სინათლის იალქანი🌞

მზის ქარი — ეს არის უხილავი სუნთქვა ვარსკვლავისა, რომელიც სივრცეში მიედინება.
ის შედგება დამუხტული ნაწილაკების — პროტონების, ელექტრონებისა და პლაზმის უწყვეტი ნაკადისგან.
ეს ნაწილაკები წარმოუდგენლად სწრაფად მიექანებიან სივრცეში — ისე სწრაფად, რომ მათ შეუძლიათ გაარღვიონ მზის სისტემა და შექმნან გიგანტური ენერგეტიკული ბუშტი, ჰელიოსფერო, რომელიც ჩვენს პლანეტას გალაქტიკური ქარებისგან იცავს.

დედამიწას თავისი ჯადოსნური ფარი აქვს — მაგნიტური ველი.
ის მზის ქარს შთანთქავს და პოლუსებთან წარმოქმნის ცის ყველაზე მომაჯადოებელ სანახაობას — პოლარულ ციალს.
ეს არის დედამიწისა და მზის დიალოგი, როცა პლანეტა პასუხობს მზის ამოსუნთქვას ცეკვაში მქრქალი მწვანე, იისფერი და ცისფერი სინათლებით.
დედამიწას რომ მაგნიტური ფარი არ ჰქონდეს, მზის ქარი სიცოცხლეს წამში გააქრობდა — პლანეტა გადაიქცეოდა გაყინულ, უჰაერო უდაბნოდ, სადაც არც ერთი სულიერი არსება იარსებებდა.

მზის შტორმები — ვარსკვლავის რისხვა

ხშირად მზის ქარში ჩნდება არეულობა — ენერგიის ძლიერი ამოფრქვევა, რომელსაც მზის შტორმი ჰქვია.
1989 წელს, ასეთმა შტორმმა კანადის პროვინცია კვებეკში მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროსისტემა და მთელი პროვინცია ჩააბნელა.
უდიდესი გეომაგნიტური შტორმი, რაც კაცობრიობას აქვს დაფიქსირებული, 1859 წელს მოხდა. დღეს რომ ამ სიძლიერის შტორმი მოხდეს, ზარალი დაახლოებით ორი ტრილიონი დოლარი იქნება.

მზის ქარი წარმოქმნის კომეტის კუდსაც. როდესაც კომეტა მზესთან ახლოს
მიდის, თბება და მისი ყინულის გარკვეული ნაწილი ორთქლდება. იქიდან ამოსული ორთქლი და მტვერი მზის ქარს მიაქვს და კომეტიდან გრძელი კუდის ფორმაზე ჭიმავს. შესაბამისად, ეს კუდი ყოველთვის მზის საპირისპირო მხარეს არის მიმართული.

მზის იალქნები, ისევე როგორც იონური ან ანტიმატერიული ძრავები, თავდაპირველად მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოებებში არსებობდა.
თუმცა, თანამედროვე ინჟინერია ამ იდეას რეალობად აქცევს — მრავალი ფანტასტიკური კონცეფცია დღეს უკვე რეალურ სამეცნიერო პროექტად იქცა.

მზის იალქნის პრინციპი ეფუძნება ფოტონური წნევის გამოყენებას — ანუ იმ მიკროსკოპულ ბიძგს, რომელსაც მზის გამოსხივების ნაწილაკები (ფოტონები) ახდენენ, როცა აირეკლებიან ზედაპირზე. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ფოტონის ზეწოლა უკიდურესად მცირეა, უზარმაზარ, უკიდურესად მსუბუქ და არამკვრივ იალქანზე მათი საერთო ზემოქმედება ქმნის უწყვეტ, მზარდ აჩქარებას.

ამ პრინციპით მოძრავი ხომალდი არ საჭიროებს ტრადიციულ საწვავს.
მას სჭირდება მხოლოდ მზის მუდმივი სინათლე და საკმარისი დრო, რათა დააგროვოს საჭირო სიჩქარე. ასეთი ხომალდები იდეალურია გრძელვადიანი კოსმოსური მისიებისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც საწვავის დამატება ან ტრადიციული ძრავების გამოყენება შეუძლებელია.

NASA-ს ინჟინრები უკვე ტესტავენ მზის იალქნების პროტოტიპებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოყენონ პლანეტათშორისი ზონდების ან სატელიტების ასმოძრავებლად.
მათი მუშაობის პრინციპი ანალოგიურია იალქნიანი ნავისა — ოკეანეში ნავი ქარს იყენებს მოძრაობისთვის, ხოლო კოსმოსში ხომალდი იყენებს მზის გამოსხივებას, როგორც ენერგიის წყაროს.

მზის იალქანი ქმნის საშუალებას, რომ კოსმოსურმა ხომალდმა იმოძრავოს თითქმის უსასრულოდ, მინიმალური ენერგიის დახარჯვით. დროთა განმავლობაში ფოტონების ზეწოლა უზრუნველყოფს საკმარის ბიძგს, რომ მცირე მასის აპარატმა მიაღწიოს მზის სისტემის შორეულ რეგიონებს — იუპიტერის ორბიტას, კუპერის სარტყელს ან თუნდაც ვარსკვლავთშორის სივრცეს.

ამგვარად, მზის იალქნები შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სინათლით მომუშავე კოსმოსური ნავიგაციის ეპოქისკენ — სადაც ენერგიის წყაროს აღარ წარმოადგენს ქიმიური წვა, არამედ თავად ვარსკვლავის გამოსხივება.

ავტორი: ელენე შენგელია

წყარო: https://www.space.com/22215-solar-wind.html

https://www.imperial.ac.uk/news/230756/when-solar-wind-hits-earths-magnetosphere

დატოვე კომენტარი