“საზიზღარი ნისლი ასდის ქალაქს”

ნოსტალგია დავიწყებული ფირია. გაქრა ბოჰემურობა ქალაქის. ბარათაშვილის ხიდიღა ზის წყლის პირას.

“პარადოქსია, მაგრამ თბილისში ბაზარი არ არსებობს, ბევრი ქართული პური ცხვება”, მაგრამ ბევრი მშიერია. ბევრი “ბისტრო” , კაფე და რესტორანია, რომლებსაც გარედან უამრავი ადამიანი კბილებდაჩლუნგებული მღრნელივით შესევია. იქნებ სამშობლო მართლა ბაზრიდან იწყება. მაგრამ “დოვლათის კუნძული” გაქრა. დღეს ყველა განურჩევლად სქესისა, ასაკისა, პროფესიისა, რაღაცას ყიდის. ვეღარ ნახავ გლეხკაცს, რომელიც თავის მოწეულ სარჩოს, როგორც უნდა ისე რომ ყიდის. ის ხომ ქალაქამდე ვერც აღწევს. ხშირად გაიგონებთ” მე თვითონ ვყიდულობ, კილოზე ხუთი თეთრი თუ მრჩება!.. ის, ვინც საყვარელ მსახიობს თუ პოეტს ხორაგს უანგაროდ უყრიდა ჩანთაში ქალაქამდე ვერ აღწევს, იქვე ადგილზე ჩალის ფასად თმობს თავის ნაამაგარს, “გზა იგივე უჯდება”.

სამშობლო გზებია-გზებზე კი ბაზრობაა გამართული. სამშობლო ეზოა. ეზოშიც ბაზარობაა. სამშობლო ოჯახია-თითქმის ყველა ოჯახში რაღაცის გამყიდველი ცხოვრობს. “სამშობლო დედაენით იწყება”. დედაენა ბაზრობაზე 6 ლარი ღირს. სამშობლო დიდი ბაზრობაა.

როგორ უნდა აუკრძალო ლტოლვილს , ქუჩაში ნუ დადგებიო. როგორ უნდა აუკრძალო მოხუცს, მაგ შენი სამართლებლით და სიგარეტებიტ ნუ დაფრატუნობ და პურის ფულს ნუ აკეთებო. როგორ უნდა აუკრძალო აფხაზეთის ომში დაღუპული ოჯახის ქვრივს შენი შვილების ლუკმაპურისთვის ქუჩას ღვეზელებით ნუ აქოთებო. ხელისუფლებას არავითარი მორალური უფლება არ აქვს ადამიანებს პოლიცია შეუსიოს, ქუჩები გაწმინდოს და იმ ადგილზე გაზონები ჩააწიკწიკოს.

რამდენიმე დღის წინ ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა დეზერტირების ბაზართან- როგორც უკვე ხშირად მომხდარა ქალებს უტირიათ, კაცებს უბღავლიათ, ცოტა პოლიციისგან მოხვედრიათ, ცოტაც პოლიციას მოხვედრია. ბოლოს კი ყველაფერს მშვიდად ჩაუვლია.

-მაინც რა მოხდა? -ვეკითხები ქალებს.

-ისეთი არაფერი შვილო. იქითა მხარე აშალეს, აქეთა მხარეს მალე აშლიან. მერე ნელ-ნელა ისევ თავის ადგილზე დალაგდება ყველაფერი-ცოტა პოლიციას, ცოტა ბაზრის ხელმძღვანელობას და..” ხმას უწევს გამხდარი, ყელშეხვეული გამხდარი ქალი.

ბინდია. ნაგავი გორებად ყრია ხეებთან. მოხუცი წაწვეტებული ჯოხით შიგ იქექება. საღამოს ბაზარი იაფზე იაფია. კარტოფილი და ხახვი-ხუთი კილო ლარად, ყველი-ლარნახევარი. ვიღაცა საზამთროს მაჩეჩებს-ორმოცდაათ თეთრად წაიღე, მაინც ლპებაო.

-თანამდებობის ხალხი თუ დადის ბაზარში. ან “ცნობილი” ხომ არ გახსოვთ ვინმე?- ვეკითხები გამყიდვეს.

-რას ამბობ, იმათ აქ რა უნდათ, მძღოლებს გზავნიან ან მოსამსახურეებს. არა, ზოგოერთი პროფესორი თუ დოცენტი კი მოდის, მაგრამ ისინიც ვაჭრობენ, ჩვენსავით.

ესეც შენი მილიონი სამუშაო ადგილი. თუმცა ამ “ადგილსაც” ბრძოლა სჭირდება. თვეში ერთხელ შეურაცხყოფის, ხელკეტის ატანა, სამდღიანი შიმშილობები.

ეს ქალაქი ბერმუნდის სამკუთხედს მოგაგონებთ, სადაც ისე დაკარგავთ საკუთარ თავს, ვეღარასდროს იპოვით, სადაც ვერ გაიხსენებთ რომელ ქალაქში ხართ, რომელ ქუჩაზე, ვერ გაიხსენებთ რისთვის გინდოდათ მიგეღწიათ. დაგავიწყდებათ, აი, იმ დიდ წიგნში, ბაზრობაზე ერთი ლარი რომ ღირს და მაინც არავინ ყიდულობს, რა წერია მზეზე, მაგნოლიის ყვავილზე და შორს მიმავალ ღრუბლებზე. ერთადერთი რითიც მიხვდებით რომ არსებობთ, ეს ნიავის მოტანილი უსიამოვნო სუნია. ამ ქალაქში წელიწადის დროთა ცვლა მხოლოდ ცაზე შეიძლება ამოვიკითხოთ.

ჩვენ, ცაში აღარ ვიყუებით.

ავტორი: შურთხია ბეროშვილი

გაზეთი: ახალი ეპოქა, 2000 წელი

Leave a Comment