აქედან გამომდინარე, წუხილს გამოთქვამს ადიღური ლიტერატურული ენის, განათლებისა და კულტურის სფეროში შექმნილი პრობლემების გამო. მწერალი იმედოვნებდა, რომ 80-იან წლებში დაწყებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარდაქმნები შემობრუნება იქნებოდა ამ საჭირბოროტო პრობლემების მოგვარებისკენ…. ფუჭად ჩაიარა, რა თქმა უნდა, მისმა მცდელობამ…
კორტანეთი
გაცნობის პირველსავე დღეს ბატონმა მიხეილმა სახლში მიმიპატიჟა და გამაცნო თავისი მეუღლე, შვილები – იური და ნიუტა, შვილიშვილები ჯანა და მაშინ ჯერ კიდევ პატარა მიშა. მახსოვს როგორ არაჩვეულებრივად უკრავდა ჯანა შოპენს, ბატონი მიხეილი ჩიბუხს აბოლებდა, კედლიდან კი მისი წინაპრების პორტრეტები შემოგვცქეროდნენ. იმავე საღამოს დამპატოჟა სოფელ კორტანეთში, სადაც მას სახლ-კარი ჰქონდა. ქალბატონმა ნატალიამ მითხრა: „იცი. მას მიწის ამ პატარა ნაგლეჯის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, უსაზღვროდ უყვარს იქაური ხალხი და მოთხრობების მთელი ციკლი აქვს მათზე დაწერილი. ყველაფერი ეს ჩერქეზი გოგონასათვის, რომელმაც იმხანად დაიწყო ქართული ენის შესწავლა და თითქმის არაფერი იცოდა ქართულ სოფელზე, მეტად უჩვეულო და საინტერესო იყო. აქ, კორტანეთში ბატონ მიხეილს ყველა იცნობდა და დიდ პატივს სცემდნენ. თვითონაც ძალიან უყვარდა ეს უბრალო, მშრომელი და გულღია ადამიანები, მათ ყოველთვის ქართულად ესაუბრებოდა. მე შევჩივლე:„ასე მგონია, ვერ შევძლებ ქართული სწავლას“. „შესძლებ“, – მომიგო დაბეჯითებით.
მას ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავდა, არ უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა. ვისაც დაუახლოვდებოდა, ბოლომდე შეიყვარებდა და შეიტკბობდა. იხშირად იმეორებდა ხოლმე: „ჩემში სამი ეროვნული კულტურაა ჩანასკვული – რუსული, ქართული და ჩერქზული“. ერთხელ მითხრა: საოცარი ხალხია ქართველები, რა ცოტა ჰყოფნით, ცას ეწიონ სიხარულით. რომ იცოდე როგორ უხარიათ, როცა ქართულად ვლაპარაკობ, ანკი როგორ უნდა იცხოვრო ამ ცხოვრებიდან განზე განდგარმა, რომელიც შენს გარშემო დუღს, როგორ უნდა გაენაპირო ადამიანებს, ვისთანაც ერთად ცხოვრობ, ნებაყოფლობით თქვა უარი უმდიდრეს კულტურაზე?“
აქ, კორტანეთში სინანულით თქვა, რომ არ იცის მშობლიური ჩერქეზული ენა. „ჩემთვის უკვე გვიანია…“ მოგვიანებით ქალბატონმა ნატალიამ მომითხრო უცნაური ამბავი: ერთხელ „მეხთატეხაზე“ მუშაობის დროს, ის ბატონი მიხეილის ხმამ გამოაღვიძა. მწერალი ძილში მისთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. მას ძალიან შეეშინდა, მაგრამ ვერ შეძლო გაღვიძება, ის კი ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა….
მიხეილ ლოხვიცკის ბავშვობიდანვე შესისხლხორცებული ჰქონდა ქართული კოლორიტი, გარემო. ამიტომაც უკავია ქართულ თემატიკას მის შემოქმედებაში ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი. როგორც მწერალმა და კრიტიკოსმა (სამწუხაროდ, აწუკვე გარდაცვლილმა) ჯანსუღ ღვინჯილიამ თქვა: „ქართველმა მკითხველმა შეიყვარა მიხეილ ლოხვიცკის შემოქმედება არა იმის გამო, რომ მისი ნაწერები საქართველოს ეხება, არამედ იმიტომ , რომ ის ნიჭიერად არის დაწერილი საქართველოზე“. მისი მეგობარი, მწრალი გურამ გეგეშიძე კი ამბობს: „მიხეილ ლოხვიცკიმ ჩვენზე ნაკლებად არ ცის საქართველოს ისტორია, ქართული კულტურა, ენა ქართული და და ყველაფერ ამის სესახებ წერს თავის ნაწარმოებებში. ჩვენი ტკივილები მასაც ტკივა, ჩვენი წარმატებები მასაც უხარებს გულს. მიხეილ ლოხვიცკი წარმოშობით ჩერქეზია, მისი მშობლიური ენა რუსულია. მწერალი მიეკუთვნება იმ ლიტერატურას, რომელ ენაზეც ის წერს, მაგრამ ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, შეგვძლია ვთქვათ, რომ ის ამავე დროს ქართველი მწერალიცაა.“.
„მეხთატეხა“ – სინდისის ქუხილი
ზუსტად 137 წლის წინათ (სტატია დაწერილია 2001 წელს) დამთავრდა რუსეთის მიერ წარმოებული თითქმის 100 -წლიანი კოლონიალური ომი კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ, მათ სრულ განადგურებასა და დამორჩილებას რომ ისახავდა მიზნად. როგორც ვაინახების (ჩეჩენ-ინგუშების), დაესტნელების, აფხაზების, უბიხებისა და სხვა ხალხებისთვის, ეს ომი ადიღებისთვისაც (ადიღეელები, ყაბარდოელები,ჩერქეზები) კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდა. კაცობრიობის ისტორიაში მრავლად ყოფილა საშინელი, სისხლისმღვრელი ომები, მაგრამ თითქმის არცერთ ხალხს არ გასწორებიან ისეთი ცინიზმით, ისე სასტიკად,, რაც მოიმოქმედა რუსეთის იმპერიამ ჩერქეზების წინააღმდეგ – ჩერქეზების აბსოლუტური უმრავლესობა დაპორტირებული იქნა ოსმალეთის იმპერიაში, რის შემდგაც დაიწყო მათი ტანჯვით აღსავსე, ეკლიანი გზა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, საიდანაც ისინი მთელ მსოფლიოში მიმოიფანტნენ.
რუსეთ-კავკასიის ომის წლებში ასობით ჩერქეზული სოფელი აღიგავა პირისაგან მიწისა. მეფის არმია ყველგან სისხლიან კვალს ტოვებდა, ანადგურებდა ყველას და ყველაფერს თავის გზაზე და სიცოცხლის ნიშანსაც კი არსად ტოვებდა. რუსეთის არმიის არქივებში უხვად შეხვდებით მასალებს ამ სისხლინი ექსპედიციების შესახებ, რომელთა თვალის ერთი გადავლებაც კი შეაძრწუნებს ნებისმიერ ადამიანს. ა. ველიამინოვი, რომელიც თვითონ იყო ერთერთი ასეთი აქციის ხელმძღვანელი, მოგვიანებით წერდა: „Мы пришли к горцам не с добром. Мы жгли и за собой оставляли только золу“.
განსაკუთრებული სისასტიკით და ვანდალიზმით გამოირჩეოდა გენერალ ზასის ლაშქრობები. ეს სადისტი გენერალი მოკლული ჩერქეზების თავებს სარის თავზე აგებდა და საზღვარგარეთ აგზავნიდა მათზე სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მანიაკი გენერლის უკვდავსაყოფად კრასნოდარის მხარეში, ძველ ჩერქეზულ მიწაზე არის სტანიცა ზასოვსკაია. უფრო დიდი ცინიზმი ძნელი წარმოსადგენია.
სწორედ ამ ომის პერიპეტიებს ეხება მიხეილ ლოხვიცკის წიგნი „მეხთატეხა“, სადაც მხატვრულად და ამავე დროს თითქმის დოკუმენტური სიზუსტითაა აღწერილი ეს მოვლენები. მათი უბრალოდ წაკითხვაც კი ზარავს ადამიანს.
მიხეილ ლოხვიცკის მოთხრობა „მეხთატეხის“ მთვარი პერსონაჟი იგონებს კადეტთა კორპუსში გატარებულ წლებს: „ერთმანეთს ჩვენს სამომავლო გეგმებზე ვესაუბრებოდით, სამსახურეობრივ კარიერაზე, კავკასიაში სამსახუზე, რაც ახალგაზრდა კაცს საშუალებას აძლევდა თავი გამოეჩინა და სხვა პრივილიგიები მიეღო“. აი, რაზე ოცნებობდა მაშინ ახალგაზრდა თაობა – ისინი მიდიოდნენ კავკასიაში, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ. მოთხრობის გმირი იხსენებს: „მე მივაშურე სამხრეთს და ვიმეორებდი სიტყვებს პუშკინის პოემიდან: „Смирись Кавказ, идет Ермолов!.
კავკასიაში ჩასულ კაისაროვს მალე შეცვალა წარმოდგენა ამ მხარეზე, კერძოდ კი – ჩერქეზებზე, ომზე რომელსაც მისი მთავრობა აწარმოებდა თავისუფლებისმოყვარე ჩერქეზი ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველფრის გაცნობიერება მან მაშინ დაიწყო, როდესაც მოკლული მთიელი დაინახა. „მთიელი თავისი სახლის ახლოს მოუკლავთ. უბრალო აზრმა თითქოსდა ერთბაშად გამტეხა. ხომ ცხოვრობდა ის თავისთვის, თავის ოჯახთან, დედასთან, მამასთან ბავშვებთან ერთად. შემდეგ კი საიდანღაც მოვეხეტე მე და მოვკალი იგი“. კიდევ უფრო საშინელი და დამთრგუნველი იქნება ნახვა სურათისა, როდესაც ნადგურდება მთელი მოდგმა ადამიანებისა, იღუპება მთელი ხალხი. ამის ნახვაც მოუწევს კაისაროვს:
„მინდორს გავხედე, ხალხი დავინახე, კაცები და ქალები, მთიელთა ტანსაცმლით მოსილნი, ჭერეხად იწვნენ, ზოგი ცალკე, ზოგი ორ-ორად, სხვები ერთად ჩარიგებულნი, პირქვე, გვერდზე, მიკუნტულნი და გაშხლართულნი, უფრო ხშირად – გულაღმა, მკერდზე ხელდაკრეფილნი. ამდენი მკვდარი ერთად არასოდეს მენახა… …ერთ მიცვალებულათაგანს, რომლის ასაკი ვერ განვსაზღვრე, რადგან სახეზე ფაფახი ეფარა, უუნაგირო ლურჯა ადგა თავს. რაღაც უცნაურად იდგა, ფეხები გან-გან გაებორძგებინა და თავი ჩაექინდრა, კარგად რომ დავაკვირდი, შევნიშნე, უსაშველოდ იყო ქანცგამოცლილი, რუხ-მოთეთრო ტყავზე ნეკნები ამოსჩროდა, ხერხემალზე მიჰკვროდა მუცელი. მივხვდი – ასე იმიტომ გაედგა ფეხები, სისუსტისგან რომ არ წაქცეულიყო. იდგა და თვითონაც პატრონთან ერთად კვდებოდა. გვერდი ავუარე მიცვალებულს, ცხენთან მივედი და ხელი შევახე შუბლზე. ზედ ფაფრის თეთრი ბუძგი ჩამოშლოდა. ცახცახმა გადაუარა მთელს ტანზე. თვალებიდან რამდენიმე კურცხალი გადმოედინა და პატრონის სახეზე დაფარულ ფაფახს დაეცა…“.
ამ ადამიანების სიკვდილი პროტესტია თავისებური, უხმო, უსიტყვო პროტესტი და ამიტომაც უფრო დამთრგუნველი და გულისშემძვრელი. მათ არ უნდოდთ სამშობლოს მიტოვება, სადაც უკვე შეუძლებელი იყო ცხოვრება და ვერც თურქეთში იძულებით გადასახლებას შეგუებოდნენ. მოთხრობაში უდიდესი ემოციური მუხტის მატარებელია ეპიზოდი, სადაც აღწერილია, თუ როგორ ეგებება სიკვდილს ომში დამარცხებული, იმედდაკარგული, მაგრამ ღირსებაშეულახავი ჩერქეზი ჭაბუკი: „…ზურგსუკან ედგა ცხენი, თავი პატრონის მხრებზე ჩამოედო. ჩერქეზები კანჯოში ჩასხდნენ და ნაპირს გასცილდნენ. როდესაც კანჯო გემს მიადგა და ხალხიც გემზე ავიდა, ნაპირზე დარჩენილმა მთიელმა თოფი გადმოიღო, ჰაერში დაცალა და ზღვაში გადაგდო, მერე ქამარ-ხანჯალი მოიხსნა, ისიც ზღვაში გადააგდო, მერე ფერდობი ჩაირბინა, ზღვის პირს მიადგა. მოისმა სტვენა, და ცხენიც ძირს, პატრონთან ჩახტა, მთიელმა კისერზე მოხვია ხალხი, ტალღებში შეიყვანა და თვითონაც შეცურა.
ვიფიქრე, გემთან მივლენ და თურქები ორივეს აიყვანენ მეთქი, მაგრამ ცხენის ფაფარს ჩაჭიდებულმა ჩერქეზმა გემს ჩაუარა და წინ გასცურა. ნელნელა მიცურვადნენ კაცი და ცხენი, ხან ქრებოდნენ ტალღებში, ხან კვლავ ჩნდებოდნენ, სანამ სულ არ მიიკარგნენ თვალსაწიერზე“.
კაისაროვი მზადაა ასევე გამოეთხოვოს სიცოცხლეს, მაგრამ ჯეგუაკოსთან (ხალხური მთქმელი, მომღერალი) ოზერმესთან შეხვედრამ ხელი ააღებინა ამ განზრახვაზე და იგი იღებს გადაწყვეტილებას – გადადის ჩერქეზების მხარეზე. ეს არის ამბოხი არა თავისი ხალხის, სამშობლოს, არამედ იმპერიალური მისწრაფებების წინააღმდეგ, რადგანაც ის ხვდება, რომ ყველაფერი მის ხალხს შეიძლება ბუმერანგივით უკან მოუტრიალდეს.
იაკობს ჩერქეზები თავიანთებურად იაყუბს დაუძახებენ. იაყუბის კითხვაზე -რატომ არ გაჰყვა ოზერმესი მამას თურქეთში, ის პასუხობს: „ადამიანის სიცოცხლე მზის ამოსვლა-ჩასვლაა. ბევრი ზაფხული წავიდა, რათა მზეს დასწეოდა, ჩემი ცხოვრება დაისისკენ სვლაა ახლა და ჩემი ადგილი – წასულებს შორის. ახალგაზრდა კაცის თან წყვანა კი იმას ნიშნავს, მზეს ამოსვლა არ აცალო“. მოხუც ჩერქეზს გული უგრძნობს, რა ელის სამშობლოს მოწყვეტილ ადამიანს უცხო მხარეში: „და მამაჩემმა მითხრა კიდევ, – განაგრძო ოზერმესმა – „მე დიდხანს ვიცხოვრე, ბევრი რამ ვნახე და სადაც არ უნდა გადამაგდოს ქარმა, სამშობლო მუდამ ჩემთან იქნება, შენი ფესვები კი ჯერ კიდევ არ ჩაზრდილა ღრმად მშობლიურ მიწაში და თუ აქედან წახვედი, მალევე დაგავიწყდება მშობლიური წყალჭალა. და კიდევ: „ორივენი რომ წავიდეთ, ვიღა უმღერებს და მოუყვება ჩვენს წარსულზე მათ, ვინც ხვალ დაიბადება?“
ოზერმეს-ჯეგუაკოს სახე კვლავ ცოცხლდება მიხეილ ლოხვიცკის მეორე რომანში, ისტორიულ-ფილოსოფიურ იგავში „ღმერთების ძიება“. ეს არის იგავი სიკეთის, ჰუმანიზმის გამარჯვება ბოროტებაზე. მოქმედება ხდება 1867 წელს, „მეხთატეხაში“ აღწერილი მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ. ოზერმესი და მისი მზეთუნახავი მეუღლე ჩებახანი სასწაულებრივად გადაურჩებიან სიკვდილს, ცეცხლმოკიდებულ აულში და მიდიან მთებში იმ იმედით, ადამიანების, საზოგადოების გარეშე, სადაც ოდენ მწუხარებას დაუსადგურებია და სისხლი იღვრება, სადაც ძალადობა და უსამართლობა ზეიმობს, შეძლებენ მოიპოვონ თავისუფლება და ბედნიერებას ეწიონ. „თჰა“-ს ძიებაში (ჩერქ. ღმერთი) ისინი ადიან მთის მწვერვალზე, ცასთან ახლოს, სადაც ვანდება თჰა-ღმერთი.
მოთხრობაში „მეხთატეხა არის ეპიზოდი, სადაც აღწერილია, როგორ იძირება ჩერქეზებით სავსე ბორანი ზღვაში. მეტისმეტად ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი ზღვის სანაპიროზე. თურქებს ისინი აღარ სჭირდებოდათ, ამიტომაც რუსთა მეფისგან ფულს იღებენ, ზღვაში გასულები კი ბორანს ძირს უხვრეტდნენ და სძირავდნენ.
ჩერქეზებს არ უყვართ ზღვა. ის ჩვენს დიდ უბედურებასთან არის დაკავშირებული. ეს ჩვენი ბედისწერაა. ამის დსტურად მინდა ერთი ფაქტი მოვიყვანო. ეს მოხდა იმ ავადმოსაგონარი დროიდან ასი წლის შემდეგ, უკვე XX საუკუნის 60-იან წლებში. ჩემს მშობლიურ კუთხეს ახალი უბედურება დაატყდა თავს.
სოფელ ჯეჯეხაბლს, სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე, გვერდით ჩამოუდიოდა ცასავით კრიალა მდინარე მარტა., ხოლო გარშემო გადაჭიმული იყო საუკუნოვანი ტყეები, სავსე სხვადსხვა ჯიშის ხეებით. ნადირ-ფრინველითა და ყვავილებით. ეს ტყეებიღა დარჩენილიყო ჩრქეების საამაყო საგნად, რომელიც მათ სამშობლოსთან აკავშირებდა.
ერთ მშვენიერ დღეს მიიღეს გადაწყვეყილება, გაეკაფათ ეს უსიერი ტყეები და მის ადგილას წყალსაცავი აეშენებინათ, რათა ამ მხარეში ბრინჯის არნახული მოსავალი მოეწიათ. ჰოდა, გაქრა ტყე და მის ადგილას გაჩნდა უზარმაზარი გუბე, რომლის ქვეშაც მოექცა ათობით სოფელი თავისი ბოსტან-ბაღებით, ხეხილით, სავარგულებით, და, რაც ყოველი ჩერქეზისთვის წმინდათა წმინდაა – სასაფლაოებით. კვლავ დაიწყეს მოსახლეობის აყრა და მათი კრასნოდარის ჭაობიან ადგილებში ჩასახლება… კვლავ გლოვა და გოდება მოხუცებისა, ტირილი ბავშვებისა…. ეს კიდევ არაფერი – ჩერქეზებს თავმოყვარეობა ნებას არ მისცემდა წინაპართა საფლავები წყალს დაეფარათ და ასე სახლდებოდა სოფელი და თან მიჰქონდათ სასაფლაოც, ტომრებში გახვეული წინაპართა ძვლებიც. ვინ იცის, უკვე მერამდენედ ტოვებდა ხალხი თავის კარმიდამოს…
საბედნიეოდ, ეგრეთწოდებული ყუბანის ზღვის ტალღებს არ მიუღწევიათ აულ ტლიუსტენხაბლამდე, რომლის ახლოსაც მდებარეობდა გირეების საგვარეულო მიწები, სადაც იხარა შესანიშნავი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნამდვილი კავკასიელის მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეის) ძლირმა ფესვმა.
ავტორი: თამარ უჯუხუ