მილერ-ურეის ექსპერიმენტი

მილერ-ურეის ექსპერიმენტი, 1953 – ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაინაცვლა სიცოცხლის წარმოშობის კვლევამ ლაბორატორიაში.

ორგანული ნივთიერებების აბიოგენული სინთეზი

1953წ. სტენლი მილერმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ლაბორატორიაში, ქიმიურ ჭურჭელში, შექმნა პრეკამბრიული ატმოსფეროსა და ოკეანის მოდელი. (წყალს-H2O, მეთანის-CH4, ამიაკის-NH3, და წყალბადის-H2 ნარევი). მოახდინა ელექტრული განმუხტვა და რამოდენიმე დღის შემდეგ კოლბის ფსკერზე მოყავისფრო ნალექი შენიშნა. ეს ნალექი სხვა ორგანულ ნაერთებთან ერთად შეიცავდა ამონომჟავებს: გლიცინს, α- და β-ალანინს, ასპარტატის მჟავას, გამა-ამინო-ბუტირის მჟავას.
მილერის ექსპერიმენტს კრიტიკა არ მოჰკლებია, თუმცა მან ბიძგი მისცა ამ ფუნდამენტურ საკითხის მეცნიერულ-ექსპერიმენტულ კვლევას.
თუ ამ ექსპერიმენტში ჟანგბადსაც ჩავრთავთ ამინომჟავების წარმოშობა არ ხდება. ამის გამო მეცნიერები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ სანამ სიცოცხლე წარმოიშობოდა ბუნებრივი ორგანული სინთეზისათვის წყალბადით მდიდარი, ან სულ მცირე ჟანგბადით ღარიბი პირობები იყო საჭირო. გეოლოგია, დედამიწის როგორც პლანეტის ისტორია მზის სისტემაში, ასტროფიზიკური დაკვირვებები ყველაფერი ერთად ჟანგბადთ ღარიბ და წყალბადით გამდიდრებულ ატმოსფეროს სურათს გვთავაზობს ადრეულ დედამიწაზე.

იუპიტერისმსგავსი პლანეტების – იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, ამ ოთხი გიგანტის ქიმიური ელემენტების შემადგენლობა უფრო ახლოსაა კოსმოსის შემადგენლობასთან ვიდრე დედამიწისა. ეს პლანეტები ძირითადად აირისგან შედგება. მათი ატმოსფერო პრაქტიკულად მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. მეთანი, ამიაკი, ნეონი და წყალი მცირე რაოდენობითაა დადგენილი. ამის გამო ფიქრობენ, რომ გიგანტი პლანეტები (იუპიტერისმსგავსი პლანეტები) შექმნილია კოსმოსის შემადგენლობაში არსებული ტიპიური მასალისგან.
იუპიტერისმსგავსი პლანეტები შორს არიან მზისგან, ამიტომ მათი ატმოსფეროს ზედა შრეები ძალიან ცივია. ამ მასიური ცივი პლანეტების ზედა ატმოსფეროდან ატომების დაკარგვა ამჟამად შეუძლებელია გრავიტაციული ველების ზემოქმედების გამო. დიდი ალბათობით ეს შეუძლებელი იყო პლანეტების ფორმირების დროსაც.

დედამიწა და მზის სისტემის შიდა პლანეტები ზომაში პატარები არიან და ამავდროულად მათ გაცილებით უფრო ცხელი ზედა ატმოსფერო აქვთ. წყალბადი და ჰელიუმი დედამიწის ატმოსფეროდან დღესაც მუდმივად იკარგება. დედამიწის წარმოშობის მომენტში უფრო მძიმე აირებიც შესაძლოა გაპარულიყო. ძალიან ადრე დედამიწის ისტორიაში ჩვენს პლანეტაზე იყო გაცილებით მეტი წყალბადი, რაც დროთა განმავლობაში დაიკარგა კოსმოსში. შესაძლებელია, რომ ადრეულ დედამიწაზე ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის ატომები არსებობდნენ არა CO2-ის, N2-ის, და O2-ის სახით (ანუ დაჟანგული სახით), როგორც დღესაა არამედ, როგორც მათი
მთლიანად გაჯერებული ჰიდრიდები: მეთანი CH4, ამიაკი NH3 და წყალი H2O. დედამიწის უძველესი ქანების გეოქიმიაც (ურანინიტი, პირიტი) მეტყველებს იმაზე, რომ პირვანდელ დედამიწაზე გაცილებით ნაკლებად დამჟანგავი გარემო იყო ვიდრე დღესაა.

წყარო:

“პალეონტოლოგია”-მაია ბუხსიანიძე

Leave a Comment