კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამაპირობებელი ფაქტორები

ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება და გასული გეოლოგიური ეპოქების კლიმატის პერიოდულმა ცვლამ განაპირობეს კავკასიის ბიოლოგიური რესურსების მრავალფეროვნება. კავკასიის მცენარეული საფარის მრავალფეროვნებასა და სივრცობრივ განაწილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორთა სხვადასხვაგვარობა და ტერიტორიის პალეოგეოგრაფიული განვითარების ისტორია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია რეგიონის განედური მდებარეობა და ოროჰიდროგრაფიული ფაქტორები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კავკასია მდებარეობს ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების მიჯნაზე. საზღვარი მათ შორის გადის კავკასიონის მთავარ ქედზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან კლიმატგამყოფს. ეს, თავის მხრივ, წარმოქმნის მნიშვნელოვან განსხვავებებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის მცენარეულ საფარს შორის. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მცენარეული საფარის სივრცობრივ განაწილებაზე, ზედაპირის აბსოლუტური სიმაღლეა. სიმაღლის ზრდის შესაბამისად მკვეთრად იცვლება მცენარეული საფარის ხასიათი, ფლორისტული შედგენილობა. რეგიონის თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შედარებით მცირე ტერიტორიებზე გვხვდება სხვადასხვა მცენარეულობა, დაწყებული ჭაობის ან ნახევრად უდაბნოთი და დამთავრებული მაღალი მთის ალპური მდელოებითა და სუბნივალურით.

მცენარეული საფარის სივრცობრივ განაწილებაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს სითბოსა და ტენის რაოდენობის შეთანაწყობა, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ოროგრაფიული ფაქტორებით. სამხრეთ კავკასიის ბარში არსებით როლს თამაშობს ტერიტორიის დატენიანების ხარისხი და შესაბამისად არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება სამხრეთ კავკასიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის. ამის
მიზეზი უპირველესად ლიხის, მესხეთისა და არსიანის ქედების ორიენტაციაა, რომლებიც აკავებენ დასავლეთიდან მომავალ ნოტიო ჰაერის მასებს. შესაბამისად სამხრეთ კავკასიის დასავლეთი ნაწილისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია
სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეულობა. კერძოდ, გავრცელებულია კოლხური ტყეები მარადმწვანე ბუჩქნარებით, ლიანებითა და გვიმრებით. სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში კი, მშრალი და კონტინენტური კლიმატური პირობების
გაბატონების გამო, უფრო მეტად დამახასიათებელია სიმშრალის ამტანი მცენარეულობა: ნახევრად უდაბნოები, სტეპები და არიდული მეჩხერი ტყეები. კოლხური მცენარეულობა აქ ამოვარდნილია და გვხვდება მხოლოდ ფრაგმენტულად (ბორჯომის, ლიახვის,
არაგვისა და ალაზნის ხეობებში). რაც შეეხება მთებს, აქ მცენარეული საფარის სივრცობრივ განაწილებაზე უპირატესად გადამწყვეტი როლი ენიჭება თერმულ რეჟიმს. აბსოლუტური სიმაღლის ზრდის შესაბამისად ხდება ჰარის ტემპერატურის თანდათანობითი დაცემა, შესაბამისად ტყის ფორმაციების შეცვლა ჯერ სუბალპური და ალპური მდელოებით და ბოლოს, სუბნივალურითა და ნივალურით. გამონაკლისია მხოლოდ ამიერკავკასიის ზეგნის შედარებით კონტინენტური კლიმატური პირობების მქონე მთათა მასივები, სადაც მთელი სიმაღლითი სპექტრი უმთავრესად წარმოდგენილია ნახევრად უდაბნოს, სტეპისა და ალპური მდელო-სტეპის მცენარეულობით.
მცენარეული საფარის სივრცობრივ განაწილებაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გეოლოგიური აგებულებაც. კერძოდ, კარბონატული ქანებით (განსაკუთრებით კირქვებით) აგებული სუბსტატისათვის დამახასიათებელია კალცოფილური მცენარეულობა. იგი ძირითადად დამახასიათებელია დასავლეთ კავკასიონის მთისწინეთისა და სამხრეთ ფერდობებისათვის, ცალკეული ქედების თხემებისათვის.
კავკასიის მცენარეულ საფარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ანთროპოგენური ფაქტორიც. ადამიანის ზეგავლენით აქ ტყის მნიშვნელოვანი მასივებია განადგურებულია. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ სომხეთ-ჯავახეთის ზეგნის სტეპები მეორეული წარმოშობისაა და რომ ერთ დროს აქ არსებული ტყეები ადამიანმა ჯერ კიდევ ჰოლოცენის დასაწყისში მოსპო. ანალოგიური შეიძლება ითქვას სამხრეთ კავკასიის ბარის შესახებაც, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე ათასწლეულის წინ ადამიანი ინტენსიურ ზეგავლენას ახდენდა მცენარეულ საფარზე. შუა საუკუნეებში ტყეებს გაცილებით მეტი ფართობი ეკავათ, ვიდრე დღეს, რასაც მოწმობს ისტორიული დოკუმენტები, არქეოლოგიური გათხრები, ტოპონიმები და სხვ. არაერთ ისტორიულ-ლიტერატურულ ნაწარმოებშია მოხსენიებული ტყით დაფარული და ნადირ-ფრინველით მდიდარი ესა თუ ის მიდამო, დღეს რომ სტეპებს, ბუჩქნარებს, გამეჩხერებულ და დეგრადირებულ ტყეს, ან დასახლებულ პუნქტებს უკავიათ. მაგალითად, ისტორიული წყაროების მიხედვით დგინდება, რომ მარტო საქართველოს ტერიტორიაზე განადგურებულა 6ათ. კმ2 ტყე, ხოლო გამეჩხერებულა – 4ათ. კმ2. უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა ანთროპოგენური ზემოქმედება ფლორაზე. ენერგეტიკულმა კრიზისმა, საწვავის დეფიციტმა და ხე-ტყის არალეგალურმა ექსპორტმა გამოიწვია ტყეების ინტენსიური ჭრა. ტყეები იჩეხება ყველგან, როგორც სოფლად, ისე ქალაქად. განადგურებას ვერ გადაურჩა ვერც სკვერები და დენდრარიუმები. განსაკუთრებით მოისპო ტყეები დასახლებული პუნქტების შემოგარენსა და გზების გასწვრივ. ზოგან აღინიშნა ისეთი ტყეების მოსპობაც, რომლებიც ხელუხლებელი იყო საუკუნეების განმავლობაში, ე.წ. “ხატის ტყეები” და “წმინდა ტყეები”

კავკასია მდიდარია უძველესი გეოლოგიური ეპოქებიდან შემორჩენილი რელიქტური მცენარეული სახეობებით. კავკასიის ტერიტორიაზე შემორჩენილი მესამეული ფლორის ორი ადგილსამყოფელიდან ერთი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. წარსულში კი ეს ფლორა საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გავრცელებული და ერთიან არეალს ქმნიდა. დღეს კი იგი შემორჩა კოლხეთში და საქართველოს საზღვრებს
გარეთ – ჰირკანის ოლქში, თალიშში (აზერბაიჯანი). კოლხეთში ამ უძველესი სახეობებიდან შემორჩენილია შქერი, ჩვეულებრივი წაბლი, ბიჭვინთის ფიჭვი, წყავი, პონტოური მუხა, ბზა, ძელქვა, ურთხელი, ძმერხლი და სხვ. კოლხეთის გარდა მესამეულის ფლორის ელემენტები გვხვდება (მხოლოდ ფრაგმენტების სახით) კავკასიის სხვა რეგიონებშიც – კახეთსა და ქართლში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კავკასიაში შემორჩენილია რელიქტების არა მარტო ცალკეული სახეობები, არამედ ეკოსისტემებიც. ისინი დაცულია ბაწარის, ლაგოდეხისა და თუშეთის ნაკრძალებში, მდინარეების კოდორისა და კინტრიშის ხეობებში. ბაწარის ნაკრძალში შემორჩენილი უძველესი რელიქტის უთხოვრის ტყე ერთადერთი კორომია მსოფლიოში. მრავლად გვხვდება ენდემური სახეობებიც. ესენია: პონტოური მუხა, ქონდარა ღვია, ქართული თელა, სოსნოვსკის ნეკერჩხალი, კოლხური წყალიკრეფია, წყლის კაკალი, მარმუჭი, აფხაზური იორდასალამი, კოლხური კუნელი და სხვ. მაღალი ენდემიზმით ხასიათდება ალპური მდელოების კარსტული უბნები. დამახასიათებელია არა მარტო საქართველოს ან კავკასიის, არამედ ძლიერ ლოკალური არეალების ენდემებიც. ბოლო პერიოდში კავკასიის მცენარეულ საფარში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უცხო ქვეყნებიდან შემოსულმა (ადვენტურმა, ინტროდუცირებულმა) სახეობებმა. ამ მცენარეთა სიუხვით გამოირჩევა შავი ზღვის სანაპირო ზოლი, მთისწინეთი, დაბალი მთები, ხოლო მაღალ მთაში _ ალპური საძოვრების არეალები. ყველაზე ნაკლებადაა ისინი დამახასიათებელი საშუალო მთის ტყის (წიფლის) გავრცელების არეალში, სადაც რთული ოროგრაფიული პირობები ხელს უშლიდა ამ მცენარეების შეღწევასა და ფართოდ გავრცელებას. შემოტანილი მცენარეების ნაწილი
უკვე გაველურებულია.
მცენარეთა ინტროდუქცია ფართოდ ვითარდება XIX საუკუნის ბოლოს, მაგრამ შემოტანილი მცენარეები მუდამ როდი ახდენდა დადებით გავლენას ბუნებაზე. ხშირად ღირებულ კულტურებთან ერთად შემოდიოდა `თანმხლები~ სარეველები.
მაგალითისავის შეიძლება დავასახელოთ ლაკარტია, ცხენისკუდა, ამბროზია, ცეცხლეკალა. ზოგიერთი შემოტანილი მცენარე გაცილებით უკეთ შეეგუა ახალ გარემოს და უფრო ძლიერი აღმოჩნდა ადგილობრივ ედიფიკატორებთან შედარებით. ტყეები კავკასიაში გვხვდება ბარშიც და მთაშიც და ვრცელდება ზ.დ. 1900-2000 მ-მდე. ყველაზე ფართო გავრცელებისაა ფოთლოვანი სახეობები. წიწვიანები კი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, იზრდება მხოლოდ მთაში (კავკასიონისა და მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში). ტყეები სხვადასხვა ფლორისტული შედგენილობისაა და განსხვავებულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოში გვხვდება. ესენია:კოლხეთის დაბლობის ტყეები, სადაც ძირითად ტყეშემქმნელი ჯიშებია: მუხა, წაბლი, წიფელი, რცხილა, მურყანი. აღნიშნული ტყეები მნიშვნელოვან ფართობებზე განადგურებულია და მათი ადგილი მეორეულ ტყეებს (მურყანი, რცხილა) უკავიათ.
კოლხეთის გორაკ-ბორცვიანი ტყეები თითქმის მთლიანადაა განადგურებული და მათი ადგილი დასახლებულ პუნქტებს, სუბტროპიკული კულტურების პლანტაციებს უკავიათ. მხოლოდ ციცაბო ფერდობებსა და ღრმა მიუვალ ხეობებშია შემორჩენილი
ფრაგმენტების სახით ეს ტყეები:

დაბლობის დაჭაობებული ტყეები. აქ მცენარეთა ძირითადი სახეობებია მურყანი
და ლაფანი;

კავკასიაში ერთ-ერთი უმდიდრესია კოლხეთის გორაკ-ბორცვიანი ზოლის მცენარეული საფარი. ბუნებრივ პირობებში იგი წარმოდგენილია კოლხური ტყით მარადმწვანე ბუჩქნარებითა და ლიანებით.

ტყის ძირითადი ედიფიკატორებია:

ქართული მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, კავკასიური რცხილა, აღმოსავლური წიფელი, ჩვეულებრივი მურყანი;

ტუგაის ანუ ჭალის ტყეები, რომლებიც ვიწრო ზოლის სახით ვრცელდება ძირითადი მდინარეების ხეობების გასწვრივ. აქ უმთავრესი სახეობებია: მურყანი, ტირიფი, ძეწნა, თეთრი ვერხვი, მუხა, თელა, თუთა და სხვ.

ამ ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს განადგურებულია და მათი ადგილი მეორეულ ბალახეულ-ბუჩქნარ მცენარეულობას ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავიათ;

გელენჯიკის, ბიჭვინთის კონცხის მიდამოებში გვხვდება მესამეულის რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვის ტყეები. წინაისტორიულ ეპოქაში იგი მრავალ ადგილას იზრდება. ამჟამად კი, საქართველოს ტერიტორიაზე მისი კორომი მხოლოდ ბიჭვინთის კონცხზე შემორჩა, თუმცა გვხვდება მისი ცალკეული ეგზემპლარებიც. აქ იგი ქმნის წმინდა ერთასაკოვან (საშუალო ასაკი 110-120 წელი) კორომს. იგი „მომაკვდავი“ ცენოზია, რომლის გავრცელების არეალი თანდათან მცირდება. ამაზე დიდი გავლენა მოახდინა ზღვის ნაპირის ძლიერმა წარეცხვამ და
ხანძრებმა. აქ აღრიცხულია 2800-მდე ფიჭვი, რომელთა საშუალო სიმაღლე 35 მ და მეტია. ხეების დიამეტრია 60 სმ. ყველაზე დიდი ფიჭვის „პატრიარქის“ გარშემოწერილობაა 7 მ, ხოლო ასაკი _ 450-500 წელი. ბიჭვინთის ფიჭვის ეს კორომი ნაკრძალად არის გამოცხადებული;

ელდარის ფიჭვის ტყის კორომი მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. მსოფლიოში არსებული ორი ადგილსამყოფელიდან ერთ-ერთი სწორედ აქ მდებარეობს (მეორე კი – ჩრდილოეთ ერაყში). ბიჭვინთის ფიჭვი
რელიქტური მცენარეა. იგი შედარებით დაბალია. მისი მაქსიმალური სიმაღლე 15- 19 მ-ს არ აღემატება, მაშინ როცა ბიჭვინთის ფიჭვი 40 მ-საც აღწევს;

აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ბარის ფარგლებში გავრცელებულია არიდული ნათელი (მეჩხერი) ტყეები, სადაც უმთავრესი სახეობებია: კევის ხე, აკაკის ხე, ღვია. მთებში ტყეებს გაცილებით უფრო მეტი ფართობი უკავიათ. მთების ქვედა კალთები შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყეებით, სადაც ძირითადი ტყეშემქმნელი ჯიშებია მუხა და რცხილა, ზოგან – ჯაგრცხილა, წაბლი, ცაცხვი, მურყანი და სხვ. ამ ტყეების მნიშვნელოვანი ფართობები დღეს მოსპობილია და მათი ადგილი დასახლებულ პუნქტებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავიათ. მთის ფერდობების შუა ნაწილში გაბატონებულია მონოდომინანტური წიფლნარი ტყეები, თუმცა მას სხვა სახეობებიც ერევა. კერძოდ, რცხილა, წაბლი, თელა, ნეკერჩხალი, დასავლეთ კავკასიონზე კი მუქწიწვიანები – ნაძვი და სოჭი.

ფოთოლმცვივანი სახეობები წიფლნარ ტყეებში მინარევების ან ქვეტყის სახით გვხვდება. დასავლეთ საქართველოში წიფლნარ ტყეებს სიმაღლის ზრდის შესაბამისად ცვლიან მუქწიწვიანი ტყეები, სადაც გაბატონებული სახეობებია ნაძვი, სოჭი და წიფელი.
წიფლნარი და მუქწიწვიანი ტყეების გავრცელების არეალის ზემოთ, დაახლოებით 1800 მ-ის წემოთ გვხვდება ჯუჯა და ტანბრეცილი ტყეები, სადაც ძირითადი სახეობებია: არყის ხე, ნეკერჩხალი, წიფელი, მაღალმთის ბოყვი, აღმოსავლური მუხა. ზოგან (თუშეთი, მდ. ენგურის ზემო წელის აუზი) გვხვდება ფიჭვის საკმაოდ მძლავრი ტყეები.
ველის მცენარეულობა წარმოდგენილია გვალვა და ყინვაგამძლე მრავალწლიანი ბალახებით – ძირითად გაბატონებულია მცენარეები, რომლებიც გარდამავალია ნახევრად უდაბნოსა და სტეპის მცენარეულობას შორის. უროს გარდა დამახასიათებელია ვაციწვერა, წივანა.

ეფემერები. ისინი უმთავრესად სამხრეთ საქართველოსა და ივრის ზეგნებზე. მდელოები გვხვდება მაღალ მთაში, ზ.დ. 1800-3500 მ სიმაღლეებზე. თუმცა განაკაფებზე იგი უფრო დაბლაც ჩამოდის და ქმნის მეორეულ მდელოებს. მაღალ მთაში
მდელოები დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ზონებისათვის. სუბალპებში იგი მაღალბალახეულობას, ე.წ. შამბს (შამბნარს) ქმნის, სადაც ბალახები მაღალი (1-2 მ, ზოგჯერ 3-5 მ) და ხშირია. მას „მამონტის ფლორასაც“ უწოდებენ. აქ გვხვდება: დიყი, ლაშქარა და სხვ. სუბალპური მდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი სახეშეცვლილია, სუსტად აქვთ შენარჩუნებული პირვანდელი ბუნებრივი სახე. ამიტომ სუბალპებში იშვიათად გვხვდება მაღალბალახეულობა. ალპურ მდელოებს გაცილებით მეტი ფართობი უკავიათ და ქმნიან დაბალბალახეულობას (20-30 სმ-მდე), თუმცა ინტენსიური გაძოვების შედეგად არც მათ აქვთ შენარჩუნებული პირვანდელი ბუნებრივი სახე. ისინი იყოფა ნამდვილ მდელოებად და ხალებად (ე.წ. “ნოხებად”). ნამდვილ მდელოებს ქმნიან მარცვლოვნები და ისლიანები, ხოლო ხალებს – ნაირბალახოვნები (ე.ი. ბალახოვანი მცენარეები მარცვლოვნების, ისლიანებისა და პარკოსნების გარდა). ალპური ხალებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი ფერების ყვავილოვანი ბალახები: წითელი გვირილა, მაჩიტა, ნაღველა, ხოლო ნამდვილი მდელოებისათვის – ვაციწვერა, წივანა და სხვ. ალპური მდელოების გავრცელების არეალში მუდმივი დასახლებები საერთოდ არ არის, თუმცა მაინც არის შეცვლილი ადამიანის ზემოქმედების შედეგად – გამოყენებულია სათიბ-საძოვრებად.

წიგნიდან “კავკასიის ბუნება და რესურსები”

Leave a Comment