ფეროშენადნობთა წარმოების პროცესში გამოიყენება მრავალგვარი ნახშირბადიანი აღმდგენლები: კოქსწვრილა, დაყალიბებული კოქსი,
ნახევრადკოქსი, ხის ნახშირი, ანტრაციტი, ქვანახშირი, ნავთობის კოქსი, ტორფის კოქსი, ნახერხი და სხვ. ყველა ეს მასალები თავისი თვისებებით ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
კოქსწვრილა – არის ქვანახშირებიდან მეტალურგიული კოქსის წარმოების პროცესში წარმოქმნილი თანმდევი პროდუქტი. იგი არის
ყველაზე გავრცელებული და იაფი აღმდგენელი. იგი გამოიყენება ყველა პროცესებში, სადაც დასაშვებია მაღალნაცრიანი აღმდგენლის გამოყენება (მისი ნაცრიანობა 10-12%). კოქსწვრილას ხარისხი, მისი ელექტროწინაღობა, ფორიანობა, ქიმიური აქტივობა ძალიან იცვლება ქვანახშირის ხარისხის და დაკოქსების რეჟიმთან დამოკიდებულებით. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით წვრილ ფრაქციას (-5 მმ) რაც აუცილებლად უნდა გამოიცრას, რომელსაც შემდგომ ვიყენებთ კომპლექსური ბრიკეტების მისაღებად.
ნახევრადკოქსი – მიიღება არაკოქსვადი გრძელალიანი ნახშირებიდან და იგი უკეთესი აღმდგენელია ვიდრე კოქსწვრილა. მისი ხვედრითი
ელექტროწინაღობა შედარებით დაბალ ტემპერატურებში, თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე სხვა სახის კოქსებისა. მაგრამ გახურების კვალობაზე მისი წინაღობა მკვეთრად ეცემა და ჩვეულებრივი ხარისხის კოქსწვრილას წინაღობას უტოლდება. ქიმიური აქტივობა კი, კოქსწვრილასთან შედარებით მას უფრო მაღალი აქვს.
დაყალიბებული კოქსი-კოქსწვრილა და სხვა სახის კოქსებ შედგენილობის და თვისებების მიხედვით საკმაოდ არაერთგვაროვანია და
შეიცავენ დიდი რაოდენობით წვრილ ფრაქციას. ამიტომ ღუმელის სტაბილური მუშაობისათვის სასურველია გვქონდეს შედგენილობით და გაბარიტული ზომებით ერთგვაროვანი მასალები. ასეთ მასალას წარმოადგენს წინასწარ ფორმამიცემული (ბურთულა, დისკო და სხვა)
კოქსი. იგი შეიცავს მცირე რაოდენობის წვრილ ფრაქციას და გამოირჩევა მაღალი ელექტროწინაღობით.
ანტრაციტი – მკვრივი დაბალნაცრიანი ნახშირბადშემცველი მასალაა. აქვს დაბალი ელექტროწინაღობა და ქიმიური აქტივობა. მაღალ
ტემპერატურაზე იმსხვრევა. ფეროშენადნობთა წარმოებაში იგი გამოიყენება სხვა ნახშირბადშემცველ აღმდგენლებთან ერთად.
ქვანახშირები – მათ აქვთ მნიშვნელოვნად მაღალი ელექტროწინაღობა ვიდრე სხვა აღმდგენლებს, მაგრამ შეიცავენ დიდი რაოდენობით აქროლად და ფისისებრ ნივთიერებებს, რაც ხელს უშლის ღუმელის ნორმალურ მუშაობას. მათ ფეროშენადნობთა წარმოებაში ჯერ ცალკე გამოყენება ვერ პოვეს.
ხის ნახშირი – არის ყველაზე უკეთესი აღმდგენელი. მას აქვს მაღალი ელექტროწინაღობა, ფორიანობა, მაღალი ქიმიური აქტივობა და მცირე ნაცრიანობა. მიუხედავად ამ დიდი უპირატესობისა სხვა აღმდგენლებთან შედარებით, იგი შეზღუდულად გამოიყენება მისი სიძვირის გამო. მას მხოლოდ იმ შემთხვევებში იყენებენ, როდესაც საჭიროა დიდი ქიმიური აქტივობის და მცირენაცრიანი აღმდგენელი. მაგალითად, კრისტალური სილიციუმის, სილიკოკალციუმის და 90% ფეროსილიციუმის მისაღებად.
ნავთობის კოქსი – ესაა ნავთობის გამოხდის შედეგად დარჩენილი ნარჩენების დაკოქსების პროდუქტი. ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ ნაცარს და აქროლადებს. აქვს საკმაოდ მაღალი ფორიანობა და ქიმიური აქტივობა. სიძვირის გამო მისი გამოყენება შეზღუდულია. იგი სხვა აღმდგენლებთან ნარევში გამოიყენება, როდესაც საჭიროა მინარევებისაგან სუფთა შენადნობების მიღება (მაგალითად კრისტალური სილიციუმის მისაღებად.
ხის ნახერხი – უკანასკნელ ხანებში ზოგ ფეროშენადნობთა ქარხნებში ღუმელის ელექტროწინაღობის და აირგანვლადობის გაზრდის მიზნით დაიწყეს მისი გამოყენება. გასაგებია, რომ ასეთი მასალების გამოყენება წარმოებაში არის მეორეხარისხოვანი.
ავტორი: ზურაბ სიმონგულაშვილი
“ფეროშენადნობთა ელექტროთერმია”