მონამგლეები

ერთ-ერთი მოთხრობა თუშური ციკლიდან “მონამგლეები”.

ალიბეგი სახელხმიანი მწყემსია მთელი ღუნიბის რაიონში. ვიდრე ფრონტზე ცალ ხელს დაჰკარგავდა, ვერავინ სჯობდა ვერც წველაში და ვერც ვხვრის გაკრეჭაში.არც ახლა დაყარა ფარ-ხმალი ცალხელამ და თავისი შესაფერისი საქმე მაინც გაიჩინა. მწყემსები იცნობენ, როგორც შეუდარებელ მცნობს და უებრო მებატკნეს. შეუძლია ათასი სულისაგან შემდგარ ფარაში შეუცდომლად გითხრათ, რომელი ბატკანი რომელი ცხვრისაა.

– ყველა მწყემსმა რომ ასეთი მოვლა იცოდეს პირუტყვის, ბალახიც ცხვრად იქცეოდა, – იტყოდნენ ხოლმე დაღესტნელები, როცა კი ალიბეგზე ჩამოუვარდებოდათ საუბარი.

ერთ დღეს ალიბეგი ნელი ნაბიჯით მარტო მიჰყვებოდა თეოგაკრულ ბატკნის ფარას. დამხმარე დილასვე გაგზავნა ბინაში სურსათისა და მარილისათვის. ბინა, სადაც დედაცხვარი იწველებოდა და სურსათი ინახებოდა, რამდენიმე კილომეტრით იყო დაცილებული სერს.

მზე კარგა ხნის ჩასული იყო, საღამოს სუსხს ბალახი უკვე დაენამა.

ბატკნის ფარა ხარბად სძოვდა ნამნასხურებ აქვიტს და ნელი, ტალღისებური ქანაობით უახლოვდებოდა ალხაჯს. მწყემსიც, მაინცდამაინც, არ აძალებდა ბატკნებს ნაბიჯის აჩქარებას. ცელქი თიკნები და ვაცები კი ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებოდნენ, ხან აღმა აირბენდნენ, ხან დაღმა. დაზნექილ არყის ტოტებზედ ეხოხებოდნენ, შხამა ბალახის ღეროს რქებით ექლასუნებოდნენ და უწყალოდ აცლიდნენ კანს. დანაფხვრებულ ადგილებიდან ფეხებით კლდის ნაშალს აზვავებდნენ, ისმოდა ქვიშის განუწყვეტელი ჩხრიალი, ხანდახან კი ისეთ ლოდს დააგორებდნენ, რომ ფარას საფრთხეში აგდებდნენ. და განა ამ ცელქ თხებს ერთხელ და ორჯერ გაუმწარებიათ ალიბეგი! მათ მიერ აგორებული ლოდით ბევრი შვილივით გაზრდილი ბატკანი მოუკლავთ ამ ეშმაკის კერძებს.

ეს ონავარი თხები ხშირად გაჭირვების ტალკვესებიც არიან. განსაკუთრებით კი რქადაგრეხილი ვაცები, როდესაც უადგილო ადგილას დაუღამდება ბინისაკენ მიმავალ ფარას, მწყემსი ადგილიდან ვერ დასძრავს, თუ წინ არ წაუმძღვარა ვაცები, რომელნიც ყოველთვის დაუზარელნი არიან და ამაყსა და ფრთხილ სარდლებივით დინჯი სითამამით გაუძღვებიან ცხვარს. მწყემსები ვაცების წინ ძღოლას ქეჩვას ეძახიან. ზამთრის ქარბუქშიაც ესენი გაჰკვალავენ ხოლმე თოვლს, ესენი არიან ფარის მეგზურები. უგზო ადგილსაც კი გზას გაიკვალავენ. ამის გამოა, რომ იტანს ალი-ბეი მათ ანცობას. აგონდება მათი სიკეთე, მაგრამ როცა გადაჭარბებით ონავრობენ, ისიც იძულებულია მარცხენა ხელით ესროლოს ქვა და ძალიან გაჯავრებულმა დატუქსოს ისინი.

ფარა ღამის სადგომს მიუახლოვდა. პირველხანად ალხაჯზე ვაცები მივიდნენ, უხუცესებივით სათავე ადგილი დაიკავეს, მთელ დღეს კუნტრუშით დაღლილებმა ოთხივე ფეხი მუცელ ქვეშ ამოიდეს და დინჯად მოიკეცეს. მათ დანარჩენი ფარას მიჰყვა, ბატკნები ჯერ შეჯგუფდნენ, მერე ნელ-ნელა დაიშალნენ და აქა-იქ დაეყარნენ. გამძღარი ფარა წყნარად იცოხნიდა ალხაჯზე.

ალიბეგმა გუდა მოიხსნა მხრებიდან, გუდის ყურიდან ნაბადი გამოიღო, გაუშლელადვე ალხაჯის პირას თეოზე გადადო და თვითონ წყაროსკენ წავიდა, რომელიც იქვე მახლობლად კლდიდან გამოჩუხჩუხებდა და უდარდელი ლიკლიკით, შხეფთა ფორიაქით თავქვე მიხტოდა ჭალისაკენ და მერე სიმურის დიდ ხევს უერთდებოდა. ხევი კლდეებს შორის ლურჯ საბელივით გადაშლილიყო და ტალღების დგაფუნით ჩრდილოეთისაკენ მიღრიალებდა.

წყარო კლდეზედ იყო მიკრული და მისი დაწაფებით დალევა ან ჭურჭლით ამოღება ძნელი იყო, ამის გამო ალიბეგმაიქვე მდგომ დიყის სქელი ღეროდან სახელდახელო მილიგააკეთა, რომელიც ქვებითა და ბელტებით დაამაგრა კლდეზე. წყაროს წყალი მილში ნეკი თითის სისქედ გამოწკანწკარდა. ალიბეგმა კოჩხო შეავსო. ჯერ წყურვილი მოიკლა, მერე ქუმელი გაზილა და იქვე წყაროსთან ივახშმა.

როცა კარგად დანაყრდა, ნარჩენი ქუმელი დააგუნდავა და ალხაჯისკენ წამოვიდა. თეოზე დაგდებული ნაბადი წამოისხა, მხართეძოზე წამოწვა და ხმამაღლა დაიძახა:

– ზაირ!.. ზაირ!

– მე…ე…ე…ე… – დაიბღავლა ერთმა ქორფა ბატკანმა, მერე სხვებს გამოეყო და ცმუკუნით წამოვიდა მწყემსისკენ.

ალიბეგმა ნარჩენი ქუმელი გაუწოდა ბატკანს და მანაც ხარბად დაუწყო ჭამა, მწყემსი კი იღიმებოდა და წყნარად ეფერებოდა, ეალერსებოდა კრავს, რომლის დედა ზამთრის ყინვებმა იმსხვერპლა, ხოლო მან უდედოდ გაზარდა. ასეთ ბატკნებს მწყემსები ხეხერა ბატკნებს ეძახიან, რადგან, როცა ფარა მოვა დოლის დროს და ყველა ბატკანი თავის დედა შეუჯდება ჯიქანში და სწოვს, ამ დროს უდედოდ დარჩენილი ბატკნები გაშტერებულნი, გახეხერავებულნი რჩებიან, ხან იქით იცქირებიან, ხან აქე, ხან ერთ ცხვარს მივარდებიან, ხან მეორეს, დედას ვერ პოულობენ.

ალიბეგმა ამ ხეხერა ბატკანს თავისი გოგონას სახელი დაარქვა. მისი ზაირასაც ამ ბატკანივით, დედა მალე მოუკვდა და ბებიამ გაზარდა. ზაირას დედა, რომელიც ალიბეგს გატაცებით უყვარდა, მისი ფრონტზე ყოფნის დროს დაიღუპა. მათი სიყვარულის სახსოვრად ზაირა დარჩა. გოგონას დედასავით შავი თვალ-წარბი, ხშირი დალალები, თეთრ-წითელი ღაწვები და მძივივით ასხმული თეთრი კბილები აქვს, ღიმილით მასავით ნაზი იცის, ხოლო სიცილის დროს ისედაც ბრტყელი შუბლი უფრო უნათლდებაა.

ალიბეგს თვალწინ წარმოუდგა თავისი გარდაცვლილი მეუღლე. თითქოს გუშინ იყო, ისე აგონდება ის გაზაფხული…

მწყემსებს საზამთრო საძოვრებიდან იალაღებისკენ მიუდიოდათ ფარა. გზად მგზავრობით დაღლილსა და სიცხისაგან შეწუხებულ ალიბეგს წყალი მოსწყურდა. აივანზე გადმომდგარ ქალს, რომელსაც ხელში ნახევრად მოქსოვილი წინდა ეჭირა, წყალი სთხოვა. ქალმა წინდაა დააგდო და სახლში შეირბინა, სველი, პატარა სურით სწრაფად გაჩნდა მწყემსთან და ღიმილათამაშებულმა აუწოდა წყლით სავსე სურა გაუწოდა. ალიბეგმა ჩამოავართვა წყლის ჭურჭელი, პირზე მიიყუდა, წყურვილი მოიკლა დასურდა გამოცლილი სურა მიეწოდებინა ქალისათვის, მაგრამ თითქოს მოაჯადოვა რაღაცამო, ისე გაშტერდა. თვალს ვეღარ აცილებდა კდემამოსილებით აღსავსე ქალიშვილს, სურა ხელში შერჩა. ქალი ელოდა და ფიქრობდა, მომაწვდისო, ვაჟი კი ხელს არ უშვებდა წყლის ჭურჭელს, თითქოს წართმევას უპირებსო.

– ასეთი კარგი როგორ დაგბადა დედამ! – თავისდა უნებურად წამოიძახა მწყემსმა.

– მომეცი სურა, – გამწყრალი ხმით უპასუხა ქალმა.

ალიბეგს ქალწულმა წყლის წყურვილი კი მოუკლა, მაგრამ სამაგიეროდ სიყვარული მოაწყურა.

მალე ლეკის ქალს მეზობლის ბიჭის ხელით საიდუმლოდ მოუვიდა უცნობი მწყემსისაგან ლექსად დაწერილი სამიჯნურო წერილი.

ამ წერილმა კიდევ უფრო ძლიერ აუფორიაქა ქალს გული, მაგრამ საპასუხო ბარათს მაინც ამაოდ ელოდა ალიბეგი. მთიელ ქალს ეთაკილა ვაჟთან წერილის მიწერა.

ბოლოს, ამხანაგი ბიჭის დახმარებით ალიბეგმა შესძლო ყიშლაღში სათიბად მიმავალი კეთილათის ნახვა. ქალმა ვეღარ გაუძლო სიყვარულით ანთებული გულის სიცხოველეს, იწამა ვაჟის ფიცი და თვითაც უსიტყვოდ გრძნობამორეული თვალებით გამოუცხადა თანაგრძნობა. ასევე უსიტყვოდ აგრძნობინა, რომ ისიც არანაკლებ იწვება სიყვარულის სახმილით. კარგა ხანს იდგნენ გორისთავს, მერე შემფრთხალი ირმებივით მიმოიხედეს ირგვლივ და სწრაფად გასცილდნენ ერთმანეთს. ამ შორეულ მთებში მაინც რაღაც აკრთობდათ, რაღაცის ერიდებოდათ და ერცხვინებოდათ. ეგონათ ამ ჩვენს გულისთქმას ყურს უგდებს მთელი სამყაროო…

სიშორე და მიუწვდომლობა უფრო უასკაცებდათ ტრფიალს… ის ზაფხული ორივესთვის მღელვარებით იყო აღსავსე.

შემოდგომას ალიბეგის მიერ გაგზავნილი შუამავალი კეთილათის მამამ სასტიკი უარით გამოისტუმრა. ქალს სხვა სოფელში ვერ გავათხოვებო.

ყოვლისშემძლე სიყვარულის ძალამ ეს დაბრკოლებაც გადალახა. მთვარე ჯერ სავახშმოდ იყო ჩასული, როცა დათქმულ ალაგს გაირმებული ლურჯათი ალიბეგი მივიდა და… დიდხანს არ ულოდნია, გამოჩნდა მალე მამის ურჩი და სიყვარულის მორჩილი კეთილათი. ალიბეგმა ცხენის გავაზე შემოისვა გულის ტოლი და სწრაფად გაქრა ბნელ ღამეში. თითქოს მათ შეყრას უცდიდაო, მალე აღმოჩნდა მთების მწვერვალზე პირსავსე მთვარე და გზა-ბილიკი გაუნათა შეყვარებულებს. აქეთ-იქიდან ჩამომქუხარე ჩანჩქერები უმღეროდნენ მაყრულს, ვერხვი ფოთლების ტაშს უკრავდა, ხოლო მთის ნიავი ანცად ცეკვავდა ყვავილთა ფოთლებზე. მთელი ბუნება მათ ლოცავდა, ესალმებოდა, ესიყვარულებოდა.

გაიმარჯვა სიყვარულმა, დაცხრა გაავებული კეთილათის მამა. აყაყანებული სოფელიც მიწყნარდა. დრო გადიოდა, ახლად შექმნილ ოჯახს ბედნიერება ემატებოდა, მალე აკვანი აგოგმანდა. ახალდაბადებულ ქალს ზაირა შეარქვეს.

დაიწყო ომი. გაწყდა ბედნიერების ძაფი. მწყემსმა თეოზე დაყარა გუდა-ნაბადი და ჯოხი, თოფი აიღო და ოთხი წელი ტყვიის წვიმაში გაატარა.

დაბრუნდა ცალხელა. აღარ დაუხვდა კეთილათი სამზეოზე. მის სახსოვრად ზაირაღა შერჩა.

მწყემსი ამ ფიქრში იყო წასული, რომ ფარა უეცრად შეუფრთხა. ძაღლი შმაგად აყეფდა, ალიბეგი ფიქრს გაეყარა და დამფრთხალ ფარას სწრაფად შემოურბინა გარშემო. ნადირს დადევნებული მყეფარი კივილითა და შეძახილით გაამხნევა. საშიშროებამ გადაიარა. ძაღლმაც თავი მიანება გაძევებულ მტაცებელს და ისევ პატრონთან მოვიდა, ენაგადმოგდებული ქაქანებდა, ფეხებში უვარდებოდა, წკმუტუნებდა, რაღაცას უამბობდა. მწყემსი მიუხვდა მყეფარის გულისთქმას, მიუალერსა, დაამშვიდა და ბოლოს უბრძანა: წადი თეოზეო. ძაღლი უყოყმანოდ გაბრუნდა და ალხაჯის სათავე მხარისაკენ წავიდა.

ალიბეგს ძველებურად აღარ შეეძლო სალამურის აღუღუნება, მაგრამ სამაგიეროდ თავის განცდებს მშვენივრად გამოხატავდა ხოლმე სტვენით. აი ახლაც დინჯი ნაბიჯით გარს უვლის ფარას და უსტვენს.

აშლილი ფარა საამო სტვენის ჰანგზე დამშვიდდა, ნელ-ნელა კვლავ დაეყარა ალხაჯზე. ისმოდა შეწყობილი გაბმული ცოხნა. ხანდისხან რომელიღაც თხა დაიფრუტუნებდა, ცხვირს დააცემინებდა და ღამის გამეფებულ მყუდროებას არღვევდა.

კარგა ხანია, რაც ირგვლივ ჩამობნელდა, ჩამუქდა ღამე. მთელ დღეს ნასიარულებ ვაჟკაცს ძილი მოერია, ფარას კვლავ ნელი ნაბიჯით შემოუარა, მერე ნაბადში გაეხვია და თავს ფხიზლად ჩათვლემის ნება მისცა. დაურღვეველ მცნებად ჰქონდა მიღებული, რომ მწყემსს, რომელსაც საქვეყნო დოვლათი აბარია, ღრმად ჩაძინების უფლება არ აქვს.

დასავლეთიდან ცაზე პატარა შავი ღრუბელი გამოჩნდა. ალიბეგმა თვალები დაჭყიტა, მაღლა აიხედა და ახლაღა შენიშნა, რომ ცა ღრუბლებით იყო დამძიმებული. ნაბდის კალთები შემოიკეცა და წყნარად დაუსტვინა – ფარას აგრძნობინა, პატრონს არ სძინავს და მტრის შიში ნუ გაქვსო.

ელვა-ქუხილი კვლავ განმეორდა. გაეღვიძა ქარიშხალსაც, ჯერ ცეცხლმოკიდებული უნასივით გადმოსისინდა ქედებზე, მერე ლომივით შებღავლა და შავი კლდეებისაკენ გაექანა. თითქოს ქარაფებზე ფრთები შეელეწაო, უცებ დაყუჩდა. მერე უფრო მეტის მრისხანებით წამოუქროლა ქარმა, უფრო ძლიერად დაიქუხა ცამ და წამოვიდა კოკისპირული წვიმა.

ალიბეგი წამოდგა და ნაბადი თან აიყოლია. უზარმაზარი ნაბდიანი ლანდი ირგვლივ უვლიდა ფარას. ალიბეგმა კარგად იცოდა, რომ ასეთ ღამეს მგელმა ფარაზე მიძალება იცის.

ავდარი არ ცხრებოდა. ხამუშ-ხამუშ წვიმას სეტყვაც შემოერია. ქარი უფრო გაავდა. ელავდა, ქუხდა, ისმოდა მეხის ჭექა. ნადირი მართლაც მოძალდა. ძაღლი ყეფით შეხვდა მას, ალიბეგმაც დაჰკივლა. გააფთრებულ მგელს უკან გაჰყვა მყეფარი. ამ დროს შემთხვევით ისარგებლა მეორე მგელმა და კლდის თავიდან, სადაც აქამდე განაბული იწვა, შუა ფარაში გადაეშვა, დამფრთხალი ფარა ორად გაიყო, ერთი ნაწილი აღმო შეჰყვა გორას, მეორე ნაწილი კი ჭალისკენ გაჰფანტა მტაცებელმა და თვითონაც უკან გაჰყვა.

– ჰე… ე… ე… ი, შე ტიალო, არიქა! – გასძახალა ალიბეგმა ძაღლს. ძაღლი მყის პატრონთან გაჩნდა და მასთან ერთად ჭალისკენ გაქცეულ ნოტოს და მგელს დაედევნა. მწყემსის კივილზე ნადირი გაფრთხა, მაგრამ შეშინებული ფარის ნაწილი კვლავ ჭალისკენ მირბოდა.

ალხაჯის ქვემოთ თვალუწვდენელი უფსკრული იყო, ძნელად სავალი თხემები, მაგრამ ნოტო გადარეულივით მირბოდა თავქვე, თავგანწირვით მისდევდა უკან ალიბეგი, ბევრჯერ დაეცა, მაგრამ ტყვიის სისწრაფით წამოიმართებოდა ფეხზე. ალიბეგმა მთელი ძალა და უნარი მოიკრიბა, მაგრამ მაინც ვერ აჩერებდა ფარას, ბნელი ღამე იყო, თანაც ავი დარი და ძნელად სავალი კლდიანი მიდამოები.

იმ ღამეს მარტო ალიბეგი არ იყო განსაცდელში, მის მონამგლე თუშებსაც, რომლებსაც სერს გაღმა ჰქონდათ ბინა, მთელი ღამე არ სძინებიათ და მოძალებულ ნადირს დაჰკიოდნენ. ისმოდა ძაღლების ყეფა, მწყემსთა შეკივლება და გადაძახილი.

II

წინა ღამის ქარაშოტსა და ნიაღვარს ნათელი მზით გაკაშკაშებული დღე მოჰყვა. ცა ლურჯად ლივლივებდა, გულ-მკერდგადაბანილი თუშების მთების კალთებზე ნამი გაბნეული მძივივით ბზინავდა. აქამდის გვალვისაგან ხახაამომშრალ ხევებში ნაკადულები ახმაურდნენ. აქა-იქ ნისლის პატარა ფარტენები დაცურავდნენ. გორაზე ახლად გადმომდგარ მზეს მარტო მთების მწვერვალები გაებრწყინებინა, ჭალებს და ღრმა ხეობებს ჯერ ვერ სწვდებოდა, მაგრამ რამდენადაც მნათობი ზევით მიიწევდა, იმდენად მისი მაცოცხლებელი სხივები ბნელ ხევებს უახლოვდებოდა.

ხუთმა მესაწველემ ალხაჯიდან ცხვარი აშალა და უზრუნველი ნაბიჯით სტვენით მიჰყვა მას.

ვეტექიმ ბაინდურს ქოხიდან წამლებით სავსე ჩემოდანი გამოეტანა, მზის მყუდროზე შავი ნაბადი გაეშალა და ზევით ამოელაგებინა წამლები და ხელსაწყო იარაღები, ყველაფერს გულდასმით ათვალიერებდა – ავდარმა ხომ არ ავნო რა ჩემს აფთიაქსო. სპირტიანი ბამბით წმენდდა იარაღებს, როცა ყველას ხელსაწყო გაწმინდა და წესრიგში მოიყვანა, წყნარად გადაელაპარაკა ჭაღარაშერეულ სარქალს, რომელიც მის ახლოს იჯდა და სასაბლედ თხის ბალანს წეწდა.

– ნეკერაულო, ვიდრე საწველავი მოვა ბინაში, კოჭლებს მოვუაროთ, ემანდ გაღმით ფერდში სძოვენ და გამოაქუჩე.

– კოჭლებს ხომ გუშინ დავუსუფთავეთ ფეხები, ყოველდღე მაგათ ხომ ვერ გადავყვებით, განა სხვა საქმე არა გვაქვს? – თავაუღებლივ შეეპასუხა ნეკერაული ბაინდურს და კვლავ ბალნის წეწვა განაგრძო.

– გუშინდელ დაყრილ წამალს წუხანდელი ავდარი ჩამორეცხავდა, ბუზი დაეხვევათ და ადვილად ჩამატლდებიან.

– ეგრე იყოს, მაგრამ მე მაინც ჩემსას გეტყვი. ე დანებისა და ნემსების მალ-მალ ჩხიკინით უფრო მეტად გაუღიზიანებთ წყლულებს, ცხვარს ეგრე ჭრილობა არ მოუშუშდება.

– თვალის გადავლება და შემოწმება ყოველდღეა საჭირო, ხოლო თუ თქვენ დრო არა გაქვთ, მეც შემიძლია შემოვაქუჩო კოჭლები.

ნეკერაულს ხმა აღარ ამოუღია. დაწეწილი ბალნის ფაროს, ქოხის ძირას მიყუდებული კვარის ნაჭერი დაადო, ნიავმა არ გაფანტოსო, და უცებ წამოდგა.

– მე გირჩიე, ბაინდურო, თორემ კოჭლების მორეკვა კი არ დამზარებია.

ნეკერაული მართლაც ფეხმარდად გაემართა ჯოხმოღერილი და კოჭლი ცხვრების პატარა ნოტო რამდენიმე წუთში შემოაქუჩა ბინასთან.

ნეკერაული ძველი, ნაცადი მწყემსია. მისი გამოცდილება ბევრ რამეში იყო ანგარიშგასაწევი, მაგრამ ნამეტანი ელამი სათვალით უყურებდა ვეტექიმსა და ვეტტექნიკოსს. განსაკუთრებით ვერ გარკვეულიყო, რა განსხვავება იყო მათ შორის. ამის გამო ხშირად მიმართავდა ხოლმე ამხანაგებს, საქონლის ექიმი კი ვიცი რაც არის, მაგრამ ეს ტექნიკოსი რაღა ეშმაკია, ტექნიკოსი გზისა გამიგია, ხოლო ცხვრის ტექნიკოსი დღემდე არ მსმენიაო.

ნეკერაულმა ჩამოაქუჩა კოჭლების ნოტო და ბაკში შერეკა. ბაინდური თავისი წამლებით ბაკის კარებში გაჩერდა. ნეკერაული შემოყვანილ ცხვრებს თითო-თითოდ იჭერდა და მასთან მიჰყავდა.

– ამ ცხვარს წინა ფეხში ნაწიბური აქვს, – უთხრა ნეკერაულმა ბაინდურს და თვალშავი შიშაქი ჰაერში აიტაცა, მერე ზურგზე დააწვინა და მტკივანი ფეხის ჩლიქები შუაზე გადაუხსნა ცერა თითით.

– ამას ჩირქი ჩაუდგა, ნეკერაულო, ეტყობა დაჟეჟილი აქვს, უნდა გავუშვათ და გამოვურწყოთ.

– რომ გავუჭრათ, ბუზი მატლს ჩააყრის, არც კარგად არის მოწეული, ჯობია მრავალძარღვა დავნაყოთ და ის დავადოთ, ჯერ მოაწევს და მერე თვითონვე გამორწყავს.

– მრავალძარღვას დანაყვა საჭირო აღარ არის. მისი თვისებები დიდი ხანია შევისწავლეთ და მართლაც შესანიშნავად მოქმედებს. ახლა მწყემსებსაგან გამოკვლეულ მრავალძარღვისაგან აფთიაქებში უკვე მზადდება წამალი, რომელსაც დანაყვა არ სჭირდება, გაიმაგრე ცხვარი, რომ არ ადგეს, და მე გიჩვენებ მრავაძარღვისაგან დამზადებულ წამალს.

ბაინდურმა მალამოს ყუთს თავი მოხსნა და თეთრი, კარაქის მსგავსი წამალი წასცხო ცხვარს მტკივან ფეხზე. მერე სახვევით მაგრად შეუკრა და ნეკერაულს უთხრა – გაუშვიო.

– მერე იმ აფთიაქში ვინ ასწავლა მრავალძარღვევს სახელი, ან რა იცოდა რომ მრავალძარღვა წამალია?

– მე ვისწავლე, ჩემო სარქალო, მე თქვენგან ვისწავლე და სხვას ვასწავლე, ცხვარს ფეხი შეიძლება ყოველთვის ატკივდეს – მთაშიც და ბარშიც, ზაფხულშიც და ზამთარშიც. მრავალძარღვა ყოველთვის არ არის. ჩვენს აფთიაქებში კი როცა გინდა იშოვი მას, გარდა ამისა, ეს წამალი უფრო მოქმედია და გაუმჯობესებული.

მუდამ დაღვრემილი შუბლი გაეხსნა ნეკერაულს და ულვაშებში ღიმილი შეეპარა. გაუხარდა, რომ მწყემსების მიერ აღმოჩენილი წამალი ნასწავლ ხალხსაც მოსწონებია.

– სად არის ახლა ის ართანელი კახი, შენზე წინ რომ იყო ჩვენთან ვეტექიმად. სულ იმას რომ იძახოდა: – თქვენ რა ეშმაკები იცით, დათვები ხართო, გაიგოს იმანაც რომ ზოგჯერ ჩვენისთანა დათვებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე იმათთანა მგლებმა, ყოველ წასვლაზე ორ-ორ ჭედილას რომ მიათრევენ ხოლმე ბარად.

– ის, იმ ჭედილების გათრევის გამო, ახლა თვითონ შეათრიეს ვირის აბანოში.

– როგორ, დაიჭირეს?!

– დაიჭირეს, მაშ!

– არ იცი?! ვინც არამ ლუკმას ეტანება, ბოლოს ყველაფერი არმად წაუვა.

ნეკერაულმა ახლა საჯიშე ყოჩი წამოაქცია, რომელსაც ფერდი ჰქონდა გამოგლეჯილი კლდეზე დაგორების გამო.

– ამ ყოჩის გადარჩენა კი სიმართლე გითხრა, აღარ მეგონა, მინდოდა მეთქვა – დავკლათ, ტყუილად ნუ ვაცოდვილებთ-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე, ვიფიქრე – არავინ თქვას, ნეკერაულს ხორცი მოენატრა და პირუტყვის დაკვლა მოინდომაო. ნაწლავები უჩანდა დალოცვილს, შემებრალა, ვთქვი, ექიმამდე მივიყვან, იქნება იმან უშველოს. მართლაცდა დავრწმუნდი, რომ შენს თეთრ წამლებს ძალა ჰქონია. ეს დალოცვილი უკვე გამორჩა.

– ჩემს თეთრ წამლებს კი ჰქონია ძალა, მაგრამ თეთრ თმას კი ვერაფერი დაუკლია შენთვის. მეგონა, ნეკერაული დაბერდა, მაგრამ, როცა კისერზე შემოდებული ამხელა ყოჩი ამოვიყვანე ამ ფაფხიან ფერდაზე, მაშინ დავრწმუნდი, რომ გულს თეთრი თმები ვერაფერს აკლებს.

როცა უკვე შემზადებული წყლული კვლავ გაუსუფთავეს, ყოჩი ზლაზვნით წამოდგა და დუმის ქანაობით გაჰყვა ბაკიდან გამოყრილ კოჭლების ნოტოს.

მორჩნენ კოჭლების მოვლას. ბაინდურმა წამლები და ხელსაწყოები კვლავ ჩემოდანში ჩაალაგა. სარქალმა კი კოჭლების ნოტო, ბინის იქით, პატარა გორაკს გადააცილა, ისევ უკან გამობრუნდა და თხებისგან დანგრეული საწველავი ბაკის შეკეთება დაიწყო, ბაინდური კი კვლავ წამლებს ალაგებდა და თან სარქალთან ბაასს განაგრძობდა.

– მომავალი წლიდან აქ წესიერი სადგომი ბინები თუ არ ავაშენეთ, ასეთი ქოხმახები ხელს არ მოგცემს.

ნეკერაულს ულვაშებში ჩაეცინა.

– წუხანდელმა ავდარმა ხომ არ დაგიბადა ეს ახალი სურვილი, ბაინდურო, თქვენ ნებიერი ხალხი ხართ, წვიმა-ავდარს შეუჩვეველი, ჩვენ ცის ქვეშ ვცხოვრობთ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და სიცივეს შეჩვეულები ვართ. მწყემსებს ამაზე უკეთესი ბინა რად გვინდა. შენ რომ გსურს ისეთი დარბაზები რომ ავაშენოთ და შიგ მოსვენებით დავიძინოთ, ღრმა ძილით დაგვეძინება და ფარა მტრისა და მგლის ანაბარა გახდება. კარგ დარში სახლი რად გვინდა, ეს ქვეყანა განა უკედლო და უჭერო ბინა არ არის, სადაც გინდა დაწექი, არც კარი გვჭირდება და არც დერეფანი, ავდარია და გინდა სასახლეც გვქონდეს, შიგ ვერ გავჩერდებით, ფარას მაშინ უნდა პატრონის გვერდში დგომა, ყველა გულბნელი ბნელ ღამეს იღვიძებს და გვეტანება. ცხვარს ბევრი მტერი ჰყავს, უბრალო მაყვლის ბარდიც კი მისი მტერია, დაეკიდება ბალახისათვის მისულ პირუტყვს მატყლზე და ბევრიც რომ ეწვალოს ცხვარი მისგან თავს მაინც ვერ გაინთავისუფლებს, ამის გამოა, რომ მეცხვარეს ასი თვალი და ასი ყური სჭირდება. დღედაღამ ჯოხზე დაყუდება გვმართებს, სადა გვცალია სასახლეებისა და ნებივრობისათვის.

თქვენისთანა სწავლულ კაცსა და სტუმრებს კი ეს პატარა მწყემსური ბინაც ეყოფა. ზოგ რამეს ჩვენც მოვითმენთ და ასე წავალთ იოლას.

– არა, სარქალო, იოლად წასვლის დრო წავიდა, იოლ-იოლა ცხოვრება აღარ გვარგებს.

სარქალი და ვეტექიმი ისე გაერთვნენ საუბარში, რომ ვერც კი შენიშნეს, როგორ მოადგა ბინას საწველავი ფარა, რომელიც ბაკის წინ შეტბევდა. სარქალმა ცხვარი მანამ არ შეუშვა ბაკში, ვიდრე რძის ჩასასხმელი კოდი და საწველი კასრები არ დარეცხა ცხელი წყლით. შემდეგ მოუხმო მწველავ მწყემსებს. ყველამ გადაიცვა საწველავი ხალათი, დაავლეს ხელი კასრებს და გახსნეს ბაკის კარები. წინამასწარა თხები პირველნი შეცვივდნენ ბაკში, მათ მიჰყვნენ დანარჩენებიც.

მწყემსები ყოველთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან ხოლმე როგორც წველაში, ისე პარსვაში, კარგ მწველავსა და მპარსავს დიდი სახელი და პატივისცემა აქვს. სარქალი, ჯეელ მწყემსების წაქეზების მიზნით, ყოველდღე, წველის დაწყების წინ, მთაში განთქმულ გასათხოვარ ლამაზებიდან ერთ-ერთს დაასახელებდა და იტყოდა: დღეს ვინც წინ აავსებს კასრს რძით, იმისი იყოს ესა და ეს ქალიო. იმ დღითაც სარქალმა ბაკის კარი მიკეტა და ვიდრე წველას დაიწყებდა, მაღალი ხმით განაცხადა: დღეს ვინც წველაში გაიმარჯვებს, იმას დარჩეს გომეწრელი ბახტურიძის ქალი ეთერიო. მწყემსებმა მხიარულად გადაიხარხარეს და გაფოთებულები მისცვივდნენ ჯიქანგავსებულ თხებსა და ცხვრებს, გაისმოდა აქაფებული რძის ჩხრიალი.

მწყემსები თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი, როცა ზეციდან რაღაც ნელი, გაბმული შრიალის ხმა მოისმა. ყველამ ერთდროულად აიხედა ზევით და სვავთა დიდი გუნდი დაინახეს.

– წუხელ ხომ არაფერი გადაგვივარდა კლდეზე – კვიცი, ან ცხენი, ან ნოტო ხომ არ მოგისხლტათ? სად მიდიან ეს მძორის მჭამელები? – შეეკითხა სარქალი მწყემსებს.

მწყემსებმა დიდხანს მიადევნეს თვალი ფრინველთა შორის ყველაზე საძაგელსა და ბინძურ ფრთოსნებს.

– წუხელ ისეთი ცის ხეთქვა იყო, რომ უზიანოდ არ დავრჩებოდით, – ჩაილაპარაკა მესაწველე ქავთარემ.

– მე თვალი აღარ მიჭრის და თქვენ უთვალთვალეთ, სად დაეშვებიან ეგ ტურტლიანები. მერე გადავხედოთ და, თუ რამ ზიანი მოგვივიდა, ლეში მაინც ვიპოვოთ, ხუმრობა ხომ არ არის, მთელი სოფლის დოვლათი გვაბარია, უკვალ-უგეშოდ რომ რაიმე დავკარგოთ, სირცხვილია, სოფელი ჭრელია – ზოგი თუ არას იტყვის, ზოგი დაეჭვდება და, უბრალოდ, ბრალი დაგვედება. სამოცდაათი წელი ნამუსიანად მიცხოვრია და ახლა ამ თეთრ წვერზე რომ ვინმემ მომაფურთხოს, სირცხვილია.

– ნუ გეშინია, სარქალო, სვავები სამიჯნოს გადასცილდნენ და სალეკოსაკენ მიდიან. ეტყობა აქეთ მშვიდობაა, თორემ ასეთ შორს წასასვლელად არ გაირჯებოდნენ ეგ ტიალნი – უთხრა ქავთარემ და საწველი დურკი მოიმარჯვა.

მთაში თუ რაიმე კლდეზე გადავარდა ან დაიკარგა, ყველაზე მალე სვავები შეიტყობენ. მთის იქიდან მთას აქეთ გაიგებენ ლეშის სუნს და მყის იქით გაეშურებიან. მწყემსი დაჰკარგავს თუ არა უგეშოდ რამეს, მაშინვე ცისკენ დაიწყებს ცქერას, თუ სადმე სვავები ან ყორნები ირევიან, უკვე იცის, რომ მისი დანაკარგი ამ მიდამოშია. სვავთა გუნდის გამოჩენა ზარალის მაუწყებელია, ამის გამო შეწუხდნენ სწორედ მწყემსებიც.

სარქალმა რძით აქაფებული კასრი კოდში ჩასცალა და ვიდრე ხელმეორედ წველას დაიწყებდა, კვლავ იმ სერს გახედა, საითაც რამდენიმე წუთის წინ სვავთა გუნდი მიფრინავდა.

– ბიჭო, ქავთარ, შენ ხომ არაფერი ნოტო დაგსხლეტია წუხელ?

– არა მგონია, თუმცა არ დამითვლია, მაგრამ რომ დამსხლტომოდა, ისედაც მოვისაკლისებდი.

– მაშ ის რა ნოტოა გრილ წყაროს მაღლა, მებატკნეს თუ დარჩა რამე?

– ჩვენი მებატკნე მშრალ გორში აძოვებს, მაგ ფერდას შუა ზაფხულისთვის ინახავს.

– მაშ მონამგლეებისა იქნება უეჭველად. მიშველება უნდა, თორემ სვავები სულ დასჭამენ, – ჩაერია საუბარში ბაინდური.

– ჭირსაც წაუღია მაგათი თავი, – გესლიანად წაილაპარაკა ნეკერაულმა და წველა განაგრძო.

ცაზე კვლავ გამოჩნდნენ სვავები.

– ჰე, ჰე, შეხეთ! ახალი გუნდი მოფრინავს! – წამოიძახეს მწყემსებმა.

– როგორ მთვრალ მაყრებივით ბოლოს დარჩენილან ეს ღრძუები, – ჩაილაპარაკა ბაინდურმა და ქავთარეს მიუბრუნდა: ქავთარე, მადლიანი ბიჭი ხარ და მოდი, სიკეთე ჰქმენ, მანდ სერს გადაღმა ერთი ცალ ხელა მებატკნეა, წუხელ იმ ვარამ ამინდში ალბათ ფარის ნაწილი დაეკარგა, შედექი სერზე და კარგად გაიგე, ვისია ცხვარი. თუ მათი იყოს, გადასძახე სერიდან, მანდვე ახლოს იქნება სადმე.

– ძალიან კარგი, კარგად ვიცნობ იმ ლეკს, ხშირად შევიყრებით ხოლმე ერთად, ალიბეგს ეძახიან. ძალიან ყოჩაღი მწემსია და ამავე დროს ალალი კაცი ჩანს. ამას წინათ ათი ცხვარი დაგვრჩენოდა, მას ეპოვნა და მეორე დღეს უკლებლივ ჩაგვაბარა.

– ასეც უნდა, კარგი მწყემსი მწყემსს არ უღალატებს, – მიუგო ბაინდურმა.

ქავთარემ რძე სარძევე კოდში ჩაასხა, ცარიელი კასრი ბაკის გარეთ გადმოდგა. სამწველაო სამოსი გაიხადა, განიერ მხრებზე წაბლისფერი ჩოხა წამოისხა, ხანჯალი და ყათარი წელზე შემოირტყა, თოფი და დურბინდი კი მხარ-იღლივ გადაიკიდა და წასასვლელად მოემზადა.

– მაშინ მეც წამოვალ, რაღა მარტო იარო.

– უფრო კარგი, – უპასუხა ქავთარემ და ორივენი ჩქარი ნაბიჯით შეჰყვნენ აღმართს. ნეკერაული აიეკლა, გული ბოღმით აევსო: არ ეამა, ქავთარემ რომ მიატოვა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

ბინის უფროსი კვლავ აჩქარებით სწველიდა ცხვარს, სავსე დურკს მალ-მალე სცლიდა სარძევე კოდში.

– დღეს, მგონი, ამ მოხუცს დარჩა ბახტურიძიანთ ეთერი, – წამოიძახა ერთმა ახალგაზრდამ, როცა ოფლში გახვითქული სარქალი კვლავ კოდთან გაჩნდა რძის ჩასასხმელად. მწყემსებმა სიცილი ატეხეს.

– წილში თუმც შენ გერგო, მაგრამ შენ არ გეკუთვნის, შვილის ტოლი ქალწული ჩვენ მოგვათხოვე, – ექილიკავებოდნენ ჯეელები.

სარქალი დუმდა, აღარ ესმოდა ახალგაზრდების გადაძახ-გადმოაძახილი. სწრაფად მოძრაობდა ბაკში, მალ-მალ გადადიოდა ერთი ცხვრიდან მეორესთან. ფიქრში ჩაიძირა და თავისი ცხოვრების ერთი მეტად ბნელი სურათი გაახსენდა:

უმთვარო ღამეა… ვებუს მთის ცერში ორ მებატკნეს – თხუთმეტი წლის ნეკერაულს და მის უფროს ძმას კობეს, რომლებიც მოჯამაგირედ იყვნენ მდიდარ წოვათუშთან, ბინაზე დეკის ცეცხლი უნთიათ, ფარა ის ის იყო მოაყენეს სადგომ ალხაჯზე და ვახშმისათვის ემზადებიან, უფროსმა ძმამ ნეკერაული პატარა ერაწუნათი (ძირმრგვალი, პატარა რკინის ქვაბი) წყლის მოსატანად გაგზავნა, თვითონ კი იქვ, მეზობლად, ბექის ძირს შემალულ სასურსათე გუდიდან ქუმელის ფქვილი ამოიღო მოსაზელად… უცებ ძაღლი აყეფდა, თოფმა დაიჭექა და ერთგული მყეფარი აწკავწკავებული პატრონისაკენ წამობარბაცდა. კობემ თავი ანება ვახშმის მზადებას და იქვე მიყუდებულ თოფს დაავლო ხელი, მაგრამ ვიდრე მწყემსი თოფს შემართავდა, მტერმა ცეცხლის შუქზე ადვილად ამოიღონ ნიშანში და მეორე სროლაზე ძაღლის გვერდით მწყემსიც ჩაიკეცა. ნეკერაული შემთხვევით გადარჩა, მტერმა ვერ შენიშნა წყაროზე წასული პატარა მწყემსი, სამაგიეროდ მან ცეცხლის შუქზე კარგად გაარჩია ძმის მკვლელი ლეკები, დაინახა როგორ მიცვივდნენ დაჭრილთან და როგორ დაუტრიალეს მკერდში ბასრი ხანჯალი. იმ ღამეს ფარა გაიტაცეს…

აი, რატომ აიეკლება ხოლმე ჩვენი ნეკერაული ლეკის გაგონებაზე. აი, რატომ არ უყვარს მათთან მონამგლეობა. მათი ხსენება ამ ბნელ სურათს მოაგონებს ხოლმე და გული ვარამით ევსება, მაგრამ ახალგაზრდებს რა გაეგებათ მისი მისი გულისტკივილის – სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, – გაივლო გულში ნეკერაულმა და კვლავ ხმაამოუღებლივ განაგრძო ცხვრების წველა.

III

უპატრონო ფარის ნაწილი მართლაც დაღესტნელებისა აღმოჩნდა.

ქავთარემ კარგად იცოდა მონამგლეების ცხვრის სერი (ყურზედ ამოჭრილი ნიშანი. მწყემსები ცხვრებს ბატკნობის დროსვე უკეთებენ ყურზე ნიშნებს დანით ან დუქარდით რათა სხვა ფარაში შერევის შემთხვევაში ადვილად გაარჩიონ ერთიმეორისგან) და ამით დარწმუნდა, რომ ნოტო ალიბეგის ფარას ეკუთვნოდა.

ქავთარე სულ მაღლა,სამიჯნობელ მწვერვალზე შედგა, გრძელ ჯოხს დაეყრდნო და სადაღესტნო მხარეს გახედა; ცამდე აჭრილიყო ციცაბო მწვერვალები. მწერვალების ძირას გაშლილი მთის ყვავილიანი ფერდობები დაღოჯილ ქანჩახბზე ჩამომსხვრეულიყო. ეს ყველაფერი რაღაც საოცარ სანახაობას წარმოადგენდა, მაგრამ არც ერთი ეს სურათი ქავთარეს თვალს არ იზიდავდა, ვერც ამჩნევდა, მოძმის ბედით იყო დაინტერესებული და ხელმოჩრდილული ამ ცამდე აწვდილ მწვერვალიდან მისი ფარის ნაკვალევსა და მის ლანდს ეძებდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ხედავდა. ბინიდან შენიშნული ნოტო იპოვნა მხოლოდ. ერთ პატარა ხევში სვავების გუნდსაც მოჰკრა თვალი, რაც აშკარად ზარალის მაუწყებელი იყო. მან დურბინდი ბაინდურს გადასცა, დილის ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა,გაჰკივლა.

– ალიბეგ, ჰაი, ალიბეგ… ქავთარეს ხმა ხეობიდან ხეობას გაჰყვა. თვითონ ერთ წუთს დადუმდა, მაგრამ მისი ხმის ეხოთი შეძრული მთები კვლავ ბუბუნებდნენ. გაძახილს არავინ გამოხმაურებია. ქავთარემ კვლავ უფრო მძლავრად გასძახა. ამჯერად ხევიდან ძაღლის გულშემზარავი ყმუილი მოისმა. მწყემსი მიხვდა, რომ ცხვრის ძაღლი უამბოდ არ იყმუვლებდა.

– ბაინდურ, რაღაც ცუდი ამბავია ალიბეგის თავს, ძაღლი ყმუის, კაცი არსად ჩანს, ფარა ნოტებადაა დაფანტული.

– ჩავიდეთ ხევში, გავიგოთ რაშია საქმე, რატომ ყმუის ძაღლი?

– ჩავიდეთ, მაგრამ ამ ფარას ხომ დაქუჩება უნდა, ხედავ, სვავების გუნდი დასტრიალებს თავს. თუ დაერივნენ ფარას, სვავებს ადვილად ვეღარ დავაფრთხობთ, მგლის ჯოგის მოგერიება უფრო ადვილია, ვიდრე მაგათი. ფრთების ტყლაშუნით გააფრთხობენ ბატკნებს, დაესევიან მერე და ბრჭყალებით დაფატრავენ.

– მაშინ მე ფარას დავაქუჩებ, შენ კი ჩადი ჭალაში… იქნებ მწყემსი იქ არის და უჭირს რამე.

– ძალიან კარგი, – დაეთანხმა ქავთარე, დურბინდი ბუდეში ჩადო, მხარ-იღლივ გადაიკიდა, თოფი, ყათარი ბაინდურს დაუტოვა და სირბილით დაეშვა ჭალისაკენ. ფეხმარდმა მთიელმა რამდენმე წუთში ჩაირბინა გრძელი ფერდა, ერთ წუთს შეჩერდა დაოთხი და დაუსტვინა.

ამჯერადაც არავინ გასცა პასუხი. მხოლოდ ჭალიდან ამოძვრა მოზვრისოდენა მურა ძაღლი, პირდაპირ მისკენ წამოვიდა და ათიოდე ნაბიჯზე, მიუახლოვდა, დანაღვლიანებული თვალებით შეხედა უცნობ მწყემსს, დაიწკმუვლა, მერე ჭალისკენ გაბრუნდა, ხევში ჩავიდა და საზარლად დაიყმუვლა. ქავთარე ძაღლს კვალზე გაჰყვა, ბალახიანი ფერდა ჩაათავა, თხელ არყნარში შევიდა. არყნარის ბოლოზე ღრმა ქარაფი იყო, მის ძირზე წყალი მიჩხრიალბდა. ხევი ერთ ადგილას, ორიოდე მეტრის მანძილზე დავაკებული იყო, მერე კი ციდან წამოსულ წვიმასავით პირდაპირ ეშვებოდა უფსკრულში.

ქავთარე ქარაფის პირას მივიდა, კლდეზე ამოსულ გადაწნეხილ არყის ტოტს ხელი წაავლო და იქით გადაიხედა, საიდანაც ძაღლის ყმუილი მოისმოდა. მყეფარი ქარაფი ძირს, უკანა ფხებზე დაყუნტულიყო. მის წინ, ხევის პირს, პატარა დავაკებაზე ვიღაც ეგდო.

ქავთარემ შორიდან ვერ იცნო, ვინ იყო ეს გაშხლართული კაცი, მაგრამ მიხვა, რომ ალიბეგი იქნებოდა. მწყემსმა მოათვალიერა მიდამო და, ძირს ჩასასვლელი რომ ვერსად ნახა, ერთ წუთს შეყოყმანდა, თითქოს დაიბნა. მერე პატარა, თეთრტარა ხანჯალი ამოიღო ქარქაშიდან, არყის ხის ძირში ამონაყარი გრძელი ყლორტები სათითაოდ დაგრიხა წნელად და მრგვალი ჩირჩვლბი გააკეთა და ჯაჭვის რგოლებივით გადააბა ერთმანეთს. შემდეგ კი ერთი ჩირჩვალი მაგრად მიაბა კლდის პირზე ამოსულ ხეზე და დანარჩენი კლდეში ჩაუშვა.მალე ის სახელდახელოდ გამართული წნელის კიბით ხრამში გადაჩეხილ კაცთან ჩავიდა. მისი ვარაუდი გამართლდა,- ესკაცი ალიბეგი აღმოჩნდა.. ქავთარეს დანახვაზე ძაღლმა ყმუილი შეწყვიტა და შესაბრალისი ხმით წკმუტუნი დაიწყო.

ქავთარე დაუყოოვნებლივ მიიჭრა ალიბეგთან. დაღესტნელ მწყემსს პირსახე დაჩეჩქვილი ჰქონდა, პირიდან სისხლი ამოსდიოდა, თვალებს ხამუშ-ხამუშ ახელდა, მაგრამ გონბა დაჰკარგოდა და ქავთარეს ვეღარ სცნობდა. მწყემსი მწრედ კვნესოდა. ქვთარესმისი ცოდვით გული უკვდებოდა, მაგრამ ვერაფერს შველოდა. მან მწყემსს წყალი შეასხა პირზე და ეცადა ჩამოებანა სსხლი. მერე პერანგი გაიძრო და მისი ნახევებით შეუხვია ჭრილობები. დაჭრილს ხალათის ღილებიც შეუხსნა და წყალი მკერდზე მიასხურა. ლეკმა ერთ წუთს კვნესა შეწყიტა და თვალები აახილა, შემდეგ კი ისევ დაჰკარგა გონება და კლდეს მიესვენა.

ქავთარე საგონებელში ჩავარდა: აღარ იცოდა რა ექნა, როგორ ეხსნა მომაკვდავი მონამგლე და ამ ციცაბოებიდან როგორ ამოეყვანა, ახლოს ბაინდური ეგულებოდა, მაგრამ განა ადვილი იყო ამ მთაკაცის დაძვრა და თვალუწვდენელ ქარაფის თავზე ატანა? ბოლოს შეამჩნია ოდნავ დამრეცილი კლდე და წნელის კიბით ზემოთ ამოვიდა. ის ამ დამრეცილ კლდეზე ჩაჰკიდადა მერე ბაინდურს მოუხმო. მანაც თავი გაანება ფარის შექუჩებას და მყისვე ქავთარესაკენ გაეშურა. ბაინდური შეწუხდა ამ საშინელი სუათის ნახვით და ქავთარესთან ერთად წნელის კიბით ისიც ძირს ჩავიდა. მას შეხვეული ჭრილობები არ მოეწონა და ინანა, ბინიდან წამლები რომ არ გამოიყოლა თან. ბაინდურმა მწყემსს მაჯა გაუსინჯა.

– გული მუშაობს… ვეცადოთ გადავარჩინოთ… ცალხელა ყოფილა საწყალი.

-ჰო, ცალხელაა, მარჯვენა ფრონტზე დაჰკარგა.

– აუცილებლად უნდა ვუშველოთ. იქ ტყვიას გადაურჩა და აქ, თავის ქვეყანაში უნდა დაიღუპოს! წადი ახლავე ბინაში, უხმე ჩვენს ბიჭებს, აქედან უნდა ავიყვანოთ როგორმე.

– აქ ხალხის სიმრავლე არას გვარგებს… მინდორი ხომ არ არის, რომ საკაცე გავმართოთ და რამდენიმე კაცმა ერთად ავწიოთ. ეს ერთმა კაცმა უნდა აიტანოს მაღლა, მეტი გზა არ არის.

– ამხელა დევკაცს რა დასძრავს, კაცო, ამ სიმაღლე ციცბოზე ვინ აიყვანს!

– უნდა ავიყვანოთ, აბა რას ვიზამთ! კაცის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. უნდა ვუშველოთ!

– შენ დაჭრილს მიხედე, მე ამ კიბის ასწვრივ საფეხურებს გავაკეთებ კლდეზე.

ქავთარემ ხანჯლით თავის ხელჯოხს წვრი წაათალა და კლდეში საფეხურების გამოჭრა დაიწყო, ბაინდური კი ალიბეგთან მივიდა, სახეზე და მკერდზე წყალი ასხურა, გულაღმა დააწვინა და ხლოვნური სუნთქვით ცდილობდა ის გონზე მოეყვანა.დაჭრილი კვნესოდა. ალიბეგს ჯიბიდან რაღაც ქაღალდები წამოსცვივდა. ბაინდურმა ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა გაფანტული ფურცლები. ავადმყოფი დაასვენა. ქაღალდბი მოკრიფა და თვალიერება დაუწყო. ეს იყო ალიბეგის უბის წიგნაკი, რომელშიაც ახლობლბის წერილები და სურათები ჰქონდა ჩალაგებული. ბაინდურისათვის ყველა უცნობი იყო, ბოლოს ერთ სურათზე შაჩერა გაკვირვებული მზრა. ორი წითლარმიელი იყო ერთად გადაღებული. ერთი მათგანი მის თანასოფლელ ლეო ნეკერაულსა ჰგავდა, იმ ლეოსი, რომლის მამა აგერ ბინაში იცდის. სურთი გადმოაბრუნა, დაკვირვებით წაიკითხა რუსული წარწერა: „ძმადნაფიცები – ალიბეგ აბდულოღლი და ლეო ნეკერაული, 1942 წელი, ქ. მოსკოვი“.

სურათი უბის ჯიბეში ჩაიდო და ალიბეგს გადახედა. დაჭრილი კვლავ კვნესოდა ქავთარე კიბის უკანასკნელ საფეხურს თხრიდა. ჰა, დაამთავრა კიდეც. დურბინდს საკიდით და თოფის გოთურგით შეკონეს ნაბადში შეხვეული ალიბეგი, ქავთარემ ორივე მხარი საკიდეებში გაუყარა, ისე, როგორც მწყემსები მგზავრობის დროს გუდას იკიდებენ ხოლმე. ახლა ორივე ხელი თავისუფალი ჰქონდა და მთელი ტვირთი მხრებზე ეწვა. ბაინდური ქარაფის თავზე ავიდა და იქიდან წინასწარ დაგრეხილი გრძელი წნელის ჭაპანი ჩამოუშვა, რათა ქავთარე ხელებით მას დაჰკიდებოდა.

ის, ვინც ამ კაცს აიკიდებდა, დევური ძალის პატრონი უნდა ყოფილიყო. ქავთარე კი, თუმცა ჩია კაცი არ იყო, მაგრამ არც ბრგე ვაჟკაცი ეთქმოდა. ჩვეულებრივი მამაცი, მკვირცხლი მთიელი იყო.

მიდიოდა ქავთარე ციცაბოზე, ცხვირწინ პიტალო კლდე აღმართულიყო, უკან -უფსკრული. მძიმე ტვირთი მთელი ძალით ეწეოდა უკან, ერთ მრუდედ გადადგმულ ნაბიჯს შეეძლო დაჭრილიცა და მშველელიც ისეთ ადგილას გადაეჩეხა, რომ სვავებსაც გასჭირვებოდათ იქ ჩაფრენა. მაგრამ ჭეშმარიტად დიდია ძალა და თავგანწირვა ადამიანისა.

კლდეზე ჩამოშვებულ, დაგრეხილ, ერთმანეთზე სუსტად გადაბმულ წნელს დაეკიდა ქავთარე, მოლიპულ კლდეზე ძლივს იმაგრებს თითებს, ზურგზე აკიდებული ჰყავს აკვნესებული ალიბეგი. ბაინდური ფეხებგაბოძგილი დგას კლდის თავზე და რაც ძალი და ღონე აქვს დაამაგრებს კლდეში ჩაშვებულ წნელის კიბეს. საკმარისია ოდნავ გადაქანდეს, რომ სამივე ერთად ჩაინთქმება უფსკრულში.

კლდეში უზარმაზარი ,დიდი ლოდი სპილოს ეშვივით გამოშვერილიყო. მძიმე ტვირთით დაღლილი ქავთარე ამ ლოდზე აბობღდა, დაჭრილი ზედ მიასვენა და ღრმად ამოიქშინა. შუბლიდან წამოსული ოფლის ნაკადულები ღაწვებზე ეფანტებოდა. მანძილი კლდის თავამდე საგრძნობლად შემოკლდა, მაგრამ დაიღალა მთიელი და წინსვლა ვეღარ შეძლო.

ციდან უეცრად ისეთი შხუილი მოისმა, თითქოს შურდულით ქვა გამოისროლესო. ქავთარემ და ბაინდურმა ერთდროულად აიხედეს ზევით და თითქმის ერთდროულად დაინახეს – „არწივი“ – სიტყვის თქმა ძლივს მოასწრეს, რომ ეს ვეება ფრინველი უკვე ქავთარეს თავთან გაჩნდა და კაცს ეგონებოდა, სადაცაა დაავლებს კაცს ბრჭყალებს და ცაში აიტანსო. ქავთარეს ზემოთ, ცოტა დაგეზებით, ორი მართვე გადმოდგა ბუდიდან, ეტყობოდათ დედის მოსვლა შეიტყვეს, საცოდავად აღებდნენ ყვითელ ყბებს. არწივმა მათ წივილზე ზევით აიწია და ნადავლით დატვირთული ბუდეში ჩაეშვა.

ამ ავი ფრინველის გამოჩენამ ორივე ამხანაგს ჟრჟოლა მოჰგვარა. მარტო ალიბეგი ვერაფერს გრძნობდა, ის მხოლოდ კვნესოდა.

– ეს ტიალი ფათერაკს რასმე შეგვამთხვევს, ზევით ამოსვლას რომ დავიწყებთ, მას ეგონოება ჩემი ბუდისკენ მოდისო და არ დაგვინდობს, პირდაპირ გვეცემა, – შემოსძახა კლდეში გამოშვერილ ლოდზე მიყრდნობილმა ქავთარემ ბაინდურს.

– წნელი უკვე დაგრძელდა, ხელით ჭერა საჭირო აღარაა, ხეს შემოვახვევ და მე დავუწყებ თვალთვალს. თუ წამოფრინდა, თოფს ადვილად არ ავაცდენ.

არწივი ის-ის იყო ბრჭყალებით უნდა დატაკებოდა წნელზე დაკიდებულ ქავთარეს, რომ ბაინდურის თოფმა იჭექა. ფრთებდალეწილი არწივი ძირს დაეშვა, მერე კვლავ ძალა მოიკრიფა და ბუდეზე აფრინდა. ქავთარემ გზა განაგრძო, ბაინდურმა კვლავ გაამზადა თოფი. სასიკვდილოდ დაჭრილმა არწივმა ი თავის ორ მართვეს სისხლიანი ფრთები გადააფარა, დაუძლურებულ ფრინველთა მეფეს თავისი ბუდის ბჭესთან უნდოდა შეხვედროდა მტერს და ბოლომდე ებრძოლა ბუდისა და მართვეთა გადასარჩენად. რა თქმა უნდა, მისი ბუდისა და მართვეების ჯავრი არავის არა ჰქონდა, მაგრამ ფრინველს ეგონა, რომ სამტროდ მიდიოდნენ მასთან და ისიც ცდილობდა მტერს მტრულად დახვედროდა. ვიდრე ადამიანები ბუდეს არ გასცილდნენ, არწივმა თავს სიკვდილის ნება არ მისცა. როცა ქავთარე ქარაფის თავზე ავიდა ტვირთით, არწივმა საბოლოოდ დახუჭა ელვარე თვალები.

IV

დაღესტნელების ბინა შორს იყო. ალიბეგი ქოხში დააწვინეს. მწყემსები გარს ეხვეოდნენ ავადმყოფს. წუხდნენ რით მოვეხმაროთ ან რა ვუშველოთო. კაცი აფრინეს მონამგლეებთან, მაგრამ მზე დასავლეთს მიახლოვებოდა და მეორე დღემდე ვერ მოეშველებოდნენ თანამოძმენი. მწყემსების ქოთქოთში მარტო ნეკერაული არ ერეოდა, განზე მარტოდმარტო იჯდა და საყველე გუდას დუქარდით ასუფთავებდა. ავადმყოფს ბაინდური დოსტაქარივით დასტრიალებდა თავს. შეძლებისამებრ მოუარეს, დაასვენეს ქოხში და თვითონ გარეთ გამოვიდნენ.

ბაინდურმა ალიბეგის უბის წიგნაკი ამოიღო და მწყემსებს ლეოსთან გადაღებული სურათი აჩვენა. ყველანი გაოცდნენ.სურათი ხელიდან ხელში გადაჰქონდათ და თან გაგოროზებულ ნეკერაულს უყურებდნენ. უნდოდათ ეჩვენებინათ მამისათვის შვილის სურათი, მაგრამ ამ სასიხარულო ამბის მიტანაც კი ერიდებოდათ აეკლილ ნეკერაულთან. ბაინდური თვითონ მივიდა მასთან და სურათი გაუწოდა.

– ამ ჯეელებიდან ხომ არავინ გეცნობა, სარქალო?

ნეკერაულმა სურათი არ ჩამორთვა, თავისი საქმე განაგრძო და რაღაც უნდო, უინტერესო თვალებით გადმოხედა სურათს. მაგრამ მზერა ადვილად ვეღარ მოაცილა. დუქარდი ხელში შეეყინა. სახე გაუფერმკრთალდა, წარბები ძირს ჩამოეფხატა, თვალები გაუდიდდა და სუნთქვა გაუხშირდა. მერე გუდა და დუქარდი გვერდზე გადადო და დაჯორჯილი, მსხვილი თითებით ბაინდურს სურათი კი არ გამოართვა, ერთბაშად ხელიდან წასტაცა. კარგა ხანს უყურა.

– ვინ მოგცა, სად ნახე ეს სურათი?!

– აი, ახლა რომ კლდეზე გადავარდნილი ლეკი ამოვიყვანეთ, მას დაუვარდა.

– ეს ვინ არის, ლეოს გვერდით რომაა?

– ჩვენი ცალხელა მონამგლე – ალიბეგია.

– მაშ, ლეკია ეს ბიჭი?

– ჰო, ლეკია.

ნეკერაული კარგა ხანს დუმდა და კვლავ სურათს ჩასცქეროდა.

– მძიმედ არის დაშავებული?

– ძალიან – სათუოა გადარჩენა.

– რა დაშავებია ისეთი?

– მთლად დაჟეჟილია. სისხლი ვერ შეგვიწყვეტნია საფეთქლიდან.

– მოტეხილი ხომ არაფერი აქვს?.

– რა ვიცი.

ნეკერაული ადგა და ქოხისაკენ წავიდა. ავადმყოფი გულდასმით გასინჯა.

– ბიჭო, კობე! – გასძახა ნეკერაულმა ახალგაზრდა მწყემსს, – ერთი მანდ ჩხატთან ჩაირბინე და ჩაღანდრი დამიგლიჯე. ხო სცნობ ჩაღანდარს?

– როგორ არა, ვცნობ.

– შენ კი ცოტა გულბანდი მომიტა! – უთხრა ქავთარეს.

ნეკერაულმა დანით თავისი ხანჯლის ტარს ფხეკა დაუწყო.

მწყემსების მოტანილი ბალახებით და ძვლის ფხვნილით რაღაც წამალი შეამზადა და იმით შეუხვია გახეთქილი საფეთქელი. სისხლის დენა მალე შეუწყდა ავადმყოფს.

საღამოთი, როგორც კი მეყოჩემ თავისი ფარა ბინაში მორეკა, სარქალმა ერთ მსუქან ყოჩს მაშინვე გამოჭრა ყელი და სასწრაფოდ დაუწყო გატყავება.

– რას ჩადი, კაცო? რამ გაგამეტებინა ამხელა საღსალამათი ყოჩი? – ჰკითხეს მწყემსებმა.

– ეგ ლეკი თუ ახლად დაკლულ ცხვრის ტყავში არ გავახვიეთ, არ გადარჩება.

– რას არგებს ცხვრის ტყავი? – შეეკითხა ბაინდური.

– დაჟეჟილისთვის უებარია, – თავაუღებლივ მიუგო ქავთარემ და ყოჩის გატყავება განაგრძო.

მთელი ღამე არ მოსცილებია გვერდიდან ნეკერაული ალიბეგს. ბაინდურის მოტანილი სურათი ჩოხის უბეში ედო. როცა მწყემსები წავიდ-წამოვიდნენ და მარტოდმარტო დარჩა, სურათი ამოიღო და კვლავ თვალიერება დაუწყო. ქოხში სიბნელე იყო. ცეცხლი უწადინოდ ბჟუტავდა. მოხუცი გარეთ გამოვიდა. სავსე მთვარე მთების მწვერვალებს დაფიფინებდა, მის მკრთალ შუქზე შვილის სურათს დიდხანს უცქირა, მერე ამოიოხრა და მთვარეს შეხედა.

– ეხ, დიდებულო მნათობო, ნეტავ ან შენსავით ქვეყანას ვხდავდე, ან ნეტავ ენა გქონდეს, ეგებ შენ მაინც მეტყოდი, სად არის, ან არის თუ არც არის ის ჩემი სისხლ-ხორცი ჩამონაკვეთი – ჩემი შვილი. შენ რომ იცოდე, რა არის შვილი, მისი სიყვარული! მაგრამ შენ რა, როცა ქვეყანაზე ჯერაც არ გამწყდარან მშვიდობის მტრები, იმათ ესმით განა ხალხის გოდება? ოღონდ შენსავით იბრწყინონ და სხვის გაზრდილ შვილებს ათასობით გასწირავენ… ჰაი დედასა, ხანდახან ნადირს ვემდურით, კოჭლ თიკანს რომ მოგვიტაცებს და ხალხი რომ ერთმანეთს მიესევა და ჟუჟავს, ეგ როგორია!

უცებ ავადმყოფის კვნესა შემოესმა და ფიქრიდან სწრაფად გამოერკვა. სურათი კვლავ ჩოხის ჯიბეში ჩაიდო და მყის ავადმყოფთან მიიჭრა. უნდა გადავარჩინო, ეს იცნობს ჩემს შვილს, ამან იცის მისი გზა-კვალი… უნდა გადავარჩინო… შვილის კვალს მივადექ… უნდა გადავარჩინო!

მთელი ღამე ამ სიტყვებით დაბორიალობდა ჯიქი სარქალი და დაღესტნელს ერთი წუთით არ სცილდებოდა გვერდიდან.

მეორე დღეს ალიბეგის წასაყვანად აუარება ხალხი მოვიდა თუშების ბინაში. ლეკებმა საკაცით წაიყვანეს თავიანთი თანამოძმე. თანაც დიდი მადლობა გადაუხადეს მონამგლე თუშებს ალიბეგისა და მისი ფარის პატრონობისთვის.

ნეკერაულმა საპირიქითლომდ გადააცილა დაღესტნელები.

V

მას შემდეგ, რაც ლეოს სურათი ნახა, ნეკერაულს მოუსვენრობა დაეტყო. რაღაცას ნანობდა, ყველა შემთხვევით შეხვედრილ ლეკს გადაეკიდებოდა ხოლმე და ალიბეგის ამბავს ეკითხებოდა. ჯერჯერობით ვერაფერი შეიტყო საიმედო. ის მახაჩკალის საავადმყოფოში წაეყვანათ.

ზაფხული სწრაფად გაიპარა. მეცხვარეები საბაროდ მზადების შეუდგნენ. მთებმა მწვანე ელფერი დაკარგეს, ბალახი გალეგდა. მთის წვერებზე ღამ-ღამე უკვე რთვილს სდებდა.

შემოდგომის მთაში ჟმურტლიანი დღეები გახშირდა. წვიმაც რომ არ ყოფილიყო, მზე მაინც თავისუფლად ვეღარ აფრქვევდა მთათა წვერებს თავის მცხუნვარე სხივებს.

ნეკერაული ბინას საბაროდ ამზადებდა, მაგრამ გუმანი და გულისყური მაინც დაღესტნისკენ ჰქონდა. არ უნდოდა ისე დაეტოვებინა მთები, რომ ალიბეგს არ შეხვედროდა და არ ეკითხა შვილის ამბები.

და აი, მართლაც, ერთ დღეს მონამგლეთა პირით შეიტყო, რომ ალიბეგი საავადმყოფოდან გამოვიდა და შინ ისვენებსო.

ნეკერაულმა მაშინვე ჯოგიდან თავის შავი იაბო ჩამოიყვანა, დარახტა საფერხე. მწყემსებს გეზი მისცა, ზოგს რა დაავალა, ზოგს – რა და გაირმებული შავრათი დაჭირკვნულ მთის ბილიკებს შეჰყვა.

– ახლა დაღესტანს ვეღარ გადააღწევ, მზე უკვე სამხრობაზეა, – მიაძახა ამხედრებულ სარქალს ბაინდურმა.

– ამაღამ ცერს გადავალ, გზას გავიმოკლებ, დილაზე კი ადრიან მივალ სოფელში.

– ახლა დაღესტანში ცხენით მგზავრობა სახიფათოა, მწვერვალებზე გზები გაყინულია, ფეხს ვერ მოიკიდებ. თანაც სულ ადვილად შეიძლება მთები დაითოვლოს და მაშინ ცხენი კი არა, კაციც ვერ გადმოვა. ძალიან საზვავე ადგილებია იმ ტიალ მთებში.

– ეგ არაფერი. მთების მეტი რა გადამივლია, ზვავების მეტი რა მინახია. შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო, – გადმოსძახა ნეკერაულმა ვეტექიმს და მუხლ ქარანად შეჰკიდა აღმართს საფერხე.

VI

ბაინდურის წინასწართქმა გამართლდა. იმ ღამეს საშინელი ქარი და ქარ-ღვარი ამოვარდა. ცა და დედამიწა ერთიმეორეში აიზილა. ცხვრის ფარები ძირს, ჭალებში შეაფარეს მწყემსებმა. ნეკერაულს გადასავალ ყელში მოუსწრო უამინდობამ. მთის წვერზე გაჩერება არ შეიძლებოდა. არც ცხენის დასაბმელი ადგილი იყო, არც თავშესაფარი ეხის მსგავსი რამ. საჭირო იყო უკან დაბრუნება, მაგრამ ეს აზრი არც კი დაბადებია შვილის კვალს ადევნებულ მამს. პირიქით, მგლური გამბედაობით მიიწევდა წინ. ცხენს ქარი თვალებში აყრიდა ხოშკაკალას. ფაფარიც ხან აეწეწებოდა, ხან ზედ თვალებზე ჩამოებლანდნებოდა ხოლმე. უჭირდა გზის გაგნება ბნელ ღამეში პირუტყვს. ქარბუქი თვალის ახელისა და თავის მაღლა აწევის ნებას არ აძლევდა, მხედარი კი არ ეშვებოდა, ლაგამის სადავეებს მალმალ აუკრავდა, ხანაც მათრახს უტყლაშუნებდა და აიძულებდა გზა განეგრძო, მაგრამ სადღა იყო გზა, ის ბაწარა ბილიკიც კი, რომელსაც მთაში მაინც გზას ეძახიან, ღვართქაფისაგან ჩარეცხილიყო და ცხენს კი არა, კატას გაუჭრდებოდა ციცაბოზე ბრჭყალების მოკიდება.

ცხენს წინა ფეხები კლდეში გადაუცვივდა და მხდარიც და ცხენიც თავდაყირა გადაეშვნენ უფსკრულში. ნეკერაულმა უცაბედად ხელები გაასავსავა და თავისდაუნებურად ხის ტოტი მოხვდა გაშლილ ხელებში. ისარგებლა შემთხვევით და პიტალოზე მის ბედად ამოსულ არყის ტოტს ზედ დაეკიდა. ცხენი ფეხებიდან გამოეცალა და ძირს სადღაც უფსკრულში ჩაინთქა.

მკლავებში ძალა გამოელია და ის იყო, თავმოძაგებული უნდოდა ჩაჰყოლიყო საყვარელ ცხენს, რომ მყის გაახსენდა უბეში შენახული შვილის სურათი, მოაგონდა შვილი… „უნდა გავიგო მისი გზა-კვალი… „ამოიგმინა მოხუცმა, ხელები მტკიცედ ჩაავლო ხის ტოტს, ფეხებით ნიადაგი მოძებნა და როცა დედამიწას შეეხო, გადარჩენის იმედიც დაუბრუნდა.

ქარი არყს უმოწყალოდ აქანავებდა, აქანავებდა მის ტოტზე დაკიდებულ კაცსაც. „ასე გაჩერება არ მარგებს“, – გაიფიქრა ნეკერაულმა და ხელებითაც მიწისკენ დაიხარა, დამრეცილ კლდეზე მკერდით მიწვა და ასე ხოხვით დაიწყო გზის გაკვალვა. მიიკვლევდა ბნელ ღამეშ გზას, ხელებით, ფეხებით, დრო-ჟამისაგან ჩაჟანგებული მკერდით. შვილის კვალს ეძებდა ამ ბნელ ღამეში, დაკარგულ შვილს. არ ეპუებოდა არც ბუნების სტიქიონს და არც პიტალო კლდეს. მისი შავარა შეეწირა ამ საბედისწერო მგზავრობას. შეიძლება თვითონაც შეეწიროს, მაგრამ სჯობს შვილის გზა-კვალის ძებნაში დაიღუპოს, ვიდრე უიმედოდ ელოდოს და ისედაც გასიებული ნაღველი უფრო მეტად გაუსივდეს.

საიდანაც მგლის ყმუილი შემოესმა. მოხუცს სახე გაუნათდა. თითქოს გაუხარდა, რომ სადღაც მის ახლოს სულდგმულია. თავის დღენი მგლებთან ბრძოლაში აქვს გატარებული და ამ მტაცებელივით არც რამ სძულებია, მაგრამ ახლა სხვა აზრი დაებადა. მაგ ტიალს ალბათ შვილები მშივრები ჰყავს და მათთვის საზრდოს ეძებს, აბა სხვამ რამ უნდა აიძულოს, თუ არა შვილების სიყვარულმა, რომ ამ ჯოჯოხეთურ ამინდში ბუნაგი დატოვოს და იწაკწაკოს. ახლა ჩემი ფარის გვერდით რომ ვიყო, ძაღლებს კი აღარ დავუტევდი, ერთ თოხლს პირდაპირ მივუგდებდი და ვეტყოდი, ჰა, შე ტიალ ბედზე დაბადებულო, წაუღე შენს ლეკვებს და გააძღეო.

აქამდე ნეკერაულს კაცსაც ვერ შეაბრალებდი ადვილად, ახლა კი, დახე ერთი, მგელიც კი ენანება.

მართლაც და არაფერს არ შეუძლია გაასპეტაკოს კაცის სული ისე, როგორც შვილის სიყვარულს.

VII

თავპირშეხვეული, ნაავადმყოფარი ალიბეგი თავისი სახლის ბანზე იყო წამოწოლილი და სოფლის გაღმა სამკელად აღერებულ ყანებსა და სათიბებს გასცქეროდა.

მისი დედა – მოხუცი ფატიმათი ძროხის სადგომს ასუფთავებდა ხის ფხაჭინა ცოცხით. პატარა ზაირა კი მამას გვერდით ეჯდა და წიგნს უკითხავდა.

წუხანდელი ავდრით გულ-მკერდგადაბანილი დაღესტნის მთბის მწვერვალები ჩამავალი მზის სხივებს ეკეკლუცებოდნენ.

მთის ნიავი ვერხვის ფოთლებში სისინებდა. სოფლის ბოლოს ვიღაც მგზავრი გამოჩნდა. ძველი მეჩეთის კართან, წყაროს პირს რამდენიმე მოხუცი ლეკი იჯდა, უცნობის გამოჩენაზე ფეხზე წამოდგნენ. მიხვდნენ, რომ მათი მიწაწყლის და გვარტომის კაცი არ იყო. მთიელთა წესის თანახმად, მისვლის უმალ მიესალმნენ სტუმარსა და თან ჰკითხეს, ვინ ჰყავდა ამ სოფლად მასპინძელი.

– მასპინძელს ახლა ვეძებს, ჯერ არავინ მყავს, – უპასუხა დამხვდურს ნეკერაულმა.

– მაშ ჩვენ გვიგულე მასპინძლად, მომყე, – მიუგო ერთმა თეთრწვეროსანმა და წინ გაძღოლა დააპირა, მაგრამ ნეკერაული ადგილიდან არ დაძრულა.

– ჯერ ეს მითხარით, ცალხელა ალიბეგი აქ ცხოვრობს?

– დიახ, აქ ცხოვრობს. აგერ იმის სახლი, თვითონაც ბანზე ზის.

– მისი სტუმრობა მწადიან და მაშ იქ წავალ.

– დიდი სიამოვნებით, ალიბეგს სტუმარს როგორ შევეცილები. მიგაცილებთ, – მოხუცი გაუძღვა ალიბეგის სახლისკენ. მიუხედავად უზომო დაღლილობისა, ნეკერაულმა მაინც ჯიქურ გადადგა ნაბიჯი და გვერდში ამოუდგა მეგზურად გაყოლილ დაღესტნელს.

– ზაირა, სტუმარი ჩვენი ჩანს და ჩაეგებე!

ზაირამ წიგნი სწრაფად დახურა, მამას გადასცა და ფეხმარდად დაეშვა სტუმრის შესაგეგებლად.

ვიდრე სტუმარი მასპინძლის სახლს მიაღწევდა, ალიბეგიც ბანიდან ძირს ჩამოსულიყო და სტუმრის მოლოდინში ვიწრო დრეფნის წინ იდგა ჯოხზე დაყრდნობილი. დედამ ლეკური ცხვრის ტყავის ბეწვებიანი ტყაპუჭი გამოუტანა და მხრებზე წამოასხა.

– მოსაღამოვდა, არ შეგცივდეს, თავს გაუფრთხილდი.

– აი, ეს არის ალიბეგი, – უთხრა მოხუცმა ლემა ნეკერაულს.

– თქვენთან ვარ სტუმრად, თუ მიმიღებთ?

ნეკერაულს მჭმუნვარე სახე ჰქონდა და ხმაც გაბზარული. დამხდურნი გრძნობდნენ, ამ კაცს რაღაც ბოღმა უტრიალებდა მკერდში, ალიბეგმა გაოცებით შეხედა ჭაღარაშერეულ, ბრგე აგებულების, მაგრამ უკვე დროჟამისგან წელ-მუხლ გადრეკილ თუშს.

– მობრძანდით სახლში, – წარმოთქვა ალიბეგმა და ცალი ხელით სახლის ორივე კარი გაუღო.

ფატიმათი და ზაირა სტუმარს კართან შეეგებნნ, ტახტზე ჭრელი ხალი დაუგეს და სთხოვეს დაბრძანებულიყო. მთებთან ნაბრძოლ ნეკერაულის მუხლებს ტახტზე ჩამოჯდომა დიდად ეამა. იქვე კერისთავს მოთავსდა მოხუცი დაღესტნელიც.

ქალები კი სტუმრისთვის საკადრისი ვახშმის მზადებას შეუდგნენ.

მაგიდაზე მალ გაჩნდა ლეკური ქადები. სტუმარმასპინძელნი გარს შემოუსხდნენ და მადიანად შექცნენ ვახშამს.

ალიბეგი სტუმარს არ ეკითხებოდა ვინაობას და მისვლის მიზეზს. მთიელთა სტუმართმოყვარეობის წეს-ადათი ამის უფლებას არ აძლევდა. სამაგიეროდ დაწვრილებით მოიკითხეს ერთმანეთის ჯალაბნი, საქონელი, როგორი პირი უჩანს მოსავალს, როგორ იმგზავრა და სხვა.

ივახშმეს. ქალებმა სტუმარს საგებელი გაუმზადეს და თვითონ კი ცალკე ოთახში გავიდნენ. მოხუცი ლეკიც დაემშვიდობა სტუმარ-მასპინძელს.

– რატომ არ მეკითხები, რაზედ მოგადექი ასე უდროო დროს კარს? – ჰკითხა ნეკერაულმა ალიბეგს.

– ეგ რა საკითხავია, კაცნი იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთთან უნდა მივიდეთ. სტუმარმასპინძლობა მუდამ გვწამებია და ახლაც გვწამს.

– მაშ თვითონ გეტყვი, ვინა ვარ და რატომ მოვედი. არ დაგიმალავ, რომ დაღესტნელების ძველი მოსისხლე ვარ. ჯერ კიდევ უწვერო ყმაწვილი ვიყავ, როცა ლეკებმა ძმა მომიკლეს და მის შემდეგ ლეკი თვალით არ დამენახვებოდა. თქვენს ქვეყანაში სტუმრად მოსვლა და სამოყვროდ სალმის მოცემა არასდროს მიფიქრია. ახლა კი დაკარგული შვილის სიყვარულმა გამილღო გული. მამა ვარ, შვილი დავკარგე. მისმა კვალმა შენთან მომიყვანა, იცნობ თუ არა, ვინ არის ამ სურათზე?

ალიბეგმა ფოტოსურათს დახედა.

– ვინ მოგცა შენ ეს სურათი ?

– ბაინდურმა მომიტანა, შენ რომ კლდეზე გადაიჩეხე, იქ დაგვარდნოდა.

– ნუთუ შენ ჩემი ძმობილის, ლეოს მამა ხარ?

– დიახ, მე ლეო ნეკერაულის მამა ვარ, თუ ის შენი ძმობილი და თანამებრძოლი იყო, გეცოდინება სად არის ახლა, შენ ხომ დაბრუნდი, ის რაღა იქნა?

ალიბეგი გაფითრდა. თვალები აუწყლიანდა. ყველაფერი იცოდა, მაგრამ უმძიმდა სიმართლის თქმა. და განა ადვილია, რომ მშობელს პირდაპირ შეხედო და უთხრა: „შენი შვილი სამზეოზე აღარ დაიარება, ის ჩემი ხელით დავასაფლავე“.

ალიბეგი ხმას არ იღებდა, არც ნეკერულს უცქეროდა, თავდაღუნული იყო, მაგრამ მაინც გრძნობდა ნეკერაულის ჯიქურ მზერას.

– ალიბეგ, ნურაფერს მეტყვი, სად არის… ვიცი, სადაც იქნება, ყველაფერი მითხრა შენმა თვალებმა. მამაპაპანი შვილის ბრძოლაში დაღუპვას რომ გაიგებდნენ, პირველად იმას კი არ იკითხავდნენ: ვინ მოჰკლა, როგორ მოჰკლეს? მათი პირველი კითხვა იყო: „სადა აქვს ნატყვიარი, მკერდში თუ ზურგში?“

– მიგიხვდი, რაზედაცა სწუხხარ, მოხუცო, დამშვიდდი. შენი შვილი მამაცი ჯარისკაცი იყო. აი, ეს სურათი მოსკოვში გადავიღეთ ჯილდოების მიღების დღეს.

– ნიშნებით და ჯილდოებით არ გამოიცნობა გმირი. მინდოდა მენახა ის, ვინც ჩემი შვილის მამაცობის მნახველი იყო.

– ასეთი მე ვარ. თუ დაუჯერებ ჩემს სიტყვას.

– მაშ თუ ასეა, ერთ რამეს გეტყვი, შვილო: შვილის დაღუპვით გამოწვეული მშობლის გულის იარა თუმც უკურნებელი რამაა და მის მაგივრობას აბა, ვინ გაგიწევს. მაგრამ ქართველებმა ადრიდანვე ვიცოდით – ფიცვერცხლის ჭამა და ამ ფიცის ბოლომდ ერთგულება. ეს წინაპართა წმინდა ზნე ახლაც შეუმწიკვლავად გვწამს. თუ შენ ჩემი ლეოს შეფიცული ძმობილი ხარ, არ შემიძლია შვილის სიყვარულის გამო შვილად არ გიწამო.

– ამინ, ასე იყოს. წყეულიმც ვიყო, თუ შვილობა არ გაგიწიო.

ალიბეგმა გაშალა მარცხენა ხელი, ოდნაც მოხრილი

ნეკერაული წელში გასწორდა, თეთრი თმა ლომის ფაფარივით შეაქანა, დაღესტნელის სამეგობროდ გამოწვდილ ცალ ხელს ორივე ხელი შეაგება და მკერდზე მიიკრა.

ავტორი: ილო ბეროშვილი

Leave a Comment