მეწყერაღმკვეთი ღონისძიებები ტერიტორიულ-ბიოლოგიური სისტემების შექმნისას

ეკოლოგიური პრობლემა ბუნების მხოლოდ გაჭუჭყიანებისგან დაცვას ან მის ხელუხლებელ დატოვებას არ გულისხმობს. იგი მოიცავს რესურსების(განსაკუთრებით კი იმ რესურსებისა, რომელთა აღდგენა შეუძლებელია) რაციონალურ გამოყენებსაც. საქართველოში მიწის საერთო ფონდის 70% მთიან რელიეფზე მოდის და მისი რაციონალურად გამოყენების გარეშე უკვე დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა-მოთხოვნილებასა და სუსრსათწარმოებას შორის თანაფარდობის მიღწევა.

ამ თვალსაზრისით აუცილებელია მეწყერაღმკვეთი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელება. განვიხილოთ მეწყრის წარმომქმნელი პირობები, მისგან დაცვის ტრადიციული მეთოდები და მათი გათვალისწინებით შევიმუშავოთ მეწყერაღმკვეთი ღონისძიებები.

სქემების მიხედვუთ მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ წარმოიქმნება მეწყერები. როცა წყალშემცველი და წყალშემაკავებელი გრუნტების ფენები ფერდობის დახრილობის თანხვედრილი მიმართულებით მდებარეობენ, ისინი გაწონასწორებულ მდგომარეობაში მანამდე დარჩებიან, სანამ წყალშემცველი გრუნტის მასა ამ ორ გრუნტ შორის შეჭიდულობის ძალზე ნაკლები იქნება. იმ შემხთვევაში კი, როცა ჭარბი ნალექებს არ გაატარებს, მის ზედაპირზე წყალი დაგროვდება და ხევში მოვარდნილი ღვარცოფი, წყლაშემცველ ფენას ძირს გამოუთხრის, ხოლო მთელი ამ ფენის მასა ფენებს შორის შეჭიდულობის ძალას გადააჭარბებს, მაშინ იწყება მეწყერი.

ამ მოვლენის დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით მთაში მცხოვრებმა ხალხებმა სხვადასხვა ღონისძიებები შეიმუშავეს. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია ფერდობზე საყრდენკედლებიანი ტერასების მოწყობა. ამ ღონისძიებით მთიელი ორ საქმეს აგვარებდა: ჯერ ერთი, საძოვრად ვარგის ფერდობს ბაღ-ვენახებად აქცევდა და მეორე ფერდობს მეწყრული მოვლენებისგან იცავდა. ამის შედეგად საყრდენი კედლები წყალშემცველ ფენას ამძიმებდა და წყალშემაკავებელ ფენასთან მისი შეჭიდულობის ძალას ზრდიდა. მაგრამ ეს მეთოდი სასურველ ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ საყრდენი კედლის საძირკველი წყალშემაკავებელი გრუნტის სიღრმეში ჩავიდოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მეწყერწარმომქმნელი წინაპირობა იზრდებოდა. გავაკებებზე და ნაყარ გრუნტზე კიდევ უფრო გროვდებოდა წყალი და დატერასებული ფერდობებიც ჩამოიშლებოდა ხოლმე.

მეწყრისგან ნაცადი ღონისძიებაა ფერდობების გატყიანებაც. ფერდობების გატყიანება, გარდა მეწყერაღმკვეთი დანიშნულებისა, მათში მოსახლეს ხე-ტყის მასალითა და შეშით უზრუნველყოფდა. ასეთი მეთოდი საკმაოდ ეფექტიანი და რაციონალური იყო და იგი დღესაც გამოიყენება. მაგრან ვერც გატყიანება იძლეოდა მეწყრისგან დაცვის სრულ გარანტიას. ხანგრძლივად ჭარბი ნალექებისა და წყალშემაკავებელ გრუნტამდე ფესვების ჩაუღწევადობისას ფერდობი ხეებიანად ჩამოიშლებოდა ხოლმე.

ყველაზე ნაკლებეფექტიანია და თანაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ხევის ნაპირის გამაგრება საყრდენი კედლით და წყალდაგროვების საწინააღმდეგოდ ფერდობზე წყალსაწრეტების მოწყობა. დროთა განმავლობაში წყალსაწრეტების სადინარები გრუნტით იგმანებოდა, წყალი მაინც გროვდებოდა და ჩამოწოლილ ქანებს ნაპირის გასამაგრებელი საყრდენი კედელიც ვეღარ აკავებდა.

დღეისთვის, მიზანშეწონილია მეწყერაღმკვეთი ღონისძიებების ახალი მოდელების განხორციელება. ასეთ მოდელთა შორის მიზანშეწონილად უნდა მივიჩნიოთ ფერდობზე მიყრდნობილ-შეკიდული ტიპის ტერასებისა და სახლების მშენებლობა. იგი წარმოადგენს რკინაბეტონის მზიდ ჩარჩოს ნეილონის ბადიანი ძირით, რომელზეც დაიყრება დასარგავი მცენარისათვის საჭირო რაოდენობის მიწა-ფერდობის ზედა ფენა. ასეთი ტერასები გრძელი გვერდით ფერდობს დაეყრდნობიან ხიმიჯისმაგვარი წერტილოვანი საძირკვლებით, ხოლო მეორე გრძელი გვერდით კი ბაგირებით იქნებიან შეკიდული. ამ ბაგირებზე სინათლის გამტარი ასაკეცი აფსეკების გაჭიმვით შევძლებთ სათბურების აშენებას მინიმალური დანახარჯებით, 22-80° დახრილობის ციცაბო(რაც უფრო მეტი იქნება დახრილობა, მით უკეთესი) ფერდობებზე და არა სანთლით საძებნ ვაკეებზე.

ასეთი ტერასები, ფერდობის გრუნტს ნალექებისგან დაიცავენ. თოვლი ტერასებს დაფარავს და არა ფერდობს, ხოლო გამდნარი ჭარბი წყალი სპეციალური არხებით გაედინება ან წყალსაცავებში დაგროვდება, რათა გვალვის შემთხვევაში სარწყავად იქნეს გამოყენებული.

გარდა ამისა, ასეთი ტერასების ხიმინჯისმაგვარი წერტილოვანი საძირკვლები ნუფრო საიმედოდ დააკავშირებს წყალშემცველი და წყალშემაკავებელი გრუნტების ფენებს, ვიდრე ხის ფესვები. ისინი დაახლოებით ჭადრაკული პრინციპით განლაგდებიან ფერდობზე და ამით ზემოაღნიშნული გრუნტების უკავშიროდ დარჩენილი ზოლები თითქმის გამოირეცხება. ხიმინჯიანი საძირკვლები ერთ მთლიანობაში შეკრავს ფერდობის ყველა სახის გრუნტების ფენებს და ერთი ფენის დაცურებას მეორის მიმართ ადგილი აღარ ექნება.

ცხადია, ასეთი ტერასები არც წყლის გამტარი ხევის ნაპირის გასამაგრებელი საყრდენი კედლის მშენებლობას საჭიროებს, წყლის ორგანიზებულად გადაყვანა უზრუნველყოფს ნაპირების გამორეცხვისგან დაცვას. ექსპერიმენტული სახით ასეთი ტერასების დაპროექტება-მშენებლობა-ექსპლუატაცია მეწყერსაშიშ ფერდობებზე დაადასტურებს, რომ ასეთი ტერასების დახმარებით მთლიანად შეგვიძლია აღვკვეთოთ მეწყრული მოვლენები და გამოუყენებელი ფერდობები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელ სათბურად გადავაქციოთ. ამ პროდუქტების ადგილზევე შენახვა-გადამუშავება, თავის მხრივ გააფართოებს მთის მოსახლეობის დასაქმების სახეებსაც და საქმიანობის სეზონებსაც.

მეწყერაღკვეთის მიზნობრივ მოდელად, შეიძლება მივიჩნიოთ ფერდობზე მიყრდნობილი სახლები. მათი განხილვით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ფერდობზე მიყრდნობილი სახლების შემადგენელი ნაწილებია: ფერდობზე მიწოლილი(ვერტიკალურის ნაცვლად) ლიფტები, ამ ლიფტებით ურთიერთდაკავშირებული სახლების სხვადასხვა სართულის საფეხურები. საერთო სარგებლობის ტერასა-ბაქნები, სადაც მოეწყობა მცირეწლოვანთა სათამაშო, სამეურნეო, დასასვენებლი და სხვა სახის მოედნები. ხიმინჯისმაგვარი ტიპის საძირკვლები, სახლის საფეხურებსა და ფერდობს შორის წარმოქმნილი გადახურული სივრცეები. ზოგჯერ სახლის შემკიდავი ბაგირები. ასეთი განაშენიანება მთლიანად დაიკავებს ფერდობს სახანძრო ან გეგმარებითი დანიშნულების მცირე დაშორების გათვალისწინებით.

პლატოებზე, ისევე როგორც ვაკე ტერიტორიაზე ტყე-პარკი ან ხეხილის ბაღები გაშენდება. სოფლის მეურნეობისთვის ნაკლებგამოსადეგ ჩრდილოეთის ორიენტაციის ფერდობებს საცხოვრებელი ზონა დაიკავებს, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფერდობებს დაყრდნობილ-შეკიდული ტიპის ტერასა-სათბურები. ორი ფერდობის დასაკავშირებლად ხევი ბაღ-პარკით გადაიხურება. მასში განლაგდება კულტურულ-საყოფაცხოვრებო შენობების ქსელი, ხოლო გადახურვის ქვეშ, ხევში ჩაიდგმება სხვადასხვა საწყობები. მთიან ზონებში შეიქმნება ე.წ. ტერიტორიულ-ბიოლოგიური სისტემები(ურთიერთშეთავსებადი სისტემები), რომლებიც არა მარტო ეკოლოგიურად გაწონასწორებული, თვითრეგულირებადი სისტემა იქნება, არამედ იგი გარემოს გაჭუჭყიანების წინაპირობასაც გამორიცხავს, რადგან გაჭუჭყიანების ყველა წყარო ჩაკეტილ, ტექნიკურად, იოლად გასაკონტროლებელ მიწისქვეშა სივრცეში იქნება მოქცეული.

ზემოაღნიშნული ახალი მოდელებით მეწყერაღმკვეთი პრობლემის გადაწყვეტა მთიანი ზონების მეწყერებისგან დაცვით კი არ შემოიფარგლება, იგი ამ ზონების სოციალურ-ეკონომიკური აქტივიზაციის, მოსახლეობის დამარაგება-დასაქმებისა და სხვა პრობლემების გადაწყვეტის უმთავრეს სტრატეგიად იქცევა.

ავტორი: ჯ. მალაღურაძე

Leave a Comment