ინდოეთის ოკეანეში მდებარე მავრიკიის კუნძულებზე ერთ დროს საკმაოდ მოზრდილი ფრინველი – დოდო (დრონტი) ბინადრობდა. იგი იმდენ ხანს ცხოვრობდა კუნძულზე ყოველგვარი შეწუხების გარეშე, რომ დაკარგა ფრენის უნარი და პირდაპირ მიწაზე ბუდობდა. დოდო მიწაზე ჩამოვარდნილი ხილით იკვებებოდა. კუნძულზე არ იყვნენ ძუძუმწოვრები, ხშირ ტყეებში კი ბინადრობდნენ სხვადასხვა ფრინველები. ეს “იდილია” 1505 წლამდე გაგრძელდა, სანამ პორტუგალიელებმა პირველად არ შედგეს ფეხი მავრიკიაზე. მალე კუნძული გადაიქცა პორტად, სადაც სუნელებით მოვაჭრე გემები ჩერდებოდნენ. 25 კილოგრამიანი, ადვილად მოსაპოვებელი დოდო მეზღვაურებისათვის ახალი ხორცის წყაროდ იქცა. ამ ფრინველების დიდი ნაწილი სწორედ ამ მიზეზით დაიხოცეს.
მოგვიანებით, როდესაც დანიელებმა კუნძულზე თავიანთი კოლონია დააარსეს, შემოიყვანეს ღორები და მაიმუნები. მავრიკიაზე შემოსულ გემებს თან მოჰყვებოდათ ვირთაგვებიც, რომელთა ნაწილი კუნძულზე რჩებოდა. ვირთაგვები, ღორები და მაიმუნები ძალზე სწრაფად ანადგურებდნენ დოდოს კვერცხებსა და წიწილებს.
ამგვარად, ადამიანმა და ინტროდუცირებულმა (შემოყვანილმა) სახეობებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს დოდოს პოპულაცია. მავრიკიაზე ადამიანის შეღწევის ასი წლის შემდეგ ერთ დროს მრავალრიცხოვანი დოდო, იშვიათი ფრინველი გახდა. უკანასკნელი ინდივიდი 1681 წელს მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ დოდოს განადგურების ისტორია კარგად არის დოკუმენტირებული, სამწუხაროდ, არ შემორჩა ამ ფრინველის მთლიანი ფიტული; არის მხოლოდ გარკვეული ფრაგმენტები, რომელთა საფუძველზე მოხდა დოდოს გარეგნობის რეკონსტრუირება. დოდო მავრიკიაზე განადგურებული სახეობის მხოლოდ ერთი ნიმუშია. უამრავი სხვა სახეობის ფრინველი გადაშენდა ამ კუნძულზე IX საუკუნეში, როდესაც ტყეები გაჩეხეს, მათ ადგილზე კი ჩაისა და შაქრის ლერწმის პლანტაციები გააშენეს. მავრიკიაზე მცხოვრები 45 სახეობის ფრინველიდან დღეისათვის მხოლოდ 21 შემორჩა.
გადაშენების ეს ქრესტომათიული მაგალითი კარგად არის ცნობილი მრავალი ბიოლოგისათვის, თუმცა შესაძლებელია, ბევრმა მათგანმა არცს იცოდეს, რომ ისტორია ამით არ დამთავრებულა. თუმცა დოდოს უკანასკნელი ეგზემპლარი 1681 წელს იქნა მოკლული, მეცნიერები მხოლოდ ახლა ხვდებიან, თუ რა გავლენა იქონია ამ ფრინველის გადაშენებამ მთლიანად კუნძულის ეკოსისტემაზე. არცთუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ გარკვეული სახეობის ხე (Calvaria major) მავრიკიაზე საკმაოდ იშვიათი გახდა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სახეობის დარჩენილი 13 ხის ასაკი დაახლოებით 300 წელი იყო; ე.ი. XVII საუკუნის დასაწყისიდან არც ერთი ახალი ხე ააღარ ააღმოცენებულა. ცნობილია, რომ ამ ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა
300 წელია. აქედან გამომდინარე, ამ სახეობის უკანასკნელი ინდივიდები სულ მალე დაიღუპება, მთლიანად სახეობა კი გადაშენდება. საინტერესოა, რომ დოდოს გადაშენება და აღნიშნული სახეობის ხეების რეპროდუქციის შეწყვეტა ერთდროულად მოხდა. როგორც გაირკვა, დოდო სწორედ ამ სახეობის ხის ნაყოფით იკვებებოდა. თესლი მხოლოდ ფრინველის საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლის შემდეგ იძენდა აღმოცენების უნარს. Calvaria major-ის ნაყოფს საკმაოდ სქელი ნაჭუჭი აქვს. მისი დაშლა ბუნებრივი გზით დოდოს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხდებოდა. მცენარის ჩანასახი მხოლოდ ამის შემდეგ გაღივდებოდა. ახლა კი ერთ, 300 წლის წინ გადაშენებულ სახეობას მოჰყვება მეორე სახეობის გადაშენება. ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით, ამით დასრულდა თუ არა დოდოს გადაშენებით გამოწვეული პროცესები.
საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ დოდოსა და შინაური ინდაურის საჭმლის მომნელებელ სისტემებს გარკვეული მსგავსება ახასიათებთ. მეცნიერები ინდაურებს ხის ნაყოფით კვებავდნენ და შემდეგ ფეკალურ მასებში არსებულ თესლს რგავდნენ. თესლი გაღივდა და თუ ამ გზით მიღებული ნერგები გადარჩა და გამრავლდა ბუნებრივ პირობებში, იშვიათი სახეობის მცენარის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. ხსენებულ ხეს დღეისათვის “დოდოს ხე” ეწოდება.
ახალ ზელანდიაში ოდესღაც ბინადრობდა უზარმაზარი ფრინველი – მოა, რომელიც მოკლებული იყო ფრენის უნარს. აქ ცხოვრობდა მოას რამოდენიმე სახეობა. ყველაზე უდიდესი მათ შორის 200კგ-ზე მეტს იწონიდა და სიმაღლეში 2-3 მეტრს აღწევდა. როგორც ჩანს, მოას სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა დროს გადაშენდა, თუმცა ამის დამტკიცება ძნელდება ნამარხების სიმცირის გამო. ისევე, როგორც დოდო მავრიკიაზე, მოაც იზოლირებულ კუნძულებზე ვითარდებოდა, სადაც თითქმის არავითარი კონტაქტი არ ჰქონდა ძუძუმწოვრებსა თუ ხმელეთის სხვა ხერხემლიანებთან.
ახალ ზელანდიაში ადამიანი პირველად პოლინეზიიდან მოხვდა. ახალმოსულები ინტენსიურად ნადირობდნენ მოაზე. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ ფრინველის ერთ-ერთი სახეობა მაინც გადარჩენილიყო ევროპელების პოლინეზიაში მოხვედრის ანუ 1770 წლისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ მაორის (ახალი ზელანდიის მკვიდრნი) ზეპირსიტყვიერებაში ხშირად მოიხსენიებოდნენ უზარმაზარი ფრინველები, ევროპელმა მეცნიერებმა მოას არსებობის შესახებ პირველად მხოლოდ 1830წ. გაიგეს, როდესაც ნაპოვნი იქნა უცნაური ფრინველის ძვლები. მხოლოდ ამ დროიდან გახდა ცნობილი, რომ ახალი ზელანდიის კუნძულებზე ოდესღაც ცხოვრობდა უზარმაზარი ფრინველი. მოას სახელი შემორჩენილია მაორის დასახლებების სახელწოდებებში : “ტე კაკი ო ტე მოა”, რაც მოას კისერს ნიშნავს; “პუკუმოა” – მოას მუცელს და ა.შ.
შესაძლებელია, მოას პოპულაციის რიცხოვნობა ახალ ზელანდიაში ადამიანის გამოჩენამდეც შემცირებული იყო ბუნებრივი პროცესების შედეგად. მაგრამ მათი საბოლოო გადაშენების მიზეზი ადამიანის მიერ მათი ჭარბი მოპოვება გახდა. ნაპოვნია უამრავი არქეოლოგიური მტკიცება, რომელიც მოაზე აქტიურ ნადირობას ადასტურებს. რადგან კუნძულზე არ არსებობდა სხვა ასეთი ზომისა და ასე ადვილად მოსაპოვებელი ცხოველი, მოა ადამიანის სანუკვარ სამიზნეს წარმოადგენდა.
კუნძულებზე ადამიანის გამოჩენის თანმხლები სხვა მოვლენებიც იწვევდნენ მოას რიცხოვნობის შემცირებას. ძაღლები და ვირთაგვები, რომლებიც ბუნებრივად არ ბინადრობედნენ აქ და თეთრმა ადამიანმა შემოიყვანა, დიდი რაოდენობით ანადგურებდნენ მოას წიწილებს. მოას ადგილსამყოფელი ნადგურდებოდა ხშირი ხანძრების შედეგადაც. ცხადია, რომ მოას გადაშენების მიზეზად ადამიანის მიერ ახალი ზელანდიის კუნძულების კოლონიზაცია იქცა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოა შემორჩენილიყო იქ 1800 წლის შემდეგაც.
როგორც ვხედავთ, დოდოსა და მოას გადაშენების ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ისინი იყვნენ დიდი ზომის, ფრენის უნარს მოკლებული ფრინველები, რომლებიც ბინადრობდნენ იზოლირებულ კუნძულებზე. არც ერთ მათგანს ადამიანის შემოჭრამდე ბუნებრივი მტერი არ ჰყოლია. ამიტომ ისინი უძლურნი აღმოჩნდნენ ადამიანის პრესის წინაშე. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი იზოლირებული კუნძულის ფლორა და ფაუნა ძლიერი მოწყვლადობით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ვიწრო სპეციალიზაციაა. ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ჩარევას ასეთ კუნძულებზე გადაშენების შეუქცევადი პროცესის გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც ასეთი კუნძულების ბუნება განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.
1741 წელს მოგზაურმა ვიტუს ბერინგმა (წარმოშობით დანიელმა) პირველად ნახა ზღვის ძროხა, რომელიც შემდგომში აღწერა ზოოლოგმა სტელერმა (ამიტომ მას სტელერის ძროხა ეწოდა). ეს იყო სირენების ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი (რიგი სირენები – Sirenia, აქვე შედიან ლამანტინები და დიუგონები). ოდესღაც სტელერის ძროხა წყნარ ოკეანეში, იაპონიიდან კალიფორნიამდე იყო გავრცელებული. მასზე ხორცისა და ქონის გამო ნადირობდნენ. როგორც ჩანს, უკანასკნელი ეგზემპლარი მოკლულ იქნა 1768 წელს. თუმცა შემდგომ პრესაში გამოჩნდა ცნობები სტელერის ძროხასთან შეხვედრის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ავსტრალიაში ოდესღაც ბინადრობდა უცნაური გარეგნობის ცხოველი, რომელიც მგელს ჰგავდა, მაგრამ ვეფხვივით ზოლები ჰქონდა. ჩვენთვის იგი ჩანთოსანი მგლის სახელითაა ცნობილი. დღეისათვის ეს ცხოველი გადაშენებულად ითვლება. ჩანთოსანი მგლის გადაშენების ძირითადი მიზეზია ის, რომ მან კონკურენცია ვერ გაუწია ინტროდუცირებულ სახეობას – დინგოს. გარდა ამისა, მეცხვარეობის განვითარებამ გამოიწვია ჩანთოსანი მგლის ადგილსამყოფელის შევიწროება, რის გამოც შემცირდა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მისი ბუნებრივი მსხვერპლის რაოდენობა. ამიტომ ჩანთოსანი მგელი გადავიდა შინაური ცხვრის მოპოვებაზე, რის გამოც ადგილობრივი ფერმერების ნადირობის ობიექტად იქცა. 1888 წლამდე ავსტრალიის მთავრობა დიდ ფულად პრემიას აძლევდა მათ, ვინც ნებისმიერი ხერხით გაანადგურებდა ჩანთოსან მგელს (სხვათა შორის, სხვადასხვა გარეული ცხოველების მოპოვებისათვის პრემიალური სისტემის არსებობა უცხო არ იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვისაც, საქართველოს ჩათვლით, რამაც უამრავი ცხოველის განადგურება გამოიწვია. ზოგიერთი მონადირე დღესაც მისტირის ამ სისტემას, თვლის, რომ უნდა განადგურდეს ადამიანისთვის მავნე ცხოველები და დარჩეს მხოლოდ ადამიანისთვის სასარგებლო!!!). XX საუკუნის დასაწყისამდე ჩანთოსან მგლებს წამლავდნენ, უგებდნენ ხაფანგებს, კლავდნენ ცეცხლსასროლი იარაღით. დარჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაცია საბოლოოდ 1910 წლისათვის, უცნობი დაავადების შეყრის შედეგად განადგურდა. ითვლება, რომ 1933 წლისათვის სახეობა ბუნებაში განადგურდა. 1936 წელს ტყვეობაში (ერთ-ერთ ზოოპარკში) ჩანთოსანი მგლის უკანასკნელი ეგზემპლარი მოკვდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახეობა გადაშენებულად ითვლება, დღემდე ჩნდება ინფორმაცია ჩანთოსან მგელთან შეხვედრის შესახებ. 1930 წლიდან ავსტრალიის მთავრობამ განიზრახა ჩანთოსანი მგლის დაცვა და დაიწყო კვლევითი სამუშაოების ჩატარება დარჩენილი ინდივიდების აღმოსაჩენად. 30-იან, 40-იან და 60-იან წლებში მრავალი ექსპედიცია ჩატარდა. სამწუხაროდ, ვერც ჩანთოსანი მგელი და ვერც მისი არსებობის რაიმე კვალი ვერ იქნა მიკვლეული. მაგრამ 1961 წელს ტასმანიის დასავლეთ სანაპიროზე შემთხვევით მოკლეს ჩანთოსანი მგლის ახალგაზრდა მამრი. იყო თუ არა ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ეგზემპლარი, თუ რამოდენიმე ინდივიდი კიდევ გადარჩა? ეს კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება. 1966 წელს ტასმანიაზე 1.6. მილიონი აკრის (1 აკრი = 4000 კვ.მ.) ფართობის მქონე ტერიტორია, სადაც ჩანთოსანი მგელი შეიძლება შემორჩენილიყო, მათ თავშესაფრად გამოცხადდა. 1980 წელს კვლავ ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩანთოსანი მგლის დარჩენილი ინდივიდების გამოსავლენად. მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც უშედეგო აღმოჩნდა. თავშესაფარი კი, რომელიც თავდაპირველად ჩანთოსანი მგლისთვის გაკეთდა, მაინც კეთილ საქმეს ემსახურება. იგი იცავს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალ იშვიათ სახეობას, მათ შორის კვერცხმდებელ ძუძუმწოვრებს: ექიდნას და იხვნისკარტას.
გადაშენებული ან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოყვანილ მაგალითებზე შევჩერდებით.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დღეისათვის გადაშენებულია იმ სახეობების 99%, რომლებსაც ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე.
გადაშენებას ბიოლოგიური საფუძველი აქვს და ევოლუციური პროცესის ნაწილს წარმოადგენს. ნამარხების შესწავლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ადამიანის წარმოშობამდე ფრინველების ცალკეული სახეობების არსებობის საშუალო ხანგრძლივობა 2 000 000 წელი იყო, ხოლო ძუძუმწოვრების ცალკეული სახეობების არსებობისა- დაახლოებით 600 000 წელი. არც ერთ სახეობას არ უარსებია დედამიწაზე რამდენიმე მილიონ წელიწადზე მეტი ისე, რომ ევოლუციის პროცესში სხვა ან რამდენიმე სხვა სახეობაში არ გადასულიყო, ან არ გადაშენებულიყო. ყოველ დროში არსებობენ “განწირული სახეობები”, რომლისთვისაც ვიწრო სპეციალიზაცია, ადაპტაციის ვიწრო სპექტრია დამახასიათებელი. მრავალი სახეობის გადაშენების მიზეზი გახდა. ბუნებრივი კატასტროფები – მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები, წყალდიდობები და ა.შ.
მრავალი სახეობის გადაშენება კი ადამიანის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. ასე მაგალითად: ნადირობა, საბინადრო გარემოს განადგურება, სხვდასხვა სახეობების მათთვის უჩვეულო საბინადრო გარემოში შეყვანა – სახეობათა რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზებია.
წყარო:
ცოცხალი ბუნების დაცვა-ჯაბა ონიანი, 2003
ბიოსფეროს წარსული და მომავალი / ე. ელიზბარაშვილი.