ზამთრის თანავარსკვლავედები ეწოდებათ ისეთ თანავარსკვლავედებს, რომლებიც ზამთრის საღამოს ცის თაღის აღმოსავლეთ მხარეს იმყოფება. ცის ეს ნაწილი ყველაზე მდიდარია კაშკაშა ვარსკვლავებით. ზამთრის ვარსკვლავების ჯგუფს ეკუთვნის: მეეტლის, კუროს, ორიონის, დიდი ძაღლის, პატარა ძაღლის, მარჩბივისა და კირჩხიბის თანავარსკვლავედები.
✨ მეეტლე
დიდი დათვის δα-ზე (ე.ი. δ-დან α-სკენ) გატარებული ხაზი რომ ხუთჯერ გავაგრძელოთ, მიგვიყვანს მოყვითალო ნულოვანი სიდიდის ლამაზ ვარსკვლავთან, რომელსაც კაპელა ეწოდება. იგი წარმოადგენს α-ს და ახლოს იმყოფება პერსეის ვარსკვლავთან. მეეტლეს მთავარი ვარსკვლავები ქმნის უწესო ხუთკუთხედს, რომლის ერთ-ერთ წვეროში არის კაპელა. ორი ვარსკვლავი ამ ხუთკუთხედში მეორე სიდიდისაა, ერთი მათგანი არის მეეტლეს α, ხოლო მეორე მეეტლეს საზღვართან არის, მაგრამ არ ეკუთვნის, ის კუროს β-აა. დანარჩენი ვარსკვლავები უფრო მკრთალებია.
მეეტლე წარმოდგენილი ჰქონდათ კაცის სახით, რომელსაც ხელში ეტლის მოსართავები ჰქონდა და ზურგზე თხა კაპელა ჰყავდა.
🌟 ორიონი
მეეტლეს ხუთკუთხედში კაპელაზე და მის მოპირდაპირე კაშკაშა ვარსკვლავზე გატარებული ხაზი რომ გავაგრძელოთ, მიგვიყვანს ორიონის თანავარსკვლავედში. ორიონი ყველაზე თვალსაჩინო თანავარსკვლავედია მთელ ცაზე. მისი მთავარი ვარსკვლავების განლაგება ასო “იქსს” მოგვაგონებს. ცენტრში გამწკრივებულია სამი კაშკაშა ვარსკვლავი, რომლებიც ე.წ. ორიონის სარტყელს ქმნიან. იგი თითქმის ცის ეკვატორზე დევს. მის ზემოთ იმყოფება პირველი სიდიდის მოწითალო ვარსკვლავი. ეს არის ორიონის α ანუ ბეთელჰეიზე. მის მოპირდაპირე მხარეზე ქვემოთ არის რიგელი, ანუ ორიონის β.
ორიონის სარტყელის ქვემოთ გამწკრივებულია სამი უფრო მკრთალი ვარსკვლავი. მათ ეწოდება ორიონის ხმალი. მისი შუა ვარსკვლავის მახლობლად არის ორიონის ნისლეული.
💫 კურო
მეეტლესა და ორიონს შორის, უფრო დასავლეთით, იმყოფება კუროს თანავარსკვლავედი. მეეტლეს ხითკუთხედში შემავალ β-ს გარდა, მისი მთავარი ვარსკვლავები ქმნის v -ს მსგავს ფიგურას. მათთან ახლო მყოფი უფრო წვრილი ვარსკვლავები ქმნიან ე.წ. გიადებს-ვარსკვლავთა ჯგუფს. კუროს α პირველი სიდიდის წითელი ვარსკვლავია და ეწოდება ალდებარანი. კუროში შედის ასევე ხომლი ანუ კრებული (პლეადები).
კრებული ანუ პლეადები ხშირად გვხდება ხალხურ გადმოცემებში და მხატვრულ ლიტერატურაში. პლეადების მიხედვით წინათ წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად. ზამთარი იწყებოდა შემოდგომის იმ დღიდან, როცა “კრებული” ამოდიოდა საღამოს, ხოლო ზაფხული-როცა ის გამოჩნდებოდა დილით მზის ამოსვლის წინ. ეგვიპტელები, ქალდეელები, ებრაელები ნოემბერს უწოდბენენ პლეადების თვეს. ხშირად იყენებდნენ პლეადებს დროის საზომადაც.
☄️ დიდი ძაღლი
ორიონის სარტყელის გაგრძელებაზე, სამხრეთისკენ, იმყოფება ყველაზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსი, ანუ დიდი ძაღლის α. იმავე მიმართულებით არის კიდევ ამ თანავარსკვლავედის 4 ვარსკვლავი.
☄️ პატარა ძაღლი
მარჩბივის სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფება პატარა ძაღლის თანავარსკვლავედი. აქ ორი ვარსკვლავია შესამჩნევი, რომელთაგან ერთი პირველი სიდიდისაა. მას ჰქვია პროციონი.
პატარა და დიდ ძაღლს შორის არის მარტორქის თანავარსკვლავედი, რომელიც ღარიბია ვარსკვლავებით. ორიონის სამხრეთით არის კურდღლის თანავარსკვლავედი.
წყარო:
https://www.constellation-guide.com/seasonal-constellations/winter-constellations/
https://starregistration.net/constellations/auriga-constellation.html
გეგეშიძე თამარი-“თანავარსკვლავედები”