კლიმატური ფაქტორი-აუცილებელი ელემენტი დაგემარებსა და მშენებლობაში

ნაგებობაზე კლიმატის გავლენის შეფასებისათვის რიცხვითი კლიმატური მაჩვენებლის გამოყენება შედარბით გვიან დაიწყო. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ წინათ საერთოდ არ ითვალისწინებდნენ კლიმატის გავლენას საცხოვრებელზე. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ჩრდილოეთის რაიონებში მორებისგან აშენებდნენ ჩალით დახურულ დაბალ სახლებს, ხოლო სამხრეთში-თეთრად შელესილ ბრტყელსახურავიანს.

დადგენილია, რომ ევროპაში ძველი საცხოვრებელი სახლების კედლების სისქე დამოკიდებულია ზამთრის სიმკაცრეზე. რაიონებში, სადაც დიდი რაოდენობის ატმოსფერული ნალექები მოდის და გაზრდილია სინოტივე, ხოლო ზაფხულში ღრუბლიანი ამინდი სჭარბობს, მიზანშეწონილად მიიჩნიეს აეგოთ ისეთი სახლები, რომელთაც დამრეცი სახურავები, შემინული ვერანდები და მაღალი ცოკოლები ექნებოდათ.

ამინდის გაბატონებული პროცესების გათვალისწინებით თითოეული კუთხისათვის შექმნილია საცხოვრებელი სახლების განსაზღვრული ტიპი. არსებითად ისინი ასახავენ მათზე ბუნებრივ-კლიმატური პირობების გავლენას. ამიტომ ამჟამად არქიტექტორები შეისწავლიან ამ სახლების აგების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას და არცთუ იშვიათად იყენებენ მათ თანამედროვე ქალაქების დაგეგმარებისა და შენობათა დაპროექტების დროს.

კაპიტალიზმის განვითარების პერიოდში ქალაქის საცხოვრებელი, განსაკუთრებით ე.წ. შემოსავლიანი სახლების მშენებლობისას ელემენტარულ სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს არ ითვალისწინებდნენ. მაგალითად, ქალაქი ლონდონი მშენებლობის დროს კლიმატის უგულებელყოფის გამო კვამლისა და ჭვარტლის ღრუბლებში აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევებს ჰქონდა XIX საუკუნის რუსეთშიც.

უფრო მოგვიანებით, XX საუკუნეში, მთელ რიგ კაპიტალისტურ ქვეყნებში სახლების მშენებლობის დროს მეტწილად მათ სილამაზეს აქცევდნენ ყურადღებას და ნაკლებად ფიქრობდნენ იმაზე, გამოდგებოდა თუ არა ისინი საცხოვრებლად, ამასთან გატაცებული იყვნენ არქიტექტურის “მოდით” და კლიმატს უგულებელყოფდნენ.

საერთაშორისო ურთიერთობათა გაფართოებასთან ერთად ერთმანეთისგან დაიწყეს მშენებლობის სტილის გადაღება ყოველგვარი კლიმატური პირობების გათვალისწინების გარეშე. მაგალითად, ამერიკის ჩრდილოეთ რაიონებში აგებულია სახლები, რომელთა კიბეები გარეთ აქვთ 2-3 სართულის სიმაღლეზე. ზამთარში კიბეები ლიპყინულით იფარება.

ერთსა და იმავე მეტეოროლოგიურ ელემენტს ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებთან ერთად შეუძლია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი როლის შესრულება სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, მშენებლობაში, ამიტომ ნაგებობის, კავშირგაბმულობის, ელექტროგადაცემის ხაზებისა და სხვა ობიექტების მშენებლობის დროს აუცილებელია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ კლიმატური პირობები და თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი არახელსაყრელი ფაქტორების ზეგავლენა.

მშენებლობის ისეთი დიდი ტემპების დროს, როგორც ჩვენს ქვეყანაშია, ბუნებრივი პირობების მხედველობაში მიღება აუცილებელია არა მარტო ცხოვრებისა და შრომის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

ნაგებობათა მდგრადობის დადგენა, მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების სწორი ექსპლუტაცია, არხებისა და ჯებირების კონსტრუქციები მეტეოროლოგიური პირობების ჯეროვან შეჩვევასა და შეფასებას მოითხოვს. მაგალითად, გამოთვლილია, რომ თუ გათბობის სისტემის დაგეგმვის დროს ზამთრის ტემპერატურას, რომელიც პროექტის გაანგარიშებას უდევს საფუძვლად, 5℃-ით შევამცირებთ, მშენებლობის ღირებულება 0,5℃ -ით გაიზრდება, მასიური შენობის აგებისას ეს პროცენტი საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს.

სამშენებლო კლიმატური ნორმების ცოდნა აუცილებელია აგრეთვე საშენი მასალების შერჩევისას, გათბობის სისტემის, სავენტილაციო და ჰაერის კონდიცირების ქსელების, წყლით მომარაგებისა და წყლისგან ქუჩების განტვირთვის პროექტების შედგენის დროს.

დაპროექტებისას მეტეოროლოგიურ ელემენტებს ითვალისწინებენ სამშენებლო ობიექტების სახეობათა მიხედვით. მაგალითად, რკინიგზის ქსელის დაპროექტების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურას, სინოტივეს, თოვლის საბურველის სიმაღლეს.

ტემპერატურის აბსულუტური მაქსიმუმი და მინიმუმი, ივლისისა და იანვრის 13 სთ-ზე გაზომილი საშუალო ტემპერატურები (რომელთა მიხედვითაც საზღვრავენ ტემპერატურის ამპლიტუდებს) საფუძვლად უდევს ზაფხულში შენობაში ჰაერის კონდიცირების ქსელის, ხოლო ზამთარში-შენობის სავენტილაციო ქსელისა და გათბობის სისტემის დაპროექტებას.

მასიური და მსუბუქი კონსტრუქციების დაპროექტებისას მხედველობაში იღებენ შესაბამისად ყველაზე ცივი ხუთდღიურებისა დაყველაზე ცივი დღის საშუალო ტემპერატურას. ამასთან მას ირჩევენ 50-წლიანი პერიოდის 8 ზამთრის მიხედვით.

გათბობის დაწყებისა და დამთავრების პერიოდად მიღებულია საშუალო დღეღამური ტემპერატურის მყარი გადასვლა 10℃-ზე შემოდგომით და გაზაფხულზე (საქართველოსათვის).

სავენტილაციო ქსელის დაპროექტებისას გამოიყენება საშუალო ტემპერატურა ყველაზე ცივი პერიოდისა, რომელიც გათბობის პერიოდის მთელი ხანგრძლივობის 15%-ს შეადგენს.

ჩვენი ქვეყნის სამხრეთ რაიონებში ნაგებობათა დაპროქტების დროს გასათვალიწინებელია მზის რადიაციით კედლების გადახურების შედეგად შენობაში ტემპეტრატურის ზრდის ფაქტსაც. იმ რაიონებში, სადაც ივლისის თვეში დღის 13 სთ-ზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა 25℃-ზე მაღალია, შენობის დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გადახურვების საწინააღმდეგო საშუალებები.

სამრეწველო საწარმოებისა და დასახლებული პუნქტების განლაგებების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქარის მახასიათებლებს: ქარის სხვადასხვა მიმართულების განმეორადობისა და წყნარ დღეთა რიცხვს, იანვარისა და ივლისის საშუალო თვიურ სიჩქარეებს: ყველაზე ცივი და ყველაზე ცხელი სამი თვის ქარის საშუალო სიჩქარეების, მათ განმეორებადობას მიმართულებების მიხედვით.

ქარის მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც 1,5,10, 20 წლის განმავლობაში ერთხელ მაინცაა მოსალოდნელი, საფუძვლად უდევს ნაგებობებზე, კავშირგაბმულობისა და მაღალი ძაბვის ელექტროქსელზე ქარის დატვირთვა კი-სამშენბელო კონსტრუქციის გაანგარიშებას სამი ზღვრული მდგომარეობის მიხედვით.

სამშენებლო კლიმატოლოგიაში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. თოვლის დატვირთვის გაანგარიშებას ანუ სამშენებლო ნაგებობათა გადახურვაზე დაგროვილი თოვლის სტატიკურ ზემოქმედებას. თოვლის დატვირთვა გადახურვის ჰორიზონტალურ პროექციაზე დამოკიდებულია დედამიწის ფართობზე მოსული თოვლის საფარის მასაზე(კგ-ით), თვით თოვლის საფარის მასა კი-საფარის სიმაღლეზე და სიმკვრივეზე. საქართველოს ტერიტორიაზე თოვლის საფარის სიმაღლის ცვალებადობის ფარგლები დიდია. უხთოვლიან ზამთარში მისი მაქსიმალური სიმაღლე ზოგჯერ 3-5 მ-საც აღწევს(მაგალითად 1987 წ.) ცვალებადია აგრეთვე თოვლის საფარის სიმკვრივე: თოვლის სტრუქტურის შესაბამისად იგი იცვლება 0.19-დან 0.24 კგ/მ -მდე.

გაანგარიშებული თოვლის საფარის მასის მიხედვით საქართველოს ტერიტორიისათვის შედგენილია რუკა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ნებისმიერი რაიონის დაგეგმარების სქემებისა და პროექტების შედგენის დროს განისაზღვროს ნაგებობებზე თოვლის დატვირთვა.

კრებულში “ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისთვის” შეტანილია ჩამოთოვის, მყარი საფარის წარმოქმნის, მისი რღვევისა და ინტენსიური დნობის დაწყების თარიღები. გამოთვლილია ირიბი წვიმების ინდექსი(ნალექების რაოდენობისა და ქარის საშუალო სიჩქარის ნამრავლი), რომელიც გათვალისიწნებული უნდა იქნეს ნაგებობათა ორიენტაციის დადგენის დროს. ატმოსფერული ნალექების წლიური და სეზონური რაოდენობის ცოდნა საჭიროა მდინარეთა კალაპოტების ჯებირების აგებისა და გამაგრებისათვის, ატმოსფერული ნალექების დღეღამური მაქსიმუმისა კი-სარწყავი სისტემებისა და კოლექტორების გამდინარობის დადგენისათვის.

გაანგარიშებული კლიმატური ნორმები გამოთვლილია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით და მათი გათვალისწინება აუცილებელია სახალხო მეურნეობის, კერძოდ, მშენებლობის დაგეგმარების დროს.

ავტორი: ნანა ასლანიკაშვილი

1988 წელი

Leave a Comment