ყოველი ხალხის კულტურული გავითარებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა სახის საქმიანობა, მათ შორის ქიმიური საქმიანობითაც დაინტერესება და შესაბამისი ჯერ პრაქტიკული და შემდეგ თეორიული ცოდნის შემუშავება.
ქიმიური საქმიანობით ქართველების, ისე როგორც ყოველი ხალხის, გატაცება უძველესი დროიდანაა ცნობილი. ქართველური ტომების მონათესავე სუბერები მესოპოტამიაში და ხეთები მცირე აზიაში 5-6 ათასეული წლის წინათ მოღვაწეობდნენ ისტორიულ ასპარეზზე. ისტორიულ-არქეოლოგიური მონაცემები მეტყველებს, რომ ქიმიურ საქმიანობას ის ქართველური ტომებიც ეწეოდნენ, რომლებითაც ახლანდელი საქართველოს ტერიტორია იყო დასახლებული. მაგრამ ქიმიური საქმიანობა აღნიშნულ ტომებში განვითარდა არა იმ პერიოდში, როდესაც ისინი კაცობრიობის ისტორიისათვის ცნობილი გახდნენ, არამედ გაცილებით ადრე. იგივე ჩანს ყველა ხალხის კულტურული განვითარების ისტორიიდან. კულტურული განვითარების პირველი საფეხურიდანვე, ე.ი. იმ დროიდან, როდესაც ადამიანი შრომას გაეცნო, ამა თუ იმ სახის ქიმიურ საქმიანობას ყველა ხალხი ეწეოდა.
ამგვარდ უნდა იყოს გაგებული ყოველ ქვეყანაში, ყოველი ხალხის კულტურული განვითარების ისტორიაში ქიმიური საქმიანობის დანერგვა. ამიტომ ჩვენ უსაფუძვლოდ მიგვაჩნია ზოგიერთის მიერ წამოყენებული აზრი იმის შესახებ, თითქოს ქიმიური საქმიანობის ქიმიის ჩასახვა ერთ რომელიმე რჩეულ ქვეყანაში მოხდა და შემდეგ იქიდან გავრცელდა სხვა ქვეყანაში.
რა თქმა უნდა, ზოგიერთ ქვეყანაში ქიმიურმა საქმიანობამ უფრო მაღალ განვითარებას მიაღწია კონკრეტულ-ისტორიულ-გეოგრაფიულ პირობათა გამო (ჩინეთი, ეგვიპტე და სხვა) და სხვა ხალხებისათვის ეს მისაბაძი იქნებოდა. მაგრამ აქედან ისეთი დასკვნის გაკეთება როდი შეიძლება, თითქოს ამ კულტურულად დაწინაურებული ქვეყნების მიმბაძველ ხალხებს საერთოდ თავისი საკუთარი კულტურა და კერძოდ ქიმიური საქმიანობა სრულიად არ გააჩნდათ.
არსებობს წერილობითი წყაროები, რომელთა თანახმად მცირე აზიაში მოსახლე ქართველ ტომებს იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული პრაქტიკული ქიმიური ცოდნა ჰქონდათ(მაგ. ტაბალებს IX საუკუნეში და მუსკებს XI საუკუნეში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე).
უძველესი პერიოდიდან სოფლის მეურნეობაში, ლითონების დამუშავებაში, სამკურნალო და სხვა საქმიანობაში გამოყენებული პრაქტიკული ქიმიური ცოდნა დროთა მსვლელობაში თანდათან ვითარდებოდა, განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის ისეთ პერიოდებში, როდესაც მას მშვიდობიანი საქმიანობისათვის საჭირო თუნდაც მინიმალური პირობები შეექმნებოდა და საამისო ინიციატორი აღმოუჩნდებოდა. ასეთი პირობები შეიქმნა ქართლში XVIII საუკუნის პირველ მეთხედში, როდესაც აქ ჯერ სპარსეთის შაჰის ჯანიშინად, ანუ მოადგილედ(1703-1711 წწ.) და შემდეგ მეფედ (1719-1724) ვახტანგ VI იყო. მეფის მოადგილედ ყოფნის დროს 8 წლის მანძილზე მან თავის ირგვლივ ღირსეული მოღვაწენი შემოიკრიბა (მათ შორის აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბაგრატიონი) შემოიკრიბა და მათი დახმარებით ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.
ვახტანგ VI-ის სასახლე, როგორც ისტორია ირწმუნება პატარა აკადემიას წარმოადგენდა, სადაც თავს იყრიდნენ ქართული კულტურის მოამაგენი და ეწეოდნენ როგორც ლიტერატურულ ისე სხვა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. მეფე ვახტანგ VI, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ქიმიურ ლაბორატორიაშიც მუშაობდა.
ირანში ვახტანგ VI-მ დაჰყო 1712 წლიდან 1719 წლამდე. ლიტერატურულ მოღვაწეობას ის აქაც ეწეოდა: “სხვა საქმე არა მქონდა რა, ამის შექცევას გამოვეკიდე”-ამბობს ის, ირანში ის დაკავშირებული იყო იქ მოღვაწე ფრანგ მისიონერ რიშართან.
ვახტანგ VI-მ დიდი ღვაწლი დასდო არა მარტო ჩვენს შესანიშნავ ეროვნულ ლიტერატურას, არამედ აგრეთვე ქართული მეცნიერული ფიზიკისა და ქიმიის განვითარებასაც, რასაც მოწმობს მისი შრომა “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა”.
შრომა ხელნაწერია, პატარა ფორმატის 126 გვერდის მოცულობისა. შეიცავს 219 თავს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქიმიისადმია მიძღვნილი და მხოლოდ მცირე ნაწილი ფიზიკისადმი.
ვახტანგ VI-ის ინტერესი ქიმიური ხასიათის მუშაობისადმი და ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი შრომის დაწერისადმი განპირობებულია საქართველოს იმ დროინდელი ვითარებით, ცნობილია რომ იმ პერიოდში ქართული საზოგადოების ინტერესი პოეზიისადმი გაძლიერდა, ასევე, უცხო ენების, ისტორიის, გეოგრაფიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი.
ვახტანგ VI-ის ნაშრომის შინაარსიდან ჩანს რომ მისი შედგენისათვის ავტორს საქართველოში ცნობილი მასალა აქვს გამოყენებული. ვინაიდან საქართველოში მე-18 საუკუნემდე პრაქტიკული ქიმიური ცოდნა საკმაოდ განვითარებული იყო. გაბედულ აზრად არ უნდა იყოს მიჩნეული ის შეხედულება, რომ მხოლოდ ქიმიის შედარებით მაღალმა განვითარებამ გახადა შესაძლებელი ისეთი ქიმიური ხასიათის შრომის დაწერა, როგორიცაა ვახტანგ VI-ის შრომა.
რუსეთის პრაქტიკული ქიმიის გავლენა ბუნებრივია, რადგან ამას განაპირობებდა რუსეთთან ვახტანგ VI-ის ახლო ურთიერთობა. ასევე ირანთან მჭიდრო ურთიერთობა, მისდამი დაქვემდებარება და ირან-არაბული კულტურის გავლენის შედეგი უნდა ყოფილიყო ზოგიერთი ქიმიური ცოდნის გადმოღება. როგორც შრომიდან ჩანს, ვახტანგ VI-ს კავშირი ჰქონია მუსლიმანური რელიგიის მსახურებთან (მოლებთან), რომლებსაც მისთვის სხვადასხვა ნივთიერებების მიღების რეცეპტები უსწავლებიათ.
შრომაში ჩანს აგრეთვე ევროპული ქვეყნებისა და განსაკუთრებით ფრანგულ წყაროთა გავლენაც. ასე მაგალითად, ავტორი ხშირად იხსენიებს ფრანგ ქიმიკოსებს, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს-პატრებს, რომლებიც, როგორც მისიონერები იმ დროს საქართველოში იყვნენ და როგორც ჩანს ქიმიური საქმიანობასაც ეწეოდნენ. კერძოდ ვახტანგ VI თავის შრომაში იხსენიებს ვინმე ფრადომენიკს(პატერ მენიკი).
ამასთან შესაძლებელია ქიმიური ხასიათიც ცნობები მას ამოღებული ჰქონდა იმ ევროპული ლიტერატურიდან, რაც კათოლიკე მისიონერებს უნდა ჰქონოდათ, ალბათ, თან.
შრომაში სახელწოდება “ზეთი” იმ გაგებით არაა გამოყენებული, როგორც ეს ცნება ჩვენ ახლა გვესმის. უფრო სწორი იქნება უმეტეს შემთხვევაში შრომაში აღწერილ “ზეთებს” მალამოები ეწოდოს, რომლებიც ამჟამად მედიცინაში გარეგან სახმარ საშუალებებადაა გამოყენებული. იმ დროსაც, როგორც ჩანს, ეს ზეთები სამკურნალოდ იყო გამოყენებული და ისე იხმარებოდა, როგორც ამჟამად მალამოები. ზეთების დამზადებას მიძღვნილი აქვს 16 თავი.
“ზეთების” უმრავლესობის დამზადებისათვის ავტორს გოგირდი აქვს გამოყენებული, რომელსაც ზოგჯერ საპნის წყალიც გაერევა, ზოგჯერ გაუნელებელი კირი ან ვერცხლისწყლის მარილი. ამ უკანასკნელის ზეთის შესახებ ავტორი ამბობს “ზეთი მუწუკის მოსარჩენი უკეთესი არ იქნება”. ზოგჯერ მითითებულია “ზეთის” დამზადება გოგირდის, ნიშადურისა და ნაცრისაგან.
ყველა იმ შემთხვევაში,როდესაც “ზეთის” დასამზადებლად გამოყენებული იყო გოგირდი საპნის წყლით, გაუნელებელი კირით ან ნაცრით, ძირითადი ქიმიური რეაქცია მდგომარეობდა გოგირდსა და ტუტის ურთიერთქმედებაში, რის შედეგადაც ნატრიუმ ან კალციუმსულფიდი წარმოიქმნებოდა. ასეთი მასალები ამჟამადაც გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადების, კერძოდ ქეცის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მალამოში ტუტე ან მოტუტო ლითონის სულფიდი ქარმოიქმნება გოგირდისა და ტუტის ურთიერთქმედებით.
“ზეთს” უწოდებს ვახტანგ VI აგრეთვე სითხეს, რომელსაც იმ დროს იღებდნენ გოგირდის დაწვით. რაც შეეხება იმ რეცეპტებს, რომელთა თანახმად “ზეთის” მისაღებად ვერცხლიწყლის მარილია გამოყენებული, უნდა ვიფიქრო, რომ ამ შემთხვევაში, გარდა წარმოქმნილი ტუტე ან მოტუტო ლითონის სულფიდის მოქმედებისა კანზე, დამატებით ვერცხლისწყლის მარილიც მოქმედებდა. უნდა დავუშვათ, რომ გამოხდის დროს ძირითადი მასალის გადადენასთან ერთად ვერცხლისწყლის მარილიც გადადიოდა.
იმ შემთხვევაში, როდესაც საპნის წყალი ნახსენები, რეაქცია მიმდინარეობდა გოგირდსა და ნატრიუმის ტუტეს შორის, რომელიც საპნის ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნებოდა.
ერთ რეცეფტში გოგირდი, ნიშადური და ნაცარია გამოყენებული. ნაცარი კალიუმკარბონატს შეიცავს, რომლის ჰიდროლიზით კალიუმის ტუტე წარმოიშვება და ის გოგირთან K2S-ს წარმოქმნის. ნიშადური ამ შემთხვევაში დამხმარე საშუალება უნდა ყოფილიყო: ტუტის მოქმედებით ნიშადურზე ამონიაკი წარმოიქმნებოდა, რომელიც გამოხდის დროს ძირითად მასალას გადაჰყვებოდა.
შრომაში აღწერილია აგრეთვე ბორის “ზეთის” დამზადება, რისთვისაც გამოყენებულია ბორის(ბორაკის) წყალხსნარის დუღება და გამოხდა. სამკურნალო საშუალების ამ გზით მიღება ამჟამად შემდეგით შეიძლება იყოს გამართლებული: ბორაკის წყალხსნარის დუღილის დროს მისი ჰიდროლიზი ხდება და ბორის მჟავას ერთგვარი რაოდენობა შეიძლება წყლის ორთქლს გადაჰყვეს. სწორედ, ამით უნდა აიხსნას, ალბათ, “ბორის ზეთის” სამკურნალო თვისებები.
ერთ ადგილას ვახტანგ VI წერს: “კიდევ გამოხდა სხვა ბორის ზეთისა, ერთმა კაცმან ასე მასწავლა ბორის ზეთი. ბორა დანაყე და შემომიწულს მინაში ჩაყარე, ამბუხში დაადგი ქურაზე შემოდგი. ნელი ცეცხლი მიეც და ზეთი გამოვა. მაგრამ მე ვეჭვობ ეს არაყი იქნება, მე არ მიცდია”.
შრომაში კარგადაა მოცემული ისეთი მოწყობილობა, რომელიც დამახასიათებელია ქიმიის განვითარების ისტორიისათვის ალქიმიურ პერიოდში და არის ჯერ ბერძნულ (ალექსანდრია), შემდეგ არაბულ და ბოლოს ალქიმიურ წყაროებში. ვახტანგ VI -ის მიერ მოცემულ ალქმიურ ჭურჭლებს დიდი მსგავსება აქვს სხვა ქვეყნებში გამოყენებულ ასეთივე ჭურჭლებთან. ამიტომ შესაძლებელია, რომ შრომის ავტორს არ შეიძლება წერილობითი წყაროები არ ჰქონოდა სხვა ქვეყნებში გამოყენებული ქიმიური ჭურჭლის გასაცნობად.
მოყვანილია ნახაზები ქიმიური ჭურჭლებისა, რაც ფრიად კარგადაა შესრულებული. ეს ჭურჭლები ძლიერ გავს ბერძნულ ქიმიურ ჭურჭლებს-ტრობიკებს. ვახტანგ VI-ის შრომაში ალამბიკების სურათებია მოცემული, რომლებიც კოლბისა და ერთი ამბუხისაგან შედგება, ტრობიკს კი სამი ამბუხი აქვს.
მსგავსი ჭურჭლის ნახაზები მოჰყავს ალქიმიური ლაბორატორიების მოწყობილობის სიაში არაბ ალქიმიკოსს აბებუკრ მაგომეტ ალ რაზის(მე-9, მე-10 საუკუნე). არაბული ქიმიური ჭურჭლების ტიპები ბერძნული ჭურჭლების ფორმებიდან გამომუშავდა და შემდგომ იმ ჭურჭლებსაც დაედო საფუძველად, რომლებსაც დასავლეთ ევროპის ალქიმიკოსები იყენებდნენ და რომლებისაგანაც შემდგომ თანამედროვე ჭურჭლების ფორმები გამომუშავდა.
შრომის-“წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა” ქიმიური ნაწილი, სამკურნალო საშუალებათა მიღებას ეხება, როგორიცაა მაგალითად, გარეგანი, ისე შიგნით მისაღები საშუალებანი და სხვა. გარდა ამისა, შრომაში გარჩეულია მთელი რიგი ნაერთების მიღების ხერხები და თვისებები. ამევე დროს, შრომა ალქიმიური პერიოდის გავლენის ქვეშაა დაწერილი და იმ პერიოდისათვის დამახასიათებელ ქიმიურ მასალას შეიცავს, როგორიცაა აქსირის(ელექსირის) დამზადება და სხვა ლითონებიდან ვერცხლისა და ოქროს ხელოვნურად მიღება. თუმცა იმ დროს, როდესაც ვახტანგ VI თავის შრომას წერდა, ქიმიაში ალქიმიური მიმართულება უკვე უარყოფილია, მაგრამ მისი გავლენა ჯერ კიდევ დიდი იყო. მიუხედავად ამისა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ვახტანგ VI ზოგიერთ შემთხვევაში კრიტიკულად უყურებს ალქიმიურ შეხედულებებს.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI სახელწოდება “ქიმიას” იყენებს და ქიმიკოსებს “ქიმიანებს” უწოდებს (რუსეთში ამ დროს ქიმიის დარგში მომუშავეთ “ალქიმისტებს” უწოდებდნენ). თუმცა ვახტანგ VI-ს ვერცხლსა და ოქროს ხელოვნურად მიღების მთელი რიგი საშუალებები აქვს აღწერილი მაგრამ ის ზოგჯერ მაინც ლაპარაკობს “ყალბი ოქროს” მიღებაზე ან ამა თუ იმ საშუალების შესახებ საუბრისას დასძენს: “ასე იტყვიანო” , მაგალითად, ერთ ადგილას (მე-60 თავი) ის აღნიშნავს, რომ სპილენძის, გოგირდისა და სინგურის ნარევის გადნობით მიღებული ნივთიერება “ყალბი ოქრო” იქნებაო. ან კიდევ სხვა ადგილას ნათქვამია: “ასქირე მეორე, იტყვიან სპილენძი, რომ გაახურო და წაუსვა ოქრო იქნებაო”.
შრომის ზოგიერთ თავში ვახტანგ VI ამბობს, რომ მან ასე თუ ისე მითითება პრაქტიკულად სცადა და ის შედეგები ვერ მიიღო, რაზეც სხვები მიუთითებდნენ. ეს გარემოება სავსებით ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ ვახტანგ VI არა მარტო სხვისი შრომებით ან ნათქვამითა და რჩევით სარგებლობდა, არამედ თვითონაც ეპსპერიმენტულ კვლევა-ძიებას ეწეოდა. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად საქართველოში ცნობილი ყოფილა არა მარტო ქიმიური ხასიათის ზეპირსიტყვიერი წარმოდგენები, არამედ ქიმიური ექსპერიმენტიც კი ყოფილა გამოყენებული.
ავტორი ამა თუ იმ ქიმიურ ცნობებს არა მარტო კრებდა, არამედ მათ ხშირად ექსპერიმენტულადაც ამოწმებდა. ქიმიური კვლევა ძიებისათვის ლაბორატორიაც უნდა ყოფილიყო ვახტანგ VI-ის სასახლეში.
დასასრულ, უნდა ავღნიშნოთ, რომ ვახტანგ VI-ის ქიმიური შრომა “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა” ჩვენი კულტურული წარსულის წერილობით ძეგლებს ეკუთვნის. მისი შინაარსის შესახებ წარმოდგენა უფრო ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
ავტორი: აკაკი შანიძე
1961 წელი