წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია, რადგან ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი ყველაფერს მოიცავს სამყაროში. იგი პროგრესის სტიმული და ევოლუციის წყაროა. ზუსტად რომ ვთქვათ, წარმოსახვა მეცნიერულ კვლევაში რეალური ფაქტორია.
ალბერტ აინშტაინი
სიცოცხლე ბუნების განვითარების უმაღლესი მწვერვალია. ბუნებაში არ არსებობს სიცოცხლეზე უდიადესი, ურთულესი და სრულყოფილი მოვლენა. თავისი სირთულით იგი თვისებრივად განსხვავდება მატერიის მოძრაობის დაბალი ფორმებისგან, ე.ი. ფიზიკური და ქიმიური მოვლენებისაგან.
სიცოცხლის მატერიალური საფუძველი ცილაა. ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ცილა სპეციფიკური და განსხვავებულია, რაც ორგანიზმთა სახეობრივ და ინდივიდუალურ განსხვავებას განაპირობებს. ცილები ცოცხალი არსების არა მხოლოდ სამშენებლო მასალაა, არამედ სტრუქტურული მრავალფეროვნების გამო ისინი მრავალ სასიცოცხლო ფუნქციასაც ასრულებენ. ცილებს მიეკუთვნება მრავალი ჰორმონი და ფერმენტი, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის რეაქციებს ორგანიზმში. ცილებს წარმოადგენენ ტოქსინებიც-ნივთიერებები, რომლებიც წამლავენ ორგანიზმს.
ცილები შედგება გიგანტური მოლეკულებისაგან, რომლებიც ორი ათეული ამინომჟავისაგანაა აგებული. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ამინომჟავათა რაოდენობით, ისე მოლეკულაში მათი თანმიმდევრობით. შესაძლო ცილოვან სტრუქტურათა ფანტასტიკური რაოდენობა ბევრად აღემატება დედამიწაზე სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნებას. მაგალითად, სისხლის ცილას (შრატის ალბუმინს) გააჩნია ერთი განსაზღვრული სტრუქტურა თეორიულად შესაძლებელი 100000 ვარიანტიდან. ამინომჟავური შედგენილობა და ამინომჟავათა ნაშთების განლაგების თანმიმდევრობა პოლიმერულ ჯაჭვში განაპირობებს ბუნებაში სხვადასხვაგვარი თვისების მქონე მრავალი ცილის არსებობის შესაძლებლობას.
თითოეულ ცილას გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თანმიმდევრობა, რასაც პირველად სტრუქტურას უწოდებენ. შესაძლო პირველად სტრუქტურათა რაოდენობა პრაქტიკულად უსაზღვროა. პირველადი სტრუქტურა განსაზღვრავს ცილის მეორეულ სტრუქტურას-ცალკეულ უბნებშუ მისი პოლიმერული ჯაჭვის სივრცულ კონფიგურაციას. ცილის მაკრომოლეკულის რეალურ ფორმას სამგანზომილებიან სივრცეში მესამეული სტრუქტურა ეწოდება. ცილები, რომლებიც რამდენიმე სუბერთეულისაგან შედგება, წარმოქმნის მეოთხეულ სტრუქტურას. ყველა ამ სტრუქტურას კი პირველადი სტრუქტურა განსაზღვრას.
ადამიანი თუ კალია, ვარდი თუ ბულბული, ლომი თუ ვირუსი-ცოცხალ არსებათა ყველა ეს მრავალფეროვნება ცილის ურიცხვ ვარიაციას წარმოადგენს. ჭიანჭველისა თუ გენიალური ადამიანის ცილა ერთი და იგივე ამინომჟავებისაგანაა აწყობილი. განსხვავება ამინომჟავური ნაშთების თანმიმდევრობაშია.
რომელიმე ამინომჟავის გადანაცვლება ან სხვა ამინომჟავით შეცვლა იწვევს ცილის ფუნქციის ცვლილებას და შესაბამისად, ორგანიზმის მძიმედ დაავადებას.
როგორ წარმოიქმნება ბუნებაში ცილის დეტერმინირებული ჯაჭვი? ცოცხალი უჯრედის (და მაშასადამე, მთელი ორგანიზმის) მშენებლობის გეგმა ნუკლეინის მჟავის მოლეკულაშია ჩადებული. ამ გეგმის ასლები თაობიდან თაობას გადაეცემა. ცილებში ამინომჟავათა თანმიმდევრობის ინფორმაციის ჩაწერის ხერხი, რომელსაც გენეტიკური კოდი ეწოდება, უნივერსალურია. ადამიანი თუ ცხოველი, მცენარე თუ მწერი ერთი და იგივე გეგმას იყენებს. ამგვარად, მემკვიდრეობით გადაეცემა არა სტრუქტურა, არამედ ამ სტრუქტურის აღწერილობა და მისი დამზადების ინსტრუქცია.
გენეტიკური კოდის გაშიფვრისა და რეალიზაციის მექანიზმების იდენტურობა ყოველი ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში(ვირუსიდან ადამიანამდე) სამყაროს, როგორც ჰარმონიული მთელის, ერთიანობაზე მეტყველებს.
ცილების ქიმიურ ფორმულას ხშირად ტექსტში ასოების ან სიტყვების თანმიმდევრობას ადარებენ. მაგრამ ეს არ არის პირდაპირი ანალოგია, რადგანაც სიტყვის ჟღერადობის პირობითი ხასიათი აქვს. მაგალითად “მუხა” ქართულ და რუსულ ენებში სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება.
ცილების მნიშვნელობა შეიძლება შევადაროთ მუსიკას, რომელიც მცირე რაოდენობის ბგერათა შეხამებისაგან მიიღება და უსაზღვროდ მრავალფეროვანია. ბუნებაში მრავალი ბგერაა, მაგრამ ყველა როდის ქმნის მუსიკას. ასევე ბუნებაში არსებული ყველა ამინომჟავა არ გამოდგება ცილის საშენ მასალად. განსაზღვრული სისტემით ხდება როგორც ამინომჟავათა, ისე მუსიკალურ ბგერათა გადარჩევა და ჩამოყალიბება. მელოდია არ წარმოადგენს ბგერების შემთხვევით თანახმიანობას, ასევე ცილა არაა ამინომჟავათა შემთხვევითი ნაკრები.
ცილის მოლეკულა, ისევე როგორც მელოდია, ყოველთვის ერთ შინაარსს გამოსახავს.
მუსიკალურ ნაწარმოებს, ცილის მსგავსად, გააჩნია მისი ნაწილების განსაზღვრული თანაფარდობა, ე.ი. ფორმა. მუსიკალური ფორმის შემადგენელი ელემენტები წარმოქმნიან მელოდიას-მუსიკის საფუძველს. ამ ელემენტთაგან უმცირესია მოტივი-მელოდიის გარკვეული შინაარსის მქონე მონაკვეთი. რამდენიმე მოტივის თანმიმდევრობა წარმოქმნის ფრაზას-შედარებით დასრულებულ მუსიკალურ წყობას. ფრაზები, თავის მხრივ, ერთდება და წარმოქმნის რთულ წყობას-წინადადებას. ბოლოს, წინადადებათა თანმიმდევრობა გვაძლევს დასრულებულ ფორმას, რომელსაც პერიოდი ეწოდება. მრავალი პიესა ერთ პერიოდს წარმოადგენს. მეტწილად მუსიკალური ნაწარმოებები პერიოდთა ჯაჭვებისგან შედგება. მუსიკის შემადგენელი ელემენტები უცლელად მეორდება, ან სახეს იცვლის და ერთმანეთს უპირსიპირდება ხასიათით, კონტრასტს ქმნის და ა.შ. მელოდიის ელემენტთა განვითარებითა და შეპირისპირებით სხვადასხვა მუსიკალური ფორმა წარმოიქმნება. მაგალითად ორი პერიოდის თანმიმდევრობა ორნაწილიან ფორმას წარმოქმნის. უფრო რთულია სამწლიანი ფორმა. სახეშეცვლილად მელოდიის უწყვეტი გამეორებით ვღებულობთ თემას ვარიაციებით.
ანალოგიურად ცილოვანი მოლეკულაც წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან. თითოეული ჯაჭვი მრავალი ამინომჟავისგან შედგება, რომელიც ერთმანეთთან პეპტიდური ბმებითაა დაკავშირებული. მაგალითად, ინსულინის მოლეკულა ორ ჯაჭვს შეიცავს, ხოლო იმუნოგლობულინი-ოთხს. პოლიპეპტიდურ ჯაჭვში ამინომჟავათა რაოდენობა, მათი სტრუქტურა და თანმიმდევრობა ზუსტად სპეციფიკურია მოცემული ცილისათვის.
ამ ანალოგიის საფუძველზე ცილების შემადგენლობაში შემავალ თითოელ ამინომჟავას განსაზღვრული მუსიკალური ბგერები შეესაბამება.
მუსიკა ყველა ბიოლოგიურ ობიექტზე მოქმედებს. უკანასკნელ ხანს შეიქმნა მედიცინის განსაკუთრებული დარგი-მუსიკოთრეპია. ბახის მუსიკა მცენარეთა ზრდის სტიმულაციას იწვევს-ძლიერდება ფოტოსინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა, რამდენიმეჯერ იზრდება ვიტამინების შემცველობა(მაგალითად, “გახმოვანებულ” ხორბლის ღივში 20-ჯერ მეტი A ვიტამინი და 5-ჯერ მეტი C და B ვიტამინები აღმოჩნდა), რის შედეგად იზრდება მოსავლის რაოდენობა და ხარისხი.
ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ მუსიკა დასაბამიდანვეა ჩადებული ცოცხალ არსებაში და ორგანიზმის, როგორც მთელის მოდულაციას ახდენს. საკმარისია უმცირესი ცვლილება გენეტიკური კოდის პარტიტუაში, რომ გენი ონკოგენური გახდეს. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ერთი ამინომჟავის შეცვლას მეორით, რის გამოც ნორმალური ცილა(მელოდია) კიბოვანი გახდება ( ჩნდება მელოდიაში დისონანსი).
თუ მუსიკა ბიოლოგიურ სისტემათა ორგანიზაციის საერთო პრინციპია, მაშინ იგი შეიძლება ორგანიზმის მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი გახდეს.
შემოქმედებითი წარმოსახვის გარეშე შეუძლებელია მეცნიერების განვითარება. მეცნიერული კონცეფციის ლოგიკა მუსიკალურ ნაწარმოებთა მსგავს შეგრძნებას იწვევს. აინშტაინის აზრით, სივრცისა და დროის ის სტრუქტურა, რომელიც მის ფიზიკურ თეორიებში იყო წარმოდგენილი, დასაბამს მოცარტის მუსიკიდან იღებდა. სამყაროს უზამრმარი განუზომელობით, უსაზღვრო მრავალფეროვნებითა და სილამაზით გაბრწყინებულს-უტყვ განცვიფრებაში მოჰყავს სული. ეს სრულყოფილება ჩვენი წარმოსახვის წყაროა, ხოლო გონება აღტაცებაში მოჰყავს იმ აზრს, რომ ასეთ საუცხოობასა და სიდიადეს წარმოშობს ერთი საერთო კანონი, მარადიული და სრულყოფილი წესრიგი.
და ეს საყოველთაო კანონი სამყაროს ჰარმონიის კანონია.
ავტორი: რამაზ გახოკიძე