დედამიწაზე რადიაციული ფონის არსებობა განპირობებულია როგორც რადიოაქტიური ნივთიერებების ლითოსფეროში, ჰიდროსფეროში და ატმოსფეროში გავრცელებით, ასევე კოსმოსური გამოსხივებით.
ბუნებრივი რადიაციული ფონიდან ორგანიზმების მიერ შთანთქმული დოზა მცირეა. იგი წელიწადში საშუალოდ 0,1-დან 0,6 რამდემდე მერყეობს. სამყაროს რადიაციული ფონი ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დაახლოებით 1 % -ით გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზია ატომური აფეთქებები და ატომური მრეწველობის ნარჩენებით დანაგვიანება.
რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფა ატმოსფეროში, მათი წყალში ან ნიადაგზე დალექვა ადგილმდებარეობის სანიტარულ-ჰიგიენური მდებარეობის საბოლოო სურათს არ ასახავს:ბუნებრივი მოქმედი ფაქტორების (ქარი, ნალექი და სხვა) ზეგავლენით რადიოაქტიური ნივთიერებები ხელახლა გადანაწილდება და ამის გამო ადგილმდებარეობის სანიტარული მდგომარეობა არსებითად იცვლება. რადიოაქტიური ნივთიერებების გადანაწილების შედეგად მოსალოდნელია წარმოიქმნას რადიოიზოტოპების დიდი რაოდენობით შემცველი უბნები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის სახიფათო დოზებით დასხივებას გამოიწვევს.
ატომური წარმოების ზრდასთან ერთად რადიოაქტიური ნარჩენების რაოდენობაც იზრდება. მეცნიერთა გაანგარიშებით რადიოაქტიური ნარჩენების აქტიურობა 2030 წლისთვის დედამიწაზე არსებულ ბუნებრივ რადიოაქტიურ ელემენტთა აქტიურობას გაუტოლდება და რასაკვირველია რადიოაქტიური ფონი მითითებული დროისთვის, ამჟამად არსებულ ფონთან შედარებით, ორჯერ მეტი იქნება. თუ სწორად არ იქნა გადაწყვეტილი რადიოაქტიური ნარჩენების გადაყრისა და ატომურ საგამოცდო აფეთქებათა პრობლემა, შესაძლოა ბიოსფეროს რადიოაქტიურმა დანაგვიანებამ ეკოლოგიური სისტემის სრული გადაგვარება და განადგურება გამოიწვიოს. მეცნიერებამ დროულად უნდა დაუთმოს უდიდესი ყურადღება სამყაროს რადიოაქტიური ნივთიერებებით დანაგავიანების მინიმუმამდე დაყვანის პრობლემას.
ბიოსფეროს რადიოაქტიური დანაგვიანების წყაროებიდან საყურადღებოა შემდეგი:
1. რადიოაქტიური მადნის მოპოვება;
2. რეაქტორების ექსპლუტაცია;
3. ატომური იარაღის გამოცდა;
4. ბირთვული საწვავის გადამუშავება;
5. რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვა;
6. ავარიული მდგომარებები
ამათგან ყველაზე უფრო ძლიერ დამნაგვიანებლად ატომური ყუმბარის ჰაერში აფეთქება ითვლება. ატომური იარაღის გამოყენების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბლის მტვერი გლობალურად ანაგვიანებს ბიოსფეროს.
ბირთვულ აფეთქებას 5 დამაზიანებელი ფაქტორი ახლავს: დარტყმითი ტალღა, სინათლის გამოსხივება, ინდუქციური იმპულსური დენი და რადიაციული დანაგვიანება, რადგან რადიაციული დანაგვიანება ხანგრძლივად მოქმედი ფაქტორია(თვეობით და წლობით, იგი ჰიგიენური თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
რადიონუკლიდებით დამნაგვიანებელი წყაროები საბოლოო ჯამში ანაგვიანებს ჰაერს, ნიადაგს, წყალს, მცენარეებს პროდუქტებს, შენობებს, ტრანსპორტს, მანქანებსა და ტექნიკურ საშუალებებს.
1963 წელს დაიდო ხელშეკრულება ატომური იარაღის ყველა სახის აფეთქების (ატმოსფეროში მიწისზედა, წყლის ზედაპირიდან, წლაქვეშა და ნიადაგქვეშა) აკრძალვის შესახებ. სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას, მტკიცედ იცავენ მას. ეს მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია რადიოაქტიური დანაგვიანებისგან დაცვის საკითხში.
დღეს-დღეისობით დაწვრილებით განხილულია ნიადაგის, წყლისა და მცენარეების რადიოაქტიური იზოტოპებით დანაგვიანებისა და კვებით ჯაჭვებში მათი მიგრაციის საკითხები, ხოლო არ არის განხილული ტყის სანიტარულ-ჰიგიენური ფუნქიის საკითხებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია და სპეციალურ ყურადღებას იმსახურებს.
ტყე რადიოაქტიური ელემენტების გავრცელების საწინააღმდეგო ბარიერია. სხვა ტიპის ლანდშაფტისაგან განსხვავებით ტყისთვის დამახასიათებელია რადიოაქტიური დაშლითი პროდუქტების შეკავება, შებოჭვა. ტყე აკავებს არა მარტო ვერტიკალურად ჩამონაცვენ რადიოაქტიურ პროდუქტებს, არამედ იგი ჰორიზონტალურად მიმართული ჰაერის ნაკადსაც ფილტრავს აღნიშნული პროდუქტებისგან.
დადგენილია, რომ რადიოაქტიური მტვრის გლობალური დალქვისას ტყის მიერ რადიოაქტიურ ნივთიერებათა შეკავების კოეფიციენტი 40%-მდე აღწევს. შემოდგომაზე და ზამთარში ფოთოლცვენის გამო შეკავების კოეფიციენტის მნიშვნელობა ნაკლებია. ტყის დამცველი გავლენა ვრცელდება მოსაზღვრე უტყეო ფართობზე (ტყიდან 1 კმ-ის მანძლზე).
ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელია ტყესთან ახლომდებარე ტერიტორიის და დასახლებული ადგილების მეორეული დანაგვიანება. მეორეული დანაგვიანების მიზეზად ქარების გაძლიერება ან ტყის ხანძარი გვევლინება. ტყის ხანძრის შემთხვევში ფერფლი რადიოაქტიური ელემენტებით რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ვრცელდება.
ტყის მასალის გამოყენებაც უწყობს ხელს რადიოაქტიური იზოტოპების გავრცელებას. ამის გამო, ექპერტიზის ნებართვის გარეშე დანაგვიანებული ტყის მასალით სარგებლობა, ისევე როგორც რადიონუკლიდებით დანაგვიანებული წყლის, საკვები პროდუქტების, ფურაჟისა და სხვათა გამოყენება სასტიკად აკრძალულია.
ავტორი: გიორგი წიქორიძე
წყარო:
1. კაუშინსკი დ., კოვალსკია. სასოფლო-სამეურნეო და ზოგადი რადიობიოლოგიის კურსი,
2. გელაშვილი კ. “რადიაციული ჰიგიენა”
3. ხუბუტია ვ. “რადიოაქტიული იზოტოპები, სხივური დაავადება”