ბალახებში ანთებული ვარსკვლავები⭐️

როდესაც მწვანე სიმღერით გარშემორტყმულ ტყეს ღამე მოეფინება, ვარსკვლავები მიწაზე ციმციმს იწყებენ. ეს ციცინათელებია — ბუნების ბიოქიმიური მნათობები.

ისინი არც ცეცხლფერნი არიან და არც ცისფერი, მაგრამ მათ შუქში არის რაღაც საოცარი სიმშვიდე და ზღაპრული ამბავი. ზოგი ოქროსფერ ნაპერწკალს ჰგავს, ზოგი ნაზად მწვანედ მოფარფატე ელვარებას, რომელიც ქარში ტირიფივით ირხევა. მათი სხივები არ წვავენ — ისინი მღერიან. ჰაერში ხატავენ მბზინავ ბილიკებს და არნახულ მელოდიას ქმნიან ფერებით.

🧪 ბიოლუმინესცენცია — სინათლის ქიმიური პოეზია
ციცინათელები შუქს აწარმოებენ უნიკალური ბიოქიმიური პროცესით, რომელსაც ბიოლუმინესცენცია ეწოდება — სინათლის შობა უჩვეულო ქიმიის ენით.

ეს საოცარი ნათება წარმოიშვება ციცინათელის სხეულის ქვედა ნაწილში, რომელიც განსაკუთრებულადაა აგებული სწორედ ამ მიზნისთვის. აქ მდებარეობს ფოტოგენური ორგანო — უჯრედთა კომპლექსი, რომელიც მუქი ტყის სიჩუმეში ქიმიურ ლაბორატორიად იქცევა.
როდესაც ციცინათელის ორგანიზმი „გათამაშებას“ გადაწყვეტს, უჯრედებში შრება ჟანგბადი, რომელიც ერთიანდება ციცინათელის მიერ წარმოქმნილ პიგმენტთან — ლუციფერინთან. ამ ქიმიურ ცეკვაში მთავარი შუამავალია ფერმენტი ლუციფერაზა, რომელიც პროცესს ააქტიურებს და მართავს. საბოლოოდ, ამ შესანიშნავი თანხვედრის შედეგად იბადება ნათება — მშვიდი, ცივი და ჯადოსნური.

ეს ის სინათლეა, რომელსაც არ ახლავს ალი, არ სდევს კვამლი — ეს ნათება მხოლოდ ნაზი ბზინვარებაა, ფოთლებზე ჩამოწოლილი სიზმარივით, რომელსაც ფეხაკრეფით გადააბიჯებ, რომ არ გაფრინდეს.

ბიოლუმინესცენციის სითბოს დაკარგვის გარეშე წარმოქმნა განსაკუთრებული ფენომენია, რომელსაც მეცნიერები ეფექტურობის თვალსაზრისით თითქმის იდეალურს უწოდებენ — თითქმის მთელი ენერგია სინათლედ გარდაიქმნება, სითბოს გამოყოფის გარეშე.

ციცინათელების ეს შუქი მხოლოდ სილამაზისთვის არ არსებობს. პირველ რიგში, ეს კომუნიკაციაა. კვლვების მიხედვით დგინდება რომ მათი წინაპრები სინათლეს თავდაცვით მექანიზმად იყენებდნენ მტაცებლების წინააღმდეგ. დღეს კი ციცინათელები შუქით ერთმანეთს ეძებენ. მამრები ციმციმებენ ორიგინალური რიტმით — ზოგჯერ ყოველი 5 წამი, ზოგჯერ მეტიც, და ელიან მდედრის პასუხს, რომელიც, როგორც წესი, 2 წამში ერთხელ ათამაშებს შუქს. ეს სინათლის დიალოგია, სიყვარულის ენა სიბნელეში.

თუმცა ციცინათელების ეს ჯადოსნური კომუნიკაცია დღეს საფრთხეშია.

ადამიანის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ნათებამ — ქუჩის ლამპიონებმა, მაღაზიების ვიტრინებმა, ავტომობილების ფარებმა და ფანჯრებიდან გამომავალმა თეთრმა შუქმა — ღამის ბუნებრივი სიბნელე თითქმის წაშალა.

სინათლის დაბინძურება უხილავი ბარიერივით გაჩნდება ციცინათელებს შორის. ისინი ამ სითბოს ვეღარ ამჩნევენ. მათი ბიოლუმინესცენტური ძახილი ქრება ლამპიონების მბზინვარებაში. შეჩერებულია უხილავი ცეკვა, შეწყვეტილია სიყვარულის ენა.
მამრი ციცინათელა ამაოდ ციმციმებს — მისი პულსირებული შუქი ვეღარ კვეთს ფერად ნისლს, ხელოვნური ნათებას. ქალაქის ლამპიონის მკაცრი სხივი მისი შუქის სინაზეს ჩრდილავს, და ელვარება, რომელიც ოდესღაც მოწოდება იყო, ახლა მკრთალ ტალღად იფანტება.
მდედრი კი დაბნეულად დაჰყურებს ბალახს, პასუხს ელის, თუმცა მის მზერას მხოლოდ ყვითელი ნათურის მკვდარი შუქი ხვდება. მისი ნათება კი, ხმაურიან სინათლეში იკარგება — უხმოდ და უმისამართოდ. ასე ირღვევა უძველესი რიტუალი, ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური სანახაობა — სინათლით დაწერილი სიყვარული.

დროთა განმავლობაში სინათლის დაბინძურებამ მძიმე ეკოლოგიური შედეგები გამოიწვია:
ციცინათელების პოპულაციები ბევრ რეგიონში საგრძნობლად შემცირდება.
არსებობს ადგილები, სადაც ოდესღაც სინათლით სავსე მდელოები, ახლა მდუმარედაა ჩაბნელებული — არა იმიტომ, რომ აღარ ციმციმებენ, არამედ იმიტომ, რომ ციცინათელები საერთოდ გაქრნენ იმ ადგილებიდან.

ბუნების დამცველები წლებია გვაფრთხილებენ: თუ სინათლის ამ უკონტროლო სიჭარბეს არ დავუწესებთ საზღვარს, თუ ღამის ბუნებრივ სიბნელეს არ მივცემთ უფლებას, დაბრუნდეს თავისი სიჩუმითა და სიმშვიდით — შეიძლება ერთ დღეს ციცინათელები მოგონებებში დარჩნენ.
მხოლოდ ძველი ზღაპრების ფურცლებზე იბრწყინონ, როგორც მორიგი დაკარგული ჯადოსნური არსებები..

გლობალური დათბობა უხილავად, მაგრამ შეუქცევლად ცვლის ეკოსისტემებს.
ყოველწლიურად უფრო ხშირია მზით გადახურებული დღეები. ხანგრძლივი გვალვები აჩენს ახალ რეალობას — იმ ჭარბტენიანი გარემოს გაქრობას, რომელიც ციცინათელების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლარვების განვითარება წელიწადზე მეტხანს გრძელდება, და ამ ხანგრძლივ პროცესს სჭირდება ნესტიანი ნიადაგი, ჩრდილოვანი გარემო და სტაბილური ეკოლოგიური წონასწორობა. მაგრამ როდესაც ტენიანობა იკლებს და მიწა ღრუბელივით შრება, ეს ჩუმად, დაუნდობლად ანადგურებს ციცინათელების სასიცოცხლო სივრცეს.

მიწის გაშრობა მათთვის ნიშნავს არა მხოლოდ სახლის დაკარგვას, არამედ არსებობის შეწყვეტას — ჰაბიტატი ქრება, და მასთან ერთად ქრება მთელი მომავალი თაობაც.

ამ ცვლილებებს თან ახლავს საკვები ჯაჭვის დარღვევაც: ლარვები, რომლებიც ნემატოდებით, პატარა მოლუსკებითა და ლოკოკინებით იკვებებიან, უჩინარდებიან, როცა ნესტიანი გარემო ქრება.

პესტიციდების, ინსექტიციდებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება ხშირად გაუმართლებელი და გადაჭარბებულია.
ამ ქიმიკატებს მავნებლების განადგურება ევალებათ, თუმცა მათი მოქმედება სელექციური არ არის — ისინი არ არჩევენ მავნებელსა და უვნებელს.
ციცინათელები, ეს საოცარი მნათობები, ამ უხილავი ტალღის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლნი ხდებიან.
მიწაზე მცხოვრები მათი ლარვები სასიკვდილო კონტაქტში შედიან დამუშავებულ ნიადაგთან, მიკროტოქსინებს ითვისებენ, რის შედეგადაც სიცოცხლის ციკლი უეცრად წყდება — ხშირად დაბადების პირველსავე ფაზაში.

მიწის ქიმიური „დასუფთავება“ ეკოსისტემისთვის გადატვირთვას ნიშნავს.
ეს კი არა მხოლოდ ციცინათელების, არამედ მთლიანად ბიომრავალფეროვნების დაშლის საფუძველს ქმნის — მათ შორის, იმ არსებების, რომლებიც კვების ჯაჭვის ნაწილია და რომელთა არსებობაზე სხვა სახეობათა ბედი იგება.

ამის პარალელურად, ტყეების გაჩეხვა, მდელოების გაკაფვა და ბალახის სისტემატური გათიბვა კიდევ ერთი მეხის დაცემაა ციცინათელთა სამყაროზე.

მდელოები — იქ, სადაც ისინი თავშესაფარს, სიბნელესა და ნესტს პოულობენ, ნადგურდება ადამიანის მიერ. მიწა სახეს იცვლის: ველური სივრცე იცვლება მონოკულტურულ პლანტაციებად, მიტოვებულ, გამოშრობილ არეალებად, სადაც ბინადრობა ვეღარ ხერხდება.

ბალახის მოჭრა ციცინათელებისთვის ნიშნავს თავშესაფრის მოცილებას — ბუდის, ჩრდილის, კვერცხის დადების ადგილის დაკარგვას. მცენარეების სტრუქტურის დანგრევა მათთვის იგივეა, რაც ჩვენსთვის კედლების და სახლის ნგრევა.

ციცინათელები ხმაურით არ ქრებიან. ისინი არ ტოვებენ გამაფრთხილებელ წერილებს, ისინი უბრალოდ ქრებიან..

და ერთხელაც, როცა ღამეს შევხედავთ და ფოთლებს შორის ნაცნობ ციმციმს ვეღარ დავინახავთ, იმ ერთ ცეცხლოვან წერტილს, რომელიც ბავშვობაში ზღაპარს ჰგავდა, მხოლოდ მაშინ მივხვდებით, რომ რაღაც ძვირფასი დავკარგეთ-სინათლე, რომელიც არა მხოლოდ გზას, არამედ მთელ სამყაროს გვინათებდა.

და მაინც, სანამ ღამის ტყეებში ერთი ციცინათელა მაინც ციმციმებს, იმედი რჩება. თუ ადამიანები ბუნების სიჩუმეს მეტი პატივისცემით მოუსმენენ, თუ ღამეებს ისევ ბუნებრივი სიბნელე დაუბრუნდება, ეს პატარა ჯადოქრები კვლავაც გააგრძელებენ ციმციმს — სინათლის ენით საუბარს, სიყვარულს, სიცოცხლეს..

ავტორი: ელენე შენგელია

დატოვე კომენტარი