ვარსკვლავები და მათი სისტემები⭐️

სამყაროს თანამედროვე სახეს ვარსკვლავები და მათი სისტემები განსაზღვრავენ. მართალია, დღისით მზის სხივთა ელვარება და დედამიწის ატმოსფეროს მიერ გაბნეული მზის სინათლე ჩრდილავს მზის სისტემის ყველა სხეულს,რაც ატმოსფეროს მიღმაა: მთვარეს, პლანეტებს, კომეტებს და ა.შ., ასევე მთელ დანარჩენ სამყაროსაც და მათ შორის ვარსკვლავებსაც – ხილვადია მხოლოდ ჩვენი პლანეტის ზედაპირი, მთაგრეხილები, დაბლობები, მდინარეები, ზღვა – ოკეანეები, ასევე დიდი და მცირე სახელმწიფოების მცხოვრებთა მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობანი თუ მათივე სასოფლო-სამეურნეო მუშაობის თვალსაჩინო ნაკვალევი. მაგრამ მზის ჩასვლისა და ბინდის დასრულების მერე ეს ყველაფერი უკუნში ინთქმება და მხედველობიდან საერთოდ ქრება, მზერის წინაშე კი გადაიშლება ყოველივე ის, რაც დღისით თითქოსდა საგულდაგულოდ დაფარული იყო აქამდე – სამყაროს უსაზღვროება და მის შემადგენელ მნათობთა ურიცხვი სისტემები. ცა დაიფარება სხვადასხვა ფერისა და სიკაშკაშის ვარსკვლავებით და მათი გუნდებით – თანავარსკვლავედებით, რომლებიც წარმოუდგენელი სიშორიდან დასცქერიან უკვე ჩაბნელებულ და დადუმებულ დედამიწას, მის მაცხოვრებლებს კი ნაწილობრივ მაინც ავიწყებენ მათ ყოველდღიურ საზრუნავს და რაღაც შორეულსა და ამოუცნობზე დააფიქრებენ. ღამის ვარსკვლავებიანი ცა, თავისი უსაზღვრობით, სიშორით, დუმილით, განუწყვეტელი ბრუნვით სამყაროს ღერძის ირგვლივ, აგრეთვე მუდმივად აღმოსავლეთიდან ამომავალი და დასავლეთით ჩამავალი მნათობებით, თვით ვარსკვლავიერი რუკის თითქმის სრული მუდმივობითა და აურაცხელ მნათობთა სისტემების აბსოლუტურად დაურღვეველი სიჩუმით მხილველებში მარადიულობის განცდას აღძრავენ. ერთი დაზუსტებით – ნათქვამი უფრო ეხება ძველ ათასწლეულებს და ნაწილობრივ – ამჟმინდელ სოფლებში მცხოვრებთ, და თითქმის აღარ – თანამედროვე მეგაპოლისებს, რომლებიც ძირითადად დღის რიტმით ცხოვრობენ და ცისათვის აღარ სცალიათ.

შეუძლებელი იყო ღამის ცის უსაზღვროებას და განსხვავებულობას მიწიერი ლანდშაფტისაგან არ აღეძრა დაუოკებელი ინტერესი სმყაროს ფენომენისადმი. ასეც მოხდა – ყველა ქვეყნის უჭკვიანესი ადამიანები უხსოვარი დროიდან დაინტერესდნენ ვარსკვლავთა რაობით, მათი მანძილებით, ფორმებით, სიკაშკაშით, სივრცული განლაგებით, ურთიერთკავშირით, და ააგეს ჯერ მარტივი და გულუბრყვლო, მერე კი თანდათან უფრო და უფრო ლოგიკურად გააზრებული და დამაჯერებელი შეხედულებანი, მოსაზრებანი და თეორიები. და უმეტეს შემთხვევაში მათი ნააზრევი ვარსკვლავებისა და მათი ჯგუფების ირგვლივ ტრიალებდა. შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავებისა და, მათ შორის, ე.წ. „მოხეტიალე ვარსკვლავთა“ ანუ პლანეტათა რაობის ახსნის ცდებმა განაპირობეს მეცნიერების უმთავრესი დარგების – მათემატიკის, გეოგრაფიის, ქიმიის, ფიზიკის, მექანიკის, ნაწილობრივ – ფილოსოფიისა და სხვათა წარმოშობა. შემდგომში ე.წ. ზუსტი მეცნიერებანი ტექნიკის განვითარების საფუძვლად იქცნენ, ამ უკანასკნელის მეშვეობით კი უსაზღვროდ გაძლიერდა სამყაროს სხვადასხვა უბნის კვლევის მეთოდები და საშუალებანი. ამიტომ ჩვენს წინაშე დრო-სივრცისა და მატერიის სულ უფრო უჩვეულო და ამოუცნობი სიღრმეები იშლება.

ჩვენს პლანეტას რომ ხილულ სხივთა მიმართ ისეთივე გაუმჭვირვალე ატმოსფერო ჰქონოდა, როგორიც ვთქვათ პლანეტა ვენერას აქვს, მაშინ ციური მოვლენები, მათ შორის ვარსკვლავთა სამყაროს შედგენილობა და მოძრაობა ჩვენთვის უჩინარი იქნებოდა, ამიტომ შესაძლო იყო მეცნიერების ჩასახვას ჩვენს პლანეტაზე მრავალი ასეული ათასი წლით დაეგვიანა და სამყაროს უდიდესი ნაწილის აგებულებაზე დღესაც არაფერი გვცოდნოდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რა უღიმღამო იქნებოდა ჩვენი ღამის ცა უვარსკვლავებოდ.

ვარსკვლავებშია მოქცეული თანამედროვე სამყაროს მასის აბსოლუტური უმეტესობა. ძირითადად ვარსკვლავებშია წარმოშობილი ელექტრომაგნიტური ტალღების სახით სამყაროში არსებული ენერგიის ძირითადი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს სამყაროს დანარჩენ სხეულებზე, თუნდაც პლანეტებზე მიმდინარე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროცესის მიმდინარეობას. ვარსკვლავებშია წარმოქმნილი სამყაროში არსებულ ქიმიურ ელემენტთა ატომების უდიდესი ნაწილი. ამიტომ ვარსკვლავების გარეშე სამყარო სრულიად განსხვავებული იქნებოდა, ვიდრე ახლა არის.[1]

წყარო: ასტრონომიის საფუძლვები

Leave a Comment