ჭრიჭინა, როგორც ბამბის მავნებელი

1925 წლის მაისიდან საშუალება მქონდა მემუშავა სიღნაღის მაზრაში მებამბეობის დარგში, როგორც მიწადმოქმედების ინსტრუქტორი. მინდვრის კულტურების ჯეჯილობის დროს ვაწარმოებდი დაკვირვებებს სხვადასხვა მავნებელზე. ბამბის ჯეჯილის ფაზის დაყებიდან კი ჩემს ყურადღებას, განსაკუთრებით ჭრიჭინა იპყრობდა. ბამბის მავნებლობა ჭრიჭინას მიერ, ჩემ მიერ დამტკიცებულია არაპირდაპირი გზით იმ ლაბორატორიულ ცდებისა და მინდვრის საშუალებით, რომელსაც ვაწარმოებდი ბამბის მთელ სავეგეტაციო პერიოდში 1925 წელს შუა აზიაში, თურქესტანის სარსელექციო სადგურზე. მაგრამ დავრწმუნდი და დავამტკიცე რა არაპირდაპირ გზით ჭრიჭინას მიერ (gryllus desertus pall) ბამბის მავნებლობა, გადავედი იმავე მოვლენის პირდაპირი გზით მინდვრის პირობებში დაკვირვებაზე. ჩემს დაკვირვებაში ჭრიჭინას ვრცელდება მთელ მაზრაში, მაგრამ ყველაგან ერთიანად არ იყო მოდებული. ბამბის ზოგი არე ნაკლებად იყო მოდებული ჭრიჭნით, ზოგი მეტად.

ხშირად მხვდებოდა ისეთნაირად დაზიანებული ბამბის არე, რომელიც დამახასიათებელია ჭრიჭინისთვის ლაბოტარიულ პირობებში. სიღნაღის მაზრაში ჭრიჭინები ჩნდებიან ბამბის მინდვრებზე ჯეჯილობის ფაზიდან. საჭიროა აღინიშნოს ის მოვლენა რომ ჭრიჭინების ტოვებენ ბამბის მინდვრებს, ბამბის ბუტონიზაციის დროს. სიღნაღის მაზრაში ეს მწერი შენიშნული იყო ბამბის მინდვრებზე კოკრობის დროსაც. ბამბის განვითარების ამ ფაზაში იყო მეორე გენერაცია, მაგრამ დანამდვილებით ამის თქმა არ შემიძლია. შეიძლება ეს იყო დაგვიანებული პირველი გენერაცია და არა მეორე.

სოფელ ბადიარუის საბამბე ნაკვეთზე, ბუტონიზაციის დროს ივლისის პირველი დეკადში ვაკვირდებოდი თუ როგორ ადიოდნენ ჭრიჭინები ბამბის მცენარეებზე, ადიოდნენ ბამბის მცენარის ქვედა ფოთოლზე, ბამბის მწვერვალამდეც კი აღწევდნენ, მაგრამ არ აზიანებდნენ. ეტყობა მათ ეშინოდათ, მიუხედავად ჩემი სიფრთხილისა.

ჭრიჭინა მშიშარა მწერია. სმენა ძალიან განვითარებული აქვს. სულ მცირე ჩამიჩუმისგან გარბის. ხშირად ჭრიჭინა რაღაცით შეშინებული ტოვებს ბამბის მთელ მინდორს და იმალება. მიუხედავად მისი შიშისა, დიდი დაკვირვების შემდეგ შევნიშნე, რომ იგი აცოცდა ბამბის ბუჩქზე და ფოთოლი შეჭამა. ჭრიჭინა სჭამდა ფოთოლს ხან ნაპირიდან , ხან შუა ნაწილიდან, მაგრამ ცოტა ხანში დაბლა დაეშვა და გაიქცა. პირდაპირი და არაპირდაპირი გზები საბოლოოდ ამხელენ, რომ ჭრიჭინა ბამბის მავნებელია.

ამრიგად, ჭრიჭინას გავრცელება კავკასიაში, იძლევა საფუძველს რომ ვსთქვათ, რომ მის მიერ მიყენებულ ზიანს ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.


ავტორი: ვლადიმერ ლეჟავა

1925 წელი; ტექნიკა და ცხოვრება

Leave a Comment