ხელთათმანი

სამხეცეს წინ, მყურო ჩრდილში,

მხეცთა ბრძოლის მოლოდინში

ზის ამაყად მეფე ფრანსი.

დიდებულთა ჰყავს ამალა…

ულამაზეს ქალთა დასი

ვერა თვალმა ვერ დათვალა….!

როგორც კი მეფემ მისცა ნიშანი,

გაიღო უმალ ფართო ჭიშკარი,

ფრთხილი ნაბიჯით, მოსურნე ომის,

სააპარეზოდ შემოდის ლომი.

თვალს მიმოავლებს იმ არემარეს,

დინჯად, მდუმარედ.

ფაფარის რხევით,

გრძლად დაამთქნარებს.

მერე გაწვა და ნელი ზმორებით,

შემოიკეცა მძლავრი ტორები…

მეფემ მეორედ მისცა ნიშანი,

იმ წამს იღება ჭრიალ-ჭრიალით,

ახლა მეორე დიდი კარიბჭე.

ელვის სისწრაფით,

ველურ ნახტომით,

შემორბის ვეფხვი კბილთა ღრჭიალით.

ხდავს ლომს, ბევრი არც უფიქრია –

გამძვივარებულს ბრძოლა სწყურია…

თავისი გრძელი კუდი მორკალა,

დაატრიალა წამს ქარბორბალა…

ენით ილოკავს სისხლიან ლაშებს,

გარშემო ურბენს ლაღი ნავარდით,

ლომს ძრწოლით გვერდით გაუთამაშებს,

უღრენს მძვივარედ, უნდა მივარდეს,

შემდეგ ბუხუნით მოკეცავს თათებს

და ისიც იქვე მოიკალათებს.

მეფემ მესამედ მისცა ნიშანი,

ისევ გაიღო ფართო ჭიშკარი,

ორი ავაზა რომ იდგა კართან

მყისვე ვეფხვისკენ გამოემართა.

ვეფხვმა მათ დასცხო მძლავრი ტორები,

მაშინ წამოდგა ლომი ზმორებით

და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა…

არენაზე კი ბრძოლის წყურვილით,

ერთურთის მოკვლის დიდი სურვილით

ბრდღვინავს ლომ-ვეფხვის მრისხანე მოდგმა.

მოულოდნელად ლამაზმა ხელმა

გადაისროლა ძირს ხელთათმანი,

რომელიც ნელა, ფრიალ-ფრიალით

ლომის და ვეფხვის შუა ჩავარდა.

იქვე მყოფ რაინდ დელორჟს დაცინვით

ტურფა ასული მიმართავს ასე:

თუ თქვენ, რაინდო, გიყვარვართ ისვვ,

და თქვენი ფიცი გსურთ დავიჯერო,

წადით, მომართვით ის ხელთათმანი,

თუ გნებავთ, ტრფობით გული იჯეროთ!

წამოდგა უმალ რაინდი ფიცხი,

ქვევით დაეშვა ამაყი, მკვირცხლი,

შევიდა მტკიცედ ის მხეცთა წრეში

და ხელთათმანი აიღო ხელში…

შემცბარი, შიშით გარინდებული,

შესცქერის რაინდს ქალთა კრებული.

მას ხელთათმანი მოაქვს ღირსებით.

ირგვლივ გაისმა ქება-დიდება,

აქ კუნიგუნდე გრძნობით ივსება

აღტკინებული მისი მხნეობით

რაინდის მიმართ ღიმილს ვერ მალავს.

ის კი ხელთათმანს ესვრის სახეში,

„ვეღარ გამაბამთ ქებით მახეში“, –

– და მიატოვებს მას წამისუმალ…

ფრიდრიხ შილერი

გერმანულიდან თარგმნა მიხო ბეროშვილმა

Leave a Comment