ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ხატოვანი ქმნილება ვარდი სილამაზის, ვნებისა და სევდის უნივერსალური სიმბოლოა. მის ფურცლებში თავმოყრილია არა მხოლოდ ესთეტიკა, არამედ ქიმიისა და ბიოლოგიის დახვეწილი ჰარმონია. ვარდის არომატი მოდის ეთერზეთებისგან, რომელთა მთავარ მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენს ციტრონელოლი, გერანიოლი და ნეროლი — მოლეკულები, რომლებიც სურნელს საოცარ სიღრმეს, სისუფთავეს და სენსიტიურობას ანიჭებენ.
ვარდი ბუნების ენით ნათქვამი სიტყვაა — უტკბილესი პოემა, რომელიც ქარის შრიალშიც ისმის და დილის ნაზ სინათლესთან ერთად იღვიძებს. მისი ფურცლები შიგნიდან ინახავენ სამყაროს მგრძნობელობის არქივს — პირველი შეხვედრის მღელვარებას, განშორების სიმწარესა და სიხარულის ცრემლებს.
როდესაც ვარდი იფურჩქნება, — ეს ფოტოსინთეზის, უჯრედული სუნთქვისა და გენეტიკური მემკვიდრეობის საოცარი ქორეოგრაფიაა.
მზე ავსებს მის მწვანე ფოთლებს ენერგიით, მიკროსკოპული უჯრედები კი შეუდრეკლად შრომობენ, რათა თითოეული ფურცელი გახდეს სრულყოფილი
ვარდი — ცოცხალი მეტაფორაა, ბუნების გონივრული და ემოციური გრძნობების სინთეზი.
რომელიც ერთდროულად გვანახებს როგორ შეიძლება იყოს სიცოცხლე ლამაზი და მტკივნეული, ძლიერი და სათუთი.

ვარდის შესახებ უძველესი ლეგენდები ჯერ კიდევ ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთში ჩაისახა. ჩინეთში ვარდი განსაკუთრებით ფასობდა — ის მხოლოდ იმპერატორის ბაღებში ხარობდა და მისი მოვლა განსაკუთრებული პატივით აღიქმებოდა. გადმოცემით, ერთ დროს ჩინეთის იმპერატორის ბიბლიოთეკაში ვარდს 500-ზე მეტი ნაშრომი ეძღვნებოდა, თუმცა ეს მდიდარი მემკვიდრეობა დროთა განმავლობაში დაიკარგა და ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებად მოაღწია.
ძველი ინდური მითის მიხედვით, სამყაროში ყველაზე მშვენიერი ქალი — ლაქშმი — ვარდის კოკორში დაიბადა. როცა ღმერთმა ვიშნუმ, სამყაროს მფარველმა, კოკორში მძინარე ლაქშმი შენიშნა, მისი სილამაზით იმდენად მოიხიბლა, რომ ვერ შეიკავა გრძნობა და აკოცა. ამ კოცნით ლაქშმი მისი ცოლი და სილამაზის ქალღმერთი გახდა, ხოლო ვარდი — წმინდა და ღვთაებრივი ყვავილი.
ინდოეთში ვარდს ღრმა რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა — მას ტაძრებსა და სამეფო სასახლეებს ამშვენებდნენ, მისი ფურცლებით ჰფენდნენ გზებს, რომლებსაც ღვთაებანი უნდა გამოევლოთ. იმდენად ფასობდა, რომ ზოგიერთ ეპოქაში გადასახადებსაც კი ვარდით იხდიდნენ — როგორც მსხვერპლი და როგორც ღვთის წინაშე გამოხატული რწმენის ნაზი ფორმა
ძველ საბერძნეთსა და რომში ვარდის აყვავება სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს — აფროდიტეს (რომაულ მითოლოგიაში — ვენერას) უკავშირებდნენ. თქმულების მიხედვით, ქალღმერთი ზღვის ქაფიდან დაიბადა, კუნძულ კვიპროსის სანაპიროსთან. სწორედ იმავე ქაფიდან გაჩნდნენ ვარდებიც — ნაზი, სურნელოვანი ყვავილები, რომელთა გვირგვინი აფროდიტეს შუბლზე დაადგეს, როგორც ღვთიური სილამაზის სიმბოლო. ამბობდნენ, რომ სადაც ქალღმერთი ფეხს დადგამდა, იქ მიწა ყვავილებით იფარებოდა, ხოლო ჰაერი მისი თანდასწრებით სავსდებოდა ნელსურნელებით.
წითელი ვარდის წარმომავლობაც სწორედ მას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, როცა აფროდიტემ შეიტყო, რომ მისი საყვარელი ადონისი ტახზე ნადირობისას დაიღუპა, ის მთებში გაეშურა, რათა მისთვის ბოლოჯერ შეეხედა. მკაცრმა ლანდშაფტმა არ დაინდო ქალღმერთის ფეხები — ქვები და ეკლები დაესო, და მისი სისხლის წვეთებმა მიწაზე წითელი კვალი დატოვა. ბოლოს აფროდიტემ იპოვა ადონისის უსიცოცხლო სხეული და გულგატეხილმა ისურვა, რომ ეს ტრაგიკული სიყვარული არ მივიწყებულიყო. ასე დაიბადა წითელი ვარდი — ადონისის ხსოვნის უკვდავი ნიშანი და აფროდიტეს სისხლისგან აღმოცენებული მშვენიერება.
მას შემდეგ ყოველ გაზაფხულზე, ადონისი ცოცხლდება, როგორც ბუნების ძალა, ხოლო აფროდიტეს სისხლიდან აღზრდილი ვარდები კვლავ და კვლავ გვახსენებენ სიყვარულის სილამაზესა და მის ტკივილს.

გადმოცემული ლეგენდის მიხედვით ძველ სპარსეთში ერთ-ერთი, ღმერთებმა ყვავილებს შორის მბრძანებლად თოვლივით თეთრი ვარდი გამოაცხადეს. მისი უმწიკვლო სილამაზით მოხიბლულმა ბულბულმა ვეღარ შეიკავა გრძნობა, მიფრინდა და გულზე მიიკრა. მაგრამ ვარდის ეკლებმა მისი სხეული დაჩხვლიტეს — ტკივილით შეძრულმა ბულბულმა სიმღერა შეწყვიტა. სისხლის წვეთებმა ვარდის ფურცლები ალისფრად შეღება. სწორედ ასე დაიბადა დედამიწაზე წითელი ვარდი — სიყვარულისა და ტკივილის ერთდროული ნაყოფი.

ალექსანდრე მაკედონელის ეპოქის დიდი მეცნიერი და მწერალი, ბოტანიკის მამად წოდებული თეოფრასტე, ერთ-ერთ პირველია, ვინც ვარდის კულტურას საფუძვლიანად აღწერა. თავის ფუნდამენტურ საბუნებისმეტყველო ნაშრომში მან დეტალურად გადმოგვცა ვარდის სახეობები და მისი მოვლის პრაქტიკული წესები — მითითებები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში არ დაკარგა აქტუალობა და ბევრ თანამედროვე ბუნებისმეტყველზე წინაც კი დგას.
თეოფრასტემ პირველმა აღწერა სხვადასხვა ტიპის ვარდი — მათ შორის 5, 15 და 20 ფურცლიან ჯიშები. მან დააფიქსირა, რომ გასხვლა ხელს უწყობს ყვავილობის გაუმჯობესებას, ხოლო გამრავლების საუკეთესო გზა არა თესლია, არამედ კალმით გადარგვა. მისი დაკვირვებით, ვარდის ჯანმრთელობა და ზრდის სისწრაფე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად არის შერჩეული მისი დასარგავი ადგილი.
თეოფრასტეს ნაშრომი გახდა იმ საძირკველთაგანი, რომლებზეც შემდეგი საუკუნეების ბოტანიკური ცოდნა აიგო.

საქართველოში ვარდის კულტივირების ხელოვნება უძველესი დროიდან არსებობდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა— ეს ტრადიცია ქვეყნის ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. რბილი ზამთარი, მზიანი დღეები და ნოყიერი მიწა მუდამ უწყობდა ხელს ვარდის მრავალსახეობრივი ბაღების გაშენებას.
განსაკუთრებით თბილისი და მისი შემოგარენი ყოფილა ამ სილამაზის კერად ქცეული — აქაურ ბაღებსა და ეზოებში ყველა სახის ვარდი ხარობდა, როგორც ბუნების ფერად-ფერადი ნახატი.
განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ბუთხუზა მაისის ვარდს —წითელი ყვავილი, რომლის მადლიანმა სურნელმა დრო დაამარცხა და დღემდე აცოცხლებს იმ ძველ განცდებს, რაც მეხსიერებას ჩრდილივით მიჰყვება.
ავტორი: ელენე შენგელია