მიწის გოდება

დაზიანებულ სიცოცხლეს

მეტად ნუ დამიზიანებ.

ვაჟა-ფშაველა

ადამიანი კუნძული როდია, ცალკე გარიყული;

ყოველი ადამიანი მიწის და წყლის ნაწილია;

ზღვამ რომ მიწის ერთი ბელტიც წალეკოს,

ევროპას ისევე დააკლდება, როგორც კონცხს,

ან როგორც შენი მეგობრის კარმიდამოს,

ან თვითონ შენსას; ყოველი ადამიანის სიკვდილი

გაკლდება შენ, რადგან კაცობრიობის ნაწილი ხარ,

სწორედ ამიტომ ნურასდროს იკითხავ, ვისთვის

რეკს ზარი, ის რეკავს შენთვის.

ჯონ დონი

მიწა!

ნუ წავბილწავთ,-იგი წმინდაა.

 ბიბლიური კოსმოგონიის თანახმად, მიწისაგან შექმნა ღმერთმა ადამიანი, შთაბერა პირსა მისსა სული უკვდავი, გონიერი და თავისუფალი.

მიწას დედა შეარქვეს. ჰიმნებს უძღვნიდნენ. ადიდებდნენ. „ყველას დედაა, ყველასთვის ის ზრუნავს, ყველა იმის ზურგს ჰკიდია. იკურთხოს შენი ძუძუ, ჩვენო დედავ, ჩვენო გამზრდელო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო. მიწის გულისთვის მოვკვდები, არ მეშინიან ომისა“.*

დღეს სიყვარულისა და მოწყალების ნაცვლად, მიწა შევიძულეთ და აბუჩად ავიგდეთ. ქიმიური ომი გამოვუცხადეთ. ფიზიკურად ვასახიჩრებთ: წყლით ვტბორავთ, ვბურღავთ, ვაფეთქებთ, მუხლმუხლებით ვტანჯავთ. გვავიწყდება, რომ მიწიდან შექმნილნი მიწასვე ვუბრუნდებით:“უფალმან შექმნა კაცი მიწისაგან, და კუალად მიაქცია იგი მას შინა“(სიბრძნე ზირაქისა, 17:1).

ჩვენი სიამაყე და დიდება-მიწა მარჩენალი მძევლად იქცა უპასუხისმგებლო ადა­მიანთა ხელში. იგი ბიუროკრატთა და ცრუმეცნიერთა ექსპერიმენტების პო­ლი­გონი გახდა, მანამ ვძარცვეთ ბუნება, სანამ თვითონ არ გავხდით გაძა­რ­ცვუ­ლ­ნი. ბუნების „დაპყრობის“ იდეით ვიყავით შეპყრობილნი. ბუნებრივი რესურსები ულე­ვი გვეგონა. საკუთარ თავზე დღემდე ვატარებთ ექსპერიმენტებს. დიდხანს ვერ ვამჩნევდით, თუ როგორ იფუქრებოდა ავის მომასწავლებელი ღრუბელი ეკო­ლო­გიური კრიზისის ჰორიზონტზე. დაუდევრად ვწვავდით ტროპიკულ ტყეებს, განურ­ჩევლად ვჩეხდით ხეებს, სახნავ მიწებს წყალსატევებად ვიყენებდით, ნიადაგისა და წყლის სტიქიებს ვფიტავდით.

ყოველწლიურად დედამიწის წიაღიდან ამოაქვთ 100 მირიარდ ტონაზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება, ნიადაგში შეაქვთ 500 მილიონ ტონამდე მინერალური სასუქები და დაახლოებით 8 მილიონი ტონა შხამქიმიკატები. პლანეტაზე ოთხ მილიარდ ჰექტარზე მეტი უდაბნოა. ადამიანის „მოღვაწეობით“ უდაბნო წუთში ოთხი ჰექტარით იზრდება.

კარიერები, შახტები, ჩაძირული ტერიტორიები…

კაცობრიობამ გამოიგონა საომარი თამაშობანი, დედამიწა გააბინძურა. ყველაფერ ამას ცივილიზაცია უწოდა და მოიახლოვა აღსასრულის დღე. ღმერთმა ადამიანს წყალი იმისთვის მისცა, წყურვილი რომ მოეკლა და დაებანა. მწყურვალი და ბინძური კი ადგა და თავი დაიხრჩო.  

ატმოსფეროს ყოველი კომპონენტი სიცოცხლეზე ახდენს ზეგავლენას. ყოველ წელს მსოფლიოში 20 მილიარდი ტონა ჟანგბადი იხარჯება. ეს კი უმძიმეს შედეგებს იწვევს: ადამიანებსა და ცხოველებს აკლდებათ სუნთქვისათვის აუცილებელი ჟანგბადი. მრავალ ხერხემლიან ცხოველებს არ შეუძლია ცხოვრება მაღალ სიმაღლეზე იმიტომ, რომ ჰაერის შემცველობაში მცირდება ჟანგბადის წილი; 2 ათას მეტრ სიმაღლეზე მხოლოდ ნახევარი რჩება, 4 ათასზე-25 პროცენტი. ჟანგბადი მცენარეებისაგან წარმოიქმნება ძირითადად ზღვის დონეზე ან არც თუ ისე დიდ სიმაღლეზე.

სამრეწველო საწარმოები, ენერგეტიკული კომპლექსები და ტრანსპორტი ყოველ წელს ატმოსფეროში უშვებს 20 მილიარდ ტონაზე მეტ ნახშირორჟანგსა და 700 მილიონ ტონამდე სხვადასხვა ( აზოტის, გოგირდის, ქლორის, ტყვიის და სხვა ელემენტთა შემცველ) ნივთიერებას. უფრო და უფრო „გამჭვირვალე“ ხდება ოზონის ფენა  მზის ულტრაიისფერი რადიაციისათვის. 1990 წელს ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა 0,029 პროცენტს შეადგენდა. 1960 წელს, მრეწველობისა და ტრანსპორტის განვითარების გამო, მისი რაოდენობა 0,0334 პროცენტამდე გაიზარდა. ერთი შეხედვით, ამ უმნიშვნელო 4 მეათასედი პროცენტის გამო  ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა 1,5 გრადუსით გაიზარდა. კიდევ ამდენივე ნამატი და დნობაას დაიწყებს გრელანდიის, ჩრდილოეთის ყილუნოვანი ოკეანის და ანტარქტიდის ყინულები. მლოფლიო ოკეანის წყლის დონე აიწევს და მიწას წალეკვა დაემუქრება.

 სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭიროა, პირველ რიგში, ატმოსფეროს შედგენილობა იყოს მუდმივი. სიცოცხლე ატმოსფეროზეა დამოკიდებული, ატმოსფერო-სიცოცხლეზე.

ბუნებაში არ არსებობს სიცოცხლეზე იდუმალი და საუცხოო მოვლენა. ათობით „დამაჯერებელი“ ჰიპოთეზაა წამოწყებული ამ ფენომენის ასახსნელად. ყველა მათგანი, საბოლოოდ, დაიყვანება ერთ აზრამდე. სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე შემთხვევით ჩაისახა. მაგრამ საღი აზრი ვერ ეგუება ასეთ ახსნას. მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის ჩასახვა და განვითარება შეუძლებელია ზუსტად ჩვენი პლანეტისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური და ქიმიური პარამეტრების, მზის ენერგეტიკული კომპლექსის, გალაქტიკისა და საბოლოო ანგარიშით, მთელი სამყაროს გარეშე. თვით სამყაროს წარმოქმნაც, ზოგიერთი ასტროფიზიკოსის თვალსაზრისით, შემთხვევითია და სცილდება ალბათობის ზღვარს.

სიცოცხლე შემთხვევით წარმოიშვა. შემთხვევითია სამყაროს შექმნა . შემთხვევითია გალაქტიკებისა და ვარსკვლავების წარმოქმნა. შემთხვევითია ძირითადი ფიზიკური მუდმივი სიდიდეები, რაც მართავს სამყაროს. მზის სისტების თვისებები, დედამიწისა და ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობა  ზუსტად( არც მეტი, არც ნაკლები) ისეთია, როგორიც სიცოცხლის ჩასახვისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი…

ძალიან ბევრ შემთხვევითობასთან ხომ არ გვაქვს საქმე. ამიტომ მერყეობს საღი აზრი და კანონზომიერებას ეძებს ამდენ „შემთხვევითობაში“.

ბუნებაში არაფერია უაზრო, უმიზნო და შემთხვევითი.

ავიღოთ, ერთი შეხედვით, უქნარა და საზიზრარი ჩრჩილი, ასე ხშირად რომ გვიჩენს სადარდებელს. იგია მიწას რომ ცხოველთა ბეწვისგან წმინდავს. ჩრჩილი თუ არა, მთელი პლანეტა ბეწვის სქელი ფენით დაიფარებოდა, რადგან იგი არ იშლება და არც მტაცებელთა კუჭი ინელებს მას.

ცოცხალ არსებათა ჰარმონია სიცოცხლის უნიკალური თავისებურებაა. ჰარმონიულია არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზმები-ერთუჯრედიანი არსებიდან გონიერ ადამიანამდე, არამედ სხვადასხვა ორგანიზმთა შორის ურთულესი ურთიერთობანიც, მათი კავშიი გარემოსთან-ატმოსფეროსთან, ჰიდროსფეროსთან, ლითოსფეროსთან.

ყველა ამ ურთიერთკავშირს მეცნიერების ახალი დარგი ბიოგეოცენოლოგია  იკვლევს. მის შექმნას უკავშირებენ მეოცე საუკუნის მეცნიერის ვ.ვერნადსკის მიერ დამუშავებულ მოძღვრებას ბიოსფეროს და ბიოგეოცენოზის შესახებ, რომელსაც გლობალური აზროვნების ნიმუშად თვლიან.

უნიკალური მოვლენაა ბიოგეოცენოზი. იგი ჩვენი პლანეტის ყველა ნაწილის დიალექტურ ერთიანობას, ჰარმონიას ნიშნავს, რაზედაც დამოკიდებულია კაცობრიობის ბედი. ბიოგეოცენოზის პრინციპები ბევრად ადრე ჩამოაყალიბა ვაჟა-ფშაველამ, რომელმაც თავისუფლად გამოიყენა პლანეტარული მასშტაბის კატეგორიები.ეკოლოგიური მსოფლაღქმნის გზას იგი დროზე ადრე დაადგა.

გარემოს დაცვა-ბუნებასა და ადამიანს შორის ჰარმონიის დამყარებაა. პოეზიის მიზანიც სამყაროში ჰარმონიის აღმოჩენა და შეტანაა. პოეზიაც ხომ ეკოლოგიაა, სულის ეკოლოგია.

რაც უფრო ღრმად ვწვდებით ბუნების საიდუმლოს, მით უფრო მეტ საოცარ ჰარმონიას ვამჩნევთ მასში.

 ხევის გაფართოებას ტყე აკავებს, უდაბნოს წარმოქმნას-ველი…

                                                „ხევი მთას ჰმონებს, მთა-ხევსა,

                                                წყალნი-ტყეს,ტყენი-მდინარეთ,

                                                ყვავილნი-მიწას და მიწა-

                                                თავის აღზრდილთა მცენარეთ

                                                და მე ხომ ყველას მონა ვარ,

                                                პირზე ოფლ-გადამდინარედ!“

 ვაჟა-ფშაველას პოეზიის წარმმართველი მომენტი სწორედ ბუნების შინაგანი ჰარმონია და ეკოლოგიური ეთიკაა, როორც უმაღლესი სათნოების პრინციპი.

დღევანდელი ეკოლოგიისათვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია სამყაროს ერთიანი აღქმის ვაჟასეული ინტუიცია. ვაჟას პოეზია გვეხმარება გარემოსადმი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაში. იგი გვასწავლის, რომ დაუშვებელია ბუნებისადმი ფუქსავატური დამოკიდებულება და მისთვის შეგნებულად, თუნდაც უმნიშვნელო ზიანის მიყენება. დღევანდელობის უმნიშვნელოვანესი პრობლემის-ბუნების დაცვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და კვლავწარმოების ზოგადსაკაცობრიო პრობლემის დედაარსიც ესაა.

ტყე დიდი რაოდენობით აგროვებს სინესტეს, როგორც მომჭირნე და გონიერი მეურნე. იცის, როგორც კი მზე დააჭერს, მდელოები სინესტეს სწრაფად გაფლანგავს აორთქლებით, შემდეგ კი გვალვისაგან დაიტანჯება. უმჯობესია მან დააგროვოს წყალი თავის მრავალიარუსიან მიწის საწყობში და როგორც კი უდარდელ ფანტიას მეტი გაძლება აღარ შეეძლება, მიწისქვეშა და ზედაპირული ჩასადინარებით წყურვილს მოუკლავს.

 ყოველი ტყის პირისათვის, მდელოსაგან განსხვავებით, დამახასიათებელია მხოლოდ მისთვის სპეციფიკური მცენარე, ცხოველი, ნიადაგი, კლიმატი, ჰაერის ქიმიური შედგენილობა და სხვა თავისებურება.

მცენარეები ნივთიერებათა ბიოლოგიურ წრებრუნვაში მატერიალური და ენერგეტიკული ცვლის მთავარ ფუნქციებს ასრულებენ, იყენებენ რა მზის სხივურ ენერგიას, ისინი ჰაერისა და ნიადაგის მინერალური კომპონენტებისაგან თავისი სხეულის ბიომასას ქმნიან და ამგვარად, საკვებს( და მაშასადამე, ენერგიასაც) აწარმოებენ ბალახის მძოველი ცხოველებისათვის: დაწყებული მუხლუხოებითა და მცენარეთა ტილებით, დამთავრებული კურდღლებითა და ირმებით. ისინი, თავის მხრივ, წარმოადგენენ სიცოცხლის წყაროს სხვა ორგანიზმებისათვის- ჩიტებითა და ჭიამაიებით დაწყებული, მტაცებელი ცხოველებითა და ადამიანით დამთავრებული. არც ისინი რჩებიან ვალში მცენარეთა მიმართ. ათასობით სახეობის მცენარე გაქრებოდა ამ ქვეყნიდან, ჭიანჭველები რომ არ ავრცელებდნენ მათ თესლს.

დიდი ჯაფა ადგას მიწის სხვა ბიოლოგიურ კომპონენტებსაც მრავალ მწერს, სოკოსა და მიკროორგანიზმს, რომლებიც გამხმარი მცენარეებითა და ლეშით იკვებებიან. „ლეშის საჭმელად ტივლები ერთმანეთს ეპირებიან“. ორგანულ ნივთიერებებს ისინი მინერაურ ნივთიერებებად შლიან და ნიადაგს უბრუნებენ, რომ კვლავ ასაზრდოოს მცენარეები. ასევე წარმოიქმნება მიწის წიაღში ნავთობი და სხვა ძვირფასი ნედლეული.

 ასე იკვრება ნივთიერებათა ბრუნვის წრე ბიოგეოცენოზში.ბუნებისთვის არ არსებობს სასარგებლო და მავნებელი არსებები ან მოვლენები. მას არ ჰყავს არც გერები, არც გამორჩეულნი. ბუნების ორგანიზმი ერთიანია და ამ ორგანიზმის ნებისმიერი ნაწილი ძვირფასია მისთვის.

    ხომ გახსოვთ რა თქვა დედამიწამ:

 „მე ვარ დედა, მშობელი ყველასი, რაც კი თვალით ჩანს, თუ არ ჩანს, ყველას ჩემს კალთაზე უძევს თავი, ყველა ჩემით სულდგმულობს, არსებობს, საზრდოობს. გარეშე ჩემსა სულ პატარა მწყერსაც კი სული ამოჰხდება. ამიტომ არის, რომ დედას მიწოდებს ყოველი არსი… მე გული მტკივა, მე ვიტანჯები, ავად ვარ, უძულური, უნაყოფო მაშინ, როცა ყველა ჩემი შვილი ერთნაირად არ გაიხარებს ჩემის ამაგით… დედა ვარ, დედა! იცით კი დედის გული როგორია? ნუ გგონიათ ყელმოღერებული,რქებზურგზეგადაწყობილი ირემი ტურფა და ლამაზი მერჩივნოს საწყალს გაქცეულ წრუწუნა თაგვს. ნუ გგონიათ, ნუ დაიჯერებთ!

ნუ დაიჯერებთ აგრეთვე, ნადირთა მეფედ წოდებული კლანჭმაგარი და გულმაგარი ლომი თრითინაზე, საწყალ თრითინაზე მეტად მიყვარდეს. რატომ? იმიტომ, რომ დედა ვარ, ჩემი გული, ჩემი გრძნობა სხვაა, თქვენი სხვა; ბევრჯერ  ბევრ თქვენგანს რაც მოწონს, მე მეწუნება“

ბუნებაში ყველაფერი მიზანშეწონილია. მაგალითად, მრავალი მწერი, მათ შორის მავნეც, მნიშვნელოვან გამწმენდ ფუნქციას ასრულებს ბიოგეოცენოზს სწრაფად აცილებს სნეულ ორგანოებს. ისინი ქერქში შეიჭრებიან და დაავადებული ხის დამცველ ჯავშანს ამსხვრევენ, რომ საშუალება მისცენ სხვა სანიტარებს, შეაღწიონ ხის ტანში და დაშალონ მერქანი. დაშლილი მერქნის მტვერი ჩადის მიწაში, სადაც მიკროორგანიზმები მისგან ნიადაგის გასანოყიერებელ მინერალურ ნივთიერებებს „ამზადებენ“. გამხმარი ხე მიწაზე ეცემა, მისი  რკონა ვეღარ ჩრდილავს მიწის ზედაპირს. „განა ყველა, რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია?!“ ხოჭოები და სხვა სანიტარები აგრძელებენ სამუშაოს წაქცეული ხის ბუნებრივ სასუქად გარდასაქმელად.

                                                „სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,

                                                ეს მიტომ დადვა წესადა;

                                                სიკვდილი გაუჩენია

                                                მას თავის გასაკვებადა“.

ამ პერიოდში სანიტარების პოპულაცია მაქსიმუმს აღწევს ( რაც განპირობებულია წაქცეულ ხეში საკვების მარაგით). სამუშაოს დამთავრებისთანავე მათი გამრავლება წყდება. ხანდაზმულები იღუპებიან. ხის ბოლო „ლუკმის“ შეჭმის შემდეგ მხოლოდ რამდენიმეღა რჩება, მხოლოდ იმისთვის, რომ ბუნებას დასჭირდება, კვლავ განაახლონ სასარგებლო საქმიანობა:

                                                „ფერხულს დააბამს ბუნება,

                                                მღერას იწყებენ მწერები,

                                                დაცოცხლდებიან, ეხლა რომ

                                                დაწყვეტილი აქვთ წელები“.

ხედნამყოფს კი მხოლოდ ეს ასულდგმულებს:

                                                „ცეცხლად იმედი მრჩებოდა,

                                                რომ ისევ ჩემი სიკვდილი

                                                სიცოცხლედ გადაიქცეოდა

                                                და განახლებულ ბუნებას

                                                ყელ-ყურზე მოეხვეოდა“.

„მიწაში მიტომ ჩადის ფოთოლი, რომ უკეთესი ხე ამოვიდეს!“–იტყვის სხვა პოეტი.

 ამის შემდგე სიყვარულით თუ არა, პატივისცემით მაინც როგორ არ უნდა მოექცე ყოველ ცოცხალ არსებას!

                                                „მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,

                                                უფალო, დაუმონია;

                                                ამაზე ტურფა და კარგი

                                                მე სხვა აღარ მგონია!..

                        .           .           .           .           .           .           .           .           .

                                                იმისგან ხარობს ბუნება

                                                უკანასკნელი მწერია…

                                                დიდება ქვეყნის შემოქმედს,

                                                რა კარგად დაუწერია!”

 ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენს მაღებსა და ტყეებში ადამიანის შრომის ნაყოფი კოლორადოს ხოჭოსა და სხვა მწერებისაგან არ დავიცვათ. უნდა დავიცვათ და აქტიურადაც, მაგრამ არა ქიმიური საშუალებებით, რომლებიც მტერ-მოყვარეს ვერ ანსხვავებს.

უბედურება მაშინ დაიწყო, როცა სათნოება დავკარგეთ, ჩვენი პაწაწინა „მეტოქენი“ შევიძულეთ, მავნებლები დავარქვით და რეპრესიები მოვუწყვეთ. საბოლოო ჯამში, მათი მასობრივი გამრავლება ხომ ჩვენი ბრალია, რადგანაც ჩვენივე მოღვაწეობით დავარღვიეთ ბუნების ჯანმრთელი ორგანიზმის წონასწორობა.

იცით, როგორ დაიღუპა ტყე? (ნამდვილი ამბავი). ქერქიჭამია ნახეს თუ არაა, მეტყევეებმა განგაში ატეხეს: „ დაუყოვნებლივ უნდა გავანადგუროთ საშინელი მავნებელი!“. ტყეში ქიმიური ომი გააჩაღეს. მრავალი მწერი დახოცეს, მათ შორის სასარგებლოც. მალე ჩიტებიც დაიხოცა. არც იმ მტაცებლებს დაადგათ კარგი დღე, რომლებიც ამ მოწამლული ჩიტებით იკვებებოდნენ. ფოთლებიდან და ხის ქერქიდან ჩამორეცხა წვიმამ შხამი. ახლა ის მწერები და ბაქტერიები დაიხოცა, რომლებიც მიწას ანაყოფიერებდნენ. ამით ისარგებლეს მტრის ახალმა ურდოებმა და ტყეში შემოიჭრნენ.  კვლავ შეასხურეს. კვლავ „მტვერზე“ გამარჯვება. ტყე კი ხმებოდა და ხმებოდა. „ტყე ისეთია, როგორაც გლახა: შეეცოდება კაცმა თუ ნახა“. ბოლოს, მერქნის გადასარჩენად, შეშად დაჩეხეს და ახალი ხეები დარგეს, მაგრამ ნერგებმა სუსტად იხარა… არა, ტყის დაცვა ასე შეუძლებელია. მიამბეს, საბჭოთა კავშირიდან მცენარეთა დაცვის „სპეციალისტები“ (კინაღამ წამომცდა ბუნების აგრესორები) წასულან ავღანეთში მავნებელთა წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენების აგიტაციის გასაწევად. ერთ უსწავლელ გლეხს კი უთქვამს, ეს „სიკეთე“ თქვენვე მოიხმარეთო და ბამბის ფოთოლზე ერთი ბეწო ბუჭყა უჩვენებია: აი, ეს ჩემი მეგობრები უმკლავდებიან მავნებლებსო.

არა თუ მთასა და ხევს, თურმე, სარეველებსაც სჭირდებათ მოვლა. ჰერბიციდების მასობრივად გამოყენებამ ოდესღაც მდიდარი და მრავალფეროვანი მდელოები და მინდვრები დააკნინა. როგორც აღმოჩნდა, სარეველა მცენარეთა სრული ლიკვიდაცია არ ყოფილა მიზანშეწონილი. მართალია, სარეველებს ზიანი მოაქვთ- ნიადაგს საკვებ ნივთიერებებსა და სინესტეს ართმევენ, ჩრდილავენ და ხელს უშლიან კულტურულ მცენარეთა ზრდას, მაგრამ თუ არსებობს სასარგებლო და „მავნე“ მცენარეებს შორის ოპტიმალური წონასწორობა, მაშინ სარეველათა სარგებლობა მათ მავნეობას სჭარბობს. ისინი მავნებელ მწერთა  მტრების ეკოლოგიურ ნიშს წარმოქმნიან. სასარგებლო კულტურათა ნორჩ ნაზარდებს ყინვის, სეტყვის და მზის მწველი სხივებისაგან იფარავენ. ეროზიისაგან იცავენ ნიადაგს და ხელს უწყობენ  მის ჰუმუსად გარდაქმნას. გარდა ამისა სარეველა ბალახები შთანთქავენ შხამებს (ვერცხლისწყლის, ტყვიის, კადმიუმის შემცველ ნაერთებს, ინსექტიციდებს და ა.შ), რის გამოც გარემოს გამწმენდ ბუნებრივ ფილტრებსაც წარმოადგენენ. სარეველა ბალახები ძვირფასი ნედლეულია ახალ სამკურნალო პრეპარატთა მისაღებად. მაგალითად, ზოგიერთ მათგანში აღმოჩენილია კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება. უცხოეთში გადაშენების პირას მისული სარეველები წითელ  წიგნშიც კი შეაქვთ.

მრავალათასიანი სახეობის მწერისაგან (მარტო ხოჭოა ცნობილი 250000 სახეობის, პეპელა-140000, კოღო-85000,  კალია- 35000 სახეობის), ალბათ, სულ რამდენიმე სახეობაა „მავნებელი“ ( თუმცა მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ სასარგებლოდ გამოყენება პარაზიტებისაც შეიძლება).

 დღეს სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებულ შხამქიმიკატებს არ ახასიათებს შერჩევითი უნარი და ერთნაირად უსწორდება „მტრებსაც“ და მოკეთეებსაც“. უმრავლეს მწერთა მთავარი დანიშნულება მცენარეთა დამტვერვაა. გაქრება მწერი და ყვავილიც გაქრება, ქვეყნიერებაზე უსიცოცხლო ერთფეროვნება დაისადგურებს.

მხოლოდ ყველა ქმნილების სიყვარულით თუ შეიძლება ბუნებისა და საკუთარი თავის დაცვას ადამიანი. ზღვაში ლელი გახმა, რაკი ცის ნამი არ მოხვდაო. ეს არს ბიოგეოცენოლოგიის პრინციპი, ვაჟასეული კონცეფციის არსი. მცენარეების ცხოველების მსგავსად განიცდიან ტკივილს. ემოციურნიც არიან: ეშინიათ იმ ადამიანებისა, რომლებმაც ზიანი მიაყენა. ამ დროს შეძრწუნებულნი უხმოდ ტირიან, რაც მხოლოდ მგრძნობიარე ხელსაწყოებისთვისაა მისაწვდომი. „ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით და თქვენ-კი, კაცნი, ამას „რაკუნს“  ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს „ხის წვენს“  უწოდებთ“.
 გაიხსენეთ, როგორ ევედრება ხე მინდიას;

                                     მივიდა ხესთან ცულითა,
სთქვა:“უნდა მოვჭრა ესაო!“

შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს


                                    ხის შამოესმა კვნესაო:
                                    „ნუ მომკლავ, ჩემო მინდიავ,
                                    ნუ დამიბნელებ მზესაო,
                                    უიარაღო რომა ვარ,
                                    მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!“.


უზარმაზარი საიდუმლო გვამცნო ვაჟა-ფშაველამ:


                                    „რაც კი რამ დაუბადია
                                    უფალს სულიერ-უსულო,
                                    ყველასაც თურმე ენა აქვს,
                                    არა ყოფილა ურჯულო“.

მეცნიერებამ შემდგომში დაამტკიცა, რომ სამყაროში ადგილი აქვს „სულიერ თუ უსულო საგნებს“  შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ადამიანის ყურისათვის მიუწვდომელი ფიზიკური ველის თუ ქიმიური ენის საშუალებით.
ურწმუნონი კი გაიძახიან: “ენა თუ ჰქონდეს ხე-ქვათა, ჩვენც რად არ გაგვიგონია?“. რაც უფრო ახლოა ადამიანი ბუნებასთან, მით უფრო მაღალია და სპეტაკი მისი სული, მით უფრო მძლეა მისი გონება. „ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედავენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ  ესმის“ (მათე, 13:16). ესაა „გველის მჭამელის“ საიდუმლოს გასაღები. მაგრამ აი, დაჰკარგა მინდიამ შემეცნების მისნური ალღო და იგი უმწეო და უნუგეშო აღმოჩნდა:


                                    „რითიღა ვარგო ქვეყანას,
                                    დავცარიელდი ცოდნითა:
                                    ყვავილნი არას მეტყვიან,
                                    აღარც ცნობა მაქვს იმათი;
                                    განა მეტიღა იქნება
                                    კაცმა თავს უგდოს ხიფათი?
                                    აღარა მესმის ფრინველთი,
                                    აღარა მესმის ყანისა,
                                    აღარ მსმენია მას შემდეგ
                                    ტკბილი სალამი მწვანისა“.

ირმების გაუსაფრთხოების მიზნით, სამოციან წლებში ტაიმირში „ტოტალური ომი“ გამოუცხადეს მგლებს. ვერტფრენებიდან ხოცავდნენ მტაცებლებს. და აი, შედეგიც: ირმები  დასნეულდნენ. მგლების განადგურებიდან სამი წლის შემდეგ ირემთა დაავადება 2-დან 31 პროცენტამდე გაიზარდა.

        ხომ გახსოვთ, რას ამბობს იალბუზი  „მთათა ერთობაში“

„მე მგლებს ვერ გავწყვეტ, ვერც ვეფხვებს:
                                                მომერგებიან შვილადა,
                                                თუმც მაჯავრებენ ბევრჯელა,
                                                ავობენ თავის წილადა,
                                                არ დაგიდევენ ერთობას,
                                                შვლებს, ჯიხვებს სჭამენ წყვილადა.
                                                მე ვერ მოვითმენ, არწივნი,
                                                ქორები გასწყდნენ ღივადა.

                        .           .           .           .           .           .           .           .           .          
                                               
                                                რა უყოთ, ესეც დაუტევს
                                                კაკბებს, როჭოებს საჭმელად,
                                                მაგრამ კაცთ მიერ ზარალთან
                                                ეს განა კი ღირს სათქმელად?!

                        .           .           .           .           .           .           .           .           .

ღმერთმა გვაშოროს, მოვიქცნეთ
                                                ჩვენც ადამიანთ გვარადა:
                                                თუ ერთმა მეორე ერი
                                                დაიპყრო, დაიმონავა,
                                                გაანადგურებ, გაჰქელავს,
                                                არ შაუბრალებს ოდნავა“.

ტყის ყველა ბინადარი – ხეები, ბალახი, მწერები, ჩიტები, მღრღნელები, მიკროორგანიზმები, მტაცებელი ცხოველები – ურთიერთკავშირშია და ერთმანეთისათვისაა აუცილებელი. ბუნების ეთიკური პრინციპია: პირველ რიგში სიცოცხლის, მეორე – სახეობის და მესამე – ინდივიდის შენარჩუნება.
ბუნება არაა ბოროტგანზრახული და ცბიერი. იგი გულგრილიც კი არაა. მას ერ­თ­­ნაირად უყვარს ყველა არსება და უპირატესობას არავის ანიჭებს, არავის აწყე­ბი­­ნებს. ვირუსების ერთნაირი დოზით კოღოების დასნებოვნებით მხოლოდ 10 პრო­­ცენ­ტი დაავადდა. დოზის 1000-ჯერ გაზდით დაავადებულ კოღოთა რაო­დე­ნო­ბა 87 პროცენ­ტამდე გაიზარდა, 13 % მაინც გადაურჩა ამ მასობრივ იე­რიშს.­­ბუ­ნე­ბის საოცრებაა ჰუმუსი, მრავალი ორგანული ნივთიე­რება ჩა­დის ნია­დაგ­ში. ისი­ნი იშლებიან და ჰუმუსად გარდაიქმნებიან. ჰუმუსის შედგენილობა ნია­­დაგის ნაყო­ფი­ერების არსებითი მაჩვენებელია. გამხმარი ფოთ­ლები, ბალახის ღე­­როები და ფეს­ვები წარმოადგენენ ჭიაყელების, ლოკოკინების და ყოველგვარი მწერის საკვებს. საჭმლის მოსანელებელ აპარატში გავლის შემდეგ ორგანულ მასას ამუ­შა­ვე­ბენ ნიადაგის მიკროორგანიზმები – სოკოები, ბაქტერიები, აქტი­ნო­მი­ცე­ტე­ბი და უმარ­ტივესნი (ამებები, ინფუზორები). ყველა მათგანს ვიწრო სპეცია­ლი­ზა­ცია გა­ა­ჩ­ნია ,ამიტომ ორგანული ნარჩენები,  ჰუმუსად გარდაქმ­ნამდე, გადამუ­შავ­ე­ბის მრა­ვალ სტადიას გადის. თავდაპირველად მათ სოკოები და ბაქტერიები ამ­­­უ­­შა­ვებენ, რომლებიც საკვებად იყენებენ ნაკლებად მდგრად ნივთი­ე­რებებს – ამინოჟავებს, შაქ­რებს, მარტივ ცილებს.  შემდგე მუშაობას იწყებენ ე.წ. ცე­ლუ­ლო­ზის მიკრო­ბაქ­ტე­რიები, რომლებიც შედარებით მდგრად ნივ­თი­ე­რე­ბებს შლიან. საბოლოო გადა­მუ­შავებას აქტონომიცეტები ეწევიან. ჰუმუსი მზადაა. ურიცხვი მიკ­როორგანიზმი ბინადრობს ნიადაგში. მის ყოველ კვადრატულ მეტრში ათასი  მლრდ-დან 100  ათას მილიარდამდე არსებაა ჩა­სახ­ლებული, რომლებიც თავ­და­უ­ზოგავად „იღწვიან“ ორგანულ ნივთიერებათა დასაშლელად. ეს პაწაწინა არსე­ბა­ნი სადმე რომ დაიკარგონ, მაშინ ყველა მცენარე, ცხოველი და ადამიანი და­უშ­ლელ ორგა­ნულ ნარჩენში დაიხრჩობა. როგორ არ უნდა გაოცდე იმ სიბრძნით, რო­მე­ლ­მაც ნარ­ჩე­ნების დაშლა და მისი ნივთიერებათა წრებრუნვაში ჩართვაც კი გაი­თ­ვალისწინა.

ნებისმიერი ცვლილება დედამიწაზე გამოძახილს პოულობს შორეულ მხა­რე­შიც. ვინმეს თუ ჰგონია, რომ თავის ბაღში სუფთა ბოსტნეული მოჰყავს, რადგან „ქიმიას“ არ იყენებს, თავს მწარედ იტყუებს. მჟავური წვიმებით და შხამქი­მი­კა­ტე­ბი­ანი მიწისქვეშა წყლებით იჟღინთება ნიადაგი. ღრმა ჭაბურღილებიდან ამო­ღე­ბულ  სამკურნალო დანიშნულების მინერალურ წყლებშიც კი აღმოჩნდა შხამქი­მი­კა­ტები. მიწაში უარყოფითი  ფაქტორების აკუმულაცია შხამქიმიკატების შეტანის შეწყვეტის შემდეგაც კი გრძელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიადაგში ქიმიური ნივთიერებების ერთჯერადი შეტანაც კი იწვევს მასში ხანგრძლივ უარყოფით პროცესს. კაცობრიობამ ირწმუნა რომ  მინერალური სასუქები და  პესტიციდები მოსავლიანობის გაზრდის და მავნებლებთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. იგივე კაცობრიობა დღეს თავისივე აღმოჩენის მძევალი გახდა.
სინთეზური პესტიციდების ერა დდტ-თი (მისი სრული სახელწოდებაა 4,4 – დიქორდიფენილტრიქლორმეთანი) დაიწყო. 1948 წელს  შვეიცარიის აკადემიის წარდგინებით ნობელის პრემია მიანიჭეს პაულ მიუერს დდტ-ს პესტიციდური აქტიურობის აღმოჩენისათვის. 20 წლის შემდეგ კი იმავე შვეიცარიაში კანონით აკრძალეს დდტ-ს გამოყენება. ჯერ  კიდევ 1949 წელს  ამერიკის აგროქიმიის ჟურნალმა გამოაქვეყნა აშშ-ს კვების მრეწველობის  ისპექციის ცნობა დდტ-ს შემცველი რძის პროდუქტების გაყიდვის აკრძალვის შესახებ. დდტ-ს კონცენტრაცია ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში ორ-სამჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მისი გამოყენება აკრძლულია. ანტაქტიდის ზედაპირზე თოვლთან ერთად დალექილია ათასობით ტონა ეს პრეპარატი. ყოველ წელს თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე წვიმას ჩამოაქვს 30 გრამი დდტ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ დდტ-ს და სხვა მსგავსი პრეპარატებისაგან ყველაზე ნაკლებად დაზარალდა ის მწერები, რომელთა წინააღმდეგაც მათ ხმარობდნენ. წლების განმავობაში მავნებელთა მრავალმა სახეობამ გამოიმუშვა მდგრადობა არა მარტო დდტ-ს, არამედ სხვა შხამების მიმართაც. შორეულ წარსულში მეფე მითრიდატე მოწამვლის პროფილაქტიკის მიზნით ყოველდღე ღებულობდა შხამს მცირე რაოდენობით და თანდათან ზრდიდა „მოუმზადებელი“ ადამიანისათვის სასიკვდილო დოზამდე. მწერთა „იმუნიტეტის“ დასათრგუნად საჭიროა შხამების დოზის გაზრდა, ან უფრო ძიერი შხამების გამოყენება. ეს, თვის მხრივ, ზრდის გარემოს გაბინძურების საშიშროებას და არ იძლევა მავნებელთან ბრძოლაში წარმატების გარანტიას.
გაირკვა, შხამქიმიკატების გამოყენებით „მავნებელ“ მწერთა რაოდენობა არ მცირდება, პირიქით იზრდება კიდეც, რადგან „ქიმიური ომი“ ანადგურებს მათ ბუნებრივ მტრებს – სასარგებლო მწერებსა და ჩიტებს. კუნძულ კალიმანტანზე  დაიხოცა კატები იმის გამო , რომ ისინი ჭამდნენ ხვლიკებს, რომლებიც დდტ-თი დახოცილი ბუზებით იკვებებოდნენ. ვირთხებმა წალეკეს სოფლები და იფეთქა ეპიდემიამ.
 მაგრამ ამით არ დასრულებულა პესტიციდების „საზეიმო სვლა“. ძროხები. რომ­ლე­ბიც შხამქიმიკატბით დამუშავებული ბალახით იკვებებოდნენ, მათ რძეში აგ­როვებდნენ. ეს შხამი წვიმითა და თოვლის წყლით ტბებსა და მდინარეებში ჩაი­რე­ცხებოდა, ხვდებოდა მტკნარწყლიანი და ზღვის თევზების ორგანიზმებში და, სა­ბო­ლოოდ, ადამიანს სუფრაზე უბრუნდება. პესტიციდების გამოყენების 
ზრდასთან ერთად იმატა სნეულ ბავშვთა რაოდენობამ. თუ ად­რე მრავალი და­­­ა­ვადების მიზეზად ალკოჰოლს თვლიდნენ, შემდეგში გაირკვა, რომ მათი უმ­რავ­­ლესობა (სისხლის და სხვა მძიმე სნეულებანი) ინტენსიური ქიმიზაციისშე­დე­გიყოფილა. აშშ-ში უკურნებელი სენითაა შეპყრობილი ­ვიეტნამში მონაწილე ათ­ე­უ­ლი ადამიანი პესტიციდ „ეიჯენტ ორინჯის“ მოქ­მე­დე­ბის გამო. ამ პესტიციდის ზემოქმედების საშინელ შედეგს განიცდიან ვეტერანთა შვი­ლები და შვილიშვი­ლე­ბი. ქალაქ  ატლანტის ოლქში 15 ათასი ბავშვიდან უმ­რა­ვ­ლესობა,რომელთაც აქვთ ნორმიდან გადახრები და დაბადებითი დეფექტები, ვიე­ტ­ნამის ომის მონაწილეთა შთამომავალია.

1984 წელს ინდოეთის ქალაქ ბჰოპალაში ამერიკის კორპორაცია „იუნიონ კარბაიდის“ ქარხანაში, რომელიც აწარმოებდა პესტიციდებს, მოხდა 40 ტონა შხამის გაჟონვა. დაიღუპა 3 ათასი ადამიანი, 100 ათასი – მძიმედ მოიწამლა და მათ ნაადრევი სიკვდილი ემუქრებათ ფილტვების, თირკმელების და სხვა ორგანოთა დაავადებით; 20 ათასმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა; მოწამლულ ზონაში მყოფ ფეხმძიმე ქალებს მუცელი მოეშალათ; ამ ქალაქში იბადებიან ბავშები სერიოზული გენეტიკური დეფექტებით. 170 კილომეტრისრადიუსით განადგურდა მოსავალი.

 ბოლო დრომდე გავრცელებული აზრით, თითქოს არსებობს რადიაციის და შხამ­ქიმიკატების უსაფრთხო დოზა, რომელიც არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ექს­პერიმენტებითაა უარყოფილი. დადგენილია, რომ ძლიერი დოზით ხანმოკლე დასხ­ივება შესაძლებელია ნაკლებ საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე ხანგრძლივი დ­ა­ბა-ლი დონის ფონური რადიაცია. ანალოგიურად მოქმედებენ შხამქიმიკატებიც. ამ დროს მკვეთრად ეცემა ონგანიზმის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დაა­ვა­დე­ბებს. უზნე­ობაა შხამების საშუალო ნორმების დაწესება (ხშირად პოლიტიკური თვალ­საზ­რისით). კიდევ უფრო უზნეო საქციელია „სპეციალისტების“ მიერ ახსნა-გან­მარ­ტების მიცემა მათი უვნებლობის შესახებ. ორი ან რამდენიმე აგენტის ერთობ­ლი­ვი მოქმედება ხშირ შემთხვევაში იწვევს ტოქსიკურობის მკვეთრ გაზრდას (სინერგიზმის ეფექტი). შესაძლებელია ცალ-ცალკე გარემოს ქიმიური და რადიაციული დაბინძურების დონე არ აღემატებოდეს დადგენილ (პირობით) ნორმებს,  ორივემ ერთად კი ძლიერი მომწამლავი თვისებები გამოავლინოს.

ინგლისელი მეცნიერების აზრით, მრავალი ინფენქციური და ქრონიკული დაავადებების (გრიპის, პლევმონია, ემფიზემა, დიაბეტი, დამბლა, გულისა და თირკმლის დაავადებანი) განვითარებისათვის საკმარისია მცირე დოზის გამოსხივებაც კი. მისი ზემოქმედების შედეგად იზრდება სიკვდილიანობა კიბოვანი დაავადებებით, რაც დაკავშრებულია ორგანიზმის უნარის დაქვეითებასთან, წინააღმდეგობა გაუწიოს სიმსივნის უჯრედის ზრდასა და გავრცელებას. მაგალითად, დიდი სისწრაფით მატულობს ჩერნობილის ახლოს მდებარე რაიონებში ონკოლოგიურ დაავადებათა რაოდენობა. 1986 წლის 26 აპრილს ატმოსფეროში დიდი რაოდენობით გაიფრქვა რადიოაქტიური ნივთიერებები. იმ ტრაგიკულ დღეს კიევში მიმდინარეობდა ბუნების დაცვის უკრაინის საზოგადოების ყრილობა. ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შესახებ დელეგატებს არ აცნობეს.

ზაირის ( საიდანაც გავრცელდა შიდსი) მცხოვრებთა ნეშტში ნაპოვნია სტრონციუმ-90_ის კონცენტრაციის მომატებული რაოდენობა. როგორც ვარაუდობენ, ულმობელი ვირუსის წარმოშობის მიზეზია არა მარტო ბირთვული გამოცდები, არამედ ოზონის ფენის დაშლა, შხამების ატმოსფეროში გაიფრქვევა და ადამიანის ორგანიზმში დაგროვება.

სიტყვებს ჰომოს და ჰუმუსს ერთი ძირი აქვს ინდოევროპულად. ოდესღაც მიწა და ადამიანი ერთნაირად გამოითქმებოდა, რამეთუ მიწის წიაღიდან იშვა ადამიანი. რას არ უშვება დღეს ადამიანი ჰუმუსს, ამ უმწეო სასწაულს. ჰუმუსის თხელი ფენა იფანტება მტვრიანი ქარიშხლით, ჩაირეცხება ხელოვნური ჩამდინარე წყლებით. პესტიციდები და მინერაური სასუქები ხომ დიდი ხანია მიწის ნარკოტიკებად იქცა. ნაყოფიერი ჰუმუსის ფენის შესაქმნელად ათასობით წელია საჭირო, ჩვენ კი რამდენიმე წელში გავფანტეთ იგი.

    ეს იმიტომ ხდება, რომ მიწას არ ჰყავს პატრონი.

    ომის კანონს ვსწავლობთ. ვსწავლობთ „მემამულეთა ტიპებს რომანში“.  აი, ბუნების დაცვისა კი რა მოგახსენოთ… თავად ბუნება გვაძლევს ხშირად თვალსაჩინო და მწარე გაკვეთილებს და ჩვენს უმეცრებას მაშნი მასწავლებელი კი არა, ცხოვრება აფასებს.

 მიწის სიწმინდისათვის ბრძოლა-დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ბრძოლაა „შეეკითხე მიწას და გეტყვის, რომა მას მართებს გლოვა მის ამდენ ნაშიერზე, რომლებიც მის მკერდზე არიან დაცემულნი. მისგან არიან ყველანი შობილნი  დასაბამიდან და სხვანიც მოდიან; და, აჰა, თითქმის ყველანი დასაღუპად მიდიან და გასაწყვეტად არის განწირული მათი სიმრავლე“(მესამე ეზრა, 10:9, 10).

ჩვენ ერთნაირად გვტკივა ის, რაც დედა-ბუნებას სტკივა: სნეული ბაიკალი თუ კასპიის ზღვა, მომაკვდავი არალის ზღვა თუ სევანი ( სხვათაშორის, სომხეთის ტრაგედიას წინ უსწრებდა სევანის ტრაგედია). ყველა უწყება, უკლებრივ, სასწრაფოდ  უნდა იქნეს გამოყვანილი უკონტროლობისა და დაუსჯელობის ზონიდან და გახდეს ანგარიშვალდებული საზოგადოებისადმი ( გაიხსენეთ გალაქტიონი:“მზად იყავ, მისცე ანგარიში ხალხს და არა ყოველ გამვლელ-გამომვლელს“.) სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია. საყოველტაო გულგრილობა კოლექტიური თვითმკვლელობის ტოლფასია. „ვისაც ჭეშმარიტება არ უყვარს, ყოველთვის იპოვის მისთვის ზურგშექცევის საბაბს, თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ უმრავლესობა უარყოფს მას. ამრიგად, ის განზრახ, შეგნებულად ცდება. ამ შეცდომის წყაროა მისი გულგრილობა ჭეშმარიტებისა და სიკეთის მიმართ და ამ კაცისათვის არ არსებობს შენდობა… არსებობს საკმარისი ნათელი იმისათვის, ვისაც ჭეშმარიტების დანახვა სურს, და საკმარისი წყვდიადი იმისთვის, ვისი მზერაც სიყალბისკენაა მიმართული“(პასკალი).

ნუ გავხდით მიწას ჩვენი პატივმოყვარეობის, განდიდების, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ ეკონომიკური ამბიციებისათვის ბრძოლის ველად.

დღეს ძველი პოლიტიკის გაგრძელება დანაშუალია საკუთარი ხალხის მიმართ. „ერთ კარში თამაშის“ ფსიქოლოგია, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ჩვევები, ეტყობა ისე ძლიერია, რომ ჭაობის წუმპიდან გვიჭირს ამოსვლა. თუ დროზე არ განვკურნავთ ჩვენს გამოფიტულ მიწას და არ გამოვასწორებთ კატასტროფამდე მიყვანილ ეკოლოგიურ მდგომარეობას, მაშინ ჩვენ, საღათას ძილისაგან რის ვაი-ვაგახით გამორკვეულნი, შეიძლება კვლავ ღრმა ჭაობში აღმოვჩნდეთ. გახსოვთ, ალბათ, კობო აბეს რომანი „ქალი ქვიშაში“, ნიკი ძიუმპეის, ჩვეულებრივ ადამიანს , მწერების კოლექციის შეგროვება იტაცებდა. აგვისტოს ერთ დღეს სახლიდან გავიდა და მწერების ძებნით გართულს ქვიშის სოფელში შემოაღამდა. ადგილობრივმა მებადურებმა მოტყუებით, ღამის გათევის მოსაბაბებით ჩაიყვანეს ქვიშის ორმოში. ქვემოთ ჩასასვლელი თოკის კიბე ამოიღეს და  ნიკი ორმოში დატოვეს. აქ იგი იწყებს ბრძოლას თავისუფლებისათვის-ებრძვის ქვიშას, ადამიანებს, რომლებმაც იგი მოატყუეს. ქვიშასთან ბრძლაში ნიკი ძიუმპეი მარცხდება. ბოლოს, მასთან ერთად მყოფ ქალს მუცელი ეშლება. ორმოში თოკის კიბეს ჩაუშვებენ და ქალი პიკაპითამოჰყავთ. ქალის წაყვანის შემდეგ  კიბე არ ამოუღიათ. ნიკი ძიუმპეი მაღლა ამოდის. მას ახლა აღარავინ უდარაჯებს, შეუძლია საითაც უნდა იქით წავიდეს, მაგრამ არა, იგი არ ჩქარობს. ნიკი ძიუმპეის გაქცევა აღარ სწადია, ვინაიდან სამყარო, საიდანაც მოვიდა, ისეთივე ქვიშის ორმოა, რომელშიც თვითონ მოხვდა.

          ძველი ბერძნული მითოლოგია გადმოგვცემს, რომ ლიბიაში ცხოვრობდა უძ­ლე­ვე­ლი გოლიათი ანტეოსი, რომელიც პოსეიდონის – ზღვათა ღმერთის და გეას – მი­­წის ქალღმერთის შვილი იყო. იგი უძლეველ გმირად ითვლებოდა. მოწი­ნა­ა­ღ­მ­დე­გეს­თან ბრძოლაში ახალ ძალას ღებულობდა მიწისგან, თავის დედისგან, რომე­ლ­მაც შობა და გამოჰკვება იგი. მაგრამ მას ერტი სუსტი ადგილი ჰქონდა – ეს იყო მი­წის­გან  მოწყვეტის საშიშროება. მაგრამ გამოჩნდა მტერი, ჰერაკლე, რომელმაც გამოიყენა მტრის სუსტიმხარე.  მოწყვიტა ანტეოსი  მიწას, აი­ყ­­ვანა ჰაერში და მოაშთო.

  ჩვენი დედამიწა,მიუხედავად მრავალთა კეთილგანზრახვისა, ალბათ, კვლავაც დაიტანჯება დიდხანს, ვიდრე ბრძოლას არ შევწყვეტთ და არ მოვაგვარებთ ადამიანთა შორის ურთიერთობებს. მაშინ კი მიწის შვილებს კვლავ დაგვიბრუნდება  მაცოცხლებელი ძალა მტერთა ძლევისა.

       …..ტყემალი და ატამი ყვავილფურცლობდა. პირბადრი, სახენათელი, თმაგაშ­ლი­­ლი ‘’ადგილის დედა’’ ბუნების სანუგეშო სიყვარულზე, სიწმინდესა და სიცო­ც­ხ­­ლეზე ზრაპარს ჰყვებოდა. უჩუმრად კი ცრემლს ჰღვრიდა და კვნესოდა: „იბილ­წება მიწა ქართული!“ „ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმ­ყოსა და მომავალზე, გულში თითქო ღრმად ჩასჭდევია მწუხარება. ხანდახან გად­მოა­ც­ქერდება მის ერთ ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულს ყლორტს, რომე­ლიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს. ესღაა მისი ნუგეში…“ ჩვენ კი ნუ­გე­შად ვიგულოთ „მთიდან ბღავილი ხარისა“; რომ მომავალი ჩვენია ამას რად უნდა მისანი“?! –

ავტორი: რამაზ გახოკიძე

Leave a Comment