☀️ მზის და მთვარის დაბნელება 🌙

ვარსკვლავიერი ცა მდიდარია ობიექტებით: ვარსკვლავებით, პლანეტებით, კომეტებით, პლანეტების თანამგზავრებითა და ა.შ. ისინი მრავალგვარ მოძრაობაში იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, ჩვენი გალაქტიკის შემადგენელი სხეულებისათვის ესაა მათი ერთიანი გარემოქცევა გალაქტიკის ბრუნვის ღერძის ირგვლივ. თუმცა მათ საკუთარი, სხვათაგან განსხვავებული ინდივიდუალური მოძრაობებიც ახასიათებთ გარემომცველი ობიექტების ერთობლიობის მიმართ. ასევე ორბიტული ბრუნვითი მოძრაობებია დამახასიათებელი ე.წ. ვარსკვლავთა გროვების შემადგენელი ობიექტებისათვის, ცალკეულ ვარსკვლავთა და, მათ შორის, ჩვენი მზის ირგვლივ მოძრავი პლანეტებისა და ყველა დანარჩენი სახის ობიექტებისათვის. ოღონდ თვით ერთი რომელიმე ფიქსირებული სისტემის თუნდაც მოწესრიგებული გარემოქცევითი მოძრაობა მაინც საკმაოდ ინდივიდუალურია ცალკეულ წევრთათვის: ისინი გარემოიქცევიან სხვადასხვა ზომის ორბიტებზე, ამიტომ ცაზე სხვადასხვა კუთხური თუ ხაზოვანი სიჩქარით შეიძლება გადაადგილდებოდნენ, შეიძლება გარემოიქცეოდნენ სხვადასხვა სიბრტყეებში, ჰქონდეთ ორბიტების სხვადასხვანაირი გაწელილობანი და ა. შ. აქედან გამომდინარე, შეიძლება დროდადრო მოხდეს რომელიმე ციური სხეულის გავლა დედამიწასა და სხვა რომელიმე ციურ სხეულს შორის, მათ ცენტრთა შემაერთებელ წრფესთან ძალიან ახლოს, ისე, რომ ერთმა მათგანმა ჩვენგან ნაწილობრივ ან მთლიანად დაფაროს მეორე. ამ მოვლენას ერთი სხეულის მიერ მეორის დაფარვა ჰქვია. კონკრეტულ განსხვავებულ პირობებში კი მას სხვა სახელებითაც მოიხსებნიებენ, როგორიცაა პლანეტის ან მთვარის მიერ ვარსკვლავის დაფარვა, პლანეტის გავლა მზის დისკოზე, პლანეტის დაფარვა მთვარით და ა.შ. ამათ რიგშია მთვარის ჩამოფარება მზის მიმართ ანუ ე.წ. მზის დაბნელება და თვით დედამიწის გავლა მზესა და მთვარეს შორის ანუ დედამიწის ჩრდილის მიერ მთვარის დაბნელება. ყველა ამ სახის მოვლენის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის აღნიშნული მოვლენების დასაწყისისა და დასასრულის მომენტების ზუსტ განსაზღვრას. მაგალითად, მთვარის მიერ მნათობთა დაფარვის ზუსტი აღწერა გვეხმარება მთვარის მოძრაობისა და მისი დისკოს შესწავლაში, პლანეტის მიერ ვარსკვლავის დაფარვა კი ინფორმაციას გვაწვდის ამ პლანეტის დიამეტრის ზომის, აგრეთვე მასზე ატმოსფეროს არსებობის და მისი მახასიათებლების (კონცენტრაციის, ქიმიური შედგენილობის და სხვათა) შესახებ. ამიტომ ასტრონომები ამგვარ მოვლენებს მუდამ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ამას გარდა ისინი, თუნდაც რომელიმე პლანეტის გავლა მზის დისკოზე, ან მზისა და მთვარის დაბნელებანი მუდამ უბრალო მოსახლეობის მაღალი ცნობისმოყვარეობის საგანიც იყო. ესეც ზრდიდა მათზე ასტრონომიულ დაკვირვებათა მნიშვნელობას.

ამიტომ მზე-მთვარის დაბნელებებს გულისყურით აკვირდებოდნენ და აღწერდნენ სულ ცოტა ბოლო 5 ათასწლეულის განმავლობაში ყველა უძველეს ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩინეთში. ამ დაკვირვებებმა დიდი როლი შეასრულეს თუნდაც დროის აღრიცხვის განვითარებაში. კერძოდ დედამიწის ღერძული ბრუნვის უთანაბრობების აღმოჩენასა და ამ ბრუნვის შენელების ტემპის დადგენაში.

მნათობთა მიერ ერთმანეთის დაფარვის ყველაზე მნიშვნელოვან სახეობებს:

☀️ მზის დაბნელება

ეს მოვლენა ადამიანებში შორეულ წარსულშივე დიდ ინტერესს აღძრავდა. დღისით-მზისით კაშკაშა მნათობის დისკოს თანდათან ჩრდილი ჰფარავდა, მისი მცხუნვარება კი თანდათანვე იკლებდა. ზოგჯერ მნათობი სრულიად უჩინარდებოდა თუნდაც ხანმოკლე დროით, დედამიწაზე სიბნელე ისადგურებდა და ტემპერატურაც მკვეთრად ეცემოდა. მერე ისევ თანდათანობითვე აღდგებოდა მნათობის სრული სიკაშკაშე. ამ მოვლენის მიზეზი შორეულ წარსულში, ცხადია, უცნობი იყო, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის მაინც, ამიტომ მას დრაკონისა თუ ურჩხულის მიერ მზის გადაყლაპვით ხსნიდნენ. მონუსხული მოსახლეობა მზის გამოხსნასაც ცდილობდა სხვადასხვანაირი ზემოქმედებით. ჟამთაღმწერნი თავიანთ მატიანეებში საკადრის ადგილს უჩენდნენ მსგავს მოვლენათა აღწერას, ამიტომ წარსულში მომხდარი მრავალი მზის დაბნელების თარიღები და მიმდინარეობის არეალი და ხასიათი ისტორიამ კარგად შემოგვინახა. ასტრონომებმა კი დამაჯერებლად ახსნეს მზის დაბნელების მიზეზები და მისი მიახლოებით მაინც წინასწარმეტყველებაც კი შეეძლოთ უკვე რამდენიმე ათასი წლის წინ.

მზის დაბნელების სქემიდან ნაჩვენებია, რომ დედამიწის სავადასხვა ნაწილებიდან მზის ერთი და იგივე დაბნელება სხვადასხვა სახით გამოჩნდება: სახელდობრ, ზოგიერთი ტერიტორიიდან მზის სრული დაბნელების, ზოგიერთიდან კი მზის ნაწილობრივი დაბნელების სახით, ამასთან მზის დაბნელების მაქსიმუმში სხვადასხვა რეგიონში მყოფი დამკვირვებლებისთვის მთვარით მზის დისკოს სხვადასხვა ზომის ნაწილი იქნება გადაფარული – უწვრილესი ნამგლიდან დაწყებული და თითქმის მზის სრული დისკოთი დამთავრებული. მთვარის დედამიწისირგვლივი გარემოქცევის გამო კი დაბნელების არე თანდათან დედამიწის საკმაოდ დიდ ფართობს გადაუვლის – რამდენიმე ათასი კმ სიგანის ერთგვარი ბნელი ზოლის სახით, რომლის შუა წირზე მთვარის ჩრდილის ცენტრი მოძრაობს. სრული დაბნელების ზოლის სიგანე კი 270 კმ-ს არ აღემატება. შუა წირის ორივე მხარეს, ამ წირიდან თანდათან მზარდი მანძილის არეებში მზის დაბნელების ხარისხი ( ანუ დაბნელების მაქსიმუმში მზის დისკოს დაბნელებული ნაწილის პროცენტული სიდიდე) განუწყვეტლივ იკლებს ნულამდე, ზოლის გარეთ კი, ორივე მხარეს, დედამიწის ის ტერიტორიებია, რომელთაც ეს მზის დაბნელება საერთოდ არ შეხებიათ.
ციური სხეულის ჩრდილის სიგრძის გამოთვლა.

მზის დაბნელებები მსოფლიო მასშტაბით წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მაგრამ დედამიწის ერთ ფიქსირებულ წერტილში იშვიათია – მზის სრული დაბნელება მხოლოდ რამდენიმე ასეულ წელიწადდში ერთხელ.

🌙 მთვარის დაბნელება

მთვარის გარდა, ცხადია, დედამიწაც აბრკოლებს მზის სხივებს და მზის საპირისპირო მხარეზე ქმნის საკუთარ ჩრდილს. ფორმით ისიც კონუსია, რომელიც ვიწროვდება დედამიწიდან მისი მანძილის ზრდისას. მისი სიგრძე გამოითვლება იმავე ნახაზის მეშვეობით, რომელზეც მარჯვენა სფერო ამჯერად დედამიწა იქნება. ამიტომ აქაც სამკუთხედთა მსგავსებიდან დავწერთ.

მთვარის დაბნელების სქემა.

მთვარის ზედაპირის იმ ნაწილამდე, რომელიც დედამიწის ჩრდილშია მოქცეული, მზის სხივები ვეღარ აღწევს და ეს ნაწილი, როგორც საკუთარი გამოსხივების უნარს მოკლებული, დედამიწიდან აღარ ჩანს. ეს ე.წ. მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა.

თუ მთვარე მთლიანად შევა დედამიწის ჩრდილში, მისი ზედაპირის არც ერთი წერტილი აღარ იქნება განათებული მზისგან და არც გამოჩნდება დედამიწიდან, ანუ გვექნება მთვარის სრული დაბნელება.

მთვარის დაბნელება, ცხადია, სავსემთვარეობისას ხდება, როდესაც მთვარე დედამიწიდან მზის საპირისპირო უბანშია. დაბნელების დროს მზე ჰორიზონტის ქვეშაა (დედამიწის იმ რაიონებში, სადაც მთვარის დაბნელება ხილვადია), ამდენად დედამიწის ჩრდილი ცის ხილულ ნახევარსფეროშია და მიმართულია ცის სიღრმისკენ. მთვარე, მოძრაობს რა მთვარის დედამიწისირგვლივ ორბიტაზე, შეეხება და გადაკვეთს დედამიწის ჩრდილის დასავლეთ კიდეს, ანუ მისი აღმოსავლეთი კიდე დაბნელდება. ჩრდილი თანდათან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი მთვარის სულ უფრო და უფრო მატ ნაწილს დაფარავს და მთვარის ნაწილობრივი დაბნელება შესაძლოა მთვარის სრულ დაბნელებაში გადაიზარდოს. მთვარის შესვლის ადგილას დედამიწის ჩრდილის სიგანე 2,8 -ჯერ მეტია მთვარის დიამეტრზე, ასე რომ მთვარის სრული დაბბნელება შეიძლება 2 საათს გაგრძელდეს, ნაწილობრივი დაბნელება კი 3 საათზე მეტ ხანს.

დაბნელებათა განმეორებადობა. საროსი

როგორც უძველეს დროშივე გამოარკვიეს, დაბნელებათა გარკვეული მრავალრიცხოვანი ჯგუფი მეორდება პერიოდულად. ამ პერიოდს საროსი ჰქვია (ბაბილონურად – განმეორება). პერიოდის სიგრძე 18 წელი და 11,3 დღე-ღამეა. როგორც გამოირკვა, ამ პერიოდის გასვლის მერე მეორდება მთვარის იგივე ფაზა კვანძიდან იმავე მანძილზე, რომელიც იყო პირველი დაბნელების პერიოდში. ჩვენ კი ვიცით, რომ მთვარის ფაზები მეორდება 29,53 დღე-ღამის მერე, კვანძთან მთვარის დაბრუნება – 27,21 დღე-ღამეში (დრაკონული თვე), ხოლო მთვარის ფიქსირებულ კვანძში მზის გავლის პერიოდი 346,62 დრე-ღამეა (დრაკონული წელიწადი). და გამოირკვა ,რომ 242 დრაკონული თვე = 6585 ,36 დღ-ღ-ს,

223 სინოდური თვე = 6585,32 დღ-ღ-ს, ხოლო 19 დრაკონული წელიწადი = 6585, 78 დღ-ღ-ს, ასე რომ ეს სამივე პერიოდი თითქმის ერთმანეთის ტოლია და ამიტომ ხდება დაბნელებათა განმეორება. ამ მოვლენას იყენებდნენ დაბნელებათა წინასწარმეტყველებისათვის.

ოღონდ მცირე განსხვავებანი ამ სამი პერიოდისა გამორიცხავს სხვადასხვანომრიან საროსთა შემადგენელი დაბნელებების ერთმანეთთან სრულ დამთხვევას. მაგალითად, პირველ და მეორე პერიოდთა 0,04 დღე- ღამიანი სხვაობა ნიშნავს, რომ 18 წლის მერე დაბნელების დაწყებისას მთვარე კვანძიდან რამდენადმე სხვა მანძილზე იქნება, ხოლო რადგან საროსის სიგრძე მთელ დღე-ღამეებს გარდა წილადსაც შეიცავს (1/3), დაბნელებათა ხილვადობის არეები დედამიწაზე ყოველ მომდევნო საროსში დაახლოებთ 120°-ით დსაავლეთისკენ წანაცვლდებიან.

ყოველ საროსში 70 დაბნელებაა – 41 მზისა და 29 მთვარისა. მიუხედავად მზის დაბნელებათა უფრო მეტი სიხშირისა, დედამიწის მოცემულ წერტილში მთვარის დაბნელებები უფრო ხშირია. მიზეზი: მთვარის დაბნელების არე აღემატება მზის დაბნელებისას!). ყველაზე იშვიათი კი მზის სრული დაბნელებაა – მოცემულ პუნქტში იგი 2-3 საუკუნეში ერთხელ მეორდება.

წყარო:

ამონარიდი ასტორონომიის საფუძვლებიდან

Leave a Comment