არაორგანული ქიმიის მონეკლატურის აგებას საფუძვლად უნდა დაედოს:
1. ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა;
2. ვალენტობის გამოვლინების ხარისხი;
3. ნაერთთა ზუსტად ერთაზროვნული დასახელება, რომ შეუძლებელი იყოს ერთი რომელიმე ნაერთის სხვა ნაერთთან არევა;
4. დასახელებათა მაქსიმური დაახლოვება ამ ნაერთთა ფორმულების დამწერლობასთან(და მაშასადამე,ამ დამწერლობაზე აგებულ დასახელებათა საერთაშორისო სისტემასთან, რამდენადაც პირველი 3 მუხლი ამის ნებას გვაძლევს).
5. ტერმინების ისეთი გაფორმება, როგორსაც ენის ბუნება მოითხოვს.
პირველი პრინციპი ნიშნავს, რომ ქიმიის განვითარების დღევანდელ ეტაპზე უკვე აუცილებელია, რომ ყოველი ქვეყნის არაორგანული ქიმიის ნომეკლატურა მტკიცედ ეყრდნობოდეს ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ანაგობას. ამისთვის კი საჭიროა პერიოდული კანონის მიღებამდე შემოსულ, მოძველებულ დასახელებათა დაზუსტება და ერთ მთლიან სისტემაში მოყვანა მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემით დადგენილი სავალენტო ნორმების თვალსაზრისით.
მაგალითად, პერიოდული სისტემის VII ჯგუფის უმაღლეს ნორმალურ მჟავებს. მენდელეების მიხედვით ქლორის, იოდის, მანგანუმის თუ რენიუმის მჟავები უნდა ერქვას და არა “ზემჟავები”, ე.ი. “პერქლორიკუმ” თუ “პემანგანიკუმ”-მჟავები, როგორც ეს ამჟამად არის ყველგან მიღებული. მათ მარილებს კი ქლორატ-იოდატები და მანგანატ რენატები უნდა ეწოდებოდეს, ამჟამად მიღებული “პერ” “ატების” ნაცვლად.
აქედან გამომდინარეობს მეორე პრინციპიც, რომელიც მოითხოვს ნაერთის ამგები წამყვანი ელემენტის ვალენტობის ხარისხის მკაფიო გამოვლინებას არაორგანული ნაერთის დასახელებაში, მენდელეევის სავალენტო ნორმების მკაცრი დაცვით. ეს იმას ნიშნავს, რომ არაორგანულ ნაერთთა სანომენკლატურო ტერმინოლოგიას სულ სხვა მიდგომა აქვს ნაერთთა დასახელებისადმი, ვიდრე, მაგალითად, ამავე ნაერთების მეორე, ახლად გაშლილ ე.წ. “საცნობარო” დასახელების სისტემას, რომელიც მოლეკულების ვალენტობას უპიროვნო რიცხვებით სახავს საცნობარო საძიებლისათვის, ყოველგვარი ანგარიში გაწევის გარეშე მენდელეევის პერიოდული კანონით გამოვლინებულ დაჟანგულობის “კიბისათვის”, რომელიც ასე ზუსტად აპიროვნებს ყოველი არაორგანული ნაერთის ქიმიურ სახეს.
მაგალითად, მარტო ვალენტობის რაოდენობითი მხარის დაცვით სრულიად ერთგვაროვანი დასახელება ეკუთვნის ისეთი საწინააღმდეგო ქიმიური ბუნების ნაერთებს, როგორის არის მაგალითად, თითქოს ერთნაირი შემადგენლობის ჟანგეულები(ფუძე და მჟავური). ორივე ამ ნაერთთა წყვილს საერთაშორისოდ მიღებული ახალი, ანუ “სარეესტრო” ნომეკლატურით ეწოდება ამა თუ იმ ელემენტის “ერთჟანგი” ანუ მონოქსიდი-RO-ს და “ორსამჟანგი” ანუ “დიტრიოქსიდი”.
სულ სხვას გულისხმობს “ვალენტობის დაცვა” არაორგანულ ნაერთთა პერიოდულად გაპიროვნებულ დასახელებაში. მენდელეევმა თავისი სისტემის (და ცხრილის) აგებასთან ერთად ხაზგასმით მოითხოვა რუსული არაორგანული ნომეკლატურული სისტემის რაციონალური გადალაგება, მისი ახალი სავალენტო ნორმების შესაბამისი, სწორედ განაწილებული პირობითი სუფიქსების და პრეფიქსების შემწეობით.
ამ პრინციპის დაცვა იმას ნიშნავს, რომ მენდელეევის კლასიფიკაციის მიხედვით პერიოდული სისტემის სხვადასხვა ჯგუფის ერთგვარად აგებულ ნაერთებს ნაირგავრი დასახელება ეკუთვის მათი ქიმიური ბუნების ნაირგვარობის შესაბამისად და პირიქით, ამავე მიდგომის ძალით, ერთგვაროვნად აგებული დასახელება ეძლევა მენდელეევის სხვადასხვა ჯგუფისა (და ქვეჯგუფის) ნაერთთა შედგენილობის არაერთნაირ დასაფეხურებას, მოცემულს პერიოდული ჯგუფის სავალენტო ნორმების მიხედვით.
ამავე ნორმების დაცვით აიგება პერიოდული სისტემის ყველა ჯგუფის დანარჩენ ნაერთთა დასახელებაც(ფუძეებისა და მჟავების, მათი ანჰიდრიდებით, მარილთა ყველა სახეების და სხვა.), ამ დასახელების ზუსტი დასაფეხურებით, თუ ნაერთის, ან მისი ცალკეული ნაწილის(მეტ წილად იონის) ამგები ე.წ. წამყვანი ელემენტი(გოგირდი, აზოტი, რკინა, სპილენძი) ცვლად ვალენტობას იჩენს, მაგალითად, ორივე პრინციპის თანაშეფარდებული გამოყენებით “ის” და “ოვანი” მჟავები პერიოდული სისტემის Vჯგუფში 5 და 3-ვალენტიან ფორმებს ეწოდება (აზოტის-აზოტოვანი და სხვა.), VI ჯგუფში 6 და 4 -ვალენტიან სახეებს (გოგირდის-გოგირდოვანი), VII-ში კი 7 და 3-ვალენტიან ფორმებს (ქლორის-ქლოროვანი) და ა.შ. სათანადო ვარიანტებით თანაური ბ-ჯგუფისათვის.
მესამე პრინციპი (ნაერთთა ერთაზროვნული დასახელებისა) ორივე წინა პრინციპის გამოყენების შედეგია და ორივე მათგანის მკაცრ დაცვას მოითხოვს. ამ პრინციპმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქიმიურ ტერმინოლოგიაში არაორგანულ ნაერთთა ელექტრონ-იონურ გაშუქებაზე გადასვლის შემდეგ. ე.ი. მა აქეთ, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი იონების ამგებ ელემენტთა ვალენტობის ყოველმა “ელფერმა” (განსაკუთრებით კომპლექსურ ნაერთებში). ქიმიურ ელემენტთა მეტი წილის ორ და მეტსაფეხურიანი ცვლადი ვალენტობის გამოვლინების გამო მათ მრავალფეროვან ნაწარმთა მდიდარ ოჯახებში საჭირო გახდა მათი ნაერთებისათვის ისეთი სახისა და ხასიათის სისტემის აგება, რომელიც თავიდან აგვაცილებს დასახელების ორაზროვნებას(ამჟამად საკმაოდ ხშირს ძველი სახის დასახელებათა შორის). მაგალითად, “სპილენძის სულფატი” თუ “გოგირმჟავა სპილენძი” ერთვალენტიანი სპილენძის მარილსაც ნიშნავს, ორვალენტიანი სპილენძის ორიონიან სახესაც. ან კიდევ ქრომის “სამჟანგის” ანუ “ტრიოქსიდის” სახელი მიკუთვნილი აქვს როგორც სამვალენტიანი ქრომის ამფოტერული ბუნების “ერთნახევრიან” ჟანგს, ისე ექსვვალენტიანი ქრომის მჟავური ბუნების ქრომის ანჰიდრიდს და ა.შ.
დიდი მნიშვნელობა შეიძინა ქიმიის დღევანდელ ეტაპზე მეოთხე პრინციპის დაცვამ ქიმიის ყველა დარგის ნომეკლატურული სისტემის აგებისას(დასახელებისა და ფორმულის შესატყვისობის შესახებ), კერძოდ, არაორგანული ქიმიისათვის ეს ნიშნავს ნაერთთა ყოველი კლასის დასახელებათა სისტემის აგებას (ან, სადაც დაჭიროა, გადააგებას) მოლეკულების კათიონ-ანიონური დასახელების წესით(ნატრიუმქლორიდი, და არა პირიქით, ქლორნატრიუმი), რაც უკვე ზემოთ გვაქვს გაშუქებული.
ამ ხაზით, ქართული ნომეკლატურის სისტემაში შესასწორებელია მხოლოდ მარილთა დასახელების ქართული ვარიანტი. ვინაიდან, ჟანგეულების და ფუძეების(ე.ი. ლითონთა წყალჟანგეულების) დასახელებაში ჯერ კათიონის ამგები ელემენტი აღინიშნება (მისი დაჟანგულობის ხარისხის დაცვით), შემდეგ კი მისი შესატყვისი ელექტროუარყოფითი ნაწილი. მაგალითად სპილენძის ჟანგი)თუ ქვეჟანგი).
მეხუთე პრინციპი მოითხოვს ტერმინის ენობრივი გაფორმებისათვის ისეთივე მეცნიერული სიზუსტისა და სისხარტის დაცვას, როგორიც მოეთხოვება ნაერთის გამოსახვის ქიმიურ მხარესაც.
დასახელება უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ერთსიტყვიანი (განსაკუთრებით მარილის დასახელებისათვის), ან ყოველ შემთხვევაში, არა უმეტეს ვიდრე ორსიტყვიანი (ნაერთთა დანარჩენი კლასების დასახელებაში: რკინის ჟანგი, გოგირდოვანი მჟავა, სპილენძის ფუძე). უნდა იყოს ადვილასაწარმოებელი (ე.ი. ნაწარმი ტერმინების ადვილწარმომქმნელი, სხარტად ამგები) და ცოცხალი ენის ფორმებისათვის სავსებით მისაღები.
ავტორი: რუსუდან ნიკოლაძე
1955 წელი