მინერალური წყლებიდან მარილის წარმოება ძველ საქართველოში

სტატიაში განხილულია არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების მონაცემები საქართველოში არსებულ ძველ მარილსახდელ სარეწთა შესახებ. განხილულია ტექნოლოიური სქემა, რომლის საფუძველზე წარმოებდა ზღვის წყლიდან და მარილიანი წყლებიდან სუფრის მარილის მიღება.

მარილი უძველესი დროიდან თამაშობდა განსაკუთრებულ როლს ადამიანების განვითარების საქმეში. ყოფით გარემოებაში მის ყოვლის მომცველ გავლენას დიდად განაპირობებდა ის გარემოება,რომ იგი შეიცავდა ნატრიუმისა და ქლორს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის არსებით კომპონენტს წარმოადგენდნენ და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

ძველ საქართველოში მარილი უპირატესად გამოიყენებოდა კვების ძირითადად კომპონენტად, როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისთვის. ამავდროულად მას იყენებენ სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით(ტყავის კონსერვაცია მათი შენახვის მიზნით და ა.შ.)

სხვადასხვა წერილობითი წყაროს თანახმად საქართველოში მარილი თითქოს უძველესი დროიდანვე სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ, მაგრამ როგორც ირკვევა, მისი მოპოვებითი წარმოება საქართველოშიც არსებობდა.

მარილის მოსაპოვებლად მთავარ წყაროებს წარმოადგნედნენ ქვამარილის ბუდობები და მარილთა წყალხსნარები, როგორც ხელოვნური(ქვამარილის ან მარილის ბუნებრივი გამონალექის გახსნით მიღებული მარილხსნარები), ისე ბუნებრივი(ზღვის წყალი, მარილიანი ტბები და მარილიანი წყაროები).

ქვამარილის ნატეხებს ჯერ აწვრილმანებდნენ და მექანიკური მინარევების ხელით გადარჩევის შემდეგ დანიშულებისამებრ იყენებდნენ. ზოგჯერ მის გასუფთავებას წყალში გახსნით და ხელახალი გამოკრისტალების საშუალებით ახორციელებდნენ. რაც შეეხება მარილიან წყლებს, ეს იქნებოდა ზღვის წყალი, ტბა თუ წყარო, მისგან საბოლოო პროდუქტს ამოორთქვლის შედეგად იღებდნენ ნალექის სახით.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI (1675-1737) თავის “ქიმიაში” მარილის სახეობებიდან საგანგებოდ გამოყოფს ქვამარილს და თვითნალექ მარილს(ე.ი. მარილწყლის აორთქლების შედეგად მიღებულ მალექს), რომელსაც ის “ხაშურს” უწოდებს.

ის ფაქტი რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის წყლიდან მარილს იღებდნენ, დასტურდება ძველ მარილსახდელ სარეწთა ნაშთების არსებობით, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი. კერძოდ, ოჩამჩირის პორტთან აღმოჩენილ ენეოლითურ ძვ.წ. I ათასწლეულის დასახელების მიდამოებში დადასტურდა ზღვის წყლიდან მარილის მისაღები აუზების არსებობა, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზღვის წყლიდან მარილის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდანვე მისდევდნენ.

სამეცნიერო ლიტერატურიდან კარგად არის ცნობილი ზღვის წყლიდან მარილის მიღების ტექნოლოგიის თავისებურებები და სწორედ ამ მონაცემთა გათვალისწინებით ადვილად შეიძლება აღვნიშნოთ ოჩამჩირის მარილსახდელი სარეწის მუშაობის პრინციპი.

ღია სივრცეში ხსნართა აორთქლებისას მარილი ხშირად გამოიყოფა ხსნარის ზედაპირზე კუბური კრისტალების ფორმით, რომლებიც ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნიან ერთგვარ პირამიდულ ოთხწახნაგოვან ძაბრს. წყნარი ამინდების პირობებში ეს შენაზარდები გამსხვილების მიუხედავად, საკმაოდ დიდხანს ხსნარის ზედაპირზე რჩებიან და მხოლოდ მაშინ იწყებენ ჩაძირვას, როდესაც მათ ზედაპირზე წყალი შეაღწევს. საერთოდ ასეთი კრისტალების გამოყოფას და ზრდას განაპირობებს როგორც ნელი გათბობა(რაც ბუნებრივ პირობებში თავისთვად ხორციელდება), ისე ამ პროცესის ძირითადად ხსნარის ზედაფენებში მიმდინარეობა, რაც ასევე ბუნებრივ პირობებში მზის სხივების საშუალებით ხორციელდება, რომელიც მხოლოდ ამ ზედა ფენებს ათბობს. ამის გამო ხსნარის ეს ზედა ფენა ზედაპირული აორთქლების შედეგად უფრო ადრე განიცდის მარილით გაჯერებას, ვიდრე მისი ქვედა, უფრო ცივი, ფენები. სწორედ ამიტომ კრისტალიზაცია იწყება ზემოდან და წარმოქმნილი კრისტალი, რომელიც ზედა მხრიდან სიმშრალეს ინარჩუნებს მანამდე ძლებს ზედაპირზე, სანამ მისი ზემო მხარე არ დასველდება. დასველების შემდგომ ეს კრისტალები, როგორც ავღნიშნეთ, იძირებიან და მათ ადგილზე ხსნარის ზედაპირზე წარმოიქმნება ახალი კრისტალები. ცენტრისგან განსხვავებით გვერდით ნაწილებში კრისტალები ერთმანეთს იჭერენ და ამის გამო ჩაძირვას არ განიცდიან. ასე რომ, აორთქლებით წყლის დონის კლებასთან ერთად კრისტალური ქერქი ყალიბდება ძაბრის მაგვარი ზედაპირული შრის სახით. გარკვეული დროის შემდეგ ხსნარს ამ ქერქს აცლიან და უკვე როგორც მზა პროდუქტს დანიშნულებისამებრ იყენებენ. ეს ქერქი თითქმის სრული სახით სუფრის მარილს შეიცავს, ხოლო მაგნეზიის მწარე მარილების და კალციუმის სულფატის მინარევები ხსნარში რჩება.

დაახლოებით ასეთი სახით მიმდინარეობდა მარილის მოპოვება ოჩამჩირის სარეწშიც და ცხადია, რომ მარილის მომპოვებელთა ეს წესჩვეულებანი შემდგომი საუკუნეების მოსახლეობასაც უნდა გადასცემოდა. მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები სათანადო წყაროთა უქონლობის გამო არ მოგვეპოვება. ამ მხრივ ერთგვარად გაუმართლა XVIII საუკუნეს, რომლთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ცნობა არსებობს.

1771-1772 წწ. საქართველოში იმყოფებოდა გიულდენშტედტი (1745-1781), რომლმაც ერეკლე II დახმარებით საკმაოდ დაწვრილებით შეისწავლა საქართველოს სასარგებლო წიაღისეული და მინერალური წყლები. სწორედ მას ეკუთვნის ერთი საინტერესო ცნობა მარილის წყაროს შესახებ, რომელიც მან კახეთში, სოფელ მაჩხაანის სიახლოვეს დააფიქსირა. ამ ცნობის თანახმად “საჭმელი მარილის წყარო გამოდის ქვიშაქვიდან. ის არის ერთი ფუტი განივკვეთში და გადმოდის მშვიდად ბუშტების გარეშე და 1772 წლის მარტში არ გადმოსულა ნაპირებიდან, რაც სხვა დროს შეიძლება მომხდარიყო, რადგან ირგვლივ ხშირია მლაშობა. მას მცხოვრებნი იყენებდნენ საჭიროებისამებრ”.

გიულდენშტედტს, როგორც ვხედავთ, საკმაოდ ყურადღებით დაუთვალიერებია ეს წყარო და ისიც კი შეუნიშნავს, რომ მისი დებიტი სეზონის და წლების მიხედვით იცვლებოდა(ასეთი დასკვნის საშუალება მას მისცა მომიჯნავე ტერიტორიის დამარილიანება, რომელიც მხოლოდ წყაროს ნაპირიდა პერიოდული გადმოსვლით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული). იმ დროს მინერალური წყლების შესწავლისას, აუცილებლად ითვლებოდა ამ თუ იმ შესასწავლი წყაროს, როგორც სეზონური ცვლილებების, ისე გარემოზე მისი გავლენის კვალის ფიქსირება. გიულდენშტედტიც, როგორც ვხედავთ ამ წესს იცავს და ასეთი სახის ცნობებიც მოჰყავს აღნიშნულ წყაროსთან დაკავშირებით. მაგრამ ამ ცნობაში მთავარი მაინც ის არის რომ, ადგილობრივი მოსახლეობა მას იყენებდა “საჭიროებისამებრ”. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ამ საბადოს ექსპლოატაციას აწარმოებდნენ. სამწუხაროდ გიულდენშტედტი აქ არ აზუსტებს თუ როგორი სახით წარმოებდა ამ მარილის მოპოვება. კერძოდ, ბუნებრივად წყაროების ნაპირზე გამონალექი “ხაშურის” მოგროვებით, თუ ხელოვნურად ამ წყაროს წყლის საგანგებო აუზში განთავსებითა და მისი დროში ამოორთქვლის ხარჯზე.

უპირატესობა მეორე ვარიანტს უნდა მიენიჭოს, ვინაიდან ხელოვნური გზით მიღების შესაძლებლობას ფაქტიურად ადასტურებს. გიულდენშტედტის მეორე ცნობის თანახმად ერეკლე მეფეს თბილისში მარილსახდელი ქარხანა ჰქონდა.

ცხადია, რომ ამ ქარხანაში მარილი უკვე ხელოვნური მარილი უკვე ხელოვნური გზით უნდა მიეღოთ.

თბილისის სიახლოვეს რამდენიმე მარილის წყარო იყო ცნობილი(კოჯერმის ტბასთან სოფელ მიჯარის წყაროსთან, სოფელ მუხროვანთან და ა.შ.) ასე რომ, ერეკლეს ქარხანას ნედლეულად ერთერთი წყარო უნდა გამოეყენებინა.

პირველადი პროდუქციის მიღება ადგილზევე ხდებოდა საგანგებო აუზებში მარილის შემცველი წყლის ამორთქვლით. მიღებული ნალექი კი უკვე ქარხანაში გადაჰქონდათ (თვით მარილის შემცველი წყლის გადატანა, ცხადია, არარენტაბელური იყო). აქ მას ცხელ წყლებში ხსნიდნენ და ხარშვის პროცესში ზედაპირზე გამოლექილ მინარევებს მოხაპვით აცლიდნენ. მეორადი აორქლების პროცესი, ჩვენი აზრით, ხსნარის სრულ ამოშრობამდე უნდა მიეყვანათ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მიღებულ ნალექში მაგნეზიის მწარე მარილიც მოხვდებოდა და ამით პროდუქტის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა. ამ არასასრგებლო მოვლენის თავიდან ასაცილებლად მარილის ხსნარიდან გამოცალკევება ხსნარის სრულ ამოშრობამდე მის შესქელებულ მდგომარეობაში უნდა განეხორციალებინათ.

მარილის ხსნარიდან გამოცალკევების პროცესი მაშინ უნდა დაეწყოთ, როდესაც აორთქლების შედეგად შესქელებულ ხსნარში საკმაო რაოდენობით მისი ნალექი დაგროვდებოდა. ეს ნალექი სველ მდგომარეობაში სხვა ჭურჭელში გადაჰქონდათ და გაცხელების საშუალებით წარმოებდა მისი გამოშრობა. მზა პროდუქტი დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა.

ცხადია, ერეკლეს ქარხნის მუშაობა გარკვეულად წინაპრების გამოცდილებაზე იყო დაფუძვნებული და აქ ფაქტობრივად გრძელდებოდა ის ტრადიცია, რომელსაც საფუძვლი გაცილებით ადრე ჩაეყარა, რაც მისი მოღვაწეობის წინა პერიოდში უნდა არსებულიყო.

ძველ საქართველოში მარილის სარეწების არსებობა, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდან ფართოდ იყო გავრცელებული ქიმიურ პროცესებზე დაფუძვნებული წარმოებები.

ავტორი: რაულ ჩაგუნავა

Leave a Comment