ადამიანის ინტუიტიური აზროვნებისთვის როგორც სასრული, ასევე უსასრულო სამყარო ძნელი მისაღებია, ვინაიდან ორივე შესაძლებლობა ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებასთან მეტად თუ ნაკლებად წინააღმდეგობაშია. ერთის მხრივ, ჩვენს
გარშემო არსებულ სივრცეში უსასრულო არაფერია და რაც არ უნდა უზარმაზარი იყოს ესა თუ ის სუბსტანცია, ან ამა თუ იმ ობიექტების რაოდენობა (მაგალითად, ხილულ სამყაროში არსებული ატომების რიცხვი) იგი ახლოსაც ვერ მივა მათემატიკური უსასრულობის ცნებით გამოხატულ სიდიდესთან, თუ რაოდენობასთან. მაშ, რეალურად არსებული სამყარო რატომ უნდა იყოს უსასრულო? მეორეს მხრივ, სასრული სამყაროს წარმოდგენასთან ერთად ჩვენს გონებაში მაშინვე მისი ზღვარი ამოტივტივდება და უნებურად ჩნდება კითხვა: „და რა არის ზღვარს იქით, სხვა უსასრულო სამყარო, თუ სხვა სასრული სამყარო?“
არსებობს ბნელი ღამის ცის პარადოქსი, რომელიც დაკავშირებულია ადრეულ წარმოდგენასთან უსასრულო, უცვლელი და მუდმივად არსებული სამყაროს შესახებ.
პარადოქსი იმაშია, რომ ასეთი სამყაროს შემთხვევაში, ადამიანის ხილვის ნებისმიერ არეს უნდა ხვდებოდეს რომელიმე ვარსკვლავის ზედაპირიდან წამოსული სინათლის სხივი, რის შედეგად ღამე დღესავით ნათელი უნდა იყოს. ეს კი ნამდვილად ეწინააღმდეგება ჩვენს ყოველდღიურ, უფრო სწორედ, ყოველღამეურ, გამოცდილებას.
თითქოსდა, პარადოქსი მარტივად იხსნება, თუ დავუშვებთ, რომ სამყარო სასრულია დროში და სივრცეში. მაგრამ, სინამდვილეში, საქმე უფრო რთულადაა.
ნაწილაკთა ჰორიზონტი ჩვენს დამზერად სამყაროს შემოსაზღვრავს. ნაწილაკთა ჰორიზონტის ფარგლებში გამოსხივებულ სინათლეს დიდი აფეთქებიდან გასული 13.8 მილიარდი წელიწადის განმავლობაში ჩვენამდე მოღწევის საშუალება ჰქონდა. ჰორიზონტს მიღმა გამოსხივებული სინათლე ჩვენამდე არ მოსულა და სამყაროს გაფართოების გამო შეიძლება ვერც ვერასდროს მოაღწევს. ასე რომ, ჰორიზონტის არსებობა ხსნის ბნელი ღამის ცის პარადოქსს, მაგრამ არ იძლევა პასუხს შეკითხვაზე: უსასრულოა თუ არა სამყარო? დიახ, ჩვენი ხედვის არე შემოსაზღვრულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰორიზონტს იქით სივრცე არ არსებობს. ოკეანეში გემზე მყოფი დამკვირვებელი, დედამიწის სფერული ფორმის გამო, მუდმივად აწყდება ჰორიზონტის პრობლემას. მაგრამ ოკეანის ჰორიზონტს მიღმა იმალება მთელი მიწიერი სამყარო კონტინენტების მრავალფეროვნებით.
შესაძლოა დავუშვათ, რომ ხილული სამყაროს ჰორიზონტს მიღმა ყოვლად ცარიელი უსასრულო სივრცეა, რადგან ამის შემოწმებას ჩვენ მაინც ვერასდროს შევძლებთ. მაგრამ გავიხსენოთ მატერიისა და რელიქტური მიკროტალღური ფონის საოცრად თანაბარი განაწილება მთელს ხილულ სამყაროში. თანაც CMB-ის თვისებები ერთნაირია სამყაროს არეებში, რომლებიც ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ არიან. ეს ფაქტი თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ ჰორიზონტის ხაზი არაა მკვეთრი გარდატეხის საზღვარი და რომ მატერიის განაწილება ჰორიზონტს იმიერ და ამიერ მსგავსია.
სავარაუდოა, რომ ინფლაციური ეპოქის არსებობის გამო მატერიის ნაწილი ჰორიზონტს მიღმა უნდა დარჩენილიყო და ის ახლაც იქ უნდა იყოს. არსებობს ერთი მარტივი მოსაზრება, რომელიც ართულებს უსასრულო სამყაროს არსებობის წარმოდგენას. უსასრულო სამყარო ნიშნავს, რომ სამყაროს გარდა არაფერი არსებობს, ყველგან და ყოველთვის სამყაროა. მაგრამ ექსპერიმენტულად დანამდვილებით ვიცით, რომ სამყარო ფართოვდება. ძნელი წარმოსადგენია სამყარო, რომელიც ერთდროულად უსასრულოცაა და ფართოვდება კიდეც.
სამყარო, რომელიც ფართოვდება, სასრული უნდა იყოს და ის უსათუოდ რაიმეში უნდა ფართოვდებოდეს. მაგრამ აქაც კი, ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება შეიძლება გვღალატობდეს, ვინაიდან ზოგიერთი თეორიული მოდელის თანახმად, გამორიცხული არაა, რომ ინფლაციას სასრულ სივრცეში უსასრულო სამყარო გაეჩინა, თუკი სივრცული განზომილებები მრუდდება უსასრულო დროითი განზომილებისკენ.
რა შეიძლება იყოს ის, რაშიც სასრული თუ უსასრულო სამყარო ფართოვდება? ამ კითხვაზე ექსპერიმენტული პასუხის მიღება შეუძლებელია, ჩვენ ჩვენი სამყაროს სასრულ ჰორიზონტში ვართ მომწყვდეული და მას ვერასოდეს გავცდებით. სამაგიეროდ არსებობს მრავალი თეორიული მოდელი, რომელთა ფარგლებში ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხის გაცემაა შესაძლებელი
წყარო:
“ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები” – მ. გიგოლაშვილი, მ. გოგბერაშვილი, ნ. როინიშვილი