ბალბა ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში-ჩიტპურას, ხევსურეთში-აბაზას, მესხეთ ჯავახეთში-კორკოტინას, რაჭაში-მელოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. ბალბის ღერო ან სწორმდგომია ან დაწოლილი, სიგრძით 30-80 (150) სმ-მდე, დატოტვილი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო, ხუთი ან შვიდფრთიანი.
ყვავილები მსხვილი აქვს ვარდისფერი ან იისფერი, მუქი ძარღვებით, 5-10-ად შეკრებილი სხედან ფოთლის უბეებში. ყვავილსაფარი ორმაგი აქვს, ხუთფურცლიანი, ბევრი მტვრიანით და ერთი ზედანასკვიანი ბუტკოთი. ნაყოფი მშრალია, რგოლის ფორმის, რომელიც იშლება თითოთესლად.
ბალბა მაის-ივლისში ყვავილობს, ნაყოფი მწიფდება ივნის-აგვისტოში.
ბალბა მთელ საქართველოშია გავრცელებული, როგორც სარეველა. იგი გვხდება ბაღებში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ძირითადად იქ, სადაც სარწყავი მიწებია.
სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები და ფოთლები. ყვავილებს კრეფენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ყვავილი ჯერ კიდე მთლიანად არაა გაშლილი. კრეფენ ხელით, მთელ ყვავილებს ჯამთან ერთად , ყვავილსაჯდომის გარეშე. ფოთლებსაც ყუნწის გარეშე აგროვებენ. შეგრეოვებულ ნედლეულს აშრობენ ჩრდილში, ჰაერზე ან თბილ შენობაში. გაშრობის შემდეგ ინახავენ ქილებში ან კოლოფებში 2 წლის განმვალობაში.
ბალბის ყვავილები და ფოთლები შეიცავენ ლორწოვან ნივთიერებებს, ტანინს, კაროტინს(პროვიტამინი A), ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთს, მინერალურ მარილებს(10-15), შაქარს, ფიტოსტეროლს. ყვავილები შეიცავენ აგრეთვე ანტოციანურ გლიკოზიდ მალვინს.
ბალბის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება სპაზმური ხველების საწინააღმდეგოდ. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ბალბის ნაყენი ან ნახარში(დამტკბარი) კუჭნაწლავის ტრაქტის მოშლილობის, სასუნთქი გზების ანთების დროს. მისი ნახარშის მიღებას ურჩევენ ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის დროს.
ბალბის ნახარშის და ნაყენის გამოვლება კარგია საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს(განსაკუთრებით ხმის ჩახლეჩვისას), კანის გაღიზიანებისა და დამწვრობის დროს. ბუასილის სამკურნალოდ ნაყენი გამოიყენება საფენების სახით.
ნაყენი შეიძლება მომზადდეს შემდეგნაირად: 20 გრ. ნედლეულს ათავსებენ მომინანქრებულ ჭიქაში, ასხავენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) წყალს, თავზე ახერებენ და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ აციებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი. წურავენ, დარჩენილ მასას ავსებენ საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე ანადუღარი წყლის დამატებით. დღეში სასურველია 3-4 ჯერ დალევა, 1/4 ჭიქა. ნახარში მზადდება პროპორციით 1:20.
წყარო:
საქართველოს სამკურნალო მცენარეები : (ძირითადად ძველ საქართველოში სამკურნალოდ გამოყენებული მცენარეები) -ნ. წუწუნავა.