ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ვითარება დასავლეთ საქართველოში (კოლხეთში) ანტიკურობის პერიოდში

ეკონომიკური ვითარება, რომელიც არც თუ ისე უკუფენილია არგოს მგზავრთა შესახებ თქმულებაში, როგორც ირკვევა, არც ისე ზღაპრული ხასიათის ყოფილა. ჩანს, ეკონომიკური ცხოვრების ბრუნვა, რომელიც იმ მსოფლიოს შეიცავდა, რაც შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირიდან იწყებოდა და ეგეოსის არქიპელაგამდე იშლებოდა, თანამომდევსნო და შემხე მიდამოებთან ერთად, ისეთი ბუნებრივი ურეთიერთობის რკალს წარმოადგენდა, რომელიც ერთხელ შეკრული დიდხანს აღარ გაწყვეტილა, მისი ხერხემლა ყოფილა და დარჩენილა საქონლის ცვლა ამ რკალის სხვდასხვა მონაკვეთს შორის. საომარი მოქმედებანი და მშვიდობიანი სავაჭრო ურთიერთობანი ცვლიდნენ ერთიმეორეს ადრინდელი ანტიკურობის დროსა. იგივე გაგრძელებულა მოგვიანო ანტიკურობამდე და ურთიერთობა ადრინდელ ქართულ მოსახლეობასა და ბერძნულ ტომთა შორის მომდევნო საკუნეებშიაც განვითარებულა.

განსაკუთრებით ყურადრების ღირსია გაირკვეს, რა მდგომარეობა შეიქმნა ადრინდელ დასავლეთ საქართველოში ანტიკურობის მონაკვეთზე I-IV საუკუნეებამდე. უფრო კონკრეტულად-მთავარია იმის გარკვევა, თუ რამდენად მტკიცე იყო ქართველთა საკუთარი ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ცხოვრების აღნაგობა. თუ აღმოჩნდება, რომ კოლხეთში თავისი საკუთარი საზოგადოებრივი წყობილება არსებობდა, არ შეიძლება ეს აიხსნას იმის გარეთ, რომ ამისდა კვალად სათანადო ეკონომიკური ვითარება არ ყოფილიყო. მაგრამ საბუთები არ ჩანს. მართალია კოლხეთის ეკონომიკური და საზოგადოებრივი ვითარების შესახებ არც ბევრი ცნობა მოიპოვება ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ფარგლებში, მაგრამ საქონლის ოდენობა, მისი ხასიათი და გაცვლა-გამოცვლის კონტრაგენტების ხასიათი და მდგომარეობა არ მიუთითებს მაინცა და მაინც, რომ მაშინდელ ქართველ ტომთა საზოგადოებრივი წყობილება მონათმფლობელურ პრინციპზე არ ყოფილიყო აგებული. დიდძალი საქონელი, რომელიც კოლხეთში მზადდებოდა და უცხოეთში გასატანად გროვდებოდა, მონათმფლობელური მეურნეობის შედეგი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც. საქონლის ეს სიჭარბე ქმნიდა პირობებს იმ სპეკულაციისათვის, რომელსაც ხანდხან რომაელთა მიერ წარმოგზავნილი ოფიციალური პირებიც კი ეწეოდნენ კოლხეთში.

საქონლის ბრუნვა, რომელსც ადგილი ჰქონდა ადრინდელი საქართველოს ეკონომიკაში, მონათმფლობელურ წარმოებას გულისხმობდა და მას ემსახურებოდა. საქონელი, როგორც დღეს ეს ჩვენთვის ნათელია, უფრო ადრინდელია, ვიდრე კაპიტალისტური წარმეობა და იგი მონათმფლობელურ წარმოებასაც მომსახურეობას უწევდა. აქედან ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ საქონელი მასიური დამზადების პირობების შედეგია და, ამდენად, ძნელად ეგუება პრიმიტიული მეურნეობის ისეთ სახეს, როგორიცაა გვაროვნული ნატურალური მეურნეობა.

რომის (და შემდგომ ბიზანტიის) პოლიტიკური მისწრაფება შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირების დასაპყრობად უბრალო საცნობისმოყვარეო ექსპედიციები როდი იყო. კერძოდ, კოლხეთის მიწა-წყალზე მდებარე შავი ზღვის ნავსადგურებს თავდაპირველად სავაჭრო პუნქტების-ცენტრების მნიშვნელობა ჰქონდათ და მხოლოდ შემდეგ სტრატეგიულიც. ფაზისი, დიოსკურია, პეტრა და სხვა. უპირველეს ყოვლისა, ნავსადგურები იყო, საქონლის სყიდვა-გაყიდვით გაცხოველებული. ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი, მართალია, ცოტა უფრო მოგვიანო დროს ეხება-სახელდობრ, VI ს. პირველ ნახევრის ამბებს გადმოგვცემს თავის ცნობილ ისტორიულ ნაწარმოებში სათაურით ,,სპარსული ომებისათვის”, მაგრამ ეს მდგობარეობა კოლხეთის ეკონომიკურ ვითარებაში ერთი და ორი საუკუნის ამბავი არ იყო.

ამ ცნობის თანახმად შავი ზღვის კოლხურ სანაპიროზე მდებარე ნავსადგურები ბიზანტიელ და ქართველ ვაჭართა ცოცხალი სავაჭრო ურთიერთობის ცენტრები იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ აქ სხვა ქვეყნებიდანაც შემოდიოდა საქონელი. პროკოპი კესარიელიც მიუთითებს ამ გარემოებას. ამედენად, კოლხების კონტრაგენტად აღებ-მიცემობის საქამეში სხვა ერებიც გამოდიოდნენ. რამდენადაც უნდა ვიფიქროთ, რომ აქვე იყო მათი ფაქტორიებიც-ბიზანტიელ ვაჭართა საწყობებისა და საცხოვრებელი ბინების ადგილი, ასე ვთქვათ, ბერძნული უბანი.

სავაჭრო ცენტრებში და ვაჭრობის გზებზე შექმნილი ფაქტორები მრავალგზის მნიშვნელოვანი, როგორც გზა ამა თუ იმ ერის ეკონომიკურ საქმიანობასთან ერთად კულტურის გავრცელებისაც. ამდენად ფაქტორიები ერთგვარად ამა თუ იმ ეროვნების ტორიტორიის გაგრძელება იყო და საქონელთან ერთად კულტურულ მონაპოვართა ექსპორტსაც წარმოადგენდა.

ჩვენთვის მთავარი საკითხია: იყო თუ არა ბერძენ მოვაჭრეთა ფაქტორია ისე დიდი, რომ მას ფართო დასახლების ხასიათი ჰქონებოდა და, მასთან დაკავშირებით, კოლხეთის ამა თუ იმ ნაწილში სათანადო პირობები შექმნილიყო ბერძნული არათუ ეკონომიკური, არამედ კულტურული გავლენისაც?

ამ კითხვაზე მხოლოდ მიახლოებითი პასუხი შეიძლება. ზოგიერთი შემონახული ცნობის მიხედვით საშუალება გვაქვს, მაგალითად, ძველი ფაზისის (შემდგომი ფოთის) ტერიტორიაზე ბერძნეთა დასახლების შესახებ ერთგვარი წარმოდგენა ვიქონიოთ. ამ ცნობების მიხედვით ერთი ნაწილი ბერძენთა ვაჭრებისა ისე, როგორც ჯარისკაცებისა, ყოველთვის რჩებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს დასახლება მაინცდამაინც მშვიდობიან პირობებში, ჩანს, არ ხდებოდა, რადგან მოსახლეობას მუდმივი დაცვა ესაჭიროებოდა. ამის გარდა ემჩნევა, კოლხეთის ტერიტორიაზე ბერძნული მოსახლეობა არც მიდიოდა. თანახმად არსებული ცნობებისა, ფაზისში-თვითონ ციხეში-იდგა ბიზანტიელთა (რომაელთა) ჯარი, ხოლო ციხის ირგვლივ, ე.ი. იქვე ნავსადგურთან, სახელდებოდნენ ყოფილი მეციხოვნენი, სამსახურიდან დათხოვნილნი და, აგრეთვე ვაჭრები, რომლებიც აქ შედარებით უფრო დიდხანს რჩებოდნენ. მეციხოვნე ჯარი არ ისე მრავალრიცხოვანი იყო და ამის მიხედვით არც ნამსახური ხალხი, ადგილობრივ დასახლებულნი, შეიძლებოდა ყოფილიყო მრავალრიცხოვანი.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბერძნული მოსახლეობა არა მარტო ცალკე ესახლა ადგილობრივთაგან, არამედ მათი საცხოვრებელი ტერიტორია თხრილშემოვლებული იყო, რაც, უნდა ვიფიქროთ, მარტო გამიჯვნისათვის არ იქმნებოდა. ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს ბერძნული მოსახლეობა ძალიან ბლომად ყოფილიყო და არც შერეული ადგილობრივებთან. აშკარაა, რომ ისინი აქ თავს არ გრძნობდნენ მკვიდრად, განცალკევებულად იყვნენ და არავითარი ნიშანი არაა იმისა, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ, ე.ი. კოლხეთის, ნაპირებზე ბერძენთა კოლონიზაცია რამდენადმე მაინც მსგავსებოდა იონიის ანტალიის სანაპიროს, რომელთაგან პირველიში ფეხი აიდგა ბერძნულმა ფილოსოფიამ, ხოლო მეორეში იგი მძლავრად ვითარდებოდა (მაგ., პითაგორელთა სკოლის სახით). ეკონომიკური ინტერესების ნიადაგზე აღმოცენებული იყო ტენდეცია რომაელებისა (ბიზანტიელებისა) კოლხეთი თავისი კონტროლის ქვეშ დაეყენებინათ. ამას რომაელები იმითაც აღწევდნენ, რომ ადგილობრივ მმართველობას არ ეხებოდნენ და უფრო გარეგნული მფარველის ფორმებს იცავდნენ. მართალია, IV საუკუნის შესახებ, მაგრამ გვაქვს ცნობა, რომ ბიზანტიელთა უფლებრივი დამოკიდებულება კოლხეთის მეფეთა მიმართ მხოლოდ გარეგნული და ფორმალური ხასიათისა იყო.

ეკონომიკური ურთიერთობა იმდენად ვრცელი ყოფილა, იმდენად მოსაგები და ხელსაყრელი, რომ როგორც ითქვა, სპეკულაციის საგნადაც გამხდარა. იმავე პროკოპო კესარიელს შემოუნახავს ცნობა ბიზანტიელი ჯარის უფროსის შესახებ კოლხეთში-ვინმე იოანე ზედმეტი სახელით ,,ცივად” წოდებულის შესახებ,- რომელიც თავის სამსახურებრივ მდგომარეობას სავაჭრო სპეკულაციისათვის იყენებდა პირადი გამდიდრების მიზნით. ეს მაჩვენებელია იმ მხრივ, რომ საქონლის ბრუნვა კოლხეთში საკმაოდ განვითარებულა IV-V საუკუნეებში და, მეორე მხრივ-არც იმდენად მჭიდრო და მკვეთრი ხასიათი აქვს, რადგან სამხედრო ძალაზე დამყარებული პირები დეზორგანიზატორულად ერევიან მასში.

ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებულ პირობებში როგორც ეტყობა, კოლხეთში არც ისეთი მდგომარეობა ყოფილა, რომ ბერძნულს (ბიზანტიურ) ელემენტს გადამწყვეტისა და წამყვანის როლის თამაში შესძლებოდა კოლხეთის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. საიმპერატორო ძალაუფლება მხოლოდ ფორმალურად ახორციელებდა თავისი მმართველობის საკუთარი ინსტიტუტი (სამეფო ძალაუფლება) და მისი მატარებელნი გააჩნდა. ცოტა უფრო მოგვიანოს, მოგვიანოს, მაგრამ არც ისე დაშოერებულს დროში კოლხური სუვერენიტეტის მატარებელთან-გუბაზთან-საგანგებო საბრძოლო ხერხებისათვის მიმართვა სჭირდებათ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მფლობელთ.

სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით მონათმფლობელური საზოგადოება ძალიან ადრე დამდგარი ფეოდალიზაციის გზაზე. თუ სწორია ზოგიერთი წყაროს ცნობა, რომ კოლხეთის ერთ მთლიან სამეფოს უკვე II ს. პირველი ნახევრიდან დაუწყია ცალკე სამთავროებად (სამეფეობად) დანაწილება, მაშინ ნათელი ხდება, რომ ეს არაა გარეგანი ჩარევის შედეგი, არამედ შინაგანი სოციალურ-პოლიტიკური პროცესების გამოვლენა უნდა იყოს.

სამხედრო არისტოკრატია, რომელიც მმართველ წრეს წარმოადგენდა თანდათანობით ეკარგებოდა გავლენა. თემისტიოსი, კულტურული მუშაობის გაჩაღებისა და მისი კერის შექმნას ამ სამხედრო არისტოკრატიის გავლენის შესუსტებას უკავშორებს. იგი ადარებს კოლხეთის მაშინდელ მის მეზობლებს და პირდაპირ მიგვითითებს, რომ კოლხებმა ახალ პირობებში ხელი აიღეს მარტო სამხედრო ოსტატობის შესწავლისაგან-ცხენოსნობის, მშვილდოსნობის, ოროლის ტრიალის ოსტატობაში დახელოვნებისაგან და ,,მუზებს ეზიარნენო”.

რა თქმა უნდა, ბერძნულ წყაროს, ამ შემთხვევაში ისე ვერ წარმოუდგენია კოლხეთის სააზროვნო წარმატება და საზოგადოდ კულტურის ზიარება, თუ არა როგორც ბერძნულ ფილოსოფიურ-კულტურულ მიღწევათა ათვისება. სინამდვილეში კი კოლხეთის ასეთი წინსვლა და ინტერესები, უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს მის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ მონაცემთა უკუფენას. IVს. ფილოსოფოსი ბაკური, რომელზედაც ლაპარაკია ქვემოთ, კოლხეთში გადახვეწისას უკვე გარკვეულ ფილოსოფიურ შეხედულებათა მქონეა და ეს შეხედულებანი, მაშასადამე, კოლხეთში არ შეუთვისებია.

კოლხეთის რიტორიკულ სკოლას უფრო პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა: იგი სასამართლოს მოღვაწეებს-დამცველებსა და ბრალდემდებლებს ამზადებდა და ამდენად არისტოტელეს რიტორიკასთან უფრო ახლო იდგა. ამით უნდა აიხსნებოდეს ამ სკოლისკენ სწრაფვა ბერძნებისა და კერძოდ, თემისტიოსისა, რომელიც იმდენად ნეოპლატონიკოსი არ იყო, რამდენადაც არისტოტელეს მომხრე. პრაქტიკულმა აღებ-მიცეობის საქმიანობამ გამოიწვია სათანადო სასწავლებლის საჭიროება. სავაჭრო ურთიერთობების კონტრაგენტები იყვნენ მომეტებულად, ერთის მხრივ, კოლხები-მეორეს მხრივ, ბერძნები. ამიტომაც მომავალ სამოსამართლო და საჯარო ურთიერთობის მოღვაწეებს ორივე მხარის ენა კარგად უნდა სცოდნებოდა. ამით განსაზღვრული იყო ისიც, რომ სწავლება რიტორიკულ სკოლაში ორ ენაზე უნდა ყოფილიყო. საჯარო შეჯიბრებანიც, რომელზედაც ბერძნული წყაროები მოგვითხრობენ, აგრეთვე მოითხოვდნენ ორ ენაზე განსწავლას.

ამრიგად, ირკვევა, რომ კოლხეთის რიტორიკული უმაღლესი სკოლა შექმნილი იყო სავაჭრო ინტერესების კარნახით. ორატორული ხელოვნება, რომლის ნიმუშებს ვეცნობით კოლხებისა და ლაზების ორატორთა სახით, საუკეთესო მაჩვენებელია იმ განათლების შედეგებისა და ხასიათიასა, რომელსაც კოლხეთის რიტორიკული სკოლა იძლეოდა.

არ არსებობს არავითარი საბუთი, რომ კოლხეთის რიტორიკული სკოლა საკულტო და მით უფრო, ქრისტიანულ-თეოლოგიურ ინტერესებს ემსახურებოდა. როგორც სკოლასთან დაკავშირებულს, ისე ბაკურსა და კოლხეთის ორატორებთან დაკავშირებულს მასალაში ამის მსგავსი არაა შემონახული. რელიგიის საკითხი-იქნება იგი ანტიკურ-წარმართული თუ ქრისტიანული, სავსებით მოხსნილია კოლხეთის რიტორიკული სკოლის საქმიანობაში. ირკვევა, რომ არც მმართველ არისტოკრატიას და არც რელიგიის მსახურთ ამ საქმეში წილი არ უდევთ.

რომელი ჯგუფია ან კლასის იდეოლოგიას გამოხატავს კოლხეთის რიტორიკული სკოლის ირგვლივ გაშლილი მუშაობა? ამ საკითხზე პასუხი ძნელია, მაგრამ ერთი ნათელია. ფილოსოფიური მიმდინარეობანი წინამარქსისტული პერიოდისა მაინდამაინც არ ხასიათდებოდა მასიური ხასიათით. ეს არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო მასების კუთვნილება, მასების აზროვნების გამოხატულება. უკეთეს შემთხვევაში იგი შეიძლება ყოფილიყო ამა თუ იმ სკოლის ფილოსოფია.

მაგრამ სკოლაცაა და სკოლაც. საზოგადოებრივი კლასის თვალსაზრისით კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა გამოხატავდა სავაჭრო წრეების პრაქტიკულ მიზანდასახულობას. იგი არ უკავშირდებოდა საეკლესიო-თეოლოგიურ სპეკულაციას და არც ანტიკური ფილოსოფიის, თუმცა საეროს, მაგრამ იდეალიზმსა და მეტაფიზიკას.

ასეთია შედეგები კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის შექმნისა და მუშაობის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური პირობები.

ავტორი:

შალვა ნუცუბიძე

1983 წელი

Leave a Comment