ზემო სვანეთი, რომელსაც ენგურის აუზის უმეტესი ნაწილი უჭირავს ფართობით აღემატება ლუქსემბურგის სახელმწიფოს. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 186 მ) სწორედ აქ არის-სვანეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზრვარზე. ოფიციალურად ეს კუთხე მესტიის რაიონის სახელით აღინიშნება. სვანეთი მთლიანად კავკასიონის მაღალმთიან ზოლშია მოქცეული. იგი შედის კოლხეთის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ოლქში(ამ უკანასკნელის ფართო გაგებით). აფხაზეთთან ერთად ზემო სვანეთი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხედ ითვლება.
სვანეთის ბუნება ექვემდებარება ვერტიკალური ლანდშაფტური ზონალობის კანონს. მისი უდაბლესი ჰიფსომეტრიული სარტყელი, რომელშიც შედის ენგურის ხეობის ქვემო ნაწილი (დაახლოებით მდინარე დოლრას შესართავის ქვემოთ) ენგურის შენაკადების (დოლრას, ნაკრას, ნენსკრას, დერჩის ლაჰილაჭალისა და სხვა.) ხეობების ქვემო მონაკვეთებით, უკავია კოლხეთის ტიპის მთის ზაფხულმწვანე (ფოთლოვანი) ტყეების ლანდშაფტს. სარტყლის ზედა ზღვარი 1200-1300 მ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.
ფოთლოვანი ტყე ზევითკენ წიწვიანით იცვლება: სოჭი და ნაძვი გავრცელებულია 1 200 მ-დან 1 800-2 000 მ-მდე. ტყიანი სარტყლის ზედა საზღვარზე-სუბალპურ ზონაში გვხდება არყნარები. ალპური სარტყელი 2000 მ-დან 2 900-3 000 მ-მდე ვრცელდება, მისი ქვედა ნაწილი (2 000-2 400 მ) შემოსილია დეკიანებით (კავკასიონის როდოდენდრონის დაბალი ბუჩქნარით), ზედა ნაწილი კი ბალახოვანია.
სვანეთის მყინვარები თავისი სიდიდისა და მუდმივი თოვლის საზღვრის დაბალი მდებარეობის გამო საკმაოდ დაბლა ჩამოდიან. რამდენიმე მათგანი ტყიან სარტყელამდეც აღწევს(მაგალითად, ჭალაათი), უდიდესი მყინვარებია ლეხზერი, ტყვიბერი, წანერი, ჰადიში, ჭალაათი, ხალდე, ქვიში, უშბა. მუდმივი თოვლის საზღვარი ზემო სვანეთის დასავლეთ ნაწილში (მდინარე ნენსკრას სათავეებში) 2 900 მ სიმაღლეზეა, აღმოსავლეთისკენ მაღლდება და ენგურის სათავეში 3 100 მ-მდე აღწევს. ამგვარად, მუდმივი თოვლის სარტყელი საშუალოდ 3 000 მ სიმაღლიდან იწყება, კრიონივალური სარტყელი აქ უფრო გაფართოებულია, ვიდრე საქართველოს კავკასიონის სხვა რეგიონებში. აქაური მწვერვალები და უღელტეხილები გამოირჩევიან სიმაღლე-სიდიდით, ხშირად ძნელმოსაღწევობით და ალპინისტურ სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. განსაკუთრებით ფართოდაა ცნობილი მთები უშბა, თეთნულდი, შხარა, შხელდა და სხვა.
ზემო სხვანეთი სადღეისოდ ჯერ კიდევ არაა სრულიად გამოკვლეული, რომ ნათელი წარმოდგენა არსებობდეს მისი ბუნების ძეგლებზე.
ლაჰილაჭალა ენგურის მარცხენა შენაკადია, რომელიც სვანეთის ქედიდან(მთა ლაჰილას კალთიდან) ჩამოედინება. მისი ხეობის ქვემო ნაწილში, ლატალის თემის სოფელ ლაჰილიდან 7 კმ-ზე, ყრია ძველი მყინვარის მიერ ჩამოზიდული ლოდები. ერთ-ერთი მათგანის სიგრძე-სიმაღლე შესაბამისად 9 და 11 მ -ია, მასა კი დაახლოებით 2 500 ტ.
ერატიკული ლოდი “ფერხულისქვა” მდებარეობს მდინარე ხალდეშჭალის ხეობის ზემო ნაწილში და ჩამოტანილია ხალდეს მყინვარის მიერ კავკასიონის მთავარი ქედის ფერდობიდან. სახელი მას ეწოდა ზედაპირის წრიული ფორმის გამო (თითქოს ფერხულის საცეკვაოდ ყოფილიყოს განკუთვნილი). ლოდის ზომები 20 X 20 X 18 მ, მასა 15 000 ტ-მდე. იგი მიეკუთვნება მთის ტიპის მყინვართა მიერ გადაადგილებული უდიდესი ბლოკების რიცხვს.
ზემოთ აღწერილი ეს ორი ლოდი შეადგენს ზემო სვანეთის არსებული, მყინვარული გენეზისის მქონე “მოხეტიალე ლოდების” უმნიშვნელო ნაწილს. ხოჯალის მთის კალთებიდან დაწყებული ჯერ აფხაზეთ-სვანეთის ქედის გაყოლებით, შემდეგ კი დალარის პიკიდან მთავარი ქედის გასწვრივ აილამა-ნამყვამის კალთებამდე რამდენიმე ათეული ხეობა ატარებს ძველი მყინვარების ზემოქმედების ნიშნებს და თითქმის ყოველ მათგანში დადგენილია ან საგულვებელი მსხვილი ერატიკული მასალების არსებობა.
სვანეთის ცნობილი ერატიკული ლოდებიდან ორივე ენგურის ხეობაში მდებარეობს-ერთი კალის, მეორე კი იფარის თემის ტერიტორიაზე. ამ ორ ლოდთან დაკავშირებულია სვანური თქმულება დევის შესახებ, რომელმაც მოინდომა ენგურის შეგუბება უშგულის ქვემოთ(“ლამარიას” უწმინდესი საყდრის წალეკვის მიზნით). დევის საგუბრის ნაშთად სვანები გულისხმობდნენ მაგმური ქანის ძრღვს, ანუ დაიკას, რომელიც ენგურის გარდიგარდმოდ არის მიმართული. ლეგენდის თანახმად დევმა უკვე ამოიყვანა საგუბრის ძირითადი ნაწილი და იღლიებში ორი ქვა ეკავა, რომლებსაც გზა უნდა გადაეტა მდინარისათვის. მაგრამ წმინდა გიორგიმ დევის ნაგებობის დასანგრევად ოქროს რქიანი ვაცი გამოგზავნა. ისინი რქებით ეძგერნენ დევის კედელს და გაანგრიეს. დევმა რომ დაინახა მისი ნახელავის განადგურება, გაბრაზდა და ორივე ქვა შორს მოსროლა. ერთი კალაში დაეცა, მეორე-იფარში. შემდგომ იფარის ლოდზე კოშკი აუშენებიათ.
მყინვარების მიერ ჩამოზიდული დიდი ლოდები, ენგურის მთავარი ხეობის გარდა, სვანეთში ბევრგანაა. ამ მიზნით შემომლილი უნდა იქნეს ნენსკარას, ნაკრას, დოლრას, მულხურას, ჰადიშჭალას, ხუმფრეირის, თხეიშისა და სხვა ხეობები მთავარი და სვანეთის ქედების კალთებზე. ერტიკული მასალა უნდა იყოს იმ ხეობებშიც, რომლებიც სათავეებით დაკავშირებულია ხოჯალის მთაკვანძთან-აქაური ლოდები დიაბაზისგან შეგდება.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ერატიკული ლოდების გარდა, ზემო სვანეთში სხვა ტიპის ძეგლებიც არსებობს. გეოლოგია-გეომორფოლოგიური ძეგლების ჯგუფიდან აქ ნაპოვნია ტრავერტინები, რომლებიც დაკავშირებულია ზედაიურული კარბოტანული ფლიშის სუბგანედურ ზოლთან(ამ უკანასკნელში მოქცეულია უღვირის ქედის, ენგურისა და ნაკრანენსკრას ხეობათა ნაწილები). იმავე ზოლში მოსალოდნელია კარსტული მღვიმეების არსებობაც.
ჰიდროგრაფიული ძეგლების ჯგუფიდან ზემო სვანეთში უდავოდ არის ჩანჩქერები და დიდდებიტიანი ვეძები (მინერალური წყაროები), მაგრამ ამჟამად ძნელია მივუთითოთ ამ ტიპების ყველაზე ღირსეული ობიექტები. ასე რომ, ამ მიმართულებით საჭიროა კვლევა. სვანეთი ტბების მხრივ ღარიბია, მაგრამ დასაცავი ტბები აქ მაინც გვხდება, მაგალითად ოქრო-წყლის ტბა აფხაზეთ-სვანეთის ქედზე. უცნობია, არის თუ არა სვანეთში ვოკლუზები, ე.ი. დიდი დებიტის მქონე კარტული წყაროები.
ზემო სვანეთში არის ერთი ობიექტი, რომელიც ზემოაღნიშნული ძეგლებისგან განსხვავებულ ხასიათს ატარებს და შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა ბუნების დაცვის ისტორიაში. იგულისხმება კავკასიონის ულამაზესი, უძნელესთა რიცხვში შემავალი მწვერვალი უშბა. 1934 წლის შემდეგ, უშბა დიდად პოპულარული გახდა მსოფლიო მთამსველებს შორის. მომავალში უშბისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდება და ამასთან ერთად იმატებს გაჭუჭყიანების საფრთხე და ასევე მსხვერპლის საშიშროებაც.
ამომწურავად ზემო სვანეთის ძეგლების და არაორგანული ბუნების დახასიათება ამომწურავად საკმაოდ რთულია, ახალი ძეგლების აღმოჩენა კი მომავლის ათწლეუბისათვისაც დარჩება.
ავტორი: ლ. მარუაშვილი
1990 წელი