უბრალო, მაგრამ სისტემური დაკვირვება ცაზე გვიჩვენებს რომ ყოველ დილით მზე ამოდის ჰორიზონტის ერთ მხარეზე, რომელსაც აღმოსავლეთ მხარეს ვუწოდებთ. მზის ამოსვლით იწყება დღე. ამოსვლის შემდეგ მზე გადაადგილდება ცაზე, თითქოს ნელა “მიცურავს” ცის თაღზე. განუწყვეტილ და თანდათან სულ ზევით და ზევით მიიწევს, მაგრამ ჰორიზონტს მართობული მიმართულებით კი არ შორდება, არამედ, თუ პირით აღმოსავლეთით ვდგავართ, ჩვენს მიმართ მარჯვნივაც გადაინაცვლებს. ასე რომ, მისი გზა დახრილია ჰორიზონტის მიმართ.
მზე ამგვარი მოძრაობებით ცამრგვალზე შემოწერს ფართო რკალს. შუადღისას იგი ცის სამხრეთ მხარეზე მაქსიმალურად მაღლა იქნება ჰორიზონტიდან. ამის შემდგომ კი ნელ-ნელა დაეშვება ჰორიზონტისკენ, მის დასავლეთ მხარეზე, რომელიც აღმოსავლეთის მოპირდაპირეა. თუ დავაკვირდებით მზეს მისი ჩასვლის მომენტის მახლობლობაში, შევნიშნავთ, რომ აქაც იგი მართობულად კი არ ჩეშვება ჰორიზონტისკენ, არამედ მისი გზა ცამრგვალზე ჰორიზონტის ხაზის მიმართ დახრილია. მზე უახლოვდება მას ზევიდან და ჩვენს მიმართ მარცხნიდან, თუ პირით დასავლეთისკენ ვდგავართ.
მზის ჩასვლით მთავრდება დღე, ხანმოკლე ბინდის შემდგომ დაღამდება და ღამე გაგრძელდება, სანამ მეორე დილით კვლავ არ ამოვა ჰორიზონტზე მის აღმოსავლეთ მხარეზე თითქმის სწორედ იქ, სადაც წინა დღეს ამოვიდა. ამგვარად, მზე თითქოს გარშემო უვლის დედამიწას. სანამ მზე ჩვენთვის ჰორიზონტის ქვეშაა, მისი სხივები არ ეფინება არე-მარეს და ამიტომ ჩვენს გარშემო ღამეა. სამაგიეროდ მზე ანათებს იმ ადგილებს, სადაც ჩვენი ანტიპოდებია და იქ დღე სუფევს.
ღამით ცა ვარსკვლავებითაა მოფენილი, დღისით ისინი არ მოჩანან იმის გამო, რომ კაშკაშა მზის სხივები ძლიერად ანათებს დედამიწის ატმოსფეროს , ატმოსფეროს ნაწილაკებზე ხდება მზის სინათლის ძლიერი გაბნევა. ამ პირობებში ცა იმდენად ნათელია, რომ მის ფონზე “იკარგება” ვარსკვლავების მკრთალი ნათება. თუ ტელესკოპს ვიხმართ, დღისითაც დავინახავთ შედარებით კაშკაშა ვარსკვლავებს.
ღამის მოწმენდილ ცაზე დაკვირვებით ადვილად შევნიშნავთ ვარსკვლავების ამოსვლა-ჩასვლასაც, რაც ძირითადად ისეთსავე ხასიათს ატარებს, როგორსაც მზისა. მთვარის ნაკვალევიც ცაზე ამოსვლიდან ჩასვლამდე ძირითადად იმგვარივეა, როგორიც მზისა. მზისა და მთვარის მოძრაობა ცაზე თვლაში გვხდება და ადვილად შესამჩნევია. ვარსკვლავებს კი უფრო გულმოდგინედ უნდა დავაკვირდეთ, რათა მათი მოძრაობის თვისებები შევნიშნოთ.
ბნელ, უმთვარო ღამით მოწმენდილი ცა მოჭედილია აურაცხელი ვარსკვლავებით. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიკაშკაშით და ფერითაც. ამასთანვე მათი განლაგება ცაზე როდია მწყობრი. ისინი არათანაბრად, თითქოს ცალ-ცალკე ჯგუფებად გაერთიანებულან, ერთგვარი კრებულების სახით. ამგვარ კრებულებს ან ჯგუფებს თანავარსკვლავედები ეწოდება. ჯერ კიდევ უძველესი დროის ადამიანმა შეაერთა თავის წარმოდგენებში ვარსკვლავები ჯგუფებად, რომლებიც საგნების, ფრინველების, მხეცების ან ადამიანის ფორმით წარმოესახა და ამ წარმოდგენის მიხედვით მიაკუთვნა მათ სახელწოდებები. ეს წარმოდგენები და თანავარსკვლავედთა სახელწოდებებიც დაკავშირებული იყო ცრურწმენასთან, მითოლოგიასთან და ლეგენდებთან. კარგად ცნობილი და ადვილად გამოსარჩევი, მაგალითად, ე.წ. დიდი დათვის თანავარსკვლავედი, რომელიც ცის ჩრდილოეთ მხარეზე მოჩანს, ძირითადად, შვიდი შედარებით კაშკაშა ვარსკვლავის სახით. თუმცა მისი მოყვანილობა დიდად როდი მოგვაგონებს მაინდამაინც დათვის ფიგურას, მაგრამ ცრურწმენით შეპყრობილი ძველი დროის ადამიანის ფანტაზიას მიუმსგავსებია იგი დათვისთვის. თანავარსკვლავედების მოზახულობისა და სახელწოდებებს ამჟამადაც ხმარობენ ვარსკვლავიერ ცაზე ორიენტაციისათვის.
მოწმენდილ, უმთვარო ღამით გამოვიდეთ გარეთ, გაშლილ ადგილას, დავდგეთ პირით ჩრდილოეთისკენ და დავაკვირდეთ ცას, ჩრდილოეთ მხარეზე, როგორც უკვე ვთქვით, ადვილად გამოვარჩევთ შვიდი კაშკაშა ვარსკვლავის ჯგუფს-დიდი დათვის თანავარსკვლავედს. დავაკვირდეთ მას ხანგრძლივათ. ერთი-ორი საათის შემდეგ აშკარად დავრწმუნდებით, რომ, თუმცა თანავარსკვლავედის შემადგენელი შვიდი ვარსკვლავის ურთიერთგანლაგება არ შეცვლილა და ისი კვლავ იმავე ფიგურას ქმნიან, მიუხედავად ამისა, მთლიანი ჯგუფის ადგილმდებარეობა ცაზე განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თანავარსკვლავედმა გადაინაცვლა, იგი შემობრუნდა ცაზე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
დავდგეთ პირით სამხრეთისკენ და დავაკვირდეთ ჰორიზონტის სამხრეთის წერტილთან ახლო მოძრავ ვარსკვლავებს. ვნახავთ, რომ აქ ვარსკვლავების კვალი ცაზე ახლოა ჰორიზონტის ხაზთან. ვარსკვლავი S წერტილის ახლო ამოდის, მის მარცხნივ და ახლო ჩადის-მის მარჯვენა მხარეს.
მაშასადამე, ცაზე ვარსკვლავების დღეღამური ხილული მოძრაობის საერთო სურათი ასეთია: ვარსკვლავები ისე მოძრაობენ, რომ ერთიმეორის მიმართ მდებარეობას არ იცვლიან. მყარი სფერო, მასზე მიჭედილი ვარსკვლავებითურთ, ბრუნავს ჩვენს გარშემო. ბრუნავს ნელი და უცვლელი, თანაბარი სიჩქარით აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ერთი დღე-ღამის განმავლობაში იგი ერთხელ შემობრუნდება სრულად. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ცის სფერო ბრუნავს ღერძის გარშემო, რომელიც გავლებულია ცის სფეროს ცენტრში ანუ იქ, სადაც ჩვენ(დამკვირვებელი) ვიმყოფებით.
მაგრამ ამასთან ერთად განსაკუთრებით დამახასიათებელი ისაა, რომ ეს წარმოსახვითი ღერძი არც მართობულია ჩვენი ჰორიზონტისამდი და არც მის სიბრტყეში მდებარეობს, არამედ დახრილია მის მიმართ. მართლაც, იგი მართობული რომ ყოფილიყო, ყველა ვარსკვლავის “კვალი” ცაზე ჰორიზონტის პარალელური იქნებოდა, არც ერთი ვარსკვლავი არც ამოვიდოდა და არც ჩავიდოდა. ეს ღერძი ჩვენი ჰორიზონტის სიბრტყეში, რომ ყოფილიყო მოთავსებული, მაშინ ყველა ვარსკვლავი მართობულად ამოვიდოდა ჰორიზონტიდან და ასევე მართობულად ჩაეშვებოდა მის ქვევით, ყველა ვარსკვლავისათვის მოხდებოდა ამოსვლა-ჩასვლის მოვლენა. ცის სფეროს ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის ჩვენი ჰორიზონტისადმი დახრით აიხსნება. ეს ღერძი ისეა დახრილი, რომ მისი “ბოლო” ჩრდილოეთ ცას “ებჯინება” წერტილში, სადღაც ჰორიზონტსა და ზენიტს შუა. მისი მეორე, მოპირდაპირე ბოლო სამხრეთითაა, მაგრამ ჰორიზონტის ქვეშ და ჩვენთვის უჩინარია.
ავტორი: ევგენი ხარაძე
1991 წელი