ქართულ-აღმოსავლური სამეცნიერო ტერმინოლოგიის შესწავლისათვის (ვახტანგ VI-ის “ქიმიის” მიხედვით)

XVIII ს-ის I ათეულ წლებში ქართული კულტურის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის განვითარებაში მოხდა ფრიად მნიშვნელოვანი ძვრები, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ განმათავისუფლებობას. ამ მოძრაობის მოთავე და სულისჩამდგმელი იყო ვახტანგ VI, რეფორმატორი, მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი. ვახტანგის თაოსნობით დაარსდა “სწავლულ კაცთა” კომისია, რომელმაც შეკრიბა და დაადგინა “ქართლის ცხოვრების” წყაროები და დაწერა საქართველოს ისტორია XIV საუკუნიდან XVIII საუკუნემდე. მან შეიმუშავა ქართული სამართალი, ჩამოაყალიბა სამართლის წიგნთა კრებული, შეადგინა “დასტურლამალი”, შექმნა სტამბა, სადაც სხვა მნიშვნელოვან წიგნებთან ერთად დაიბეჭდა მისივე კომენტირებული “ვეფხისტყაოსანი”… განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ვახტანგი მეცნიერების ზოგიერთ დარგს, რომელთა განვითარების ხაზი სხვადასხვა მიზეზთა გამო გაწყვეტილი იყო საქართველოში. ქართულ საზოგადოებას ესაჭიროებოდა ამ მეცნიერებათა ელემენტარული საფუძვლები მაინც, რათა მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ “უკუე ისწავლონ და წადიერ იყვნენ ფილოსოფოსობისად და ინებონ და შეასრულონ ქართლულისა ენით ფილაფოსობა და გამოიღონ” . ცოცხლდება მივიწყებული დარგები, ჩნდება ახალ მეცნიერებათა რიგი.

ვახტანგს დიდი დამსახურება მიუძღვის ასტრონომიის, ქიმიისა და სხვა დარგების გამოცოცხლებასა და აღორძინებაში. ნაყოფიერად მოღვაწეობს იგი ამ მიმართულებით ირანში ყოფნის დროს. აქ თარგმნის ასტრონომიული შინაარსის თხზულებებს-ულუღბეგის ვარსკვლავთა კატალოგს-“ზიჯს”, “ჰიდაით-ალ-ნუჯუმს”, “აიათს”… აქვე დაუწყია მას “ქიმიის” შედგენაც. მეცნიერული თარგმანები განსაკუთრებით კარგად ნათელ ყოფს ვახტანგის მთარგმნელობით მოღვაწეობის ერთ თავისებურებას-ყოველი ნათარგმნი ძეგლი, განსაკუთრებით კი მეცნიერული ხასიათის ნაშრომი უნდა იყოს პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც მოემსახურება სწავლა-აღზრდის საქმეს. რიგ შემთხვევაში იგი გვევლინება არა მარტო მთარგმნელის, არამედ მეცნიერ-თანაავტორის როლშიც. ზემოთქმული უშუალოდ ეხება ვახტანგის “ქიმიას”, მით უმეტეს, რომ ამ ძეგლში, გარდა ნათარგმნი მასალისა, შევიდა მისი ორიგინალური პარაგრაფებიც.

ქიმიური ხასიათის თხზულებები მსოფლიო მასშტაბითაც კი ძალიან მცირეა, ამდენად ვახტანგის თხზულება “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის”, ფრიად საყურადღებო ძეგლია. ძეგლი აღგვიწერს ალქმიის შემდგომი პერიოდის განვითარებას. როდესაც გამრავლდა ცნობები ქიმიურ ნაერთებზე, გაუმჯობესდა მათი მიღების მეთოდები და აღმოჩენილ იქნა ახალი ნაერთები. ნაშრომი პრაქტიკულ-გამოყენებითი ხასიათისაა, იგი გვაცნობს ქიმიის გარკვეული დარგების მდგომარეობას ირანში, რუსეთსა და საქართველოში. ვახტანგის “ქიმია” ასეთი შინაარსის დღესათვის მიკვლეული პირველი ძეგლია. იგი საყურადღებოა გარკვეული პრაქტიკული ტრადიციების, ვახტანგის მრავალხრივი მეცნიერული მოღვაწეობის შესასწავლად. მისი არსებობა XVIII საუკუნის ქართული მეცნიერული აზროვნების მაღალ დონეზე მიუთითებს.

ვახტანგის ნაშრომში მნიშვნელოვნადაა ასახული აღმოსავლური, ლათინური თუ რუსული მეცნიერული წყაროების კვალი. ავტორს რამდენიმე პარაგრაფი ირანელი ალქიმიკოსის არ-რაზის თხზულებიდან “დაიდუმლოებათა წიგნიდა” აქვს შეტანილი. არ რაზის მსგავსად იგი ქიმიურ ნივთიერებათა მთელ სამყაროს სამ ნაწილად ყოფს: მინერალური, მცენარეული და ცხოველთა. მინერალურ სამყაროში ექვს ჯგუფს გამოყოფს, ცხოველთა სამყაროდან გამოსული და მოსახმარი ნივთიერებებიდან ჩამოთვლის ათ სახეობას. ასევე საერთოა “ქიმიასა” და მის ერთ წყაროს-“საგანძურს” შორის მარილთა ჯგუფები, მეტალთა დადნობისათვის გამოყენებულ ხელსაწყოთა ნუსხა. “ბრძნული თიხისა” და ჟანგაროს დამზადების წესი. ვახტანგმა არ-რაზის კონცეფციის ზოგადთეორიული ნაწილი გაიაზრა, აიღო მისგან გარკვეული სისტემა, მაგრამ არა მისი ალქიმიური არსი. გარდა ამისა, როგორც ეს “ქიმიის” პარაგრაფთა ლექსიკიდანაც ჩანს, მას უსარგებლია რუსული წყაროებით. აქვე უხვადაა წარმოდგენილი ლათინურ-ბერძნული ტერმინოლოგიაც, რაც ვახტანგის “ქიმიაში” შევიდა ან მის მიერ გამოყენებული ქართული, რუსულია ან სხვა წყაროების გზით. მაჰ ჰქონდა საშუალება უშუალოდ მიემართა ლათინური პირველწყაროებისათვის. ძეგლში აისახა სულხან-საბასა ლექსიკონის კვალიც-169-ე პარაგრაფში მოცემულ ძვირფას ქვათა აღწერილობა მიჰყვება საბასეულ ნუსხას, რომელიც რუსეთშია გადაწერილი. წერილობითი წყაროებიდან ვახტანგი 128 პარაგრაფში მიუთითებს ერთ უცნობ ნუსხაზე, რომლითც მას უსარგებლია: “ერთი ნუსხა ვნახე, რომ ამითი ოქრო გაკეთდებაო, ეწერა. ასევე ვკითხულობთ: “წამალი გარდმოიღე და ჩემის ძმის (იესე ან ქაიხოსრო) ყოფილა ქიმიით დაინტერესებული და არსებობდა მათი ნუსხაც, რომელსაც ვახტანგის იხსენიებს. ამავე დროს , როგორც ტექსტიდან ჩანს, ვახტანგს უსარგებლია სხვადასხვა ზეპირი გადმოცემითაც, თუმცა ზოგიერთ მათგანს იგი სკეპტიკურად უყურებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვახტანგის ორიგინალური პარაგრაფები, რომლებიც რა თქმა უნდა, ეყრდნობა პრაქტიკულ ჩვევებსა და ტრადიციებს, ძეგლში კი უშუალოდ ვახტანგისეული გადმოცემითაა წარმოდგენილი. ეს პარაგრაფები ლექსიკური თვალსაზრისით მკვეთრად განსხვავდება თარგმნილი პარაგრაფებისგან. ვახტანგის მიერ აქ მოცემულ წესებს მოსევადების, ფერადი და ოპტიკური მინების, სულფიდური პრეპარატების, ფერადი მელანის დამზადებისა და სხვა მის მიერ დამოუკიდებლად აღწერილ ქიმიურ პროცესებს თანამედროვე მკვლევარები მაღალ შეფასებას აძლევენ. წყაროთა ლექსიკური ნაირგვარობა თვალნათლივ აირეკლება ლექსიკურ-ტერმინოლოგიურ ფენებში, რომლებიც პირდაპირ მიგვანიშნებს მათს საიდუმლოებაზე.

ვახტანგ VI-ის მოღვაწეობის პერიოდი ლექსიკოგრაფიული მუშაობის გადაფურჩქვნის ხანა იყო. XVII-XVIII სს-ში წარმოებულ ინტენსიურ მთარგმნელობით მოღვაწეობასთან-ცოდნის გადმოქართველობასთან დაკავშირებით წამოიჭრა ქართული მეცნიერული ენის გაცოცხლების, სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის საჭიროება. ვახტანგის მოღვაწეობა ამ მხრივ ფრიად საგულისხმოა. იგი სულხან-საბას მიერ წარმოებულ დიდ ეროვნულ საქმეში უშუალო მონაწილეობას ღებულობს, თვითონაც ადგენს ლექსიკონებს-“ვეფხისტყაოსნის” , “ზიჯის”, “ჰიდაიათ ალ-ნუჯუმის” ლექსიკონები, “სტროლაბში” მის მიერ ქართულად ჩასწორებული აღმოსავლური ტერმინები. ლექსიკონებში იგი იძლევა ძნელადგასაგები სიტყვების განმარტებებს, თითქმის ყველგან აღნიშნავს მათს უცხო წარმომავლობას, ცდილობს მიუსადაგოს მათ ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია-გამოუძებნოს აღმოსავლურ ტერმინებს ზუსტი ქართული ექვივალენტები, თუკი ისინი არსებობენ და დაამკვიდროს ახალი ტერმინები იმ აღმოსავლურ ტერმინთა ნაცვლად, რომელთა ქართული შესატყვისი მაშინდელ მწიგნობრულ ენაში არ იყო.

ყოველი ტერმინი, რომლის ხმარება დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი და გათავისუფლებული ხდება, თან ატარებს თავის ისტორიას-ტერმნის ხმარება უკვე თავისთავად ნიშნავს ამ ცნების შემუშავებასთან დაკავშირებული მეცნიერული აზრის გარკვეულ ტრადიციას. რამდენადაც უფრო მყარდაა დამკვიდრებული ენაში , იმდენად ხანგრძლივია დრო მისი ხმარებისა და ე.ი. ისტორია ამ ცნებასთან დაკავშირებული კონკრეტული მეცნიერული აზრისა. ყოველივე ეს თვალნათლივ ჩანს თარგმნითი ხასიათის მეცნიერულ შრომებში. ამიტომ ვახტანგის მოღვაწეობის შესწავლა ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია.

ვახტანგის მიერ ასეთი ნაშრომის შედგენა ცხადია, გულისხმობდა ენაში უკვე არსებული ტერმინოლოგიური მასალის(ქართულის, ორიგინალურისა თუ არაქართულის, მაგრამ მწიგნობრულ ენაში ფეხმოკიდებულის) სრულად გამოყენებას და ამასთან ერთად გარკვეული წვლილის შეტანას ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის (მოცემულ შემთხვევაში ქიმიური ტერმინოლოგიის) შექმნის საქმეში. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ქიმიური შინაარსის სხვა უფრო ადრეული ქიმიური ძეგლი არაა მიკვლეული. ბუნებრივია, რომ “ქიმიის” ტექსტში მრავლად იქნებოდა უცხო სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ენამ დროთა განმავლობაში, უმრავლეს შემთხვევაში ვერ იგუა და ვერ შეითვისა. ამდენად, ეს მეორეული ქართულისათვის არაბუნებრივი, დაშრევებული ტერმინოლოგია მთლიანად არ დამკვიდრებულა ქართულში, მაგრამ ეს სრულიადაც არ ამცირებს ვახტანგის ცდას, შეექმნა ასეთი ტერმინილოგია. განსაკუთრებით კი ფასეულია და ანგარიშგასაწევი მის მიერ ხმარებული ქართული ორიგინალური ტერმინები. ისინი ცხადყოფენ ქართული მეცნიერული აზრის დამოუკიდებელ, თავისთავად არსებობას. “ქიმიის” ქართული ტერმინებიდა , რომლებიც მესამე ჯგუფში გამოვყავით, გვინდა მოვიხმოთ ზოგიერთი მათგანი:

დაშრობილი-ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ვახტანგი თაყდირს “დაშრობილად” განმარტავს: “თაყდირი იმას ჰქვია, რომ ერთი ჰელიდან ამოიღო, მინით იყოს თუ ფიალით, ცეცხლით ამდონი ხარშო, რაც წყალი ჰქონდეს, დაიშროს და ყურსსავით დარჩეს, ქართულად დაშრობილი ჰქვია. ვხდებით აგრეთვე “ნოტიოს ამოშრობას” ვახტანგის მიერ ნახმარი ეს ქართული ტერმინი “დაშრობილი” კარგად გამოხატავს თაყდირ ცნების არსს, რაც გამოხდას, სუბლიმაციას ნიშნავს.

გარდაუხალისებელი მადანი-გადაუმუშავებელი, გაუწმენდელი დასახალასებელი მადანი:”მოიტანე ორი თიხის ფიალა, შიგნიდამ ქაშთგამოვლებული და რა ერთიც გინდოდეს გოგირდი, დანაყე გარდაუხალასებელი მადნისა, შიგ ფინთფუნთს ნურას შეიტან”. შესაძლოა აქ ყოფილიყო გარდაუხალასებელი, რაც იქნებოდა ხალასი-დახალასებიდან მომდინარე.

ყურადღებას იქცევს ტერმინი გათვისება. ტექსტში ვკითხულობთ:”…ასეც გაწმდება: ვერცხლისწყალი ფიალაში ჩაასხი, შიგ მარილი ჩაყარე და ზედ წყალი დაასხი და ხელით ჭყლიტე, მერმე ვერცხლისწყალი გაათვისე. გაწმენდილი იქნება”. გათვისება მოყვანილ კონტექსტში ნიშნავს “გამოყოფას”, “გამოცალკევებას”. ეს ტერმინი კარგად ესადაგება შესაბამისი პროცესის არსს.

როგორც შესავალშია მითითებული, მთელი რიგი ტერმინებისა დღესაც იმავე ფორმითა და მნიშვნელობით იხმარება, როგორც XVIII საუკუნის დასაწყისში. მაგალითად: კალა, ვერცხლისწყალი, გოგირდი, ნიშადური, ქაფური, არჯასპი, სევადი, სულემა, სინგური და სხვა. ორიგინალირია და მისაღები ვახტანგის მიერ ხმარებული ტერმინები: წყალუკრავი ანუ გაუნელებელი და განელებული კირი, რაც უფრო ქართულია და კარგად გამოხატავს ცნების შინაარს, ვიდრე რუსულიდან კალკირებული ჩამქრალი და ჩაუმქრალი კირი. ვახტანგი ტერმინოლოგიურად ანსხვავებს კონცენტრირებულსა და არაკონცენტრირებულ ხსნარებს-პირველს ზეთით აღნიშნავს, მეორეს წყლით ან წმინდა წყლით. აქედანაა ძეგლის სათაურიც-“წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის”, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქმე ეხება კონცენტირებულ ხსნართა მიღებას, მათს ურთიერთქმედებას.

გაყინვა-ქიმიაში ორი მნიშვნელობით იხმარება. ერთი პირდაპირი-“წყლის გაყინვა თბილ ადგილას” და მეორე გამყარების, დაკრისტალების მნიშვნელობით: “მერმე კიდევ ამთონი ადუღე, რომ წყალი გასქელდეს, ერთ რაშიმე ჩაასხი, დადგი. ის მარილს გაჰყინავს.”

განსაკუთრებით საინტერესოა ტერმინი წურვა. აკაკი ჩხენკელი თვლის, რომ გერმანულიდან ქართულში შემოსული გაფილტვრის იდენტურია. ამ ტერმინს სწორედ მსგავსი მნიშვნელობით სხვა ქართულ ძეგლებშიც არაერთხელ ვხდებით. მაგ. “ვისრამიანში”, თავში “აქა ქორწილი მოაბადისა და ვისისი” იკითხება: “შაჰინშა ჯდა მხიარული, გულდაღრეჯილობისაგან გამოწმედილი, ვითა გამოწურვილი ვერცხლი”. “გამოწურვილი ვერცხლი” ამ კონტექსტში სპარსული სუფთა, წმინდა ვერცხლის ნაცვლადაა ნახმარი. გამოწმენდლიც განმარტავს ფაქტიურად გამოწურვილს. ძველ ქართულ ძეგლებში ვხდებით სიტყვა წურვილსაც. განსხვავებულ ნიუანსს იძენს და ნიშნავს “სუფთას, წმინდას”. ამავე შინაარსით უნდა გავიგოთ მათეს სახარებაში ხმარებული დაწურვა:”რომელნი დასწურავთ კურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ”. აქ დაწურვა გამორჩევას, გამონთავისუფლებას ნიშნავს. “ძველი ქართული ენის ლექსიკონში” გამოწურვის ერთ-ერთ მნიშვნელობად მიჩნეულია გამოხდა. მაგალითად, “შენ გამოსწურე ზეთი(“წინასწარმ. მიქიაისი” 6,15). გამოწურვული კი განმარტებულია, როგორც გამოხდილი: “აღსუარულ ზეთითა გამოწურვილია.” ყველა ამ შემთხვევაში ლაპარაკია ნივთიერებათა გაფილტვრა-გასუფთავებაზე. ამდენად ქართულში ტერმინ წურვას ჰქონდა “გასუფთავება, გამოხდა, გაწმენდა, დახალასების” მნიშვნელობაც და ამან თავისი გამოხატულება ჰქპოვა ვახტანგის “ქიმიაშიც”, სადაც მას სპეციალურ-ტერმინოლოგიური მნიშვნელობა შეუძენია-იგი უნდა გავიგოთ როგორც “გაფილტვრის, გასუფთავების, დახალისების, გამოხდის” იდენტური, მისი შესატყვისი ცნება.

ძეგლში მრავლადაა სხვა ქართული ტერმინებიც. თუ მინერალთა და მცენარეთა სახელები ძალზე ხშირად არაქართულია, რაც აიხსნება მათი უცხოენოვანი წყაროებიდან, ან უძველესი ნათარგმნი ძეგლებიდან მომდინარე ტრადიციით, ქიმიურ პროცესთა სახელები თითქმის ყველგან ქართულია: ქართულ ენაში დამკვიდრებული და მრავლგზის ხმარებელი, აქ კი სპეციფიური შინაარსით მიხმობილი. ასეთებია: გამოხდა, გამოწვა, ჩამოსხმა, დაწრთობა, გაფოლადება, დახალასება, შემომიწვა, გაწყალება, დაფერვა და სხვა. ასევე განსაკუთრებულ კონტექსტში ნახმარი ტერმინები:”ოქროდამ სევადის ამოყრა”, “რკინის გაჭმა”, “ვერცხლისწყლის მოკვდომა”, “გაცხელებული ნახშირი”, “გამტკიცებული ნაცარი” და ა.შ. განსაკუთრებით მრავლდაა ამ ტიპის ქართული სიტყვები ვარაყთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მოვარაყების, ხანგრძლივ ტრადიციაზე მიუთითებს. მაგ. “ვარაყის დავარაყება, დაკვრა, მიკვრა, დაფენა, დაკრება, მიცემა და სხვა. ხშირია ქართული, მაგრამ ხელოვნური გამონათქვამებიც: “ტყვიისაგან ჯივის გამოშვება”, “გაუკეთებელი გოგირდი” “ბუნების სიშავის გამორთმევა” და ა.შ.

რაც შეეხება ვახტანგის მთარგმნელობით მეთოდს, იგი აქაც ისევე, როგორც სხვა ნათარგმნ ძეგლებში, არ ღალატობს პრინციპს-თითქმის ზედმიწევნით სიზუსტეს სათარგმნი მასალის მიმართ, თავის მისწრაფებას-ყველა აღმოსავლურ სიტყვისა და ტერმინს მოუძებნოს შეძლებისდაგვარად ქართული შესატყვისი, ან თუ ეს ვერ მოხერხდა, ქართულად მაინც განმარტოს იგი.

ამგვარად, ტერმინოლოგიის თვალსაზრისით ვახტანგის ნაშრომში შეიძლება გამოიყოს რამოდენიმე ფენა:

ა)ვახტანგისეული-ქართული, ორიგინალური ტერმინები.

ბ) აღმოსავლური-ზოგჯერ მისივე განმარტებით, ზოგჯერ კი მხოლოდ ტერმინის სახით მოცემული, რაც განსაკუთრებით იმ პარაგრაფებში შეიმჩნევა, რომლებიც უშუალოდ არ-რაზის თხზულებას მიჰყვება. (ეს პარაგრაფი მკვეთრად განსხვავდება ამ მხრივ არათარგმანი, ორიგინალური პარაგრაფებისაგან.

დ) რუსული ტერმინები.

ე) ბერძნულ-ლათინური ტერმინები. თითოეული ამ ტერმინოლოგიური ჯგუფის შესაბამის პარაგრაფთა ლექსიკა დიდად განირჩევა ერთმანეთისაგან, მათ აშკარად ამჩნევია წარმომავლობის კვალი.

ავტორი: თამარ აბულაძე

1986 წელი

Leave a Comment