2019 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, პლუტონის ერთ-ერთ კრატერს ქართველი ასტრონომის სახელი უწოდა. პირველი ხომალდი, რომელიც პლუტონს მიუახლოვდა და მის მთვარეებს ახლო მანძილიდან დააკვირდა New Horizon იყო. ხომალდმა პლუტონის ზედაპირი დეტალურად შეისწავლა.
New Horizon-ის მეცნიერებმა ერთ-ერთ კრატერს როლან კილაძის სახელი დაარქვა, რადგან მეცნიერი პლუტონს და გარე მზის სისტემას მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდა. ასევე მერკურიზე ატმოსფეროს არსებობის ნიშნები როლან კილაძემ დაადასტურა. ეს აღმოჩენა მან 1974 წელს, აბასთუმნის ობსერვატორიაში გააკეთა.
,,როლან კილაძე ძირითადად შეისწავლიდა მზის სისტემის სხეულების მოძრაობისა და წარმოშობის საკითხებს. მის მიერ გამოყვანილია უნივერსალური ფორმულა, რომელიც შორეულ პლანეტებზე დღე-ღამის ხანგრძლიობის გამოთვლის საშუალებას იძლევა (1965). განსაზღვრა პლუტონის მასა (1967). ფოტომეტრული მეთოდის გამოყენებით გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე (1969), რაც 1995 წელს დაადასტურა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით ჩატარებულმა დაკვირვებებმა. დაადგინა პლანეტა მერკურიზე ატმოსფეროს არსებობის ნიშნები (1974). გედის თანავარსკვალვედში აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი(1975). გამოთქვა ვარაუდი, რომ პლანეტა პლუტონი ჯერ კიდევ იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში, მის გარშემო ჯერ კიდევ არის ნაწილაკთა გროვა და პლუტონის თანამგზავრის ქარონის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მისი არსებობა (1977)
როლან კილაძემ ჩამოაყალიბა თეორია პლანეტების თანამედროვე ბრუნვის შესახებ, რომლის დადასტურებად 2005 წელს აღმოჩენილი პლუტონის კიდევ ორი მცირე ზომის თანამგზავრი შეიძლება ჩაითვალოს (1986). სანქტ-პეტერბურგელ კოლეგებთან ერთად შექმნა გეოსტაციონარული თანამგზავრების მოძრაობის თეორია (2001). დაადგინა, რომ გეოსტაციონარული თანამგზავრების მატარებელი რაკეტები დროდადრო ფეთქდება და აღმოაჩინა მათი ნამსხვრევების ორბიტების რეგულარიზაციის მოვლენა (2004). ამდენად, ამ აღმოჩენის საფუძველზე შეიქმნა „კოსმოსური ნაგვის“ შეგროვების თეორიული შესაძლებლობა. მის მიერ მოძებნილ იქნა მცირე პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი პოზიციური დაკვირვების საფუძველზე დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების წინასწარმეტყველების კრიტერიუმი (2004).
როლან კილაძე არის მონოგრაფებუს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს, უმართავი გეოსტაციონარული თანამგზავრების გაუმჯობესებული სამი კატალოგის და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი, რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის რედაქტორი და კონსულტანტი”
როლან კილაძის სახელობის კრატერი პლუტონზე
წყარო: