კეპლერის კანონები 🪐

☀ დიდი ხნის განმავლობაში ასტრონომები არკვევდნენ, თუ როგორი იყო პლანეტების გარემოქცევის ჭეშმარიტი ორბიტები და რომელი ციური სხეულის ირგვლივ ხდებოდა ეს გარემოქცევა. ასტრონომმა კოპერნიკმა 1543 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ციურ სხეულთა გარემოქცევის შესახებ”, რომელშიც ააგო სამყაროს მოდელი.
მისი აზრით სამყაროს ცენტრი მზეა (ბერძნული ჰელიოს,ჰელიოცენტრული თეორია). დედამიწა სფერულია, იგი ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ, რაც განაპირობებს მნათობთა ხილულ დღეღამურ ბრუნვას ცაზე, აგრეთვე v გარემოიქცევა, ისევე როგორც დანარჩენი პლანეტები, მზის ირგვლივ, რაც იწვევს ვარსკვლავთა შორის მზის მოჩვენებით წლიურ წანაცვლებას ეკლიპტიკაზე. პლანეტების ორბიტების სიბრტყეები ახლოს არიან ეკლიპტიკის სიბრტყესთან. მზის ირგვლივ პლანეტების მოძრაობა უთანაბროა და ხანდახან მათი უკუქცევითი მოძრაობანი იმით აიხსნება, რომ მათ მოძრაობას ჩვენ მოძრავი დედამიწიდან ვუყურებთ.
☀ ასტრონომთა ნაწილმა არ გაიზიარა კოპერნიკის თეორია, ნაწილი კი ცდილობდა მის მკაცრ დასაბუთებას. დიდი როლი შეასრულეს ამ მხრივ დანიელმა მეცნიერმა ტიხო ბრაჰემ (1546 – 1601) და ი.კეპლერმა (1570 – 1630). პირველმა თავის
მიერვე დაარსებულ ობსერვატორიაში 20-წლიანი დაკვრვებები მიუძღვნა პლანეტა მარსზე დაკვირვებებს და დააგროვა
უმდიდრესი მასალა, მეორემ კი ამ დაკვირვებათა მრავალწლიანი ანალიზით დაადგინა პლანეტების გარემოქცევის 3
კანონი:

  1. თითოეული პლანეტა მოძრაობს ელიფსზე, რომლის ერთ-ერთ ფოკუსში მზე იმყოფება.
  2. პლანეტის რადიუს-ვექტორი დროის ტოლ შუალედებში ტოლ ფართობებს შემოწერს.
  3. პლანეტების გარემოქცევის სიდერული პერიოდების კვადრატები პირდაპირპროპორციულებია მათი ელიფსური
    ორბიტების დიდი ნახევარღერძების კუბებისა.
    ელიფსი არის გეომეტრიული ფიგურა, რომლის ნებისმიერი M წერტილიდან ორ ფიქსირებულ F1 და F2 წერტილებამდე (ელიფსის ფოკუსებამდე) მანძილების ჯამი MF + MF2 მუდმივი სიდიდეა (ნახ. 26) და უდრის ელიფსის დიდ ღერძ AΠ -ს ანუ 2 a -ს, სადაც a მისივე დიდი ნახევარღერძია.

ნახ. 26 ელიფსი და მისი პარამეტრები

ელიფსის O ცენტრიდან მის რომელიმე ფოკუსამდე მანძილისა და ელიფსის დიდი a ნახევარღერძის ფარდობას ელიფსის ექსცენტრისიტეტი ( e ) ეწოდება. რაც უფრო გაწელილია ელიფსი, მით უფრო დიდია მისი ექსცენტრისიტეტი. პლანეტებს
შორის წრიულთან ყველაზე ახლოსაა ვენერას ორბიტა (e = 0,007), მისგან ყველაზე მეტი გადახრა კი პლუტონის ორბიტას აქვს ( e = 0,247)

კეპლერის კანონების განზოგადება

☀ შემდგომში ნიუტონის მიერ აღმოჩენილ მსოფლიო მიზიდულობის კანონზე დაყრდნობით მათემატიკურად შეისწავლეს ერთი ციური სხეულის მოძრაობა მეორე სხეულის გრავიტაციულ ველში და სათანადოდ განაზოგადეს კეპლერის
კანონებიც. ნაჩვენები იქნა, რომ სხეულის მოძრაობა მიმზიდავი ცენტრის მიმართ შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა სახის ორბიტებზე იმის მიხედვით, თუ როგორია მისაზიდი სხეულის მოძრაობის სიჩქარის მიმართულება და სიდიდე. კერძოდ:
წრეწირზე, ელიფსზე, პარაბოლასა და ჰიპერბოლაზე. ეს ის წირებია, რომლებიც მიიღება სხვადასხვა ორიენტაციის სიბრტყეების მიერ კონუსის გადაკვეთისას.

გარემომქცევი m სხეულის ორბიტის ფორმის დამოკიდებულება მის v0 სიჩქარეზე.

წყარო:

ასტრონომიის საფუძვლები: სახელმძღვანელო, II ტომი: ევგენი ხარაძე

https://science.nasa.gov/resource/orbits-and-keplers-laws/

Leave a Comment