მცენარეები 🌾

მცენარის როლი დედამიწისა და მისი ბინადრებისათვის უდიდესია.
მცენარეები, აკუმულირებენ მზის ენერგიას, გარდაქმნიან მას ორგანული ნაერთების ქიმიური ბმების ენერგიად, რა დროსაც არაორგანული ნაერთებისაგან წრმოიშობიან ორგანული ნაერთები. ამ პროცესის – ფოტოსინთეზის – დროს გარემოში გამოიყოფა ჟანგბადი. ამრიგად მწვანე მცენარეები არიან დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის საკვების წყარო, კვებითი ჯაჭვების პირველი რგოლი, დედამიწის მთავარი პროდუცენტები. დედამიწის ატმოსფერო, რომელიც 21% ჟანგბადს შეიცავს და ვარგისია ცოცხალი ორგანიზმების სუნთქვისათვის, დიდწილად მცენარეების შექმნილია.
მცენარეები გავლენას ახდენენ კლიმატზე, პლანეტის ტემპერატურულ რეჟიმზე. მათი საშუალებით ქვეითდება გარემოს ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებლამდე. მათ მიერ გამოყოფილი ჟანგბადი იცავს ბიოსფეროს მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც დამღუპველად მოქმედებენ დედამიწაზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე. მცენარეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნიადაგის ფორმირებაში. წინ ეღობებიან ნიადაგის ეროზიას, ამაგრებენ ქანებს. განაპირობებენ წყლის დაგროვებას დედამიწის ზედაპირზე, ხელს უწყობენ მდინარეებისა და ჭაობების წარმოქმნას.
მილიონობით წლის განმავლობაში დაგროვილმა მცენარეულმა ნაშთებმა წარმოშვეს ისეთი სასრგებლო წიაღისეული, როგორიცაა ნახშირი, ტორფი, ნავთობი, გაზი და რომელთაც ადამიანი უკვე ათასწლეულზე მეტია ენერგიის წყაროდ იყენებს.
მცენარეები ქმნიან კლიმატს, ასუსტებენ ქარის სიჩქარეს, სიცხეს. ასუფთავებენ ჰაერს მტვრისა და აირებისგან. აქვთ უდიდესი კვებითი მნიშვნელობა. ამრიგად, მცენარეები დედამიწაზე სიცოცხლის გარანტები არიან.

მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქვესამეფო ან ტიპი):წითელ წყალმცენარეებს,ნამდვილ წყალმცენარეებს, უმაღლეს მცენარეებს.

მცენარეთა ორგანოებს ახასიათებთ რიგი ზოგადი კანონზომიერებები:
სიმეტრია – ორგანო მონოსიმეტრიულია, თუ მასზე შეიძლება სიმეტრიის მხოლოდ ერთი ღერძის გავლება (ფოთოლი). პოლისიმეტრიულია, თუ მასზე შეიძლება ერთზე მეტი სიმეტრიის ღერძის გავლება (ღერო, ფესვი).
პოლარულობა. ვეგეტატიურ ორგანოს ან მის ნაწილს აქვს ორი პოლუსი – ტერმინალური (ზედა) და ბაზალური (ქვედა). ტერმინალურ ნაწილში წარმოიშობიან მხოლოდ ყლორტები, ბაზალურში – მხოლოდ ფესვები.
გეოტროპიზმი. ეს არის მცენარის რგანოების უნარი გარემო სივრცეში გარკვეული განსაზღვრული ორიენტაციისა. როგორც არ უნდა მდებარეობდეს თესლი მიწაში, ფესვი ყოველთვის იზრდება ქვემოთ დედამიწის მიზიდულობის მიმართულებით (დადებითი გეოტროპიზმი), ღერო კი იზრდება მხოლოდ ზევითკენ (უარყოფითი გეოტრიპიზმი).
ღერძულა ორგანოები – ღერო და ფესვი – ნიადაგის მიმართ ვერტიკალურად არიან განლაგებული (ორთოტროპული ორაგნოები), ფოთლები კი გარკვეული კუთხით (პლაგიოტროპული ორგანო). როგორც არ უნდა იყოს შეცვლილი მცენარის ფორმა გარემო პირობების გამო, მისი ახალგაზრდა ნაწილები სწორი ორიენტაციით ვითარდებიან.

ყვავილი🌸

ყვავილი მცენარის გენერაციული ორგანოა. წარმოადგენს სახეცვლილ, შემოკლებულ ყლორტს. ყვავილის ორგანოები სახეცვლილი ფოთლებია, რომელთა ნაწილი გადაიქცა სპორების წარმომშობ ორგანოდ, ნაწილი კი დარჩა სტერილურ მფარავ ფოთლებად.
სპორების წარმომშობი ფოთლები ორი სახისაა: მიკროსპოროფილები, რომელთაც ყვავილოვან მცენარეებში ეწოდებათ მტვრიანები და მეგასპოროფილები – ნაყოფფოთლები. ჩვეულებრივ, ნაყოფფოთლები ერთმანეთს შეეზრდებიან და ქმნიან
დახურულ კამერას, რომელშიც თესლი ვითარდება (აქედან სახელწოდება – ფარულთესლოვნები). ყვავილი ყლორტზე მოთავსებულია ყუნწით ან მის გარეშე (მჯდომარე). ყვავილის ყველა ნაწილი განლაგებულია ყვავილის შემოკლებულ ღეროზე, რომელსაც ეწოდება
ყვავილსაჯდომი.

ყვავილი დიაგრამა.

სიმეტრიის მიხედვით არჩევენ ყვავილის ორ ტიპს: სიმეტრიულს და ასიმეტრიულს.მსიმეტრიული ყვავილები არსებობენ აქტინომორფული და ზიგომორფული.

ყვავილედი. ყვავილი მცენარეზე განლაგებულია ცალკეულად ან ჯგუფურად. ყვავილების ჯგუფს ყვავილედი ეწოდება. ყვავილედი განსაკუთრებული ტიპის ყლორტია, რომელზეც ფოთლების ნაცვლად ყვავილებია განლაგებული.

ყვავილობის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი დაწყების დრო. მრავალწლოვან მცენარეებში ყვავილობა შეიძლება დაიწყოს სიცოცხლის მეორე, მესამეა ან უფრო ხნიერ ასაკში.

მერქნიან ჯიშებში პირველი ყვავილობის დრო განსხვავებულია. კულტურული ვაშლი და მსხალი ყვავის 5-7-ე წელს, მაშინ როცა ველური ვაშლი ყვავის 25-30 წლის ასაკში. სხვადასხვა მუხა ტყეში ყვავილობას იწყებს 80-100 წლის ასაკში, მაშინ როდესაც ღია ადგილას სამხრეთში 7-12 წლის ასაკში. საერთოდ, ხეები ტყეში ყვავილობას იწყებენ უფრო გვიან, ვიდრე გაშლილ ადგილას.
ყვავილობის ხანგრძლივობა სხვადასხვა სახეობებში არ არის ერთნაირი. ერთი რაიონის ფარგლებში ერთი და იგივე სახეობის მცენარეთა ყვავილობა იწყება ერთდროულად და ასევე მთავრდება. მსხლისა და ვაშლის ყვავილობის ხანგრძლივობა 8-14 დღეა, ვაზის 7-11.
ბევრი ტროპკული და სუბტროპიკული მცენარე ყვავის მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს ერთ მცენარეზე შეიძლება იყოს ნაყოფებიც და ყვავილებიც (ციტრუსები, ყავა, კაკაო და სხვ.). მუდმივად მოყვავილე მცენარეებს ეწოდებათ რემონტანტული.

თავად ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობაც განსხვავებულია. ზოგიერთი მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობს. ზოგიერთის ყვავილობა 10-15 დღე გრძელდება (ტიტა, ნარგიზი). ზოგი ყვავილი იშლება დღის განმავლობაში, ზოგი მხოლოდ ღამით. ზოგჯერ ყვავილები
პირდაპირ ღეროზე ვითარდებიან ამ მოვლენას კაულიფლორია ეწოდება (იუდას ხე).

დამტვერვა

დამტვერვა ეწოდება მტვრის დაცემას დინგზე. არსებობს ორი სახის: თვითდამტვერვა და ჯვარედინი დამტვერვა. ერთსქესიან მცენარეებში დამტვერვა ყოველთვის ჯვარედინია. ჯვარედინ დამტვერვას სხავასხვა ინდივიდებს შორის ეწოდება ქსენოგამია. თუ
ჯვარედინი დამტვერვა ხდება ერთი ინდივიდის სხვადასხვა ყვავილებს შორის ეწოდება ჰეიტენოგამია.
ჯვარედინი დამტვერვისათვის საჭიროა გარკვეული დამხმარე ფაქტორები და აგენტები. თუ დამტვერვა ხორციელდება ქარის საშუალებით ეწოდება ანემოფილია, წყლით – ჰიდროფილია, მწერებით – ენტომოფილია, ფრინველებით – ორნიტოფილია,
ჭიანჭველებით – მირმეკოფილია და სხვ.
ანემოფილურ მცენარეებში მტვერი ძალიან მსუბუქია, წარმოიშობა დიდი რაოდენობით. ყვავილები უმთავრესად უსახურია, მოკლებულია მკვეთრ შეფერილობას, ძირითადად მჭადა ან თავთავ ყვავილებადაა შეკრებილი, რომლებიც ჰაერის მცირე მოძრაობითაც ირხევიან. მტვრიანებს გრძელი ძაფი აქვს და რხევისას ადვილად ფანტავენ მტვერს. ენტომოფილია ნათელი მაგალითია ევოლიციის პროცესში მწერებისა და ყვავილოვან მცენარეთა მაღალი დონის ურთერთშეგუების. მწერებით დამმტვერავი მცენარეების
ყვავილი მიმზიდველია, მკვეთრად შეფერილი. ზოგჯერ ხავერდოვანი. ბევრ ენტომოფილურ მცენარეს განვითარებული აქვს სანექტრეები, რომლებშიც ნექტარი საკმაოდ მოზომილად გამომუშავდება და მწერი იძულებულია მოიაროს მთელი ყვავილი საკვების ძიებაში. ნექტრით მდიდარ მცენარეს ეწოდება თაფლოვანი. მწერებით დამმტვერავ მცენარეთა ყვავილები მდიდარია მტვრით. მტვრიანები
მოზრდილია, ხოლო მტვერი წებოვანი. მტვრის მარცვლის ზედაპირი ხაოიანია. მტვრის მარცვლების უხვ რაოდენობას ეწოდება ჭეო. ზოგიერთ მცენარეში (ორქიდეასებრნი) მტვერი იმდენად წებოვანია, რომ სამტვრე პარკში წარმოიშობა მტვრის ერთი გუნდა –
პოლინია და მწერს ყვავილთან მისვლისას ფეხით მთელი გუნდა გადააქვს. მცენარეებს, რომლებიც ნექტართან ერთად დიდი რაოდენობით მტვერს ივითარებენ ეწოდებათ მტვეროსანი ანუ ჭეოსანი. ენტომოფილური მცენარეების ყვავილები მდიდარია არომატული ეთერზეთებით.
ყვავილის მკვეთრი შეფერილობა მწერს აძლევს ორიენტაციას ახლო მანძილზე, არომატი კი – შორ დისტანციაზე. ზოგი მცენარე მკვეთრად უსიამოვნო სუნს გამოსცემს და ამით იზიდავს სპეციფიურ დამმტვერავს. ზოგიერთის ეთერზეთები ტოქსიურია. ეთერზეთების
გამოყოფა ცვალებადია დღისა და ღამის განმავლობაში, იმის და მიხედვით თუ რომელი მწერია დამმტვერავი. ჯვარედინ დამტვერვას დიდი ბიოლოგიური და ევოლუციური მნიშვნელობა აქვს. ამ დროს ხდება მემკვიდრული ინფორმაციის გამდიდრება და განახლება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახეობათა წარმოშობის საქმეში. ხშირად წარმოიშობიან ჰიბრიდები.
ჰიბრიდი, რომელიც ფლობს ორმაგ მემკვიდრულ მასალას, მრავალი თვისებით მნიშვნელოვნად აღემატება ორივე მშობლიურ ფორმას. უფრო ადვლად ეგუებიან გარემო პირობებს, გამძლენი არიან დაავადებებისადმი და ა.შ. აღენიშნებათ ზომაში მატება. ამ მოვლენას ეწოდება ჰეტეროზისი და ფართოდ გამოიყენება სელექციაში. ჯვარედინი დამტვერვისათვის მცენარეებს გააჩნიათ დამატებითი მექანიზმები. ერთი ყვავილის ფარგლებში მტვერი და კვერცხუჯრედი მწიფდება სხვადასხვა დროს – დიქოგამია. თუ ყვავილში ადრე მწიფდებიან მტვრიანები ეწოდება პროტერანდრია, ხოლო თუ ბუტკო – პროტოგინია. რიგ მცენარეებში (ვაშლი) შეიმჩნევა გამეტების
შეუთავსებლობა. ასეთი მცენარე არის თვითუნაყოფო ანუ ავტოსტერილური. ჯვარედინად დამმტვერავ მცენარეებში ხშირია ჰეტეროსტილიის მოვლენა. ამ დროს ბუტკო და მტვრიანები სხვადასხვა სიმაღლისაა, რაც ხელს უშლის თვითდამტვერვას (იასამანი, ბარდა) თვითდამტვერვა ხდება ორსქესიან ყვავილებში. შედეგად ხდება თვითგანაყოფიერება. მცენარეებს, რომლებიც იმტვერებიან თავისივე მტვრით თვითფერტილური ანუ ავტოგამური ეწოდებათ. ახასიათებთ მარცვლოვნებს (ხორბალი, შვრია), პარკოსნებს (ლობიო, ბარდა). ხშირად თვითდამტვერვა ყვავილის კოკორშივე ხდება. ასეთ ყვავილებს ეწოდებათ კლეისტოგამური. თვითდამტვერვას დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა ჯიშების შესანარჩუნებლად. თვითდამტვერავი მცენარეების რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე
ჯვარედინად დამტვერავთა.

ავტორი: მ. ბოკერია

Leave a Comment