გალაქტიკების სამყარო✨

როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოირკვა, ჩვენი გალაქტიკა არ არის სამყაროში ამ ტიპის ერთადერთი წარმონაქმნი და არც სივრცულად ამოწურავს მთელ სამყაროს, ანუ ციური სხეულები და მათი სისტემები მის გარეთაც არსებობენ. მანამდეც შეინიშნებოდა ცაზე სხვადასხვა სახის დიფუზური, განფენილი ფორმის მქონე ნისლეულები, რომელთა ნაწილი ბევრი რამით წააგავდა ჩვენს გალაქტიკას ან მის ცალკეულ ნაწილებს, მაგრამ მათ რაობაზე მსჯელობა შეუძლებელი იყო მათი მანძილის არცოდნის გამო. მათ შორის გამოირჩეოდა სპირალისებური ფორმის სისტემა – ანდრომედეს ნისლეული, რომელიც ანდრომედეს თანავარსკვლავედშია და მისაწვდომია შეუიარაღებელი თვალისთვისაც. თავისი სიკაშკაშის განაწილებით იგი საკმაოდ მოგვაგონებს ჩვენს გალაქტიკას.
სამხრეთის ცაზე კი დიდი ხანი იყო ყურადღებას იქცევდა ორი კაშკაშა ღრუბლოვანი წარმონაქმნი -მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები რომელთა არსებობა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებთათვის ცნობილი გახდა მაგელანის ექსპედიციის წევრების დამსახურებით (ნისლეულის სახელწოდებაც ადასტურებს მაგელანის დამსახურებაზე ცის ამ უშესანიშნავესი ობიექტის მეცნიერულ შესწავლაში). ტელესკოპის ეპოქაში კი ასტრონომებმა მრავალი ასეთი ტიპის ობიექტი დააფიქსირეს და მათი ბუნების გახსნა დღის წესრიგში იდგა.

ანდრომედას გალაქტიკა.

გარღვევა კი მას მერე მოხდა, როდესაც ასტრონომებმა ამ ნისლეულის შემადგენლობაში პულსირებადი ცეფეიდა აღმოაჩინეს. ამ ტიპის ვარსკვლავებისათვის საკმაოდ კარგად დადგენილი პერიოდი-ნათობის დიაგრამის გამოყენებით გაირკვა, რომ ანდრომედეს ნისლეულამდე მანძილი 1 მლნ სინათლის წლის მახლობლად იყო, რაც 20-ჯერ აღემატება ჩვენი გალაქტიკის რადიუსს (შემდეგომი კვლევებით იგი 2-3-ჯერ „გაიზარდა“), ანუ ანდრომედეს ნისლეული ვერაფრით იქნებოდა ჩვენი გალაქტიკის შემადგენელი ნაწილი. შემდგომში გაირკვა,რომ მაგელანის ღრუბლებიც, გარეგალაქტიკური ობიექტებია ( დიდ ღრუბლამდე მანძილი 200 000 სინათლის წელია, პატარა ღრუბლამდე კი 170 000 სინათლის წელი), ანუ გალაქტიკები, თუმცა არა დამოუკიდებელი, არამედ ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრი გალაქტიკები, რომლებიც მის გრავიტაციულ ტყვეობაში იმყოფებიან და მის გარშემო გარემოიქცევიან. შემდგომში აღმოჩენილ იქნა ჩვენი გალაქტიკის სხვა თანამგზავრებიც. შესწავლილ იქნა ახალი მეთოდებით სხვა ნისლეულებიც და გამოირკვა, რომ
ბევრი მათგანი ასევე დამოუკიდებლი გალაქტიკაა, სხვადასხვა მანძილზე მყოფი, სხვადასხვა სიდიდისა და ვარსკვლავთა განსხვავებული რიცხოვნობის. ასე დაიბადა ასტრონომიის ახალი დარგი – გარეგალაქტიკური ასტრონომია.

ფორმების მიხედვით გალაქტიკათა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ყველა მათგანი რაღაცით ჰგავს ჩვენს გალაქტიკას: ყველა განფენილი ობიექტია, ყველა შეიცავს ვარსკვლავებს, ყველა მათგანში ვარსკვლავთა სიმჭიდროვე მცირდება ცენტრალური არეებიდან პერიფერიებისაკენ და ა.შ. მაგრამ ამავე დროს ერთმანეთისაგანაც საკმაოდ განსხვავდებიან, მაგრამ შესაძლებელი აღმოჩნდა მათგან არსებითად განსხვავებული ფორმის მქონე ჯგუფების გამორჩევა (, თანაც ისე, რომ თითოეული ჯგუფი ფორმათა მრავალ გრადაციას შეიცავს.)

930 წელს ჰაბლმა დაადგინა კავშირი გალაქტიკების ხილულ ვარსკვლავიერ სიდიდეებსა და მათ სპექტრულ ხაზთა სპექტრის წითელი ბოლოსკენ წანაცვლების სიდიდეებს შორის.
თუ ხილულ სიდიდებს მანძილის ინდიკატორებად ჩავთვლით, ხოლო ხაზის წანაცვლებას გალაქტიკის სივრცულ მოძრაობას დავუკავშირებთ, მაშინ ჰაბლის აღმოჩენა მდგომარეობა იმაში, რომ გალაქტიკათა მთელი სამყარო ფართოვდება, ამასთან გაფართოების სიჩქარე მანძილის პროპორციულია. ეს საკითხი სამყაროს ევოლუციას უკავშირდება. იგი გვაძლევს გალაქტიკებამდე მანძილების განსაზღვრის ყველაზე მარტივ და ყველაზე შორსმოქმედ მეთოდს.

კანონი გამოისახება
v = H . r ფორმულით, სადაც H ჰაბლის მუდმივაა და ბოლო განსაზღვრებით უდრის 55 კმ/წმ/მპს-ს.
ბოლოს აღვნიშნავთ, რომ გალაქტიკები ერთიანდებიან გროვებად, რომელთა წევრების რაოდენობა შეიძლება იყოს ასეულობით და ათასობით. ჯერადობა გალაქტიკათა სისტემაში ბევრად უფრო გამოკვეთილია, ვიდრე ვარსკვლავებში.

გალაქტიკების წითელი წანაცვლების დამოკიდებულება მათ მანძილზე.

წყარო:

შალვა საბაშვილი-“ცივილიზაცია და ასტრონომია”

https://science.nasa.gov/universe/galaxies

Leave a Comment