საქართველოს მთის ტყის ეკოსისტემათა პრობლემები

სატყეო მეურნეობის კულტურის ამაღლების, მისი ინტენსიფიკაციის აუცილებელი პირობაა ტყის ბუნებისა და მისი განვითარების კანონზომიერებათა ღრმა ცოდნა. უნდა ვიცნობდეთ ტყის მერქნიანი ჯიშების ეკოლოგიასა და ბიოლოგიურ თავისებურებებს, აგრეთვე ტყის თანასაზოგადოებათა განვითარების დინამიკასა და იმ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს, რომელშიც ტყე ვითარდება. ყოველივე ეს ისე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც მედიცინისთვის ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიისა და საერთოდ ბიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა.

საქართველოს მთის ტყეების ძირითადი ეკოსისტემებია წიფლნარი, მუხნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, ფიჭვნარი და რცხილნარი. მთის ტყის იმ კორომების საერთო მდგომარეობა, რომლებსაც მერქნით სარგებლობისათვის ჭრიან, საკმაოდ არასახარბიელოა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კორომთა რეგენერაციის, ბუნებრივი განახლების უნარის მნიშვნელოვნად დაქვეითება, ხეთადგომის სიხშირის მკვეთრად შემცირება, რამაც განაპირობა ნიადაგის ეროზიული პროცესების განვითარება. მდინარეთა რეჟიმის დარღვევა, ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითება და სხვა. ყოველივე ამან გააუარესა ტყის კორომების ხარისხობრივი მაჩვენებლები და შეამცირა მათი პროდუქტიულობა, რითაც სახალხო მეურნეობამ საგრძნობი ზარალი განიცადა.

ზემოთ დასახელებულ თითოეულ ეკოსისტემას თავისებური ნიადაგი ახასიათებს. ცნობილია, ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის ორი გზა: მინიმალური და ორგანული სასუქებუს გამოყენება და ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტყის ჩამონაყარში არსებულ ნაცროვან ნივთიერებათა სწრად გამოყოფას და კორომთა მიერ მათ ათვისებას. ეს მოითხოვს ტყის ჯიშების სათანადოდ შერჩევას. სწორედ ამიტომაა საჭირო თითოეული ჯიშის ბიოეკოლოგიური მახასიათებელების-ჯიშთა ურთიერთდამოკიდებულების, გარემოზე, განსაკუთრებით ნიადაგზე მათი ზემოქმედების დეტალური ცოდნა.

ტყეების აღწარმოებისას ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის თეორიის პრაქტიკული გამოყენება ძირითადი პირობაა მაღალპროდუქტიული კორომების შესაქმნელად. მთის რეგიონების დინამიკის თავისებურება დამოკიდებულია თანამედროვე ბუნებრივი პროცესების სწრაფ ცვალებადობაზე. აღსანიშნავია ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი და სხვა. ისინი პერიოდულად წარმოიქმნებიან, უდიდესი ძალა აქვთ და ნივთიერებათა დიდი მასების გადაადგილებას განაპირობებენ. როცა ბუნებრივი პროცესები სტაბილურია, დროის განსაზღვრულ პერიოდში ეკოსისტემებიც მდგრადია, მაგრამ მათი განვითარება არ ფერხდება.

ბუნებრივ პროცესებთან ერთად ტყის ეკოსისტემების ცვალებადობაზე გავლენას ახდენს აგრეთვე ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. საქართველოს მთის ტყეთა ეკოსისტემებმა, ამა თუ იმ ხარისხით განიცადეს ანთროპოგენური უარყოფითი ზეგავლენა-ეკოსისტემათა ცალკეული კომპონენტების მკვეთრი ცვალებადობა. იმის გამო, რომ ეკოსისტემის კომპონენტები დიალექტიკურ ერთიანობაში იმყოფებიან, ერთი მათგანის ცვალებადობა სხვა კომპონენტების ცვალებადობას განაპირობებს. ზოგჯერ მთლიანად გარდაიქმნება ეკოსისტემა, რაშიც გადამწყვეტი როლი ადამიანს მიუძღვის. მაგალითად, მთის ტყეებში უსისტემო ძოვება იწვევს მცენარეთა სახეობრივ ცვლას-სასრგებლო სახეობების სარეველებით შეცვლას და ბიომასის შემცირებას. მთის ტყის დაუზოგავი ექსპლუატაცია (ჭრა) განაპირობებს მისი ჯიშობრივი შემადგენლობის, ხნოვანებითი აღნაგობისა და სიხშირის გაუარესებას. წარსულში ტყის უსისტემო ჭრამ გამოიწვია აღმოსავლეთ საქართველოს მუხრანების დეგრადაცია. მეურნეობის არაწესიერი ფორმის გამოყენების შედეგად მთებში იქმნება ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური ანთროპოგენური მოდიფიკაცია: ვხდებით დამეწყრილ ცირკებს, რომელთა წარმოშობა ადამიანის სამეურნეო საქმიანობას (გზებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა და სხვა.) უკავშირდება.

საგრძნობლად დაზიანდა ეკოსისტემა ტყის ექსტენსიური მეურნეობის პირობებში. ტყის რესურსებით არარაციონალური სარგებლობა გამოწვეულია ბუნებრივი კომპონენტების არასრულყოფილი შესწავლით. მაგალითად, ნაკლები ყურადღება ექცევა ადგილის გეოლოგიური აღნაგობის თავისებურებებს, რომელთა მნიშვნელობა ტყის ბიოგეოცენოზის ჩამოყალიბება-განვითარებაში უაღრესად დიდია. ტყის წყალსარეგულირებული როლის განხილვისას ადგილის გეოლოგიური აღნაგობა აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. მართალია, ტყე, მისი ხეთადგომა ხელს უწყობს კარგი წყალგამტარობის ნიადაგის წარმოქმნას, მაგრამ ნიადაგის ფენის გარეთ წყლის მიგრაცია დამოკიდებულია გეოლოგიურ თავისებურებებზე.

ბუნებრივ გარემოზე ტყის კეთლმყოფელი გავლენის უზრუნველსაყოფად დიდი მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანი ტყის ეკოსისტემების ფორმირებას. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც თვით ტყის ბუნებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამ თვისებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ტყის ეკოსისტემები. სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებს ტყის ძირითადი გარდამქმნელი თვისებები, რომლებიც მასტაბილიზებელ გავლენას ახდენენ ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობაზე. ტყის ეკოსისტემების გავლენა გამოიხატება ბუნებრივ პროცესებზე მათი უწყვეტი და ხანგრძლივი ზემოქმედებით, რასაც მათი არსებობის ხანგრძლივობა განაპირობებს. სხვა მცენარეული თანასაზოგადოება მოკლე სასიცოცხლო ციკლის გამო ამ უნარს მოკლებულნი არიან.

ტყეთა ბუნების ღრმა შეცნობა და მათი სიცოცხლის მდგრადობისა და ხანგრძლივობის შენარჩუნება თანამედროვე პირობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სატყეო მეურნეობის სწორად წარმართვისა და ბუნების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

ავტორი: ლელა გვაზავა

1990 წელი

Leave a Comment