მუშა კითხულობს მსოფლიო ისტორიას

ვინ აშენებდა ქალაქ თებეს, მის შვიდ კარიბჭეს?

წიგნში ვპოულობთ მარტოოდენ მეფეთ სახელებს.

ეს მათ აზიდეს ქვის ლოდები ამ სიმაღლეზე?

ან ბაბილონი.

რამდენჯერ იქნა მიწასთან იგი გასწორებული!

ვინ აშენებდა ხელმეორედ მის მაღალ კედლებს?

რომელ სახლებში ათევდნენ ღამეს,

უუბრწყინვალეს ქალაქ ლიმას კირითხურონი?

სად მიდიოდნენ ჟამს მწუხრისას ის ოსტატები,

რომელთ ოფლის ზღვა შეანთხიეს ჩინეთის კედელს?

დიადი რომი.

ყველგან თაღები ტრიუმფალური:

ვინ აღაშენა სვეტები მათი?

ვინ დაამარცხეს, კეისრები ასერიგად რომ გულზვავობენ?

ან სახელგანთქმულ ბიზანტიაში,

ყველას სასახლე ჰქონდა განა სვეტებმაღალი?

თვით ზღაპრადქცეულ ატლანტიდაში,

როცა ზღვამ შთანთქა ეს ქვეყანა უძლიერესი

თავიანთ მონებს მიჰბღაოდნენ იქ სულთმობრძავნი.

ინდოეთს იპყრობს ახალგაზრდა მაკედონელი-

მარტოა იგი?

იულიუსმა დაამარცხა გალთა სამეფო

– ვინ უმზადებდა გზაში საგზალს მამაც კეისარს?

მწარედ ტიროდა ესპანელთა მეფე ფილიპე,

როცა დამარცხდა უძლეველი მისი არმადა.

განა მის გარდა არვინ ტიროდა?

ფრიდრიხ მეორემ გაიმარჯვა შვიდწლიან ომში –

მარტო მან ზიდა ბრძოლის ტვირთი, მძიმე ესოდენ?

ყოველ გვერდზე რომ გამარჯვების ისმის ხმაური,

ვინ უმზადებდა ტიუმფატორთ დიდებულ ნადიმს?

ყოველ ათწლეულს ჰყავდა კაცი სახელხმიანი –

მათ შესანახად ვინ იღებდა ხარჯს აურაცხელს?

რამდენი ამბავია ერთად თავმოყრილი,

რამდენი კითხვაა პასუხგასაცემი!

ბერტოლტ ბრეხტი

გერმანულიდან თარგმნა მიხო ბეროშვილმა

Leave a Comment