სიტვა “ფიონი” ძველი ლათინური (favoign) წარმოშობისაა და ნიშნავს თბილ ქარს. იგი ატმოსფეროს განსაზღრული პროცესებისა და დედამიწის ზედაპირის ურთიერთმოქმედების შედეგია. ფიონის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია ჰაერის დაღმავალი მოძრაობა, რომელიც განიცდის მშრალ ადიაბატურ შეკუმშვას და ხდება უფრო თბილი და მშრალი, ვიდრე მის შესაბამის სიმაღლეზე-მთის მეორე მხარეს. იგი წარმოადგენს მეტეოროლოგიური ელემნეტების კომპლექსს, რომელშიც შედის მაღალი ტემპერატურა, დაბალი შეფარდებითი სინოტივე და გარკვეული სიჩქარისა და მიმართულების ქარი. ეს ელემენტები გარკვეულ გავლენას ახდენენ მცენარის წყლის რეჟიმზე და საერთოდ მის მდგომარეობაზე. ვინაიდან თავისი ბუნებით და მცენარეებზე მოქმედებით იგი ძალიან რთული მოვლენაა, ფიონისადმი მცენარის რეაქციის ხარისხის შესასწავლად აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ როგორც მეტეოროლოგიური ისე აგრომეტეოროლოგიური ელემენტების კომპლექსს. ფიონი არის შერწყმა 4 მეტეოროლოგიური ელემენტისა-მაღალი ტემპერატურისა, დაბალი შეფარდებითი სინოტივისა, ძლიერი ქარისა და მზის რადიაციისა.
როგორც ცნობილია, ფიონი დასავლეთ საქართველოში ხასიათდება თბილი და მშრალი, ზოგჯერ კი ცხელი ჰაერის მასების შემოჭრით. იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, ძნელია მივცეთ რიცხობრივი დახასიათება ფიონურ მოვლენას, ხოლო მეორე მხრივ, ერთი რიცხვის საფუძველზე მივუთითოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების ხარისხზე, საჭიროა ყურადღება მიექცეს ფიონისათვის დამახასიათებელი ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების შესწავლას. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური ელემენტებია: ტემპერატურა, შეფარდებითი სინოტივე და ქარის მიმართულება და სიჩქარე. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში ამ ელემენტების კომპლექსური მოქმედების დროს სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული ფართობებიდან დიდი რაოდენობით იკარგება სინოტივე, რის გამოც მნიშვნელოვანად ზიანდება სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
კალიფორნიაში წარმოებული დაკვირვებების მიხედვით ციტრუსოვანი კულტურები ზიანდება ჰაერის ტემპერატურის 20°ზე ზევითაც კი, თუ შეფარდებითი სინოტივე 30%-ზე დაბალია და ქარის სიჩქარე უდრის 5 მ/სეკ. დასავლეთ საქართველოში კი მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ზიანდება ციტრუსოვანი და სხვა ძვირფასი სასოფლო-სამეურნეო კულტურები შედარებით მაღალი ტემპერატურისა, შეფარდებითი სინოტივის 20%-ზე ქვევით დაცემისა და აღმოსავლეთის ქარის დროს. აქედან ცხადია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ საქართველოში ფიონისათვის დამახასიათებელ ცალკეული მეტეოროლოგიური ელემენტების შესწავლას. ფიონი დასავლეთ საქართველოში ქმნის მისთვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური ელემენტების თვისებრივ რეჟიმს, რის გამოც საჭიროა როგორც თერმული, ისე სინოტივის პირობების განსაკუთრებული შესწავლა.
წლის სეზონების თერმული პირობების უმარტივესი კლიმატური მაჩვენებელია ცალკეული თვეების საშუალო ტემპერატურა, რომელთა ცვალებადობა საერთოდ შემცირებულია ჩვენს საკვლევ ტერიტორიაზე გეოგრაფიული მდებარეობის, შავი ზღვის სიახლოვისა და სამი მხრიდან მთების შემოფარგლულობის გამო. მაგრამ დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, რომლებიც გამოირჩევიან ფიონური დღეების მაქსიმალური რაოდენობით, საშუალო თვიური ტემპერატურა მრავალწლიური ნორმიდან იხრება,თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ რაიონებში საშუალო ტემპერატურის მრავალწლიურ ნორმებს რამდენადმე ზრდის ხშირი ფიონი. ყოველივე ამას ადასტურებს 20 წლის მასალების საფუძველზე ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევები.
დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ფიონები მოქმედებენ, ხშირი ფიონების შემთხვევაში საშუალო თვიური ტემპერატურა, მრავლწლიურ საშუალო თვიურ ტემპერატურასთან შედარებით 0,8-დან 5,3°-მდე იზრდება. ხშირი ფიონები საშუალო თვიურ ტემპერატურას განსაკუთრებით შესამჩნევად ზრდის ქუთაისის, საქარის, წულუკიძის, ხეთის მიდამოებში.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ ფიონის მოქმედების დროს, დასავლეთ საქართველოში მაღალი(35 ° და მეტი ) ტემპერატურიანი დღეები საკმაოდ ხშირია. მაღალტემპერატურიანი დღეები ფიონების შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო რაიონისთვისაა დამახასიათებელი მთელი წლის მანძილზე, გარდა ზამთრის თვეებისა. ამ მხრივ გამონაკლისია ნოემბერი, რომლისთვისაც 30° ტემპერატურა, მართალია, იშვიათია, მაგრამ მაინც აღინიშნება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, უმეტესად ფიონის დროს.
მეტად მაღალტემპერატურიანი დღეები დაბალი შეფარდებითი სინოტივით დასავლეთ საქართველოში თითქმის ყოველთვის ფიონთანაა დაკავშირებული და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.
მეტად მაღალტემპერატურიანი დღეების დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში აღინიშნება აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, იშვიათად კი ოქტომბერშიც ისეთ ადგილებში, როგორიცაა საქარა, წულუკიძე, ქუთაისი. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი, ფიონების შემთხვევაში, ხშირად აღემატება 40°-ს. მაგალითად, საქარასა და ქუთაისში აღინიშნება 41,6°, წულუკიძეში- 41,2°, ხულოში-40,4°.
აპრილსა და სექტემბერში ფიონის პირობებში მეტად მაღალტემპერატურიანი დღეების დროს აბსოლუტური მაქსიმუმი 36-38°-საც აღწევს.
მეტად მაღალტემპერატურიანი ყველაზე მეტი დღეები აღინიშნა 1957 წელს, როდესაც მდინარე რიონის ხეობაში მაქსიმალურმა ტემპერატურამ აპრილში 36°-ს, ხოლო სექტემბერში 37°-ს მიაღწია. ზაფხულიც ხასიათდებოდა ძალზე მაღალი ტემპერატურით. ამავე პერიოდში აღინიშნა ყველაზე მეტად მაღალტემპერატურიანი დღეები ყველა რაიონისათვის ერთ და იმავე პერიოდში არ დგება. მაგალითად, ცხაკაიაში იგი აღინიშნება აგვისტოში, ონში-ივლისსა და აგვისტოში, ხოლო ქუთაისში-ივნისში, ივლისსა და აგვისტოში.
ფიონების მოქმედებით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურული მაქსიმუმი მოდის დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდზე, იგი ზოგჯერ ღამის საათებში დგება, რითიც ირღვევა ტემპერატურის დღეღამური სვლის კანონზომიერება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ზამთრის თვეებში ფიონი ტემპერატურას 26°-მდეც კი ზრდის ისეთ რაიონებში, როგორიცაა გაგრა, ქუთაისი, ხობი.
დასავლეთ საქართველოში ფიონები დიდი ტემპერატურული ცვლილებებით ხასიათდება. არაფიონიან დღესთან შედარებით ამ დროს ტემპერატურა 5-10°, ხშირად 15°-თაც კი, ხოლო ფიონის ხანგრძლივად მოქმედების შემთხვევაში 20°-ით და მეტით იზრდება.
ამა თუ იმ ადგილის აგროკლიმატური დახასიათებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰაერის სინოტივეს, ვინაიდან მცენარეზე მავნე მოქმედების შემთხვევები მისი უკმარისობითაა გამოწვეული. ჰაერის სინოტივის სიმცირე ამინდს უმეტესად ახასიათებს ფიონის დროს. დაბალი შეფარდებითი სინოტივე. მაღალ ტემპერატურასთან ერთად ძირითადი ფაქტორია წყლის ინტენსიური აორთქლებისა როგორც ნიადაგის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მცენარის ფოთლიდან. ეს მეტეოროლოგიური ელემენტები კარგად ასახავენ ადგილობრივი კლიმატის თავისებებს და მასთან ერთად იძლევიან მშრალი დღეებისა და პერიოდების დადგენის შესაძლებლობას.
დასავლეთ საქართველოში სინოტივის დასახასიათებლად ყურადღებას ვაქცევთ მშრალი დღეების რაოდენობას ფიონის მოქმედების დროს. მშრალ დღეებში ჩვენ პირობითად ვგულისხმობთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც დღე-ღამის განმვალობაში მინიმალური შეფარდებითი სინოტივე ერთ რომელიმე ვადაზე-35%-ზე უფრო დაბალია.
ყველაზე მშრალი დღეები აღინიშნა (1954, 1955 წწ.) საქარაში, ქუთაისში, ტყიბულში, ონში, ხულოში. მშრალი დღეები განსაკუთრებით ხშირია გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ისეთ რაიონებში კი, სადაც ფიონები ნაკლებია(ქობულეთი, მწვანე კონცხი) მშრალი დღეები უმეტესად ზაფხულშია.
კოლხეთის დაბლობი, საქართველოს სხვა ადგილებთან შედარებით მაღალი სინოტივით ხასიათდება საერთოდ და განსაკუთრებით შეფარდებითი სინოტივით-საშუალოდ 60%-ს აღემატება, ხშირად 80-90%-საც კი აღწევს. მიუხედავად ამისა, ფიონების გამო აქ იგი მინიმუმამდე ეცემა -ხშირად 10%-მდე და უფრო დაბლა. არის შემთხვევები, როდესაც შეფარდებითი სინოტივე დღე-ღამის განმავლობაში არ აღემტება 20-25%-ს. ხანგრძლივი ფიონების დროს რამდენიმე დღის განმავლობაში შეფარდებითი სინოტივე მერყეობს 20-30%-ის ფარგლებში, რაც გარკვეულ დაღს ასვამს მცენარის წყლის რეჟიმს. ფიონების დროს განსაკუთრებით დაბალი სინოტივე დამახასიათებელია ქუთაისის, საჩხერისა და ტყიბულის მიდამოებისათვის.
შეფარდებითი სინოტივის მინიმუმი ხანგრძლივი ფიონის შემთხვევაში მოდის ან ფიონის მოქმედების შუა პერიოდში, ანდა დასასრულის წინა დღეს.
გარდა ამისა, ფიონებს დასავლეთ საქართველოში ახასიათებთ შეფარდებითი სინოტივის მკვეთრი ცვალებადობა. იგი ხშირად უცბად 85-90%-დან 15-20%-მდე ეცემა და პირიქით, ფიონის შეწყვეტისთანავე 15-20-დან 80-90%-მდე იზრდება.
ზემოთ აღნიშნულ ორ მეტეოროლოგიურ ფაქტორთან ერთად ფიონის დროს, დასავლეთ საქართველოში მცენარის წყლის რეჟიმის დარღვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქარის სიჩქარე და მიმართულება.
დასავლეთ საქართველოში ფიონების დროს ძირითადად გაბატონებულია აღმოსავლეთის მიმართულების ქარები, რომელიც უფრო მეტად ვლინდება ჩრდილოეთით ზეუგდიდამდე და სამხრეთ სამტრედიამდე, რაც იმით იხნება, რომ სურამის ქედის ფიონების მოქმედბა ჭარბობს წიფის, საქარის, ქუთაისისა და ფოთის მიდამოებში. ზუგდიდიდან ჩრდილოეთით ფიონის დროს ჭარბობენ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებები, რაც ძირითადად აიხსნება ადგილობრივი რელიეფის მიკროფიონური ეფექტით. სამტრედიის სამხრეთით კი (ლანჩხუთი, ანასეული, დაბალციხე) ფიონური დინებების აღმოსავლეთის კომპონენტებთან ერთად ჩნდებიან ჩრდილოეთის მიმართულებითაც. ფიონების დროს ქობულეთიდან სამხრეთით, ბათუმის რაიონში გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის დინება, რაც ჰაერის ფიონური დინების სამხრეთიდან გადმოტანის შედეგია.
საკმაოდ საინტერესო მოვლენაა სამხრეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების დინების გაჩენა ფიონის დროს ჩრდილო სანაპირო რაიონებში, კერძოდ გაგრის მიდამოებში, რაც უდავოდ გამოწვეულია გარკვეული სინოპტიკური მდგომარეობით.
ფიონური დინების მიმართულებისა და ძალის თავისებურებანი ცალკეულ რაოინში განპირობებულია ადგილობრივი მრავალფეროვანი რელიეფით.
ფიონური ქარების ზემოქმედება მცენარეულობაზე უფრო მეტად შესამჩნევია მისი სიძლიერის დროს. როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობისათვის არასასურველია 10 მ/სეკ. და მეტი სიჩქარის ქარი, რაც არც თუ იშვიათია დასავლეთ საქართველოში ფიონის დროს.
ძლიერი ქარი ფიონების დროს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა საერთოდ და განსაკუთრებით გაზაფხულზე ვეგეტაციის დასაწყისში და შემოდგომით მოსავლის მომწიფების პერიოდში.
ძლიერი ქარი დამახასიათებელია უმეტესად მდინარე რიონის ხეობის ცენტრალური ტერიტორიისათვის, უფრო მეტად ქუთაისისათვის, ფიონების დროს 40 მ/სეკ. სიჩქარის ქარი მთელი დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ქუთაისის მიდაომებში აღინიშნება. ფიონური ქარის სიჩქარე თანდათანობით სუსტდება სამტრედიიდან დასავლეთით და ფოთის მიდამეობში სულ წყდება ან სუსტად აღინიშნება, მაგალითად ზუგდიდის, წალენჯიხის რაიონებში.
ძალიან ძლიერი აღმოსავლეთის ქარი ფიონის დროს დასავლეთ საქართველოში ზაფხულობით შედარებით იშვიათია. ამ მხრივ გამონაკლისია ქუთაისი, სამტრედია, ცხაკაია, სადაც ქარის სიჩქარე ზაფხულში ზოგჯერ 20-25 ს/სეკ-ს აღწევს და მაღალ ტემპერატურასა და დაბალ შეფარდებით ტენიანობასთან ერთად დიდ ზიანს აყენებს მცენარეულობას.
ზაფხულის სეზონში, განსაკუთებით ძლიერი აღმოსავლეთის ქარები ფიონის დროს დასავლეთ საქართველოში აღინიშნა 1967 წლის 15 აგვისტოს, 16-17 ს/სეკ, სიჩქარის აღმოსავლეთის ქარის დროს საკვლევ ტერიტორიაზე ტემპერატურა რიგ რაიონებში 40°-მდე მიაღწია, შეფარდებითი სინოტივე კი დაეცა 25-22%-მდე. ფიონების დროს ძლიერი ქარი შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე დღეს. დასავლეთ საქართველოსათვის აღმოსავლეთის ძლიერი ფიონური ქარები გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე მთავარი რეგულატორია აორთქლებისა ნიადაგის თავისუფალი ზედაპირიდან და მცენარის ფოთლებიდან.
ფიონების დროს დღე-ღამის განმავლობაში ქარის სიჩქარეს ორი მაქსიმუმი აქვს. პირველი მაქსიმუმი 7-8 საათზე, ხოლო მეორე 11-14 საათამდე. ამის შესაბამისად დღე-ღამის განმავლობაში აღინიშნება ორი მინიმუმი. პირველი_ 9-10 საათამდე, ხოლო მეორე , უფრო მკვეთრად გამოხატული 15 დან 20 საათის შუალდეში. ზოგჯერ აღინიშნება მეორე მინიმუმის დაგვიანება 23-23 საათამდე. უკანსკნელ შემთვევაში ქარი ჩვეულებრივ ძალზე ძლიერდება. ფიონიან დღეებში შუადღის შემდეგ, როდესაც ქარის სიჩქარე მცირდება, დაახლოებით 15-17 საათზე, შეიმჩნევა მისი მიმართულების შეცვლა, ე.ი. ადგილი აქვს ფიონების დროებით შესუსტებას ან შეწყვეტას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი შესვენებები გამოწვეულია ბრიზებისა და მთა-ბარის ქარების მოქმედებით, რომლებიც აღნიშნულ საათებში საკმაოდ ძლიერდებიან და ზღუდავენ ფიონებს. ამ პერიოდში ადგილი აქვს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დინების შეჯახებას, რის შედეგადაც დგება დროებითი სიწყნარე.
მდინარე რიონის ხეობასა და განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ რაიონებში ფიონები 3-ჯერ და მეტჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს სხვა დანარჩენ რაიონებში. წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ფიონები დამახასიათებელია ქუთაისის, ხობის, ზესტაფონის, საჩხერის, ტყიბულის, ონის რაიონებისათვის, ხოლო შედარებით მცირე ფოთის, გუდაუთის, ქობულეთის რაიონებისათვის.
განსაკუთრებით ხშირია ფიონები გაზაფხულზე, ვეგეტაციის დასაწყისსა და განსაკუთრებით ნასკვის გამოტანისა და ახალგაზრდა ამონაყარის დროს. ფიონების რაოდენობის პირველი მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონისთვის მოდის გაზაფხულზე, ხოლო მეორე-ზოგიერთი რაიონისათვის ზამთარში, ზოგისათვის კი ზაფხულში ან შემოდგომაზე.
თითოეული რაიონისათვის ფიონების სიხშირისა და ხანგრძლივობის დადგენას თვეების მიხედვით დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამა თუ იმ რაიონში მცენარეულობაზე ფიონების მოქმედების განსაზღვრის დროს მხედველობაშია მისაღები ფიონების სიხშრესთან ერთად მათი ხანგრძლივობა.
ამგვარად, ფიონების ინტენსივობა და სიხშირე დასავლეთ საქართველოში იწვევს მრავალწლიური საშუალო ტემპერატურების ნორმიდან გადახრას, რის გამოც ადგილი აქვს თერმული პირობების ანომალიას. მაღალტემპერატურიანი დღეები ფიონის დროს დასავლეთ საქართველოში საგრძნობლად ბევრია, რაც იწვევს მცენარის ნორმალური ასიმილაციის პროცესის დარღვევას.
მშრალი დღეები ფიონების დროს არათანაბრადაა განაწილებული ტერიტორიულად და სეზონურად, ყველაზე მეტი მოდის გაზაფხულსა და შემოდგომის თვეებში.
დასავლეთ საქართველოში ფიონები ძირითადად დაკავშირებულია აღმოსავლეთის დინებასთან, მაგრამ ადგილობრივი რელიეფის სირთული გამო მასთან ერთად ხშირად გვხდება ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებიც.
ფიონების შემთხვევათა რაოდენობა და ხანგრძლივობა დასავლეთ საქართველოში ცვალებადია სეზონების მიხედვით. მისი პირველი მაქსიმუმი მოდი გაზაფხულის სეზონზე, ხოლო მეორე მაქსიმუმი სხვადასხვაა ამა თუ იმ რაიონებისათვის.
ავტორი: ანა დემეტრაშვილი
1971 წელი