კაკაჩა 🎨

თოვლი, ძალიან ბევრი თოვლი. უფრო სწორად, თოვლის გარდა აღარაფერი. ძველი მორყეული ჭიშკრის იქით თეთრი სამყარო. ჭიშკართან ყვავილი, უღონოდ მოწყვეტილი. სიმშვიდე, რომელიც ყველა ემოციას სჭარბობს.

ტონები-მუქისა და ნათელის თანაფარდობა.

მხატვარი, რომელიც ფერებს სულში აზავბდა. მისი ყველა ნახატი, ერთი შეხედვით კომპოზიციურად მარტივად არის აგებული. ფერთა განლაგება ზუსტია, ზედმეტი არაფერი.

იგი უმეტესად სახლებს ხატავდა. მიტოვებულ სახლებს, მიტოვებულ ქუჩას, მიტოვებულ ეკლესიას. მაგრამ იმდენად მომხიბვლელია ეს მიტოვებული გარემო-თეთრი სახლები და ყავისფერი გამთბარი ყვითელი მზე, რომ წამსვე ტყვეობაში აღმოჩნდები. თავისი მშვენიერი პეიზაჟებით მხატვარი ახერხებს თავისი შეგრძნებების ზუსტად გადმოცემას. თვითონაც ასეთი იყო-უცნობი ნაცნობთა შორის და “ვით უბინაო-ბინაში”

მისი ნახატები სიზმრების უწყვეტ მწკრივს მოგაგონებთ. აქ საშიში სიმშვიდეა, რომლეშიც ელვისებურად იჭრება ტკივილი. თითოეული ნახატის კითხვა დაუსრულებლად შეიძლება.

სიყვარული (ნახ. “სიყვარული”) ეს არის მისთვის უდაბნო. უსასრული და ცხელი, რომელზეც იგი, როგორც ბეჯითი მექარავნე, ისე დადის და ითმენს უწყლობასა და შიმშლის.

ბოლო ნახატი “კაკაჩას” მოლბერტზე დარჩა. კვლავ სახლი. მაგრამ იგი არასოდეს მეორდებოდა. გარდაიცვალა და გახელილი დარჩა თვალები. ეს თვალები კი მისი ნახატები იყო, სადაც თეთრი და ყავისფერი სჭარბობდა სხვა ფერებს და სევდა იყო თვით ბედნეირების შეგრძნების დროსაც-მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა, მიტოვებულ ეკლესიაში ლოცულობდა, ხოლო “წითელი ყაყაჩოები” კი შეუმშრალი სისხლივით ატყვია მიწას.

სახლები. ტილო, ზეთი.

ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

სახლი. 1989. ტილო, ზეთი.

ყვავილები. ტილო, ზეთი.

პეიზაჟი. ტილო, ზეთი.

ავტორი: შურთხია ბეროშვილი

1997 წელი

“ტფილისის უწყებანი”

Leave a Comment