“უძრავი” ვარსკვლავები დიდი სიჩქარით და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ სამყაროს სივრცეში

თითოეული ვარსკვლავი უცვლელი სხეული კი არ არის, არამედ მარად მოძრაობა-განვითარებაში იმყოფება და სახეცვლილებას განიცდის. თითოეული ვარსკვლავი გადის თავის ხანგრძლივ სასიცოცხლო გზას, მაგრამ ერთად აღებული, ე.ი. ვარსკვლავთა ჯგუფები ანუ სისტემები, აგრეთვე მარადიულ მოძრაობას განიცდიან და ამ მოძრაობაში თითოეულ ვარსკვლავს თავისი ხვედრი სიჩქარე და მიმართულება აქვს.

ვარსკვლავთა სიჩქარე საერთოდ რამდენიმე ათეულ კილომეტრს უდრის წამში. მაგრამ გხვდება ისეთი ვარსკვლავიც, რომელიც სივრცეში კიდევ უფრო დიდი სიჩქარით მიქრის, სახელდობრ, 385 კილომეტრს გარბის წამში. ასეთია, კერძოდ, ერთი ცნობილი ვარსკვლავი ქნარის თანავარსკვლავედში.

მაგრამ ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს მარტო თითოეული ვარსკვლავის მოძრაობის სიჩქარის ცოდნა. საინტერესოა ვიცოდეთ ისიც, თუ როგორია ამ მოძრაობათა საერთო კანონზომიერება.

ზოგიერთი ვარსკვლავები ერთად, ჯგუფ-ჯგუფად მიიჭრებიან სამყაროს სივრცეში. მათ აერთიანებთ ურთიერთმიზიდულობა და საერთო წარმოშობა. ასეთ ჯგუფს ქმნის, მაგალითად, დიდი ძუდათვის ხუთი კაშკაშა ვარსკვლავი და ზოგიერთი სხვაც.

ამგვარი ჯგუფრი მოძრაობის გარდა, ყველა ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს სისტემას-გალაქტიკას ეკუთვნის, მონაწილეობს მთელი ამ სისტემის ბრუნვაში ყველა მასში შემავალი ვარსკვლავის საერთო სიმძიმის ცენტრის გარშემო. ჩვენი გალაქტიკა ბრუნავს როგორც ერთიანი სისტემა.

ჩვენი მზეც მონაწილეობს ამ გალაქტიკურ ბრუნვაში. იგი გალაქტიკის ცენტრს დაშორებულია 33 ათასი სინათლის წლის მანძილით, მისი გალაქტიკური ბრუნვის სიჩქარე 200მ კილომეტრზე მეტია წამში და 200 მილიონამდე წელიწადია საჭირო იმისათვის, რომ მზემ ერთხელ შემოურბინოს გარშემო გალაქტიკის ცენტრს.

ამავე დროს, სისტემურ ან ჯგუფურ მოძრაობასთან ერთად, თითოეული ვარსკვლავი განიცდის კიდევ თავის ინდივიდუალურ მოძრაობას, ეს შეეხება მზესაც, რომელიც 20 კილომეტრის სიჩქარით წამში მიჰქრის ქნარის თანავარსკვლავედის მიმართულებით და თან წარიტაცებს ყველა თავის თანამგზავრ-ცთომილებს და მასთან ერთად- ჩვენს დედამიწასაც, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე მზე ამ თანავარსკვლავედის ვარსკვლავებს დაეჯახება. მისი მოძრაობა მიმართულია აქეთკენ. თანავარსკლავედის ვარსკვლავებს შორის კი თავისუფალი სივრცეები უშველებელია და თავის დროზე მზე ისევე თავისუფლად ჩაუვლის მათ, როგორც თავისუფლად იმყოფება იგი ამჟამად სამყაროს სივრცეში თავის მეზობელ ვარსკვლავებს შორის.

მაგრამ მზე არც ისე მალე ჩაუვლის ამ ვარსკვლავებს. მართალია რაკი მზე და დედამიწა წამში 20 კილომეტრის სიჩქარით მიჰქრიან ამ თანავარსკვლავედისაკენ, ყოველი დღე-ღამის შემდეგ ჩვენ დაახლოებით მილიონნახევარი კილომეტრით ვუახლოვდებით მას, ხოლო ყოველი წლის დამლევს- დაახლოებით 550 მილიონი კილომეტრით. მიუხედავად ამისა, ათეული და ასეული წლების განმავლობაშიც კი არ ეტყობა ამ ვარსკვლავებს სიკაშკაშის ოდნავ მაინც მომატება მათთან მიახლოების გამო. მილიარდი კილომეტრებიც კი უმნიშვნელო მონაკვეთია იმ მანძილთან შედარებით, რაც გვაშორებს ჩვენ ქნარის თანავარსკვლავედს.

იმის გამო, რომ დედამიწა მზის გარშემო მოიქცევა წლის განმავლობაში, ხოლო მზე, თავისი მხრით, ქნარისაკენ მოისწრაფვის და თან წარიტაცებს დედამიწას-უკანასკენლი სივრცეში რთულ ხვია გზას აღწერს.

ვარსკვლავთა ერთობლიობის ანუ ვარსკვლავთა სისტემის მოძრაობა მოგვაგონებს კოღოების გუნდის მოძრაობას, რომელშიაც თითოეული კოღო სწრაფად მოძრაობს გუნდის შიგნით, თავისი მეზოებელი კოღოების ახლო და მთლიანად კი ამ გინს ამავე დროს ქარი გადაადგილებს სივრცეში.

ერთი შეხვედით თითქოს მეტად ქაოტურია ვარსკვლავთა მოძრაობანი სამყაროს სივრცეებში, მაგრამ მიუხედავად ამისა ასტრონომების შრომისა და გამოკვლევის მეოხებით დადგენილია ამ მოძრაობათა საერთო კანონზომიერებანი და გამოვლინებულია მათი შინაგანი წესრიგი.

ავტორი: ევგენი ხარაძე

1949 წელი

Leave a Comment