ნივთიერება ანუ მატერია აგებულია რამოდენიმე ათეულ “ელემენტებიდან”, ელემენტი კი თავის მხრივ აგებულია უმცირესი ნაწილაკებისაგან “ატომებისგან” , რაც ნიშნავს “განუყოფელი”. დღეს ორივე ცნება შეცვლილია, დასახელება კი დარჩა. ამჟამად 92 ელემენტს ვიცნობთ (რკინა, ოქრო, გოგირდი, აზოტი) და ყოველი რთული ე.ი. არა “მარტივი” , არა “ელემენტარული” ნივთიერება ამ ელემენტების მრავალ და მრავალ კომბინაციას შეადგენს. ამ ელემენტების ატომების ამა თუ იმ შენაერთს, “მოლეკულას”, რაც ნიშნავს “წილაკი” ” ნაწილაკი”ეძახიან. რთული ნივთიერების უმცირესი ნაწილაკია მოლეკულა, ელემენტის კი ატომი.
ატომ მოლეკულების არსებობა ,ხოლოდ მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა, ინგლისში დალტონის მიერ 1804 წელს. ნივთიერება უმცირესი მოლეკულებისგან შესდგება, რომელიც თავის მხრივ სხვა, უფრო წვრილი ნაწილაკების კომპლექსია: ელემენტების ატომების. ამ თეორიით ყოველი ელემენტი თავ-თავისი განსაკუთრებული ატომებისგან შესდგება, რომელიც ყველა ერთნაირია და ერთი ელემენტი და მისი ატომები ვერასგზით ვერ იქცევა მეორე ატომად და ელემენტად. რკინა ოქროდ, აზოტი ჟაგბადად და ა.შ. აქედან ბუნებრივი დასკვნა: თუ ასეა, მაშასადამე ნივთიერება იმდენბუნებოვანია, ე.ი. მისი ბუნება იმდენ სხვადასხვა ფესვიანია, რამდენი სხვადასხვა ელემენტიც შედის მის შემადგენლობაში.
მე-19 საუკუნის ნივთიერება “ოთხმოცდაორმაგია”, ე.ი მეტად რთულია, ატომ-ელემენტი კი პირიქით მარტივი და დაუშლელ-გადაუქმნელი(წინა საუკუნეში მხოლოდ 82 ელემენტს იცნობდნენ.
წინა საუკუნეებს სხვა წარმოდგენა ჰქონდა ნივთიერებაზე. “მატერია” მათ მთლიანად მიაჩნდათ და ერთი ელემენტიდან მეორეს მიღების დასახვა ბუნებრივ საქმედ მიაჩნდათ, ვის არ გაუგონია ალქიმიკოსების სახელი (მე-4 საუკუნიდან მე-18 მდე) და მათი ფილოსოფიური ქვის ამაო ძებნის ამბავი, რომლის შემწეობით მით უნდა ოქროდ ექციათ ყოველი სხვა ნაკლებფასიანი მეტალი: რკინა, ტვია, სპილენძი. ეს ხომ ერთი ელემენტის მეორედ ქცევის ცდა იყო, ამაო იმ დროის ცოდნისთვის და ამიტომ ვერ მიღწეული.
მე-19 საუკუნემ “გაამოლეკულურა” და ამით ძალიან გაამეცნიერულა ლავუზიეს მთლიანი ნივთიერების ქიმია და ნიუტონის ფიზიკა. ყოველ ცალკე მოლეკულაში ჩაახედა ნივთიერების და ძალების კვლევა, ატომ-მოლეკულის მიგნებამ. შეიძლება ვთქვათ, რომ დალტონმა “გაამათემატიკურა” ქიმია და ფიზიკა რადგან ყოველ ცალკე მოლეკულაში ჩაახედა ისინი მათი სასწორ-მიკროსკოპით, მაგრამ მხოლოდ მოლეკულაში. ატომში კი ვერა: წარსული საუკუნის მოლეკულური ქიმიის ატომი “დახშული” იყო, განუყოფელი. წარსული საუკუნის ქიმიას დიდი მიღწევები აქვს მოლეკულურ დარგში, ატომშორისო, მაგრამ უარყოფითი თვით ატომურში. მაგალითად, მოლეკულურ ქიმიას შესანიშნავი მოლეკულური სინთეზები აქვს ჩატარებული უკანასკნელი ნახევარ-საუკუნის განმავლობაში-სხვადასხვა რთული ნივთიერების მიღება ელემენტებიდან ან იაფი ნედლეულიდან. ხელოვნური სასმელ-საჭმლის, სანათ-სათბობის, სასუქის, ფეთქადის, ცილეულის, ცხიმეულის, მაგრამ სამაგიეროდ მთელი საუკუნით (1804-1006) შეჩერებული აქვს ატომური სინთეზ-ანალიზი, ელემენტების დაშლა-გარდაქმნაზე ფიქრიც კი, რაც წარსულ საუკუნეს ” უაზრობად” მიაჩნია და “ამაო ოცნებად” აქვს გამოცხადებული ალქიმიის პერიოდს.
ახლა კი როცა დამტკიცდა ელემენტის სირთულე , ირკვევა, რომ სწორედ ეს გარდაქმნა-სინთეზი ყოფილა ქიმიის მთავარი ძალა და მიზნად ასაღები საკითხი. ე.წ. რთული ანუ მოლეკულური სინთეზი პირიქით, აუარება ენერგიას შთანთქავს, ე.ი. ძვირთ-უძვირესად ჯდება და არახელსაყრელია ენერგიისათვის საყოველთაო ბრძოლის დღევანდელ პირობებში. სწორად მიმართული “ატომსინთეზი” კი ამ ენერგიას გაანთავისუფლებს და ხელთ მოგვცემს უიმისოდაც საინტერესო “ელემენტარულ” სინთეზის ზედმეტი “უფასო დამატების” სახით.
რუსუდან ნიკოლაძე
1934 წელი