ნახშირის გამოყენება ძველ საქართველოში

სტატიაში აღწერილია ქართულ მონასტრებში გავრცელებული საინტერესო სამკურნალო წესი, რომელიც ნახშირის გამოყენებას ითვალისწინებდა. ეს ნივთიერება დიდი ხვედრითი ზედაპირის საშუალებით კუჭნაწლავში მოხვედრილი მომწამლავი ნივთიერებების ადსორბციას უზრუნველყოფს და ამით ორგანიზმზე მათი მავნე ზემოქმედების ნეიტრალიზებას ახდენს.

ძველ ქართულ სამედიცინო თხზულებებში ძალზე დიდი ადგილი ეთმობა იმ სამკურნალწამლო საშუალებები დამზადებას,რომლებსაც წარმატებით იყენებდნენ სამკურნალო პრაქტიკაში.

რეცეპტების მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ამ თხზულებებში პრაქტიკაში არსებულიწამლების დამზადების ყველა წესი მაინც არ მოხვდა. ამის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ერთ ერთი საინტერესო რეცეპტი, რომელიც სრულიად არასამედიცინო თხზულებაში არის მოყვანილი. მხედველობაში გვაქვს ნახშირის, როგორც მაადსორბირებელი საშუალების გამოყენების შემთხვევა, რომელიც აღწერილი აქვს გაბრიელ მცირეს თავის თხზულებაში: “სულიერნი თხრობანი სულთა ღვისთმოყვარეთანი”.

გაბრიელ მცირე XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი გარეჯელი მოღვაწე იყო, მას ეკუთვნის რამდენიმე შრომა, მათ შორის აღნიშნული თხზულებაც. მასში წარმოდგენილი მასალის დიდი ნაწილი ან თვალით აქვს ნანახი ან სარწმუნო კაცთაგან გადმოცემული. ამიტომ ყველა მისი ცნობა დამაჯერებელია და ეჭვს არ იწვევს.

ყურადღება მისაქცევია გაბრიელ მცირეს ერთი ცნობა, იოსებ არხიერის და შემდგომ მღვდელმთავარყოფილს შესახებ, რომელიც ავტორს ერთ-ერთი მონაზონის გადმოცემით შეუტყვია. ეს მონაზონი ავად გამხდარა და თუ როგორ განიკურნა იგი ამ სენისგან, იოსებ არხიერის საშუალებით, კარგად ჩანს თხზულებაში მოყვანილი მისი მონათხრობიდან: “სალმობიერ ვიქმენ ძლიერად სენით, მით მუცლის სიმსივნითა და ესევითარად აშროთობად, რომელ არღარა ძალ-ედვა სულთქმა, შევიდა არხიერი იგი და იხილა სენი და შეელა გულსა მისსა ლმობიერსა და რჰქვა: მასმიესო თხილის ჯოხისა ნახშირი კეთილ არს ეგევითარისა სალმობისათვის. და შედო ცეცხლსა კვერთხი მისი, რომელიც იყო თხილისა. და ვითარცა დაიწვა და ნახშირ იქმნა, მოიღო ხელითა თვისთა, გალესა წყალსა შინა, ჯვარი დასახა და მიუპყრა პირსა მის მდებარეობისასა და ვითარცა შესვა, სიმსივნე იგი დასცხრა და შემდგომად სამისა დღისა ზე აღდგა ქვემდებარე იგი”.

აღწერილი ფრაგმენტიდან ჩანს, რომ მთხრობელი რაღაც კვებითი ინტოქსიკაციის შედეგად ყოფილა მძიმე მდგომარეობაში ჩავავარდნილი, რაზედაც მიუთითებს მისი დაავადება: “სენითა მით მუცლის სიმსივნითა”. როგორც მონათხრობიდან ჩანს, იოსებ არხიერს თხილის კვერთხი დაუწვავს და მიღებული ნახშირი წყალში გაურევია(“გალესა წყალსა შინა”). ცხადია, რომ აქ თხილი კვერთხის უბრალოდ დაწვა არ იგულისხმება, რომლის შედეგად მხოლოდ ნაცარი მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ მონათხრობში თითქოს ნახშირი კვერთხის ცეცხლში დადებით იქმნა მიღებული, სინამდვილეში პროცესი უფრო რთული გზით უნდა განხორციელებულიყო, რადგან იოსებ არხიერს კვერთის დაწვა დახშულ სივრცეში უნდა მოეხდინა, რათა მიეღო ნახშირი და არა ნაცარი. ეს იმ შედეგებიდანაც ჩანს, რომელიც ამ პროდუქტით მკურანობას მოჰყვა. კერძოდ, “მყისეულად სიმსივნე იგი დაცხრა”, ხოლო სამი დღის შემდეგ ავადმყოფი განიკურნა. ეჭვს არ იწვევს, რომ ასეთი ეფექტის მოცემა ნაცარს არ შეეძლო და ის ნახშირის გამოყენებით უნდა ყოფილიყო განპირობებული. მცენარეული ან ცხოველური წარმომავლობის ნახშირი დღესაც ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ პრაქტიკაში, მეტეორიზმის, კვებითი თუ ქიმიური მოწამვლისას. ნახშირის სპეციალური დამუშავებით მიიღება დიდი ადსორბციული ზედაპირი, რომელსაც უნარი შესწევს შთანთქას დიდი რაოდენობით აირები, ტოქსინები და სხვა. შინაგანი წესით მიღებული ნახშირი ახდენს ტოქსიკურ ნივთიერებათა ადსორბციას, ანელებს ან წყვეტს მათ შეწოვას, რის შედეგადაც მცირდება მოწამვლის შესაძლებლობა.

გააქტიურებული ნახშირი დღესაც წყალში შეტივტივებული სახით გამოიყენება, ზუსტად ისევე, როგორც ეს გაბრიელ მცირს აქვს მოხსენიებული. განსხვავება იმაშია, რომ იოსებ არხიერის მიერ მიღებული ნახშირი საგანგებოდ არ იქნა დამუშავებული, მიუხედავად ამისა, ასეთ ნახშირს დიდი ხვედრითი ზედაპირი ექნებოდა და ის უდავოდ მაღალი ადსორბციის უნარით იქნებოდა გამორჩეული.

გაბრიელ მცირეს ცნობა იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ მკურნალობის იმ ერთერთ წესს აღერს, რომელიც სამონასტრო პრაქტიკაში იყო ათვისებული. საერთოდ ევროპის მონასტრებში თავის დროზე უმაღლეს დონეზე იდგა ფარმაცევტული ხელოვნება და ვინაიდან, წამლებს მონაზვნები ქიმიური წესით ამზადებნენ, ქიმიის ამ სფეროს, სამონასტრო ქიმიის სახელწოდებაც კი დაუმკვიდრდა. ანალოგიური მდობარეობა იყო საქართველოშიც. წყაროებიდან ხშირად არის ცნობილი, რომ მთელ რიგ მონასტრებთან სასნეულებიც კი ფუნქციონირებდნენ და ამასთან დაკავშირებით ცხადია, რომ ამ მონასტრის მონაზვნებს საკმაოდ დიდი ცოდნა უნდა ჰქონოდათ წამლების დამზადებისა და სამონასტრო ქიმიის მეთოდების ციდნაში.

ავტორი: რაულ ჩაგუნავა

Leave a Comment