წყალსაცავები: რას გვაძლევს, რას გვართმევს

ატმოსფერული ნალექების და მათთან დაკავშირებული წყლის ჩამონადენის გამო ჩვენი მდინარეები ხშირად წყალმცირენი არიან და მოსახლეობის ყოველგვარ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებენ. წყლის ჩამონადენის უთანაბრობის შესამცირებლად (ან გასათანაბრებლად) და წყლის მარაგის შესაქმნელად კაცობრიობა უხსოვარი დროიდან აშენებდა და ახლაც აშენებს წყალსაცავებს. წყალსაცავები სხვადასხვა დანიშნულებისაა. მას აშენებენ სამეურნეო, სასმელი წყლის მარაგის შექმნის, ენერგეტიკული, მელორაციული და სხვა მიზნით.

სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიების-მელიორაციიის-ეფექტი უწინარეს ყოვლისა დამოკიდებულია მისი სამუშაოების ოპტიმალურ ვადებში განხორციელებაზე. მორწყვა არ შეიძლება დაგვიანდეს არც ერთი დღით, არც ერთი საათი. ეს კი მოითხოვს წყლის გარანტიურებულ რესურსებს.

წყლის გარანტირებული მარაგი საჭიროა არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ მრეწველობის, ენერგეტიკის, კომუნალური მეურნეობის, ტურისტული ინდუსტრიის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ახლო წარსულში წყალსაცავების მოწყობას განიხილავდნენ როგორც სავსებით დასაშვებს და აღარ აანალიზებდნენ მის გავლენას გარემოზე. უსათუოდ არაპროფესიული მიდგომა იქნებოდა ამჟამადაც მოცემული საკითხის ღრმა ანალიზის გარეშე გადაწყვეტა. დასამალი არაა, რომ წყალსაცავების აგებას აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეებიც.

წყალსაცავების მოწყობის დროს შემჩნეულ ნეგატიურ მოვლენებთან ყველაზე საყუადღებოა დატბორვა. წყალსაცავის ადგილას შერჩევის დროს ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენი ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, არქეოლოგიური გათხრების ადგილებს არ მივაყენოთ ზიანი, ისინი დატბორვას აუცილებლად უნდა ავაცდინოთ.

წყალსაცავებში წყლის დაგროვებისას წყალქვეშ დიდი რაოდენობით ექცევა ნიადაგის ნაყოფიერი ფენები. ამ ზარალის შესამცირებლად საჭიროა წყალსაცავის ფუძეს დროულად, წყლის შევსებამდე მოვაცილოთ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა და შემდგომ საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ.

წყალსაცავში წყლის დაგროვება იწვევს მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის წყლების დონის აწევას. ამ მოვლენას აღკვეთის ღონისძიებებია: დრენაჟის მოწყობა, ტუმბოებით წყლის დონის დაწევა და სხვა. მთელ რიგ შემთხვევებში წყალსაცავების მოწყობამ შეიძლება გრუნტის წყლების დაწევაც კი გამოიწვიოს.

წყალსაცავის მოწყობას ხშირად შედეგად მოსდევს ნაპირების ნგრევა, რიგი საინჟინრო და აგრომელიორაციული ღონისძიებების გატარებით ეს პროცესი საგრძნობლად იკლებს და გამოწვეული ზარალიც მცირდება.

დაკვირვებები ცხადყოფს, რომ წყალსაცავები თავისებულ გავლენას ახდენენ მიკროკლიმატზე. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ასეთი გავლენა ე.წ. მშრალ ზონაში პოზიტიურია (მაგალითადად, თბილისის ზღვა), ზოგი კი სადავოდ ხდის მტკიცებას, მთიანი რაიონის წყალსაცავების გავლენა მიმდებარე ტერიტორიის მიკროკლიმატზე ჯერ კიდევ საბოლოოდ შესწავლილი არ არის. შესწავლილ რეგიონებში შეინიშნება, რომ გიგანტური ტევადობის ბარის წყალსაცავები ძირითადად გავლენას ახდენენ წყალსაცავის 3-5 კმ სიგანის სანაპირო ზოლზე. დადგენილია, რომ ეს ცვლილება ძირითადად გამოიხატება გაზაფხულზე ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურის 0,5-1° ით დაწევით და ზაფხულსა და შემოდგომაზე 0,3-0,5° ით აწევით.

წყალსაცავები ხშირად ჭუჭყიანდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებიდან ჩამდინარე წყლებით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ წყალსაცავში დაგროვილმა წყალმა კაშხლის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს კაშხლის ქვემოთ ხეობაში დასახლებულ ქალაქებსა და პუნქტებს.

წყალსაცავებმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი სხვა ნეგატიური მოვლენაც, ეკოლოგიური სიტუაციის შეცვლაც კი. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოინახოს საშუალებები, რომლებმაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ეს გავლენა.

რასაკვირველია, ის სიკეთეც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც დაკავშირებულია წყალსცავების განხორციელებასთან, ოღონდ სრულყოფილი შეფასების შემდეგ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.

წყალსაცავები ხშირ შემთხვევაში საშუალებას იძლევა მოულოდნელი წყალდიდობებისა და ღვარცოფების დამანგრეველი ზემოქმედებისაგან დავიცვათ დასახლებული ადგილები, სოფლის მეურნეობის სავარგულები.

წყალსაცავებში შეიძლება დავაგროვოთ წყალი წყალუხვობის პერიოდში და ვხარჯოთ იგი მთელი წლის განმავლობაში. ამასთან, წყალსაცავი საგრძნობლად აუმჯობესებს მდინარისა და ჩამონადენი წყლის ხარისხს, ამცირებს ნალექის შემცველობას, სუნს, მჟვიანობას, აუფერულებს წყალს, ათანაბრებს მდინარის წყლის ხარისხსა და ტემპერატურის სეზონურ ცვლილებებს.

ირიგაციული წყალსაცავები, რომლებიც როგორც წესი, ამშვენირებენ ლანდშაფტს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცირე ელექტროსადგურების მოსაწყობად.

წყლასაცავები საშუალებას იძლევა აკუმულირებული წყალი გამოვიყენოთ ჭალების რაციონალურად მოსარწყავად. ამ შემთხვევაში წყლის ნაწილი ისევ უბრუნდება მდინარეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვერც ერთი სრულყოფილი გამწმენდი ნაგებობა, ისე ვერ წმენდს წყალს ტოქსიკური კომპონენტებისაგან, როგორც მდინარე. უკანასკნელ დროს კი მდინარის გაყოლებით მოსახლეობის წყალზე მოთხოვნილების დღითი დღე ზრდასთან დაკავშირებით მათი წყლიანობა მცირდება, ისინი კარგავენ თვითგაწმენდის უნუკალურ თვისებას. მდინარეთა უმრავლესობამ გაჭუჭყიანებისა და წყალმცირობის გამო დაკარგა ბუნებრივი პროდუქტიულობაც. მდინარე მხოლოდ მაშინ შეასრულებს რეკრეაციულ დატვირთვას , ეკოლოგიურ ფინქციებს, თუ ის წყალუხვი იქნება. წყალსაცავების თვითგაწმენდის უნარის გამო მასში დაგროვილ წყალს, როგორც წესი, კარგი ბაქტერიოლოგიური მაჩვენებელი აქვს.

ყოველივე ზემოთქმული სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თანამედროვე პოზიციებიდან გამომდინარე, ეკოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული პროექტები და გადაწყვეტილებები არ იყოს გადასახედი. ჩვენ უფლება არა გვაქვს დავუშვათ არამცთუ ეკოლოგიური კრიზისი, არამედ ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევაც.

ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყველა წყალსაცავს ჰქონდეს სპეციალური “პასპორტი”. ჩვენ არ უნდა დავთანხმდეთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელებიც ეკოლოგიურ წონასწორობას საგრძნობლად დაარღვევს და გამოიწვევს ეკოლოგიურ კრიზისს. ამიტომ შეცდომა არ უნდა დავუშვათ, საჭიროა განვახორციელოთ სამშენებლო ობიექტის ეკოლოგიური ექსპერტიზა საზოგადოების, ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონეზე. ასეთი ექსპერტიზა უეჭველად საშუალებას მოგვცემს პროექტში დროულად გავითვალისწინოთ ბუნების დაცვა და ეკოლოგიური წონასწორობის მინიმალური დარღვევის გარანტია. დამპროექტებლებისა და მეცნიერების ვალია გამონახონ ამ ამოცანის გადაწყვეტის გზა დროულად ჩატარებული ყოველმხრივი კვლევის საფუძველზე წყალსაცავის სრული სახალხო-სამეურნე, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციოლოგიური და სხვა ეფექტის გათვალისწინებით. უდავოა, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა უპირველეს ყოვლისა მოითხოვს ეკოლოგიური, ტექნიკური, ეკონომიკური, სოციოლოგიური ასპექტების გათვალისწინებას, ჰუმანიტარული და სხვა დარგის სპეციალისტთა გაერთაინებულ შემოქმედებით საქმიანობას.

წყალსაცავების ნეგატიურ გავლენაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ყურადღების ღირსია და ალბათ უნდა გავიაზროთ საზოგადოების შიში, მღელვარება ბუნებსა და ადამიანს შორის დამოკიდებულების გამწავევბის შესახებ. დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით უნდა შევძლოთ და წყალსაცავები მოვაწყოთ ისე, რომ მათ მოგვიტანონ მეტი სიკეთე, ვიდრე ზიანი.

ავტორი: ცოტნე მირცხულავა

1990 წელი

Leave a Comment