დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, სადაც ბუნებრივად არსებობს სიცოცხლე, ჩვენი კოსმოსური სახლი, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. აქ არის ჰაერი, წყალი, მიწა, ცეცხლი.. დედამიწა ეკოსისტემათა რთული ქსელია, რომლის მსგავსიც ჩვენ ჯერ არსად გვინახავს.
მისი გეოლოგიური ქერქი, ატმოსფერო და ოკეანეები ქმნიან დინამიკურ წონასწორობას, სადაც ქიმიური ელემენტები მარადიულ ციკლებში ბრუნავენ.
სიცოცხლე დედამიწაზე შემთხვევით არ წარმოშობილა, მილიარდობით წლის განმავლობაში მიმდინარე კოსმოსური პროცესების ჰარმონიული შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. აქ კვების ჯაჭვი, მიკროსკოპული ქსელები, მცენარეთა ფოტოსინთეზი და ცხოველთა არსებობა ერთმანეთზე გადაბმულ ანსამბლად იქცევა, სადაც ერთი ბგერის დაკარგვაც მთლიან სისტემას არღვევს.
ადამიანი, რომელიც ამ ჰარმონიულ ქსელში ერთ-ერთი ბგერად გაჩნდა, ხშირად თავად ცდილობს მუსიკის დამახინჯებას. ჩვენ ვჭრით ტყეებს, ვწამლავთ მდინარეებს, ვასუსტებთ ნიადაგს, ვაბინძურებთ ჰაერს. ვიქცევით ისე, თითქოს დედამიწა ულევი რესურსების წყარო იყოს და არა ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ზრუნვა სჭირდება.
გეოლოგიური ქერქი, ატმოსფერო და ოკეანეები კვლავაც ცდილობენ ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას, მაგრამ ამ წონასწორობას ჩვენივე უყურადღებობა ყოველდღიურად არღვევს. ჩვენ ვცვლით კლიმატს, ვანადგურებთ ბიომრავალფეროვნებას და ვივიწყებთ, რომ სწორედ ეს რთული, ერთმანეთზე გადაბმული ქსელი გვაძლევს სუნთქვას, საკვებს და სიცოცხლეს. ამ პროცესების მოშლამ შესაძლოა მთელი პლანეტის ეკოლოგიური ჰარმონიის დარღვევა გამოიწვიოს — სარეკორდო დროის მასშტაბით ბუნების ქსელი დაიშლოს და მისი ბუნებრივი ფუნქციონირება აღარ აღდგეს.
და რაც ყველაზე მთავარია, დედამიწაზე გვაქვს კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური კრიზისი, შიმშილი, სიღარიბე, უთანასწორობა… და მილიარდობით დოლარის დახარჯვა კოსმოსურ პროგრამებზე, როცა მილიონობით ადამიანი მშიერია, არაეთიკური და გაუმართელებელია. მარსის კოლონიზაცია კაპიტალისტური ოცნებაა — კერძო კორპორაციები (მაგ. SpaceX, Blue Origin) ფიქრობენ, რომ მომავალში სხვა პლანეტებს „დაიპყრობენ“ და რესურსებით ივაჭრებენ.
აქ ჩნდება სერიოზული რისკი: დედამიწაზე კაპიტალი უკვე რესურსებს წურავს — ტყეების გაჩეხვა, ნავთობის ჭაბურღილები, პლასტმასის ზღვა.. თუ იგივე მიდგომა მარსზეც გაგრძელდა, ექსპლუატაცია იქაც გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა საკუთარ სახლში პრობლემებს არ მოაგვარებს.
ადამიანმა უნდა ისწავლოს დედამიწაზე ცხოვრება ჰარმონიაში — კლიმატის კრიზისის დაძლევა, სიღარიბის შემცირება, ბუნების პატივისცემა.
მარსზე გადასვლა წარმოგვიდგენია როგორც „გეგმა B“. ეს ქმნის პარადოქსს: თუ ვერ ვუფრთხილდებით დედამიწას, მაშინ ვერც მარსზე შევძლებთ არსებობას. მარსზე ბევრად უფრო მტრული გარემოა — იქ სიცოცხლე არ არსებობს, და ჩვენ უნდა შევქმნათ ხელოვნური „ბიო-საფარი“, ატმოსფერო ძალიან თხელი და უმეტესად CO₂-ითაა სავსე, ზამთარში პოლუსებზე ტემპერატურა -130 °C-მდე ეცემა, ხოლო ზაფხულში, ეკვატორზე, 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს, არის დაბალი გრავიტაცია (0.38 დედამიწისაზე) გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება საზიანო იყოს ძვლებისა და კუნთებისთვის. საბოლოოდ, მარსზე სიცოცხლის შენარჩუნება მოითხოვს სრულ კონტროლს წყალსა და ჰაერზე, ნარჩენებსა და ენერგიაზე.
კაპიტალიზმის ლოგიკა დედამიწაზე ასეთია: მაქსიმალური მოგება მინიმალური ხარჯით. თუ ეს ლოგიკა გადავიტანეთ კოსმოსში, მარსი შეიძლება გახდეს ახალი კოლონია რესურსების მოსაპოვებლად, როგორც აფრიკა ან ამერიკა იყო კოლონიზაციის დროს. ცხადია აქ ჩნდება საფრთხე: მარსი შეიძლება იქცეს „ელიტურ თავშესაფრად“, სადაც მხოლოდ მდიდრები და ძლიერი კომპანიები წავლენ, ხოლო დედამიწაზე დარჩება გაღარიბებული კაცობრიობა, განადგურებულ ეკოსისტემაში. კოსმოსური კოლონიზაცია უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
სხვა პლანეტაზე წასვლის ოცნება, სწორია მაშინ, როცა ეს ცოდნასა და კაცობრიობის საერთო სიკეთეს ემსახურება, და არა როგორც მდიდრების გაქცევა დედამიწის პრობლემებიდან..
კოსმოსური კოლონიზაცია შეიძლება იყოს სამეცნიერო ექსპერიმენტი, ევოლუციის ახალი ფაზა — მაგრამ არა გაქცევის გზა დედამიწიდან. მარსზე კოლონიის შექმნის მცდელობა ახალ ტექნოლოგიებს წარმოშობს — ენერგეტიკაში, მედიცინაში, ეკოლოგიაში — რომლებიც შემდეგ დედამიწასაც დაეხმარება.
მარსის ათვისება შესაძლოა გახდეს კაცობრიობის უდიდესი ექსპერიმენტი და ტექნოლოგიური წინსვლის წყარო. მაგრამ იგი ვერ იქნება დედამიწის ალტერნატივა. ჩვენი პირველი და ერთადერთი რეალური სახლი დედამიწაა, და სანამ ვიმსჯელებთ სხვა პლანეტების ათვისებაზე, უპირველესად უნდა გავუფრთხილდეთ აქაურობას — და თუ მარსზე გადარჩენას ვისწავლით, დედამიწის გადარჩენაც შეგვეძლება. მაგრამ თუ დედამიწას დავკარგავთ, ვერც მარსი გვიხსნის.

ავტორი: ელენე შენგელია