დასავლეთ საქართველო ხასიათდება მაღალი სინოტივით, მაგრამ თბილი და მშრალი აღმოსავლეთის ქარების-ფიონების გამო სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავეგეტაციო პერიოდში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც აღნიშნულია დიდი სიმშრალე. იმ მიზნით, რომ დაგვედგინა ფიონური ქარების ზეგავლენა სინოტივის ბალანსის შემცირებაზე, გამოვიანგარიშეთ ჰიდროთერმული კოეფიციენტი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონისათვის 20 წლის მონაცემების საფუძველზე. ამისთვის გამოვიყენეთ ჰიდროთერმული კოეფიციენტის ფორმულა, რომელიც იძლევა შესწორებას ქარზე, ვინაიდან დასავლეთ საქართველოს პირობებში სიმშრალის დასახასიათებლად შეუძლებელია მხედველობაში არ მივიღოთ გაბატონებული მშრალი აღმოსავლეთის ქარები.
გასულ საუკუნეში სავეგეტაციო პერიოდის სიმშრალის დასახასიათებლად გამოიყენება ჰიდროთერმული კოეფიციენტი, როგორც დამოკიდებულება ნალექებისა და ტემპერატურების ჯამს შორის.
XX საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ კი ბევრმა მკვლევარმა ჰავის სიმშრალის შესაფასებლად და მშრალი პერიოდების განსაზღვრისათვის გამოიყენა ჰიდროთერმული კოეფიციენტი. იგი კარგად ახასიათებს ადგილის ტენიანობის ხარისხს, რაც ეთანხმება ბუნებრივ პირობებს და საერთოდ მცენარეთა ვეგეტაციურ განვითარებას.
ჰიდროთერმული კოეფიციენტის ფორმულით წარმატებით შეიძლება ვისარგებლოთ ტენის უზრუნველყოფის ხარისხის დასადგენად. ტენით უზრუნველყოფის ხარისხი ჩვენ გამოვიანგარიშეთ ხშირი ფიონური თვეებისათვის. ე.ი. ჰიდროთერმული კოეფიციენტი იმ წლების სავეგეტაციო თვეებისათვის, რომლებიც 20 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო მეტი ფიონურობით ხასიათდებოდნენ: ასეთი წლები იყო 1948, 1949, 1951, 1952, 1954 და 1957. გამოვიანგარიშეთ ჰიდროთერმული კოეფიციენტი სხვა დანარჩენი წლებისათვის, რათა შეგვედარებინა ხშირი ფიონიანი თვეების სავეგეტაციო პერიოდისათვის დამახასიათებელი ჰიდროთერმული კოეფიციენტები, შედარებით ნაკლებფიონიან თვეებთან.
სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ჰიდროთერმული კოეფიციენტის სიდიდეები გვიჩვენებს,რომ განსახილველი ზონის აღნიშნულ რაიონებში აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი და აგვისტო უმთავრესად გვალვიანია აგროკლიმატური თვალსაზრისით.
გვალვიანი პერიოდები დამახასიათებელია ხშირფიონიანი წლებისათვის თითქმის ყველა რაიონში, მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ლანჩხუთი, მწვანე კონცხი, ქუთაისი, ხეთა, სადაც სექტემბერ-ოქტომბერში , ხოლო საქარაში, სამტრედიაში და ცხაკაიაში ოქტომბერი ხასიათდება შედარებით დაბალი ჰიდროთერმული კოეფიციენტით, მაგრამ გვალვა მაინც არ არის დამახასიათებელი.
ხშირი ფიონების შემთხვევაში ყველაზე დაბალი ჰიდროთერმული კოეფიციენტით ხასიათდება ქუთაისი, სამტრედია, საჩხერე და ცხაკაია, სადაც ჰიდროთერმული კოეფიციენტის მაქსიმუმი არ აღემატება 0,7 , ხოლო მინიმუმი ეცემა 0,1 -მდე. არ რაიონებში მინიმალური ჰიდროთერმული კოეფიციენტი ზოგჯერ 0,1-ზე დაბლაც ეცემა ხშირი და ინტენსიური ფიონის დროს.
მიუხედავად იმისა, რო, მწვანე კონცხი სხვა რაიონებთან შედარებით დიდი სინოტივით ხასიათდება და ჰიდროთერმული კოეფიციენტი საერთოდ სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში თითქმის არ ეცემა ზღრულ სიდიდეზე დაბლა, ხშირფიონიანი წლების სავეგეტაციო პერიოდში-აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, ყველა თვისათვის ჰიდროთერმული კოეფიციენტი 1,0-ზე ნაკლებია და ზოგიერთ შემთხვევაში მისი მინიმალური სიდიდე 0,1-იც კი.
დასავლეთ საქართველოს შიდა რაიონების ჰიდროთერმული კოეფიციენტები უფრო დაბალია ვიდრე სანაპირო რაიონებისა, რაც უნდა ავხსნათ კონტინენტური ჰავის ელემენტების გავლენით და ფიონების უფრო ხშირი და ინტენსიური მოქმედებით.
სათანადო გამოკვლევები გვაძლევენ საფუძველს ცალკეული კულტურისათვის ტენის მინიმალური ბალანსი 0,2 დასავლეთ საქართველოსთვის ჩავთვალოთმინიმალურ საზღვრად, რომლის დროსაც ვაზს აუცილებლად სჭირდება მორწყვა. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ გამორიცხული არაა სინოტივის ბალანსი 0,2-ზე მაღალი იყოს და ვაზს სჭირდებოდეს მორწყვა. მორწყვის აუცილებლობა ასეთ შემთხვევაში გამოწვეულია ნიადაგის მიერ წყლის გამტარუნარიანობით, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ცხელი და მშრალი ქარების მოქმედების სიხშირით.
სინოტივეს დიდი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლიანობისათვის. აღმოჩნდა რომ 20 წლის გამოკვლევიდან საქარის საცდელ სადგურში ყურძნის ყველაზე ნაკლები მოსავალი მიიღეს 1957 წელს, ვინაიდან ეს წელი ხასიათდებოდა ყველაზე ხშირი და ინტენსიური ფიონებით. რის გამოც ამ რაიონში მინიმალური ჰიდროთერმული კოეფიციენტები სავეგეტაციო პერიოდში აღნიშნება აპრილში 0,04, ხოლო მაქსიმუმი ოქტომბერში 0,9.
ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი მიღებულია იმ წლებში, როდესაც სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად ფიონური შემთხვევები შედარებით ნაკლებად ინსტენსიური იყო და მაშასადამე, სინოტივის ბალანსი ვაზის კულტურისათვის დამაკმაყოფილებელი. ასეთ წლებში საქარის საცდელი სადგურის მეურნეობაში ყურძნის მოსავალი თითქმის 2-ჯერ მეტია.
უნდა ავღნიშნოთ, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ ფიონური ქარების გამო ჰიდროთერმული კოეფიციენტი დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით რიონის ხეობის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში ვაზისათვის ნორმალურ საზღვრებშია, რის გამოც აქ მაღალხარისხიან იმერულ ღვინოს აყენებენ.
ამგვრად, თუ გავითვალისწინებთ გამოანგარიშებული ჰიდროთერმული კოეფიციენტის სიდიდეებს სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მაშინ ხშირი და ინტენსიური ფიონების შემთხვევაში საჭიროა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვა დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში.
ავტორი: ანა დემეტრაშვილი
1971 წელი