🎋 ბროწეულისებრთა ოჯახში შედის. საკმაოდ ტანმაღალი (1-5 მ.) ხშირტოტებიანი ეკლოვანი ბუჩქია. ახლგაზრდა ტოტები მომწვანო-ნაცრისფერია,
🎋 ახალგაზრდა ტოტები მომწვანო-ნაცრისფერია, წიბოებიანი, დამოკლებული ტოტები ეკლით ბოლოვდება.
🎋 ფოთლები მოპირისპირეა ან შეჯგუფული, ტყავისებრი, მბრწყინავი, ელიფსური ან მოგრძო ლანცეტა, კიდემთლიანი. ყვავილები კაშკაშა წითელი, მრგვალი ნაყოფის დიამეტრი 15 სმ-მდე აღწევს, წონით კი 700 გრამამდე.
🎋 თესლებს წვნიანი ხორცოვანი რბილობი აკრავს. ყვავის მაის-აგვისტოში, ნაყოფი კი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. ბუნებრივად გავრცელებულია როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთშიც.
🎋 იზრდება მშრალ ქვა-ღორღიან ფერდობებზე, კულტურა ფართოდაა დანერგილი საქართველოს ბარში. ბუნებრივად იგი 600-900 მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება ზღვის დონიდან, უფრო ხშირად კი 600 მეტრამდე.
🎋 ბროწეულის ნაყოფის კანსა და ღერო-ტოტების ქერქს ტყავის შავად შესაღებად ხმარობდნენ. ნაყოფის კანისა და ძაღას (რკინის შაბიამანი) მეშვეობით შესაძლოა შავი მელნის დამზადება.
🎋 ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.
🎋 სამკურნალოდ ნაყოფის კანი, ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქი გამოიყენება პარაზიტი ლენტური ჭიების წინააღმდეგ. აგრეთვე შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის აშლილობისას.
🎋 მის შემადგენლობაში არსებული ალკალოიდი პლეტერინი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და ტოქსიკურ მოვლენებს იწვევს. ამიტომ სამკურნალოდ გამოყენებისას უნდა ერიდოთ პერედოზირებას.
🎋 თბილისის ფარმაკოქიმიურ კვლევით ინსტიტუტში, შემუშავებულია ბროწეულის ნაყოფის კანის მშრალი ექსტრაქტი-ექსგრანი, მისი, როგორც კუჭაშლილობის საწინააღმდეგო საშუალების, კლინიკური გამოცდა ჩატარდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში.
🎋 ექსგრანი 0,75 გ დოზით დღეში სამჯერ იწვევს ავადმყოფის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, უმჯობესდება აგრეთვე ძილი, მადა, უქრება მუცლის ტკივილი და კუჭაშლილობა.
🎋 ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდირებულია მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.
🎋 ბროწეულის ნაყოფის კანი კარგ შემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება. კუჭაშლილობის, კუჭნაწლავის ანთების დროს.
🎋 იყენებენ ნახარშს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ნაყოფის კანი, ერთ ჭიქა წყალზე. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთს (2 დღის დოზა).
🎋 ბროწეულის მარცვლები დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
🎋 სხვადასხვა (თირკმელები, ღვიძლი, ყურები და თვალები, სახსრები, გინეკოლოგიური ორგანოები) ანთებითი პროცესის დროს,ბროწეულის ქერქის ნახარში დაგეხმარებათ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და წყლის ორთქლზე 30 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ 50 გრამი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
🎋 ბროწეულის ღეროსა და ფესვების ქერქს, ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სოლიტერის წინააღმდეგ: 50 გ. მზა ნედლეულს 15 წუთს ხარშავენ 0,5 ლ წყალში, რომელსაც ტანიდების არასასიამოვნო მოქმედების გასაუვნებლად, წინასწარ ცოტა კირწყალს ურევენ; სვამენ 2-3 საათის განმავლობაში.
ავტორები:
ვანო პაპუნიძე, შალვა ხიდაშელი.
(საქართველოს სამკურნალო მცენარეები)