დედამიწის კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფები

1950 წლის 23 მარტს შეიქმნა მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, რომელიც 163 სახელმწიფოს აერთიანებს და მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებს კლიმატოლოგიის დარგში. ამ ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მსოფლიოს კლიმატური პრობლემის შესწავლა: რა გველოდება ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებთ, ბუნების როგორი სიურპრიზებისთვის უნდა ვიყოთ მზად მომავალში?

წარსულში ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური ანომალიები მთელ რიგ სახელმწიფოებს და ხალხებს კატასტროფების წინაშე აყენებდა. დღეისაც ჩვენი ცხოვრების პირობები დამოკიდებულია კლიმატზე. სტიქიური უბედურებისგან ყოველწლიური ზარალი 30 მლრდ დოლარს შეადგენს, იღუპება საშუალოდ 250 ათასი ადამიანი.

ბუნების ანომალიები მიმდინარეობს დროის სხვადასხვა ინტერვალში, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული სტიქიური უბედურება ყოველთვის მძიმეა. მთელი რიგი ბუნებრივი კატასტროფები პირდაპირი ან არაპირდაპირი მიზეზებით დაკავშირებულია დედამიწის კლიმატის ევოლუციასა და ადამიანის ჩარევასთან ამ პროცესების ბუნებრივ მიმდინარეობაში. გავეცნოთ ზოგიერთ კატასტროფულ მოვლენას და მათს თავისებურებას.

გვალვა იშვიათად იწვევს ადამიანთა უშუალო დაღუპვას(სითბური დარტყმით დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ იღუპება 100-200 კაცი), მაგრამ მოაქვს დიდი ეკონომიკური ზარალი, შიმშილი და დაავადებები.

დადგენილია, რომ ბოლო ათწლეულებში გვალვა გახშირდა, მზე უფრო მცხუნვარე გახდა, უდაბნოებს ყოველწლიურად ემატება 21 მლნ ჰა. ეკოლოგიურ სისტემათა დეგრადაციის პროცესი ადრეულ ზონებში ჩქარდება (საათში 44 ჰა-მდე) და მთელი ხმელეთის დაახლოებით მესამედ გაუდაბნოება ემუქრბა. ამასთან, გვალვის პირობებში მცხოვრებთა რაოდენობა 650 მლნ-დან (1977 წ.) 850 მლნ-მდე გაიზარდა.

სტიქიის გამოწვევის მიზეზებს მკვლევარები, უწინარეს ყოვლისა, უკავშირებენ კლიმატის ბუნებრივ ევოლუციას. მაგრამ როგორ გავიგოთ იგი? ზოგიერთის აზრით, მიმდინარეობს კლიმატური რეჟიმის გრძელვადიანი შეცვლა უფრო გვალვიანი პირობებით. ზოგიერთს ახლანდელი “ცხელი ანომალიები”, რომლებიც ზოგიერთ რეგიონში უკვე დასასრულს უახლოვდება, მხოლოდ მცირეოდენი კლიმატური რყევის შედეგად მიაჩნდათ. თანდათან აღდგა ატმოსფერული ნალექების წინანდელი ფონი. პრობლემა შემდგომ უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს.

ბევრ შემთხვევაშიი დღევანდელი უკიდეგანო ქვიშრობები და უნაყოფო ქვაღორღიანი ველები თავისებური პასუხია ბუნებისა, უტყვი საყვედურია ადამიანთა მიმართ მათი უდარდელობის, უგუნურობისა და იოლი სარგებლობის სურვლის გამო.

ამის ცოცხალი მაგალითია საჰარა. ძველად წინდაუხედავად გადახნეს მისი მიმდებარე მიწები, სადაც ნიადაგის თხელი ფენის ქვეშ ქვიშა იყო. “გაღვიძებული” ქვიშები “უკუკავშირის ბრძანებით” საუკუნოვან შემოტევაზე გადმოვიდნენ. მას შემდეგ საჰარის ფართობი ერთიორად გაიზარდა. მარტო ბოლო 20 წლის განძილზე მან სამხრეთისაკენ 100 კმ-ით გადაიწია. უდაბნოებსა დანახევრად უდაბნოებს ძალზე ფრთხილად უნდა მოვეპყრათ. მრავალწლოვანი მცენარეულობის უმნიშვნელო კლება, პირუტყვის თითქოსდა შეუმჩნეველი ჭარბი ბალახობა საძოვრებზე, მიწათმოქმედებით გამოწვეული, ვითომ არცთუ საგრძნობი ზიანი იწვევს ნალექების რაოდენობის კლებას, გვლავის გამწვავებას.

სწორედ ეს უდევს საფუძვლად პრაქტიკული მოქმედების დაპროგრამებასაც: კი არ უნდა დავიპყროთ უდაბნო ან უმიზეზოდ მოვსპოთ მცენარეული სამოსი მისი ბუნებრივი მდგომარეობისათვის უცხო მეთოდებით, არამედ ხელი შევუწყოთ მარადიულ ეკოლოგიურ სისტემებს.

დიდ კატასტროფებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მეტეორიტების ცვენას. სპეციალისტების აზრით, ტუნგუსკის მეტეორიტს(1908 წ.) შეეძლო დედამიწაზე რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. მეტეორიტის ჩამოვარდნა მოსალოდნელია 50 000 წელიწადში ერთხელ, ტუნგუსკის მსგავსისა კი-12 000 წელიწადში ერთხელ.

მეტეორიტისაგან დაღუპვის ალბათობა მიწისძვრებით დაღუპვის ალბათობასთან შედარებით 1000 -ჯერ უფრო მცირეა. ეს ალბათობა ნებისმიერი ტერიტორიისათვის ერთნაირია.

უფრო რთული ვითარებაა სითბური კატასტროფების-დედამიწის გადახურებისა და ახალ გამყინვარებათა პერიოდის დადგომის შემთხვევაში. გადახურება, რა თქმა უნდა, უფრო სახუფათოა, ვიდრე გამყინვარება.

გადახურება, შეიძლება მოხდეს ტექნოგენური ორთქლის ეფექტის გამო. ე.ი. ნახშირორჟანგის შემცველობის მომატებით ატმოსფეროში, გამყინვარება კი-ყინულის მოწყვეტით ანტარქტიდიდან.

დედამიწის არსებობის მანძილზე კლიმატი რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მკაფიო კლიმატური პერიოდი იყო გამყინვარების ეპოქა, რომელიც ათეული და ასეული მილიონი წელი გრძელდებოდა. ამ ეპოქის კლიმატის ცვლილების თავისებურება დიდი ხანია აღელვებს მეცნიერებს. იქმნებოდა ჰიპოთეზები კლიმატის ცვლილებების მიზებებზე: მაგალითად, ასტრონომიული ჰიპოთეზა მთავარ როლს აკუთვნებს მზის გამოსხივების ცვლილებას (მცირდებოდა მზის ნათება ან ხდებოდა მისი ნაკადის ეკრანიზაცია), კომეტური ჰიპოთეზის თანახმად ხდება ტემპერატურის დაცემა დედამიწაზე და საბოლოოდ მოსალოდნელია გამყინვარება.

ამ მხრივ საინტერესოა ჰალეის კომეტის პერიოდული(76-წლიანი) გავლა დედამიწის სიახლოვეს. კომეტის გავლის დროს წინა და ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად იცვლება კლიმატური პირობები დედამიწაზე. ჰალეის კომეტას ძველად სიკვდილისა და უბედურების მაუწყებელს უწოდებდნენ.

კომეტის მტვერი საგრძნობლად ცვლის დედამიწის ატმოსფეროს შედგენილობას, ამას შეუძლებელია გავლენა არ მოახდინოს კლიმატზე. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ყურადღება მიაქციეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიდ როლს, თუმცა მისი შემცველობა უმნიშვნელოა(0,03%). ატმოსფეროში ნახშირორჟანგი რომ არ იყოს, დედამიწის საშუალო ტემპერატურა საკმაოდ შემცირდებოდა.

საინტერესოა XX საუკუნის 20-იან წლებში შემჩნეული დათბობა. ოკეანოლოგეებმა შენიშნეს, რომ წყალი ბარენცის ზღვაში შესამჩნევად გათბა. დათბობის მომენტში დედამიწის ზედაპირის ტემპერატურამ 0,6 °-ით მოიმატა. ამან მთელი კლიმატური სისტემის საგრძნობი ცვლილებები გამოიწვია.

40-იანი წლებიდან დაიწყო აცივების ტენდეცია. ყინულოვანი ოკეანის ფართობი 60-იანი წლებისათვის 10%-ით გაიზარდა. 60-70-იან წლებში მატულობდა კლიმატური ანომალიები. ასეთმა ანომალიებმა მოიცვეს არა მარტო ზომიერი სარტყელი, არამედ მთელი დედამიწა.

80-იანი წლები აღინიშნა ფართო და მნიშვნელოვანი ანომალიებით. 1981-1982 წლების ზამთარი ამერიკასა და კანადაში ერთ-ერთი ყველაზე ცივი იყო, თერმომეტრი აჩვენებდა ისეთ დაბალ ტემპერატურას, როგორც ადრე არ დაიკვირვებოდა: 75 ქალაქში, მათ შორის ჩიკაგოში, ყინვამ გადააჭარბა ყველა წინანდელ რეკორდს. 230 ამერიკელი დაიღუპა სიცივისაგან. 1983-1984 წლების ზამთარიც ასევე დაბალი ტემპერატურით აღინიშნა ამერიკაში, განსაკუთრებით ფლორიდაში.

ბოლო 100 წლის განმვალობაში ჰაერის ტემპერატურის სტატისტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ XX საუკუნის დასაწყისში დაწყებულ ინტენსიურ დათბობას, რომელიც 40-იან წლებამდე გაგრძელდა, მოჰყვა აცივება. ეს უკანასკნელი 60-იან წლებამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც მცირე დათბობა დაიწყო და ტემპერატურის ცვლილებების გეოგრაფიულ განაწილებაში დიდი არაერთგვაროვნობა შეიმჩნევა.

ამჟამად, კლიმატი განუწყვეტლივ იცვლება, ამავე დროს დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურათა საშუალო რყევის დიაპაზონია 0,6. ბოლო წლების დაკვირვებები კლიმატის ცვლილების გარკვეული მიმართულების დადგენის საშუალებას არ იძლევა.

80-იან წლებში 2000 წლისა და XXI საუკუნისათვის ჩამოყალიბდა პროგნოზი, რომელიც წინასწარმეტყველებს დათბობას. წარმოიშვა ე.წ. “დედამიწის გათბობის” ჰიპოთეზა. იგი ეყრდნობა ადამიანის აქტიურ ჩარევას კლიმატურ სისტემებში. ყოველგვარი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ადამიანი თავისი ჩარევით ცვლის ბიოსფეროს, რაც დიდ გავლენას ახდენს კლიმატური სისტემის კომპონენტზე(პირველ რიგში ატოსფეროს შემადგენელი აირების კონცენტრაციაზე) და თვით კლიმატზე.

ბოლო 10-20 წელია მთელი მსოფლიოს ყურადღება მიქცეულია დედამიწის ორივე პოლუსზე ოზონური ხვრელების გაჩენისადმი, რომელთა დიამეტრი რამდენიმე ასეული კილომეტრია. რა არის მათი გაჩენის მიზეზი? პირველ ყოვლისა, ესაა ადამიანის ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგი. ოზონი, გავრცელებულია ატმოსფეროს სხვადასხვა სიმაღლეზე. ყველაზე მეტია სტრატოსფეროში , სადაც იგი ახშობს მზის ულტრაიისფერ რადიაციას და მავნე ზემოქმედებისგან იცავს ცოცხალ ორგანიზმებს.

ოზონის კონცენტრაცია იცვლება წლის დროისა და ადგილის მიხედვით, მატულობს ზამთრიდან ზაფხულისკენ, ეკვატორიდან-პოლუსისაკენ. რას უქადის ოზონის ხვრელი დედამიწის მცხოვრებთ? მოახდენს თუ არა ოზონის ხვრელი გავლენას პლანეტის კლიმატსა და ამინდზე? ამ კითხვებს პასუხს მომავალი გასცემს.

ავტორი: რუსიდან ხვედელიძე

1988 წელი

Leave a Comment