შელოცვა ფესვებით🌿

ადამიანის ისტორია იწყება ბუნებასთან დიალოგით — დიალოგით, რომელიც არ საჭიროებდა სიტყვას, რადგან არსი ყოველთვის წინ უსწრებდა ფორმას.

მანამ, სანამ კაცობრიობამ ისწავლა წერა და სანამ მეცნიერებამ დაიწყო საკუთარი გზის გაკვლევა, დედამიწა მოქმედებდა როგორც უძველესი ლაბორატორია. იგი ასწავლიდა ადამიანს საკუთარ საზღვრებში არსებობას, სხეულის და ბუნების კანონებს — ფოთლებით ანთების ჩაცხრობას, ფესვებით სიცოცხლის აღდგენას, სურნელით ფსიქიკის დაბალანსებას, შხამით საფრთხის შეგრძნებას.

ძველი ადამიანი მცენარეში ხედავდა არა მხოლოდ ბალახს — მასში სიბრძნეს ამოიცნობდა, უხმო, მაგრამ მეტყველ არსებად აღიქვამდა, რომელსაც ენის გარეშე შეეძლო სიცოცხლის შექმნა, შენარჩუნება და განახლება. მისთვის სამკურნალო მცენარე ღვთისგან მოვლენილი წამალი იყო — ბუნების მიერ გამოთქმული რბილი, ზუსტი პასუხი ტკივილზე. და როცა მცენარეს აგროვებდა, ხშირად ლოცვა ახლდა ამ ქმედებას — მადლიერება, მოწიწება, დიალოგი იმ ძალასთან, რომელიც სიცოცხლეს ფესვებიდან ამოჰყავდა.

თითოეული მცენარე საკუთარ ქიმიურ კომპოზიციას ამზადებდა – ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს – მაგრამ ადამიანი მას ასე არ ეძახდა. ის ამბობდა: „ეს ბალახი გულს ამშვიდებს“, ან „ეს ფესვი სიცხეს აქრობს“

დღეს უკვე ვიცით: “გულის ბალახი” შეიცავს გლიკოზიდებს, რომლებსაც რეალური მოქმედება აქვთ გულის რიტმზე. პიტნა შეიცავს მენთოლს, რომელიც ნაზად ზემოქმედებს საჭმლის მონელებაზე. და მაინც — ეს ცოდნა თავდაპირველად ბუნებასთან თანაცხოვრების შედეგი, ბუნებასთან თანაცხოვრებაზე დაფუძნებული მეცნიერება იყო: დაკვირვება, ცდები, ინტუიცია და იმ უძველესი, მჭიდრო კავშირის შედეგი, რაც ადამიანს ჰქონდა ცოცხალ სამყაროსთან.

ბუნება — შეუდარებელი ქიმიკოსია. მცენარეებში ის ქმნის ყველაზე დახვეწილ მოლეკულურ პოეზიას. ალკალოიდები — ზოგჯერ შხამი, ზოგჯერ წამალი. ფლავონოიდები — მცენარეთა ფერადი ფარები, რომლებიც ადამიანის უჯრედებსაც იცავენ. ეთერზეთები — არომატული სიგნალები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ემოცია, შეარბილონ დაძაბულობა, ან შეაჩერონ ანთება.

ეს მცენარეები ჯერ კიდევ იმავე ენაზე საუბრობენ – სხეულთან პირდაპირი ქიმიური დიალოგით. მეცნიერება მხოლოდ თარჯიმანია.

ავტორი: ელენე შენგელია

დატოვე კომენტარი