ვინ მიაფრენს სწრაფ ბედაურს წვიმაში და ქარში?
მამას მკერდში ჩაუკვრია პაწაწინა ბავშვი,
შვილს მის მკერდში უპოვნია სასთუმალი რბილი.
ყინვისაგან ჩვილს იფარავს მოსასხამი თბილი..
ჩემო ბიჭო, ვინ გაშინებს, სახეს რატომ მალავ?
„გაიხედე, ტყის ხელმწიფეს შენ ვერ ხედავ, მამავ?“
გვირგვინოსან ტყის ხელმწიფეს, კუდს რომ იქნევს რისხვით?
ჩემო ბიჭო. ეს ხომ ტყეში იბოლქვება ნისლი!
„ტკბილო ბიჭო, მოდი ჩემთან, ნუ გერევა რული,
ათასგვარი თამაშებით გავიხაროთ გული!
იქ ჭრელ-ჭრელა ყვავილები ამშვენებენ ჭალას,
დედაჩემი ოქრომკერდით მოგიქარგავს ხალათს.
„მამავ, მამავ, გაიხედე, რაღა გამაჩუმებს!
გესმის, რასაც ტყის ხელმწიფე ჩუმად ჩამჩურჩულებს?“
მშვიდად იყავ, ჩემო ბიჭო, იქ არავინ არი,
მხოლოდ ხეთა ხმელ ფოთლებში დაზუზუნებს ქარი.
„მაშ წავიდეთ, ჩემო კარგო, ჯერ არ არის გვიან,
ტყეში ჩემი ასულები უკვე მოგელიან.
შენს ლოდინში ღამეული რაინის პირს სხედან,
სურთ რომ ცეკვა-სიმღერებით გაგიქარვონ სევდა“.
მამავ, მამავ, შენ ვერ ხედავ ტყეში იმ ავსულებს?
ტყის ხელმწიფის ასულები მიმელიან სულეთს.
არა შვილო, გეჩვენება, მოგატყუებ განა?
იქ ხომ ხმელი და ბებერი ტირიფები დგანან.
“ტკბილო ბავშვო, ჩემი კარგო, როგორ შემიყვარდი,
არ მომყვები? მაშინ ძალით წაგიყვანო უნდა!“
„მამავ. მამავ, ტყის ხელმწიფემ მკლავში ხელი მტაცა
უღრან ტყეში, წამის უმალ, უკვე გამიტაცა.
მხედარი ცხენს შეუძახებს, მიჰქრის ბედაური,
მამას გულში ჩაუკვრია შვილი უბედური,
აჰა, ეზოს მიაღწია, გამოაღო კარი,
მაგრამ უკვე მის მკლავებზე ბავშვი იწვა მკვდარი.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
თარგმნა მიხო ბეროშვილმა