ენერგიისა და მასის სიყვარულის პოემა🌹

იყო დრო, როცა სამყაროს არც ხმა ჰქონდა და არც ფერი — მხოლოდ შუქის ნაზი ზმანება არწევდა სივრცის კიდეებს.

უკიდეგანო სიცარიელეში ენერგიის უხმო მდინარე მიედინებოდა —იდუმალი მუსიკა ოდესღაც დავიწყებული სამყაროდან.

წამის მეასედში დროის ნაპერწკალმა გაიელვა —
ენერგიამ პირველად იგრძნო თავის თავი.
„მე ვგრძნობ სიმძიმეს.“

და ასე დაიბადა მასა —
სხეული, რომელიც სინათლეს სიზმარივით გადმოეღვარა.

ენერგიის შეკუმშული, მდუმარე სახე.

მასა — ეს იყო ენერგია, რომელიც ერთ დღეს შეჩერდა და სხეულად იქცა.
როგორც ცეცხლის სული, კლდედ ქცეული.
როგორც მელოდია, რომელმაც სხეული შეიძინა — დაკარგული ენერგია, რომელიც მასად გარდაიქმნა.
ეს იყო მოძრაობის სიჩუმე — დროისა და სივრცის შეხვედრის წერტილი.

მასა — ეს იყო ენერგია, რომელმაც ცეკვა დაასრულა და სიმშვიდეში დაბინავდა.
ის გაჩერდა, დამძიმდა, შეიძინა სახე და ფორმა.
მაგრამ მის გულში, ფარულად, ისევ ცხოვრობდა ძველი ცეცხლი —
უცვლელი, ცოცხალი, რომელიც მზად იყო კვლავ ეცეკვა.

E = mc² — მხოლოდ ფორმულა არ არის.
ეს არის ჩურჩული, რომელსაც სამყარომ უთხრა საკუთარ თავს,
სიყვარულის ამბავი, სადაც ენერგია და მასა ერთნი არიან.
ისინი ცალკე არ არსებობენ —
ეს არის ერთობა, სადაც სინათლე იძენს სიმძიმეს,
და სიმძიმე — კვლავ სინათლისკენ მიისწრაფის.

ეს არის ფორმულა, რომელიც ამბობს:

„მე შენში ვარ —
შენ კი ჩემში.“

როცა ვარსკვლავი ფეთქდება –
მისი მასა სინათლედ გარდაიქმნება და გზას შლის კოსმოსში.
როცა მზე ანათებს – ის თერმობირთვული რეაქციით მატერიას ენერგიად აქცევს.

ადამიანიც ქმნილება, რომელიც ფიქრობს, გრძნობს, ირხევა —
სავსეა ენერგიით.

სამყაროს ენა საოცრად მარტივია და ღრმაა:
როცა ენერგია სუნთქვით იღლება, ის მშვიდდება და მასად გარდაიქმნება.
როცა სიმძიმე იწყენს და ენატრება მოძრაობა,
იგი კვლავ ფეთქვას იწყებს
და უბრუნდება თავის პირველსაწყისს..

ადამიანს ქმნის ძვალი, კანი და სისხლი —
მაგრამ შიგნით, ფარულად,
ყოველი ატომი, ყოველი უჯრედის გულისცემა
სავსეა ნათელი ენერგიით —
შეკრული და მოქცეული გონების, გულისა და სულიერი მოძრაობის ფორმაში.

ეს არის ენერგია, რომელმაც დროებით შეიძინა სხეული და ხმა,
რომელიც ცხოვრობს, ფიქრობს და ოცნებებს აგზავნის ვარსკვლავებამდე.

ადამიანი სუნთქავს – და მასში მზის სხივი მოძრაობს.
ადამიანი მოძრაობს– და მის კუნთებში ეშვება ის ძალა, რომელიც ოდესღაც ვარსკვლავში დაიბადა.
ადამიანი ფიქრობს – და ეს ფიქრები ელექტრონებია, რომლებიც ატომებიდან უჩინარ ზოლებად ციმციმებენ.
ადამიანი ის მასაა, რომელმაც დროებით დაისვენა ენერგიად ყოფნისგან – მაგრამ მასში კვლავ მოძრაობა სუნთქავს.

და ასე – სამყაროს წრებრუნვა განაგრძობს მუსიკას:

ენერგია ქარშია – და ის ხეებს აცეკვებს.

ენერგია გონებაშია – და ის გვეხმარება აზროვნებაში.

ენერგია სიყვარულშია – გული ადმიანის მნათობი ბირთვია.

ადმიანი შექმნილია ვარსკვლავთა მტვრისგან.
ეს არ არის მეტაფორა — ეს ფაქტია.

მისი ძვლები კალციუმისგანაა აგებული, რომელიც ოდესღაც ვარსკვლავის წიაღში დაიწვა.
მისი სუნთქვა — ატმოსფერული ნაწილაკების უწყვეტი ცეკვაა.
მისი გულისცემა — კოსმოსის კიდეებზე გაელვებული ელექტრული იმპულსია.

მაგრამ ერთ დღეს
ერთმა ჩვეულებრივმა ატომმა რაღაც საოცარი იგრძნო.
ის აღარ იყო მხოლოდ უსხეულო ნაწილაკი — ის გახდა შეგრძნება.
იგრძნო სიცივე. იგრძნო სიახლოვე. იგრძნო სხვა სხეული.

და სწორედ აქედან დაიწყო ენერგიის ახალი ევოლუცია:
ენერგიამ ისწავლა ტკენა და მოფერება.
ენერგიამ ისწავლა სიყვარული.

სიყვარულს არ აქვს ფორმულა

სიყვარული თვითონ არის ენერგიის ყველაზე მაღალი ფორმა —
ენერგია, რომელიც გარდაიქმნება მატერიიდან გრძნობაში.

როცა ადამიანი სიჩუმეშია და ჰგონია, რომ მარტოა —
უნდა ახსოვდეს:
მის სხეულში მილიარდობით ატომი ცეკვავს.

ცეკვავს უხმოდ, უჩინრად, მაგრამ საოცრად მიზანმიმართულად.

თითოეული მათგანი ოდესღაც ვარსკვლავში ტრიალებდა —
იქ, სადაც პირველად გაჩნდა სინათლე.
იქ, სადაც დაბადება და აფეთქება ერთი და იგივე ამბავია.

და დღესაც — ისინი კვლავ მოძრაობენ მასში.
მღერიან, როგორც ვარსკვლავური ენერგია,
რომელმაც სიცოცხლის სახე მიიღო.

ადამიანი თავად არის სამყარო — ერთ ბგერად შეკუმშული,
რომელიც ახლაც, ამ წამს,
საკუთარ თავს ეძებს, სუნთქვაში, ფიქრში, სიყვარულში.

ის არის პასუხი კითხვაზე,
რომელიც ოდესღაც ვარსკვლავებმა დასვეს.

ავტორი: ელენე შენგელია

დატოვე კომენტარი